ქატო იქა - ფქვილი აქა... - კვირის პალიტრა

ქატო იქა - ფქვილი აქა...

ეს ის პერიოდია, ჩემი აჩქარების ხარისხი  ორჯერ რომ მატულობს...

წელიწადის ამ დროს ყოველთვის უფრო სივრცედ აღვიქვამდი, ვიდრე დროდ ...

ზაფხული, სიცხე. სხვანაირი თბილისი და მოლოდინი...

ეს მოლოდინი მაღელვებდა 15 წლის ასაკშიც და ახლაც არ მასვენებს....

რადიკალურად კი შეიცვალა, მაგრამ მოსვენებას მაინც არ მაძლევს....

ჩამოვიდნენ ჩემი მთელი წლის უნახავი ვარსკლავები... ყველაზე მეტად მათთან ყოფნა მეჩქარება, მეჩქარება, რომ სამსახურში არ დავაგვიანო. მეჩქარება, რომ ჩამოწერილი დავალებების სია შევასრულო...

კიდევ კარგი, დროზე მასწავლეს მანქანის ტარება, თორემ ახლა ამ გიჟურ მოძრაობაში ვფიქრობ, არც ვისწავლიდი და სიჩქარე მაშინ უნდა მენახა...

ვჩქარობ და სადღაც მაინც ვგრძნობ ამ მოლოდინის სასიამოვნო ტალღას, უცებ რომ მავიწყებს ამდენ მოვალეობას...

მანქანა წყნეთი-კიკეტი- თბილისის გზაზე ისე დადის, რომ გაუშვა თვითონ იპოვის გზას... კიკეთისას ნამდვილად, ეს მართლაც ზეპირად იცის...

კონდიციონერი არ მიყვარს, ამიტომ მანქანის ფანჯრები ღია მაქვს, რადიო ხან აწეული (რომ ვუსმინო ”პალიტრას” და გავიგო სადამდე იჭერს), ხან ვაჩუმებ, რომ გარეთა ხმები დავიჭირო... ერთ ასახვევს ველოდები... ჩემთვიეს ეს ”ჭრიჭინების ჭალაა”... ისეთი ამბავი აქვთ, ყველა ხმას ფარავენ... და აქ მოდის უცებ რაღაც შორეული ... არა დღევანდელი და არა ამ ზაფხულების... როდესაც ქალაქს შემოჩვეული კალიები თუ ჭრიჭინები გვიფრთხობენ და სულაც არ გვანან იმათ,  პატარობაში რომ ხმებს გამოსცემდნენ და არც იმას, ბურატინოს მეგობარი რომ იყო...

ამ ჭრიჭინებს სადღაც იმერეთში გადავყავარ, სულ 2 მოსახვი... და როგორც იცის მოგონებებმა  -  კადრი, სუნი და გემო... ღამე ჭრიჭინების ჭრიჭინი და ბაბუას ხმა მაცილებს  ძილში  -  ”ისე ჭრიჭინებენ კარგი ამინდი იქნება”...

და კარგი დილაა, რძის სუნი მცემს და ვიცი რასაც აკეთებს ბუბა... ჩემ საყვარელ  ”ჩაფურჩხნულს”... ეს მე დავარქვი , თუ ასე მითხრეს არ მახსოვს, მაგრამ დღესაც მიყვარს და მგონია, რომ ადვილიც არის, სასარგებლოც და გემრიელიც...

ასე კეთდება: მჭადი, გინდა წინა დღის გამომცხვარი იყოს, გინდა  დილის (თუ არ გეზარებათ, უკეთესია), ორივე გამოდგება. თბილი რძე, ღრმა ჯამი, ცოტა მარილი და  ჩაფურჩხნული ჭადი. ცოტა ხნით თავზე დაახურეთ, კარგად რომ შეიწოვოს რძეც და მარილიც...  და მიირთვით.

ახლახან გავახსენე ჩემიანებს ეს საჭმელი და დიეტებით შეპყობილმა ზაფხულის საზოგადოებამ უცებ დაამატა... უზმოზე, ჯერ 1 სუფრის კოვზ ქატოს თუ გახსნი წყალში დალევ და მერე ამას მიაყოლებ, მშვენერი დიეტაც გამოვაო... ძალიანაც კარგი...

მოსახვევებიც დასრულდა, ჭრიჭინებიც მიჩუმდნენ და მე ჩემი სიჩქარით, ისევ რაღაც მოლოდინის მოლოდინი ჩავრთე...

”პალიტრა” კიკეთშიც იჭერს, მე ყიჟინით მეგებებიან და  ცოტა ამოსუნთქვაც შემიძლია...

დილით ქატო იყო, მაგრამ  ახლა და აქ ფქვილი მირჩევნია და ლხინიც...