სტალინის საიდუმლო შეთანხმება გერმანიასთან - როგორ გეგმავდა ფრანგულ-ბრიტანული ავიაცია ფოთისა და ბათუმის განადგურებას
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ოთხმოცი წელი გავიდა, თუმცა იმ წლებში მეომარი მხარეების სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციებისადმი ინტერესი არ განელებულა. ომი და საომარი ვითარება ის ექსტრემალური გარემოებაა, როდესაც ყველაზე კარგად ჩანს სპეცსამსახურების მარცხი და გამარჯვება. ამ დროს ყოველდღიური საბრძოლო მოქმედებები აჩვენებს სპეცსამსახურების სიძლიერესა და სისუსტეს.
ჰიტლერ-სტალინის საიდუმლო შეთანხმების შედეგები
ყველა დიდ-პატარა ომის დაწყება იოლია, აი, დასრულება კი ძალზე ძნელი ხდება. დღეს ისტორიკოსები და პოლიტოლოგები ბევრს კამათობენ იმ საკითხზე, გეგმავდა, თუ არა სტალინი დასწრებას და ომის პირველი დაწყებას. ეს ურთულესი თემაა და მხოლოდ სათანადო საარქივო დოკუმენტების მოძიების შემთხვევაში იქნება ობიექტური შეფასება შესაძლებელი. ერთი კი ნამდვილად რეალობაა: რომ არა სტალინ-ჰიტლერის საიდუმლო მოლაპარაკებები და გარიგებები, მეორე მსოფლიო ომი ან არ დაიწყებოდა, ან სულ სხვა კონფიგურაციის სამხედრო კონფლიქტი იქნებოდა.
1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში, განსაკუთრებით გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაფორმებული „საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების“ (ე.წ. მოლოტოვის-რიბენტროპის პაქტი) საიდუმლო დამატებები ევროპის ახალ გადანაწილებას ითვალისწინებდა. როგორც შემდგომ განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გვიჩვენა, ორმა, შინაგანად მონათესავე დიქტატორმა - ჰიტლერმა და სტალინმა საკუთარ ინტერესებს კაცობრიობის ბედი ანაცვალეს და ახალი მსოფლიო ომი დაიწყეს.
სტალინი და რიბენტროპი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოაჰიმ რიბენტროპი (1893-1946) მოსკოვში 1939 წლის 23 აგვისტოს, შუადღისას ჩაფრინდა. რიბენტროპთან საზეიმო შეხვედრის მზადებისას გერმანიის სვასტიკებიანი დროშები „მოსფილმის“ კინოსტუდიიდან ითხოვეს, სადაც ისინი... მორიგი ანტიფაშისტური ფილმის გადაღებისას რეკვიზიტებად უნდა გამოიყენებინათ. რიბენტროპის მოლაპარაკებები სტალინთან და მოლოტოვთან სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გერმანიის, იტალიისა და საბჭოთა კავშირის იდეოლოგიას ერთი საერთო ელემენტი აქვს: კაპიტალისტური დემოკრატიებისადმი წინააღმდეგობაო. 24 აგვისტოს, დაახლოებით, დილის ორ საათზე, კრემლში, მოლოტოვის კაბინეტში, ხელი მოეწერა წინა დღით დათარიღებულ დოკუმენტებს.
სტალინ-ჰიტლერის შეთანხმების საიდუმლო დამატების ტექსტი
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ იქვე, მოლოტოვის კაბინეტში, სუფრაც გაიშალა და როგორც სტალინის პირადი თარჯიმანი ვალენტინ ბერეჟკოვი (1916-1998) მემუარებში იხსენებს, „დიდმა ბელადმა“ ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა: „ვიცი, როგორ უყვარს გერმანელ ხალხს ფიურერი. სწორედ ამიტომ მინდა, მისი ჯანმრთელობის სადღეგრძელო შევსვათო“. წინააღმდეგი ვინ იქნებოდა?!
მოსკოვში “პაქტის” ხელმოწერიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, 1939 წლის 1 სექტემბერს, გერმანიამ პროვოკაცია მოაწყო პოლონეთის საზღვარზე და ვარშავის მიმართულებით შეუტია. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, პოლონეთთან გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ომში აღმოჩნდნენ ჩართულნი. თუმცა თავიდან უფრო პოლიტიკურად, ვიდრე - რეალური სამხედრო ძალით. ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
„დიდი დიქტატორი“ ძალზე კმაყოფილი იყო.
