ქვეყანაში უსახლკაროები მრავლდებიან - კვირის პალიტრა

ქვეყანაში უსახლკაროები მრავლდებიან

ხელისუფლება ამტკიცებს, ქვეყანა აღმავლობის გზაზეაო, ხალხი კი დაღმავალ გზაზე, სიღატაკისკენ მიდის, - ეს სავსებით ცხადია მათთვის, ვინც ვირტუალურ კეთილდღეობაში ჯერჯერობით არ გახვეულა. ამასთან, ნელ-ნელა იზრდება საზოგადოების ის ფენა, რომელსაც უკვე ღატაკსაც ვეღარ უწოდებ, რადგან ღატაკებს თავზე ჭერი აქვთ, მათ კი არა. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან იმ ქალთა თავშესაფრების მობინადრენიც, რომელთა არსებობაზე საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. თუ რატომ, ეს სხვა თემაა, - ლოგიკურია, რომ "აღმავალი" ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა იმის გახმაურება, რომ უსახლკაროები და მათ შორის, მრავალშვილიანი დედები მრავლად ჰყავს, - ეს უკანასკნელნი შედიან იმ კატეგორიაში, ვინც სახლებიდან ოჯახის წევრების ძალადობამ გამოყარა. ცხადია, პრობლემის დამალვით თავად პრობლემა არ აღმოიფხვრება. პირიქით, რამდენიმე დღის წინ დიდი აურზაური ატყდა იმის გამო, რომ კონსტიტუციის ქუჩაზე ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში გამოთავისუფლებულ სართულზე 12 ქალი შევიდა შვილებიანად და შენობის მობინადრეებს განუცხადა, აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ სახელმწიფო ჭერს არ მოგვცემსო. მობინადრეებმა კი, რომლებსაც გამოთავისუფლებული ფართი უკვე თავიანთთვის ჰქონდათ დანაწილებული, "მომხდურებისგან" თავდაცვის ღონისძიებები სწრაფად შეიმუშავეს და ქალებს ჯერ თავად შეუტიეს, მერე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამაც მასზე დაკისრებული მოვალეობა აღასრულა და კანონის დამრღვევები შენობიდან ისევ ქუჩაში გამოყარა. მათი ამბავი სახელმწიფოს აღარ უკითხავს. პრინციპში, არც არავის, რადგან შიშველმა შეცოდებამ აზრი დაკარგა, რეალურად კი იმის შესაძლებლობა არავის გააჩნია, უსახლკაროები შეიფაროს. მათ შორის, არც თავშესაფრებს, რადგან იქ ცხოვრება კანონით მხოლოდ სამი თვით არის განსაზღვრული, ამის შემდეგ თავშესაფრებმა სხვა უსახლკაროები უნდა მიიღონ.

ბუნებრივია, ისმება კითხვა, სად წავიდნენ ის ქალები, ან სად მიდიან თავშესაფრების მკვიდრნი, როცა იქ ცხოვრების ვადა გაუვათ? ამ კითხვაზე პასუხი კონსტიტუციის ქუჩის ინციდენტისას მონაწილე ქალებმა გამცეს: - ისევ ქუჩაში!

- ბევრი შვილებიანად ღამეს სკამზე ვათენებთ. თუ ვინმეს ბედმა გაუღიმა და მათი შვილები ბავშვთა სახლმა მიიღო, შვებაა. თუ არა და, ბევრი ჩვენგანი თავის მოკვლაზეც იწყებს ფიქრს. ერთი სამშვილიანი დედა პოლიციამ ღამის სამ საათზე შეაჩერა, როცა ხიდიდან გადახტომას აპირებდა.

- ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, საიდან არის ამდენი უსახლკარო დედა?

- საუბედუროდ, უსახლკარონი არა მარტო დედები არიან. მაგრამ დედის ხვედრი, რომელიც შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა, საშინელებაა! თუ ვინმეს აინტერესებს, ეს რატომ ხდება, მიმოიხედოს ირგვლივ და ნახავს, რამდენი უნამუსო, ლოთი, მოძალადე ადამიანია ირგვლივ. საუბედუროდ, ჩვენ ასეთი ადამიანების გვერდით ცხოვრება გვერგო წილად. ზოგ ჩვენგანს ლოთმა ქმარმა გაუყიდა ბინა, ზოგს სცემდნენ, ზოგს აწამებდნენ, ვეღარ გაუძლო და სახლიდან წამოვიდა. ამაზე საშინელი შემთხვევებიც არის, - ერთი ქალი ორი შვილით სახლიდან იმიტომ წამოვიდა, რომ ქმარი დედამ წაართვა. ქუჩაში რომ დაწანწალებდნენ, ისევ ისეთს შეეცოდა, თავადაც რომ კიბის ქვეშ ცხოვრობს, და თავისთან მიიყვანა. ბავშვები მათხოვრობდნენ. ბავშვთა საქველმოქმედო სახლში დარეკა ვიღაცამ და მათ შეიფარეს. ბევრს კი შემფარებელი არა ჰყავს, თავშესაფრიდან თავშესაფარში დადის და როცა ყველგან ყოფნის ვადა ამოეწურება, მერე აღარ იცის, რა ქნას. აი, ამიტომ მოხდა ის ამბავი კონსტიტუციის ქუჩაზე.

ლტოლვილთა საცხოვრებლიდან საავადმყოფო გადავიდა. ვიფიქრეთ, ხელისუფლება ახლა მაინც დაფიქრდება ჩვენს ბედზე-მეთქი. მან კი პოლიცია გამოუშვა. მათ რომ თრევა-თრევით ჩამოვყავდით კიბეზე, აქეთ ლტოლვილები გვირტყამდნენ, აქ შემოსვლა როგორ გაბედეთო. არადა, თვითონ ამ სახლში იმდენი ბინები აქვთ, აქირავებენ. ტელევიზიებმა კი ისე გადმოსცეს ყველაფერი, ვითომ ჩვენ ქუჩის ქალები ვიყოთ და სადღაც შევცვივდით. ასე არ არის, ყოველი ჩვენგანი დილის 6 საათიდან 3-4 ადგილზე მუშაობს, რომ შვილები არჩინოს. ზოგი ჩვენგანი ასე ნაცემი იმ ბავშვთა საქველმოქმედო სახლს მიადგა, სადაც მათი შვილები არიან შეფარებული. აბა, სად წასულიყვნენ? თავიანთ შვილებს ლუკმა გაუყვეს. არადა, ის სახლი თავადაც შემოწირულობით არსებობს.

- მომავალში რას აპირებთ?

- რა უნდა დავაპიროთ, რა გზა გვაქვს? მაგ კითხვაზე პასუხი არა გვაქვს. ჩვენთვის ხსნა ამ ყველაფრის დამთავრება და იმ ქვეყნად წასვლაა, მაგრამ არც ერთი დედა, რომელსაც შვილი უყვარს, ამას არ იზამს.

P.S. სახელმწიფო კი უსახლკაროებს დიდი ხანია, ჰპირდება, მაგრამ მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილისთვის შეძლო ბინების მიცემა. როდის აშენდება კიდევ საცხოვრებელი სახლები უსახლკაროებისთვის, არავინ იცის.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)