"ციხის კედლებში ბევრი შავბნელი საიდუმლო გახსნილა... ვხედავდი, როგორ იყვნენ ჩაფლულები სიბინძურის ჭაობში რიგითი მოქალაქეებიც და მაღალი რანგის ჩინოსნებიც" - ომის ვეტერანის საინტერესო მოგონებები
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ვაკის პარკში ყოველ წელს იკრიბებიან ადამიანები და პატივს მიაგებენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს. ამ დღეს იქ ყოველთვის მიდის პოლიციის პოლკოვნიკი ვლადიმერ ტაბაღუა. ბატონი ვლადიმერი ახლა 84 წლის არის და მეორე მსოფლიო ომში მას ბიძა დაეღუპა, ხოლო მისი მამა იქიდან პირველი ჯგუფის შშმ პირად დაბრუნდა.
წელს 80 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან და ამ დღეს სულ აღნიშნავენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.1941-1945 წლებში სამამულო ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ და მოგეხსენებათ, 9 მაისი ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული როგორც საქართველოში, ასევე - უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში და ტაჯიკეთში.
ვლადიმერ ტაბაღუას თავადაც საინტერესო ცხოვრების გზა აქვს გავლილი, პენიტენციალურ სისტემაში 40 წელი იმუშავა. 1963 წელს რიგით კონტროლიორად დაიწყო მუშაობა და წლების განმავლობაში სხვადასხვა კოლონიის უფროსი იყო, მათ შორის იმ ციხისაც, სადაც სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ.
დღეს ბატონი ვლადიმერი ადვოკატია და ადამიანთა უფლებების დასაცავად ისევ იბრძვის.
ვლადიმერ ტაბაღუა:
- 9 მაისს თუ კარგად ვარ და შემიძლია გადაადგილება, ყოველ წელს მივდივარ ვაკის პარკში და პატივს მივაგებ ომში დაღუპულებს. იმ დიდ სამამულო ომში 350 000-ზე მეტი ქართველი იყო გაწვეული, იქიდან ნახევარზე მეტი არ დაბრუნებულა, ზოგიერთის საფლავი დღესაც არაა ნაპოვნი და უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. სამამულო ომში დამეღუპა ბიძა, დედის ძმა და დეიდაშვილი. სამამულო ომში იყო მამაჩემი და იქიდან პირველი ჯგუფის შშმ პირად დაბრუნდა. ომში მონაწილეობდა ჩემი უფროსი ძმაც, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი მივაგო ამ ადამიანებს. ეს არის დღე - როგორც სიხარულის, ასევე - ცრემლის, ამ ომში დამარცხდა ფაშიზმი, რომელიც ცდილობდა, გაბატონებულიყო მთელ მსოფლიოში. ამას აღნიშნავენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.
- მამა რას გიამბობდათ?
- მამაჩემი ჰყვებოდა, რომ ბრძოლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდათ, გაწვეულთაგან ბევრს იარაღიც არ აუღია ხელში, ისე დაიღუპნენ. მაგალითად, ბევრი ქართველი ჩაიხოცა ყირიმში. ჰყვებოდა, როგორი მძიმე დღეები გამოიარეს, ტანსაცმელიც არ ჰქონდათ, საჭმლის ნაკლებობა იყო და ამ დროს, ხალხი მუშაობდა იმისათვის, რომ მოეგროვებინათ მათთვის ტანსაცმელი, სურსათ-სანოვაგე და გაეგზავნათ ფრონტზე. ამბობდა, ბევრს სამხედროს ფორმაც არ ეცვა, გარეთ შინელი ეცვაო, საბჭოთა კავშირს მაშინ წესიერად ტანსაცმელიც არ გააჩნდა, რომ ჯარისკაცები შეემოსა. ასეთ მძიმე პირობებში უხდებოდათ ბრძოლა და იბრძოდნენ თავდაუზოგავად, სდევნიდნენ გერმანელებს და სწორედ ამ დროს, გერმანელის ნასროლი ტყვიით დაიჭრა მამა.
ტყვია მკლავში ჰქონდა და უთხრეს, რომ ხელი უნდა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ არ მოაჭრევინა. როგორც აღვნიშნე, იქიდან მეორე ჯგუფის შშმ პირად ჩამოვიდა, მოტეხილი ძვლით და იმ ტყვიით, ცალი ხელი უფუნქციოდ ჰქონდა. მარჯვენა მკლავში, ძვალში ჰქონდა ჭრილობა და ტყვია იქ იყო ჩარჩენილი, ასევე, გულმკერდის არეშიც იყო დაჭრილი, სიკვდილს მართლა სასწაულად გადაურჩა.
მამა 1945 წელს დაბრუნდა სახლში, არც მერე გაიკეთა ოპერაცია და ცალი ხელით შრომობდა. სიცოცხლის ბოლომდე მკლავში ჰქონდა გერმანელის მიერ ნასროლი ტყვია, მთელი ცხოვრება ატარა, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და ასე ჩაიტანა სამარეში ის ტყვია.
ომში დაიღუპა ბიძაჩემი, მას არ დარჩა შვილები, შეყვარებული ჰყავდა, ომში რომ წავიდა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა. ჩემი უფროსი ძმა უვნებელი დაბრუნდა, მერე დაქორწინდა. ჩვენ ვიყავით მრავალშვილიანი ოჯახიდან, ოთხი ძმა და სამი და, ძმამ ცოლი რომ მოიყვანა, ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, სხვა რაიონში, ამიტომ, თუ რამე ვიცი ამ მძიმე დღეებზე, მამაჩემისგან ვიცი.