სტალინმა გერმანელების მიერ ვარშავის აღების შემდეგ, 1939 წლის 17 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, პოლონეთის ის ტერიტორიები დაიკავა, რომელიც „პაქტის“ მიხედვით, „საბჭოთა ინტერესების ზონაში შედიოდა“. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირმა, გერმანიასთან შეთანხმებით, მოახდინა ბალტიისპირეთის და დასავლეთ უკრაინის ოკუპირებაც. სტალინისა და ჰიტლერის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ფარული გაყოფის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წლის ივნისში განხორციელდა რუმინეთის ტერიტორიის ნაწილის (ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა) ანექსია და მოლდავეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ბესარაბიასთან და ჩრდილოეთ ბუკოვინასთან ერთად გაერთიანდა ახალშექმნილი მოლდოვის სსრ-ის შემადგენლობაში.
რუმინეთის ტერიტორიის ნაწილი შევიდა უკრაინის სსრ-ის ოდესის ოლქის შემადგენლობაში. სწორედ ამ ხელოვნური ეთნოტერიტორიული „ჭრა-კერვის“ შემდეგ ჩაიდო ის „შენელებული მოქმედების ნაღმები“, რომელთა ასამოქმედებელი „პულტი“ კრემლში ინახებოდა და შემდეგ, როცა დრო მოვიდა, აამოქმედეს კიდეც, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში. როგორც ვხედავთ, ორმა დიქტატორმა ევროპის გადანაწილება დაიწყო, თუმცა ორივემ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მათ შორის ომი გარდაუვალი იქნებოდა.
შეიძლება ბევრმა სტალინის თაყვანისმცემელმა არც კი იცის, რომ 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირი გერმანიის არა მარტო პოლიტიკური, არამედ მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორიც გახდა. ორი წლის მანძილზე, 1939-1941 წლებში მოსკოვი აწვდიდა ბერლინს ყველა იმ საჭირო სამრეწველო პროდუქციას, ნედლეულს, ხორბალს, ხორცს და ა.შ., რის გარეშეც გერმანია მცირე მასშტაბის ომსაც კი ვერ დაიწყებდა. ომში საფრანგეთისა და ინგლისის ჩართვის შემდეგ გერმანიას სრული ეკონომიკური იზოლაცია ემუქრებოდა, პირველ რიგში კი - საზღვაო ბლოკადა, რაც ჰიტლერისთვის დამღუპველი იქნებოდა. მაგრამ ჰიტლერს მეგობრულად გვერდში ამოუდგა მეორე დიქტატორი - სტალინი.
მწარე სატირა
1939 წლის სექტემბერში, ჰიტლერის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირს შეატყობინა, რომ გერმანიის საზღვაო ბლოკადას იწყებდა და ყველა ქვეყნის იმ გემს დააკავებდა, რომელსაც გერმანიაში საბრძოლო ტექნიკა, იარაღი და სტრატეგიული ნედლეული შეჰქონდა. ამის საპასუხოდ, მოსკოვმა სახმელეთო გზით გაზარდა გერმანიის მომარაგება. 1941 წლის 22 ივნისამდე ანუ გერმანიის თავდასხმის დღემდე, საბჭოთა კავშირის არ შეუწყვეტია გერმანიისთვის სტრატეგიული ნედლეულისა და სურსათის მიწოდება. ამ საკითხს პირადად სტალინი აკონტროლებდა და ვაი იმას, ვისი მიზეზითაც თუნდაც ერთი საათით შეფერხდებოდა გერმანიის მომარაგება.
1939-1941 წლებში საბჭოთა კავშირმა გერმანიას მიაწოდა ერთ მილიონ ტონამდე ნავთობი, 1,5 მილიონი ტონა ხორბალი, ათეულ ათასობით ტონა სპილენძი, ნიკელი, თუთია და ა.შ. ამჟამად ირკვევა, რომ სტალინის დავალებით, სხვა ქვეყნებში სპეციალურად ყიდულობდნენ კაუჩუკის ნედლეულს, რათა ის შემდგომ გერმანიისთვის მიეწოდებინათ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიო ფასებზე გაცილებით იაფად აწვდიდა გერმანიას ნედლეულსა და პროდუქციას. გერმანიის სამხედრო ეკონომიკა უმთავრესად იმპორტირებულ ნავთობზე, რკინის მადანზე, სპილენძზე, ხორბალზე და ა.შ. იყო დამოკიდებული. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის წინ გერმანია რკინის მადნის 75%-ის, ტყვიის 50%-ის, სპილენძის 70 %-ის, კალის 90%-ის, ბოქსიტების 100%-ის და კაუჩუკის 80 %-ის იმპორტს ახორციელებდა. ეკონომიკური პრობლემების პირობებში იფიქრებდა კი გერმანელი დიქტატორი ახალი და ფართომასშტაბიანი ომის წამოწყებას?
