ჩინური "კროსვორდი" - რას სურს პუტინს სი ძინპინისგან და სად გადის ჩინეთის ლიდერის წითელი ხაზები?! - კვირის პალიტრა

ჩინური "კროსვორდი" - რა სურს პუტინს სი ძინპინისგან და სად გადის ჩინეთის ლიდერის წითელი ხაზები?!

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „რა სურს პუტინს სი ძინპინისგან?“ (ავტორი - ალეგრა მენდელსონი). „მოსკოვში, წითელ მოედანზე, 9 მაისთან დაკავშირებით, ჩინეთის არმიის ქვედანაყოფების პატრულირება იმას ნიშნავს, რომ პეკინი კვლავ ინარჩუნებს პრორუსულ პოზიციას, თუმცა სი ძინპინს მაინც აქვს თავისი „წითელი ხაზები“ რუსეთთან ურთიერთობაში“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

გასულ კვირას მოსკოვში, წითელ მოედანზე, ჩინელი ჯარისკაცების საპატიო ყარაულმა სახელმწიფო დროშის ფრიალით და ჰიმნის მღერით გაიარა.

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სპეცქვედანაყოფი რეპეტიციას ატარებდა, გამარჯვების აღლუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნება და, როგორც მოსალოდნელია, ყველაზე გრანდიოზული იქნება ისტორიაში.

რუსეთთან კავშირების გაღრმავების აღსანიშნავად, სი ძინპინი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ხუთშაბათს მოსკოვის კრემლში მიესალმა, მასპინძელთან ერთად მაყურებლების პირველ რიგში იქნება. ორივე ლიდერი გამარჯვების დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ყველაზე ცნობილ და მაღალჩინოსან მონაწილეებს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთმანეთს 40-ჯერ და მეტად არიან შეხვედრილნი, ასეთ მნიშვნელოვან დღეს მათი გვერდიგვერდ დგომა უმაღლესი დონის სიმბოლურ მოვლენად აღიქმება. „ეს არის ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირების დადასტურება მათი საერთო მტრის - დასავლეთის წინაშე“, - ამბობს პიერ ანდრიე, ყოფილი დიპლომატი რუსეთში, - "ეს არის ძალიან ძლიერი და არაორაზროვანი სიგნალი“.

9 მაისის აღლუმამდე ორმა ლიდერმა კრემლის დახურულ კარს მიღმა ხანგრძლივად ისაუბრა, სტრატეგიულ საკითხებზე. ითვლება, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრი თხოვნისა და სურვილის სია აქვს სი ძინპინისათვის, მაგრამ მეგობრობის მიუხედავად, პეკინსაც აქვს თავისი „წითელი ხაზები“.

„მეგობრული“ პრობლემები

რასაკვირველია, მოლაპარაკების დროს, რომელიც ორ ლიდერს შორის კრემლში 8 მაისს გაიმართა, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკრაინას დაეთმო. როგორც ცნობილია, რუსეთმა უარყო ყოველგვარი საშუამავლო თუ სამშვიდობო მისია ევროპის მონაწილეობით, თუმცა მასში ჩინეთის მონაწილეობა შედარებით უფრო მისაღები იქნებოდა.

ვან ჰუაიო, გლობალიზაციის კვლევის ჩინური ცენტრის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ჩინეთს სამშვიდობო მისიის შესრულება სურს, რომ აჩვენოს - პეკინი მშვიდობის დამყარებას მხარს უჭერს. მაგრამ თავად ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ასეთ პერსპექტივას განიხილავს.

თუმცა ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი კარგად არის დოკუმენტირებული - დრონების ექსპორტით და სამხედრო საიარაღო ტექნოლოგიების მიწოდებით დაწყებული, სანქციების გადალახვაში დახმარების გაწევით დამთავრებული. უკრაინამ ჩინეთს ბრალი წაუყენა, რომ პეკინი თვალს ხუჭავს ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე საომარ მოქმედებებში, რუსეთის დასახმარებლად.

