ვინ არის"მფრინავი ქართველი"? - რა ჰყვება ბალერონი გიორგი ფოცხიშვილი?
"საოცრება", "ადამიანი, რომელმაც გრავიტაცია დაამარცხა", "ის არავის ჰგავს, განუმეორებელი ხელოვანია, საკუთარი ხელწერით", "მფრინავი ქართველი"... - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შეფასებებისა, რასაც პროფესიონალებისა თუ ბალეტის რიგითი მოყვარულებისგან ვისმენთ ქართველი ბალერონის, გიორგი ფოცხიშვილის შესახებ.
"ის არის საქართველოს საგანძური, ნამდვილი ტალანტი, ნიჭი და ოსტატობის ზენიტი, გიორგი არის არამარტო გენიალური შემოქმედი, არამედ გამორჩეული ადამიანი, თავმდაბლობის, წესიერების, ღირსების ეტალონი! ამდენად არა მხოლოდ თავისი მშობლების, არამედ საქართველოს საამაყო შვილი", - წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი. საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.
"საქართველოში აპლოდისმენტები სხვაგვარად ისმის - თითქოს დრო ჩერდება და სისხლი წინაპრების მელოდიით მოძრაობს..." - ამბობს გიორგი ფოცხიშვილი, რომელიც მსოფლიოს არაერთი ტრიუმფის შემდეგ, ახლახან ქართველმა მაყურებელმა სამშობლოს სცენაზე იხილა... წაიკითხეთ ვრცლად
წარმატებული მოცეკვავე დღეს ambebi.ge - ს სტუმარია.
- გიორგი, როგორ იხსენებთ სამშობლოში გატარებულ ბავშვობასა და პროფესიულ გზის დასაწყისს?
- ჩემი ბავშვობა უკავშირდება ტრადიციით და რწმენით გამორჩეულ საქართველოს - ქვეყანას, სადაც ხელოვნება სუნთქავს მიწიდან. გავიზარდე სცენის კულისებში, იქ, სადაც ყოველი მოძრაობა - სიტყვაზე მეტად მეტყველებს.
ბავშვობის წლებიდანვე დავიწყე ცეკვა, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა უბრალოდ ცეკვა - ეს იყო გზა, სულიერი წრთობა, ქართული იდენტობის ძარღვებზე სიარული. პირველი პროფესიული ნაბიჯები გავიარე "ცეკვის აკადემიაში“, რომელიც ჩამოაყალიბეს ჩემმა მშობლებმა, შემდგომ კი გადავედი ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. საცეკვავო ხელოვნებას ვეზიარე იმ სახელოსნოებში, სადაც ძალა და ელეგანტურობა ხვდება ერთმანეთს! სადაც მივიღე ქართული პროფესიული საცეკვავო განათლება, რისთვისაც მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ასე რუდუნებით მომცა ის, რაც დღემდე მაძლიერებს და მაყალიბებს კიდევ უფრო დიდ პროფესიონალად - ეს არის ჩემი ფესვები, რაც მუდამ მახსენებს, ვინ ვარ სინამდვილეში.
- წარმატებული ხელოვანების ოჯახში აღიზარდეთ. გვიამბეთ ამ გავლენაზე...
- ჩემთვის ეს უბრალოდ ოჯახი არ ყოფილა - ეს იყო ცოცხალი აკადემია. ბატონი გელოდი ფოცხიშვილი - ბაბუა, ქართული ქორეოგრაფიის სიმბოლო, ჩემი ცხოვრების მუდმივი შთაგონება და მაგალითია. მშობლები - გელა ფოცხიშვილი და მაია კიკნაძე - რომლებმაც ჩამოაყალიბეს პირველი პროფესიული საცეკვავო სასწავლებელი "ცეკვის აკადემია“. წაიკითხეთ ვრცლად