ამ სტრატეგიული ნედლეულის უდიდესი ნაწილი კი სწორედ საბჭოთა კავშირიდან იყო იმპორტირებული. 1940 წელს სსრკ გერმანიას აწვდიდა საჭირო ფოსფატების 74%-ს, აზბესტის 67%-ს, ქრომის 65%-ს, მანგანუმის 55%-ს, ნიკელის 40%-ს და ნავთობის 34%-ს. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სტალინი ჰიტლერს „ბოლო წუთამდე“ ამარაგებდა. 1941 წლის 3 ივნისს, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატს ნება დართო, განსაკუთრებული რეზერვებიდან გერმანიისთვის მიეწოდებინა 6000 ტონა სპილენძი, 1500 ტონა ნიკელი, 500 ტონა კალი, 500 ტონა მოლიბდენი და 500 ტონა ვოლფრამი.
ამ დროს მეორე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობდა და მოსკოვი, ნაცისტურ გერმანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობით, ფაქტობრივად, ეხმარებოდა ჰიტლერს ევროპის კონტინენტზე აგრესიის განხორციელებასა და დიდი ბრიტანეთის ქალაქების დაბომბვაში.
“მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტის ხელმოწერის შემდეგ საბჭოთა კავშირი რეალურად საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. უფრო მეტიც: ის გერმანიის მოკავშირედ და „მთავარ მომმარაგებლად“ იქცა. ამიტომ გერმანიის ეკონომიკური პოტენციალის შესასუსტებლად საფრანგეთისა და ბრიტანეთის ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის ხელისშეშლა დაისახა მიზნად. ამ შემთხვევაში, როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე - გერმანიისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიის რეგიონს და იქ მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეირჩა ნავთობის მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების მთავარი ინფრასტრუქტურული კვანძები, რომლებიც საჰაერო დარტყმებით უნდა განადგურებულიყო.
დიქტატორების შეთანხმება ყოველთვის ხანმოკლეა
1940 წლის 4-5 აპრილს საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდლობის შტაბში გამართულ საკოორდინაციო ჯგუფის თათბირზე დაამტკიცეს საიდუმლო ოპერაცია - “კავკასიის ნავთობი”. თუმცა კავკასიის ნავთობმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების დაბობვის სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა ჯერ კიდევ 1940 წლის იანვრიდან დაიწყო საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის გენერლების: მორის გამელენის, მაქსიმ ვეიგანის, ა. უეიველის და ადმირლების: ფ. დარლანისა და ე. კანინჰემის ხელმძღვანელობით. ისინი თვლიდნენ, რომ ოპერაციის წარმატებით ჩასატარებლად საკმარისი იქნებოდა 90-100 თვითმფრინავი, მათ შორის - ამერიკულ ბომბდამშენ Glenn L. Martin-ის ხუთი და ინგლისური ბომბდამშენების - Blenheim-ისა და Farman 212-ის ოთხი ჯგუფი.
მასირებული დაბომბვების შედეგად ნავთობის სტრატეგიული ობიექტები ბაქოში - 15 დღეში, გროზნოში - 12 დღეში, ხოლო ბათუმში - დღე-ნახევარში უნდა განადგურებულიყო. მკითხველს შევახსენებ, რომ მას შემდეგ, რაც 1907 წელს დასრულდა ბაქო-ბათუმის 863 კმ სიგრძის ნავთობსადენის მშენებლობა, ბათუმი შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი პორტი გახდა და სწორედ აქედან გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში (მათ შორის - გერმანიაშიც) კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობი და გადამუშავებული ნავთობპროდუქტები. ბათუმზე შეტევა მხოლოდ შავი ზღვიდან, საზღვაო ავიაციის ძალებით უნდა განხორციელებულიყო. საქართველოს ტერიტორიაზე ბათუმთან ერთად საფრანგეთ-ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს ფოთის პორტიც უნდა დაებომბათ. გენერალ მაქსიმ ვეიგანის გათვლებით, საჰაერო დარტყმებისთვის მზადება 1940 წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. მათი
გეგმით, შეტევის პირველ 6 დღეში უნდა მოეხდინათ კავკასიის მთელი ნავთობის მრეწველობისა და შავი ზღვის პორტების (ბათუმი და ფოთი) 30-35 %-ის განადგურება.
