"ავარიის შედეგად, იაკობმა თვალი დაკარგა, სახის ძვლები დაემტვრა... წელს სკოლას ამთავრებს და ძალიან უნდა ბანკეტზე წასვლა. 30 000 დოლარამდე გვჭირდება" - - კვირის პალიტრა

"ავარიის შედეგად, იაკობმა თვალი დაკარგა, სახის ძვლები დაემტვრა... წელს სკოლას ამთავრებს და ძალიან უნდა ბანკეტზე წასვლა. 30 000 დოლარამდე გვჭირდება" - 17 წლის იაკობ თორდიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

17 წლის იაკობ თორდიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის ამჟამად სტამბოლში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭის ცხოვრების შეცვლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.

იაკობმა ავარიის დროს ცალი თვალი დაკარგა, რამდენიმე დღე კომაში იყო და სახის ძვლები დამსხვრეული აქვს.

რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა გადასარჩენი ოპერაციები ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მას მაისში ბანკეტი აქვს და ძალიან უნდა დაესწროს. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დავტოვებთ იაკობს შუა გზაზე. შევძლოთ მისი ცხოვრების ხელახლა დაწყება.

იაკობის დედას, ნათია ჭითანავას ძალიან გაუჭირდა საუბარი, მაგრამ ახლა მისთვის მთავარი მისი შვილის გამოჯანმრთელებაა და ამისთვის იბრძვის.

ნათია ჭითანავა:

- ჩემი შვილი, იაკობ თორდია 2023 წლის 3 ივლისს, ჩვენთვის საბედისწერო დღეს, ავტოკატასტროფაში მოყვა და სახის ძვლების მძიმე მოტეხილობები მიიღო - 50% დამტვრეული ჰქონდა და სამწუხაროდ, ავარიის შედეგად, იაკობმა თვალი დაკარგა. გათიშული, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში, მართლაც უმძიმესად იყო და რომ გადარჩენილიყო, ოპერაციები ქუთაისში ჩაუტარდა. ამის მერე, იაკობი გახდა ასაწყობი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან სახეზე უამრავი დაზიანება ჰქონდა.

კომატოზურ მდგომარეობაში ორი კვირა იყო.

სამწუხაროდ, ამ ავარიის დროს დაშავდა ჩვენი ნათესავი ბიჭიც, რომელიც ასევე რთულ მდგომარეობაშია და ისიც იბრძვის სიცოცხლისთვის.

იაკობი თურქეთში წავიყვანეთ, ამჟამად აქ ვიმყოფებით. უნდა გაკეთდეს სახის ძვლების ჩანაცვლება, ჩანერგვა. ამ დრომდე, მას 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული და კიდევ სჭირდება სამი ოპერაცია.

ჩემი შვილი წელს ამთავრებს სკოლას. იაკობი ძლიერად დგას და უმკლავდება ამ უდიდეს პრობლემებს. საერთოდ ვაჟკაცი ბიჭია, ყველაფერს ართმევს თავს. დაზიანებები მარტო სახეზე აქვს, სამწუხაროდ, მარცხენა თვალი დაკარგა, ბუდიანად ამოუღეს. ყველაფერი ეტაპობრივად გასაკეთებელია, ერთიანად ვერ გაკეთდება იაკობის ოპერაციები, ეს უნდა მოხერხდეს ეტაპობრივად, რომ იაკობს თავისი სახე დაუბრუნდეს.

კეთილი ხალხის დახმარებით მოვდივართ აქამდე, ეს ამბავი ძალიან დიდი დარტყმა იყო ოჯახისთვის ფინანსური კუთხითაც და ისედაც. მე, როგორც დედა, საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი ჩემს შვილს და უძლური ვიყავი, ვერ ვეხმარებოდი, ვერ ავიტანე ეს ყველაფერი. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მოვსულიყავი აზრზე, იმის მერე დავიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ და ასე მოვდივართ აქამდე.

- როგორც ვიცი, იაკობს თავისი კლასის ბანკეტზე მისვლა უნდა, ამისთვის მას ოპერაციაც ჩაუტარდა.

