პენსიონერებს მშობიარობას აუნაზღაურებენ(?!!!!!) - კვირის პალიტრა

პენსიონერებს მშობიარობას აუნაზღაურებენ(?!!!!!)

1-ელი სექტემბრიდან ყველა თბილისელ პენსიონერს, 5 წლამდე ბავშვსა და სტუდენტს სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯია" დააზღვევს.

თითო პოლისში სახელმწიფო 15,75 ლარს გადაიხდის, დაახლოებით 30%-ით მეტს, ვიდრე უმწეოთა დაზღვევის პოლისი ღირდა. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში სულ 2,5 მილიონ კაცს დააზღვევენ.

სადაზღვევო პოლისი აანაზღაურებს შემდეგ სამედიცინო მომსახურებებს: სასწრაფო სამედიცინო დახმარებას (რაც ისედაც უფასოა), კომპიუტერულ ტომოგრაფიას (სადაც მოსარგებლეს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის გადახდა მოუწევს, პენსიონერებს -10%-ის), გადაუდებელ და გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, გეგმურ ქირურგიულ ოპერაციებს, მედიკამენტოზურ მკურნალობას (მზღვეველი აანაზღაურებს წლიურ სადაზღვევო ლიმიტს 50 ლარის ფარგლებში და 50%-ს კი თანადაფინანსებით მოსარგებლე), ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობას და დიაგნოსტიკას, მშობიარობას (საკეისრო კვეთის ჩათვლით). მომსახურების მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონულ პოლიკლინიკებში.

სახელმწიფო დაზღვევის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისების დარიგება უკვე დაიწყო და ხარვეზებიც გამოვლინდა. მაგალითად, ქალაქ რუსთავის მოსახლეობისათვის (პროგრამაში მონაწილე დაზღვეული პირებისთვის) გადაცემული პოლისები ქართული შრიფტით არ არის შედგენილი, რის გამოც პროგრამაში მონაწილე დაზღვეულ მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობა ხანდაზმულია, საშუალება არა აქვს, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს. ძველ თბილისში კი პენსიონერებს სადაზღვევო პოლისები თაბახის ფურცელზე ამოუბეჭდეს, სადაც ქართული ტექსტის გარჩევა პენსიონერს კი არა, მახვილი მხედველობის ადამიანსაც გაუჭირდება. ბანკში, სადაც პენსიაზე მისულ ადამიანებს საჩუქრად გაურკვეველი შინაარსის პოლისები დაახვედრეს, თავი იმით იმართლეს, რომ პრინტერი არ უვარგათ.

მაყვალა მღებრიშვილი, პენსიონერი: "თუ არ წავიკითხე, რას ამინაზღაურებენ ამ პოლისით, ისე როგორ მივიდე ექიმთან, ან როგორ გავიგო, მეკუთვნის თუ არა ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება? პენსია რომ ავიღე, იქ მომცეს ეს ფარატინა ფურცელი, რომლის ნახევარზეც ტექსტის წაკითხვა ფაქტობრივად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, აღვშფოთდი: ეს სად წარვადგინო ან რა გავარკვიო, რა წერია-მეთქი, მაგრამ რად გინდა, ნორმალურ პასუხსაც არავინ გაღირსებს. ოპერატორმა გოგონამ ერთი უკმეხად მომიგდო, პრინტერი არ გვივარგა და ასე ბეჭდავსო. რისი წაკითხვაც მოვახერხე, დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ, მაგრამ ესეც რომ გაიმეტეს, რას დაეძებს ადამიანი. ჩემი ასაკის ადამიანს ყველაზე მეტად მედიკამენტები სჭირდება, რაშიც ფაქტობრივად მთელი პენსია მეხარჯება და სწორედ ამას არ ითვალისწინებს ეს პოლისი. სამაგიეროდ, მშობიარობას დაგვიფინანსებენ თურმე 500 ლარით, წამლებისთვის კი წელიწადში მხოლოდ 50 ლარს გადაიხდიან. დაგვცინიან, სხვა რა უნდა ვთქვა ამ ყველაფრის შემდეგ. როგორ შეიძლება, ბავშვისთვის, სტუდენტისა და პენსიონერისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის ერთნაირი პაკეტი შეადგინო და კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებები არ გაითვალისწინო".

ვიქტორ დოლიძე, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთთა კომისიის თავმჯდომარე:

- დიდი განსხვავება ხელისუფლების ამ დაპირებებსა და წლებისწინანდელ დაპირებებს შორის არ არის. ყოველი შემთხვევაში, მე ვერ ვიპოვე. ამას ამბობდა ეს ხელისუფლება მაშინაც, როცა მოსახლეობს 5-ლარიან დაზღვევას ურიგებდა, და მაშინაც, როცა სადაზღვევო პაკეტის ღირებულება 10 ლარამდე გაზარდა და ახლაც იმავეს ჰპირდებიან მოსახლეობას. მაშინაც და ახლაც საყოველთაო დაზღვევის აღსრულება კერძო სადაზღვევო კომპანიებს დააკისრეს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთმა მიდგომამ ვერ იმუშავა და ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ახლა იმუშაოს, რადგან სისტემურად გაუმართავი და მცდარია. ქვეყანაში საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაც უნდა მოქმედებდეს და ინდივიდუალურიც. ახლა კი ყველაფერი კერძო სადაზღვევო კომპანიებზეა მიბმული. თუ ისინი მოგებას არ ნახავენ, რა თქმა უნდა, ისე არაფერს გააკეთებენ. თუ ამ ყველაფრისგან გარკვეული ბენეფიტები არ მიიღეს, ბუნებრივია, ვერ იმუშავებენ. არც არის გასაკვირი, რომ კერძო კომპანია თავის მოგებაზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, ეს მხოლოდ 1-2-თვიანი წინასაარჩევნო დაპირებაა. თუ ვინმეს დაეხმარებიან, ინდივიდუალურად დაეხმარებიან წინასაარჩევნოდ და ამაში იმ ფულს დახარჯავენ, რომელსაც ბიზნესმენებს ართმევენ. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. საყოველთაო დაზღვევას კი ისეთივე ეფექტი ექნება, როგორიც მანამდე არსებულ ყველა დანარჩენს. ასე რომ, ახლაც იმ უშედეგო მცდელობასთან გვაქვს საქმე, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამდენი წელია მიმართავს. არანაირი საყოველთაო, ხელმისაწვდომი დაზღვევა მოსახლეობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში არ იქნება.

- პესნიონერებისთვის სახუმაროც კი გახდა მათთვის დაზღვევის პოლისით მშობიარობის დაფინანსება.

- ამ ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ არის სასაცილო. ანალოგიური მდგომარეობაა თითქმის ყველა სფეროში. სოფლის მეურნეობას რომ გადახედოთ, ფაქტობრივად, ჩვენი პროგრამის ასლი გადაიღეს და მხოლოდ დაფინანსების ციფრი გაზარდეს. ვანო მერაბიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 4 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 7 მილიარდი აქვთ სულ ქვეყნის ბიუჯეტი და 4 მილიარდს მხოლოდ სოფლის მეურნეობისთვის როგორ ხარჯავენ, საინტერესოა? სასაცილოა, აბა რა არის?

(სპეციალურად საიტისთვის)