ფრანგი და ბრიტანელი გენერლების მიერ შემუშავებული ოპერაცია “კავკასიის ნავთობი” ითვალისწინებდა მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას, რაც რამდენჯერმეა ხაზგასმული საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდლობის შტაბში, 1940 წლის 4-5 აპრილს გამართული საკოორდინაციო ჯგუფის თათბირის საიდუმლო ოქმში #18. მიუხედავად ამისა, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდებოდა.
საბჭოთა დაზვერვის (მათ შორის - ქართულ ემიგრაციაში „ჩანერგილი“) აგენტებისგან მიღებული ცნობები იმით იყო ღირებული, რომ ერთ-ერთი ქართველი აგენტი 1939 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდა გენერალ ვეიგანის უშუალო გარემოცვაში და ნოე ჟორდანიას დავალებით და “კავკასიის საქმეებში ექსპერტის” სტატუსით მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. ასე რომ, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ოპერაცია “კავკასიის ნავთობის” შესახებ საბჭოთა ხელისუფლებას საკმაო ინფორმაცია ჰქონდა. ამ მოსაზრებას ადასტურებს 1939-1953 წლებში საბჭოთა საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელის - პავლე სუდოპლატოვის მოგონებებიც (Разные дни тайной войны и дипломатии. 1941 год. - М.: ОЛМА-ПРЕСС, 2005), სადაც აღნიშნულია: "ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის დასრულებამდე ინგლისელებმა და ფრანგებმა შეიმუშავეს საავიაციო დაბობვების გეგმა. შესაბამის დოკუმენტებში მკაფიოდ იყო აღნიშნული ამ ოპერაციის მიზანი - საბჭოთა კავშირი და გერმანია კავკასიის ნავთობის გარეშე დაეტოვებინათ. ბაქოს ნავთობმომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებზე იერიშის მიტანის შესახებ ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაზვერვის (სამხედრო და შინსახკომის) ცნობებიდან იცოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა დაზვერვამ ვერ შეძლო ზუსტი ინფორმაციის მოპოვება ბაქოს დაბომბვის თარიღის შესახებ: სახელდებოდა 1940 წლის თებერვალი, მარტის დასაწყისიც - მაგრამ საჰაერო დარტყმები არ იყო. ხმები მოსალოდნელი დაბომბვისა და დივერსიების შესახებ დიდ დაძაბულობას იწვევდა ზემოთ (იგულისხმება საბჭოთა ხელმძღვანელობა - ბ.ა.), რის შედეგადაც ამიერკავკასიაში ჩვენი სამხედრო შენაერთების რაოდენობა გასამმაგდა”. ამ მცირე ამონარიდიდან კარგად ჩანს, რომ საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელობას სხვადასხვა წყაროდან ჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია ოპერაცია “კავკასიის ნავთობის” შესახებ და სათანადოთაც ემზადებოდა. 1940 წლის 10 მაისს გერმანიამ მასირებული შეტევა განახორციელა დასავლეთ ევროპაში და უკვე 14 ივნისს ჰიტლერმა პარიზი დაიკავა, საფრანგეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა და ინგლისზე შეტევისთვის დაიწყო მზადება. ამის შემდეგ ბუნებრივია, ვის ეცალა ბაქოს, ბათუმისა და ფოთის დასაბომბად, როდესაც თავად ლონდონი იბომბებოდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას: რომ არა სტალინის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა, გერმანია 1939 წელს მასშტაბური ომის დაწყებას ვერ შეძლებდა, შემდეგ, 1941 წელს საბჭოთა კავშირს თავს ვერ დაესხმებოდა და მსოფლიო უდიდეს ტრაგედიას აიცილებდა თავიდან.