- დიახ, ძალიან უნდა ბანკეტს დაესწროს, ეს დღე მნიშვნელოვანია მისთვის. მე მგონი, მოხერხდება თურქეთიდან ჩვენი ჩამოსვლა. აქ რომ ვართ დღეს, ესეც კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელით. ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვაფინანსა გარკვეული თანხით, მაგრამ ისეთი დიდი თანხებია საჭირო, რომ შეუძლებელი იყო ეს ხალხის გვერდში დგომის გარეშე მოგვეგვარებინა.

ხალხის დახმარებით მოვდივართ აქამდე და ძალიან მერიდება, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვთხოვო გვერდში დგომა.

კეთილო ადამიანებო, ძალიან გთხოვთ, ბოლომდე მიმაყვანინეთ ეს ბრძოლა, რომ შევძლოთ იმ თანხების მოგროვება, რაც იაკობის გამოსაჯანმრთელებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თურქმა ექიმმა რომ გაიგო, იაკობს ასე ძალიან უნდოდა სკოლის დამთავრების ბანკეტზე წასვლა, ოპერაცია ჩაუტარა და თავის ჰონორარზე თქვა უარი.

უღრმესი მადლობა მინდა ამ ექიმს გადავუხადო, მართლა საოცარი ადამიანი და უმაღლესი დონის პროფესიონალია. ეს მისმა ოქროს ხელებმა გააკეთა და მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც, ვინც გვერდით გვიდგას, მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყველას, ვინც უდიდესი წვრილი შეიტანეთ იაკობის ამ უმნიშვნელოვანეს დღეში. განსაკუთრებული მადლობა თქვენ. არ ვიცი, სიტყვებს როგორ მოვუყარო თავი, ეს სიკეთე ღმერთმა ასმაგად გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩემს იაკობს ასეთი მხარდაჭერა გაუწიეთ. უფალო, დიდი ხარ.

კიდევ რამდენიმე ეტაპი დარჩა ჩემს იაკობს გასავლელი და მადლობა ყველას, ამიერიდან ვინც დაგვიდგება გვერდით. უფალმა სიკეთით დაგიბრუნოთ გაღებული თითოეული ლარი. სამწუხაროდ, ამ ოპერაციით არ მოგვარდება ჩვენი პრობლემა, უმძიმესი მდგომარეობის გამო, კიდევ სამი ოპერაცია დასჭირდება ჩემს შვილს. ამისთვის თანხების მოძიება მჭირდება. ისიც ვიცი, უამრავ ადამიანს ეხმარებით, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ შევძლებ როგორმე საბოლოოდ ფეხზე დავაყენო ჩემი შვილი.

იაკობი ფეხზე რომ დადგეს, რეაბილიტაციისთვის, ოპერაციებისთვის 30 000 დოლარამდე გვჭირდება. ეს თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ყველაფერი.

კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, ამ ბრძოლაში ისევ დამიდგეთ გვერდში.

ამ შემზარავმა ავარიამ არამარტო იაკობის, მთელი ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მინდა, თავისი სახე დაუბრუნდეს ჩემს შვილს, ეს არის ჩემი დიდი სურვილი და თხოვნა. ძალიან ძნელია მშობლისთვის, როცა ხედავ, რომ ფინანსები გადამწყვეტია და საშუალება არა გაქვს... იმ დღეს უცებ დამემხო თავზე ყველაფერი.

ანაკლიაში აკვაპარკის გახსნა და კონცერტი იყო, იქ წავიდნენ ბავშვები მანქანით, ექვსნი იყვნენ, საჭესთან ჩემი უფროსი შვილი იჯდა და კიდევ ჩემი ორი შვილი, 6 ბავშვიდან ორი დაშავდა. ისევ ცუდად არის ჩვენი ნათესავი ბიჭიც, კომატოზურ მდგომარეობაშია და ისიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად.

სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, რომ ავხსნა, რა მდგომარეობაში ვართ. ოთხი შვილის დედა ვარ. სამი ბიჭი და ერთი გოგონა მყავს. ამ თავზარდამცემი ამბის შემდეგ საშინელ დეპრესიაში ვიყავი. ამ დროს გავიცანი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი, ნათია ბერაია. მეორე დაშავებული ბავშვის ბებიამ გამაცნო და ნათია ბერაიას ამ უდიდესი გვერდში დგომით მოვედით აქამდე. ფსიქოლოგია და მან გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან, მომამზადა ფსიქოლოგიურად ამ ბრძოლისთვის, რომ შემძლებოდა ფეხზე დგომა და ჩემი შვილისთვის დახმარება.

მაშინ მართლა ჩემს კუთხეს ვერ ვპოულობდი, დედაოებიც მომიყვანეს, მამაოსაც ვესაუბრე, მაგრამ ყველას აგრესიულად ვპასუხობდი, იმიტომ, რომ არ ვიყავი კარგად, არაადეკვატურად ვიქცეოდი, რადგან რა რეალობის წინაშეც ვიდექი, ეს ჩემთვის იყო კოშმარი, თავზარდაცემა, წარმოუდგენელი ამბავი და ვერ აღვიქვი ეს რეალობა. ვერ დავდექი ფეხზე, უძლური ვიყავი, არადა, ძლიერი ქალი მეგონა ჩემი თავი. ანგელოზივით ბავშვები იყვნენ და ასეთ მდგომარეობაში ვუყურებდი. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდნენ. თვითონ ბავშვსაც დასჭირდა ფსიქოლოგი, თამუნა ბერაიამ დამანახა, რომ უნდა მებრძოლა ჩემი შვილის სიცოცხლისთვის, რომ ბრძოლა საჭიროა და უნდა დავდგეთ ფეხზე.

იაკობი კარგად სწავლობდა, მონდომებული ბავშვი იყო, ფეხბურთზე დადიოდა, ცეკვავდა, მაგრამ... ისე აეწყო... იმ დღეს ისე დაალაგა ეშმაკმა ყველაფერი, რომ ამ მძიმე განსაცდელის წინაშე ვართ. დამამშვიდებლებს მაძლევდნენ, წამლებმა უფრო გამაბრუა, საუბარი მიჭირდა, რა უნდა მეთქვა, დამამუნჯა ამ სიტუაციამ, ძალიან ძნელია ამხელა პრობლემის წინაშე, ჯერ შვილის ჯანმრთელობაზე ფიქრი, მერე ამხელა თანხებზე ფიქრი.

საუკეთესო შვილების დედა ვარ, სულ ამას ვცდილობდი, რომ ღვთის მოშიშები გამეზარდა. ეს განსაცდელი იყო გაუსაძლისი, ბურუსში რომ ხარ და ვერ გამოდიხარ, ისეთი. დიდება უფალს. ნათიას სასოწარკვეთილმა მივმართე, ხელი არ გამიშვა-მეთქი, იმის მერე, როგორც დედა საკუთარ შვილს გაუკეთებს, ისე ეხმარება ჩემს შვილს. ერთი წამითაც არ მივუტოვებივარ ამ გოგოს, ისეთი თანადგომა გამიწია, მე არ ვიცი, ასეთი რამ გაგიკეთოს დღევანდელ დღეს ადამიანმა, ეს არის დასაფასებელი, მართლა ღმერთთან ახლოს ხარ, როცა ასე ეხმარები ადამიანს. ახლაც ის აგვარებს იაკობის საკითხებს და მაქსიმალურად მიდგას გვერდში. მადლობა მინდა ვუთხრა თამუნას და ყველას ვინც ჩემი შვილის გადარჩენაში წვლილს შეიტანს.

ძალიან გთხოვთ ყველას, თქვენი გაღებული თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო მისი მდგომარეობა, უფალმა ის მეორედ მაჩუქა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ შეძლოს ჩემმა იაკობმა ცხოვრების თავიდან დაწყება. უფალმა დაგლოცოთ.

GE52BG0000000498534478 საქართველოს ბანკი, ნათია ჭითანავა

GE25TB7260245061100033 თიბისი, მამა - დემნა თორდია