ენერგეტიკულ სფეროში არსებული უთანხმოებიდან აღსანიშნავია რუსული გაზის ექსპორტის ღირებულება მილსადენ „სილა სიბირი-2“-ით. ჩინეთი ითხოვს ისეთ ფასს, რომელიც რუსეთის შიგნით მოქმედებს, მოსკოვმა უარი თქვა. ევროპული ბაზრიდან წამოსვლის შემდეგ „გაზპრომი“ უკვე წამგებიან კომპანიად გადაიქცა და თუ ჩინეთსაც გაზს დაბალი ფასებით მიაწოდებს, კიდევ უფრო დაზარალდება. მოკლედ, სიტუაცია ადგილიდან არ იძვრის.

ზოგადად, ჩინეთს და რუსეთს ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა აკავშირებთ, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ ამჟამინდელი ბალანსი პეკინის სასარგებლოდ არის გადახრილი.

მეთიუ სასექსის აზრით, რომელიც ექსპერტია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების კვლევაში, ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი აქტივიც არის და პასივიც ჩინეთისათვის - იმ ქვეყნისათვის, რომელიც თავს იკავებს მისგან ათასი კილომტრის დაშორებით მიმდინარე ომში მონაწილეობისაგან. პეკინს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში არანაირი მნიშვნელოვანი ინტერესები არ აქვს და არც - ტერიტორიული პრეტენზიები.

სი ძინპინი, როგორც ჩანს, მოსკოვში თავისი დღის წესრიგით არის ჩასული - უპირველეს ყოვლისა, მას აინტერესებს სავაჭრო ომი აშშ-სთან და დამოკიდებულება დონალდ ტრამპთან, რომელიც ხშირად აცხადებს ხოლმე, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპს შურს პუტინის ავტოკრატობა ანუ აშშ-ის პრეზიდენტს რუსი კოლეგასავით მბრძანებლობა უნდა, მაგრამ - არ შეუძლია. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდები „ნიქსონის მოქმედების" საწინააღმდეგო სცენარის თაობაზე, რომლის მიხედვით, თუ ადრე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩინეთის ლიდერის - მაო ძედუნის გადაბირებას ცდილობდა რუსეთის (საბჭოთა კავშირის) წინააღმდეგ, ახლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს ვლადიმერ პუტინის გადაბირებას ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის წინააღმდეგ, მისი იზოლირების მიზნით. თუმცა ექსპერტები ასეთ სცენარს ნაკლებსავარაუდოდ თვლიან.

უფრო მეტიც - რადგან სი ძინპინი უკვე მოსკოვშია ჩასული და გამარჯვების აღლუმს დაესწრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკულმა ტაქტიკამ არ იმოქმედა.

ჩინეთს არ სიამოვნებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავება და ის, რომ კორეელი ჯარისკაცები რუსებთან ერთად იბრძვიან უკრაინის ომში. „ჩრდილოეთ კორეა, ტრადიციულად, ჩინეთის უმცროს ძმად ითვლებოდა, ამიტომ ფხენიანის მოსკოვის მხარეს გადასვლა პეკინისათვის ერთგვარ დარტყმას ნიშნავს - როგორც პოლიტიკურ, ისე - სამხედრო მნიშვნელობით.

რა იქნება შემდეგ?

ჩინეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა წითელ მოედანზე - ეს ძალიან ნათელი სიმბოლოა იმისა, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის დაწყებიდან. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე, რომლებიც ლონდონში მარშირებდნენ და რომლებსაც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სამეფო ოჯახის წევრები უყურებდნენ.

მოსკოვის საზეიმო ღონისძიებებში სი ძინპინის მონაწილეობა ნათელი არეკვლაა იმისა, რომ იწყება „ახალი საერთაშორისო წესრიგი“, რომელშიც ჩინეთს და რუსეთს ლიდერის პოზიციები უკავიათ“, - ამბობს მეთიუ სასექსი, - "პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთის საქმე უკვე წასულია და სურს, ძველი წესრიგი საბოლოოდ დაანგრიოს. სი ძინპინს კი უნდა დასავლეთი და - ძველი წესრიგი მხოლოდ შეავიწროვოს“.

წყარო