მამა სენაკის რაიონში, სოფელ ხორში ცხოვრობდა. როგორც ომის მონაწილეს, 9 მაისს სახლში აკითხავდნენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემდნენ ხოლმე, ხან მედალს - გამარჯვებასთან დაკავშირებით, ხან - თანხას. თბილისში რომ გადმოვედი, მას შემდეგ დავიწყე უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პატივის მისაგებად სიარული.
მამა 1974 წელს გარდაიცვალა, სამწუხაროდ, ჩემს დაბადების დღეზე, 20 ივნისს, 27 ივნისს დავკრძალეთ...
მე არაჩვეულებრივი მეუღლე გარდამეცვალა, მიმოზა ჩიქოვანი, ახალგაზრდა იყო, მას მივუძღვენი წიგნი და ამ წიგნშია თავმოყრილი ჩემი ოჯახის ისტორია, ჩემი მეუღლის შერთვის ამბავი. "უფლის ნაჩუქარი მეუღლე" - ასეთი სათაურით დავწერე წიგნი.
- ბატონო ვლადიმერ, თქვენ საკმაოდ საინტერესო ცხოვრება განვლეთ, ამას მეტყველებს ის ჩინ-მედლებიც, რომელიც იმ პიჯაკს ამშვენებს, რომლითაც მიდიხართ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან. ადრეც ბევრი საინტერესო რამ გიამბიათ ჩვენთვის, იქნებ გაიხსენოთ, როგორ აღმოჩნდით პენიტენციურ სისტემაში, სადაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დიდხანს იმუშავეთ.
- მე რომ დავიბადე, მეორე დღეს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და მას მერე, სულ საომარ მდგომარეობაში ვარ. არ ველოდი, რომ მეც მომიწევდა ომში მონაწილეობა, რომ საქართველოში იქნებოდა შიდაარეულობა, ძმათამკვლელი ომი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. ომის ვეტერანი ვარ და ამისთვის მაძლევენ თვეში 100 ლარს.
შს ორგანოებში ვმუშაობდი, აფხაზეთში რომ დაიწყო საომარი მოქმედებები, მაშინ ავჭალაში კოლონიის უფროსი ვიყავი. მოხალისეების სია შევადგინე, პირველი დავწერე ჩემი გვარი და სახელი, 15 კაცი წავედით მოხალისედ ჩვენი კოლონიიდან და ვიბრძოდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მე გამომიწვიეს იქიდან, რადგან კოლონიის უფროსი ვიყავი და აქაც გართულებული იყო ვითარება, არეულობა იყო, მხედრიონელები თავს ესხმოდნენ ციხეებს, პატიმრები მიჰყავდათ და მომიწია უკან წამოსვლამ, მაგრამ რადგან ფრონტის ხაზზე ორ კვირაზე მეტხანს ვიყავი, ომის ვეტერანი ვარ.
- ციხეში სამსახური როგორ დაიწყეთ?
- სოფელში არ ვაპირებდი დარჩენას, სპორტით ვიყავი დაკავებული - მოჭიდავე ვიყავი, სამბოში წარმატებებიც მქონდა. მინდოდა, სპორტული კარიერა და სწავლა გამეგრძელებინა. ჩემი უფროსი ძმა მაშინ თბილისში ცხოვრობდა და იმან აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, - ჩემთან იქნები, მე შეგიწყობ ხელსო. თბილისში რომ ჩამოვედი, პრობლემა შეიქმნა, სად უნდა დავსაქმებულიყავი სანამ ჩავაბარებდი. არსად მიღებდნენ, რადგან თბილისში ჩაწერილი არ ვიყავი. ჩემს ძმას ნაცნობმა ურჩია, ძალიან უჭირს ციხეს კადრები, ახალგაზრდები არ მიდიან სამუშაოდ, იქ თუ დაიწყებს მუშაობას, ისინი ჩაწერის საკითხსაც მოაგვარებენო. ასე მოვხვდი ციხეში, 1964 წლის იანვარში, ბრძანებით დავინიშნე რიგით კონტროლიორად. ჩამწერეს საერთო საცხოვრებელში, ცოტა ხნის შემდეგ გადმოვეწერე ჩემი ძმის სახლში.
მეორე წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, თან ვსწავლობდი საღამოს დასწრებულზე, თან ვმუშაობდი. გავხდი ოფიცერი და სწავლა რომ დავამთავრე, იქიდან არ გამიშვეს, ჩვენი გაზრდილი კადრი ხარ, დაგაწინაურებთო და ასე შევრჩი ციხეს. 40 წელი კალენდარულად ვიმუშავე იქ.
იქიდან წამოსვლის შემდეგ ჩავაბარე ადვოკატურის გამოცდები და 20 წელია, ადვოკატურაში ვარ. ახლაც მაქვს საქმეები, პროცესები, ისევ შევდივარ ციხეში - ახლა, როგორც ადვოკატი. გარდა ამისა, ვარ ერთ-ერთი შპს-ს იურისტი. ჯერ კიდევ ფორმაში ვარ, ცოტა ფიზიკურად მიჭირს გადადგილება, თორემ ტვინი კარგად მუშაობს.
- ციხის წლებს როგორ გაიხსენებთ, რამდენად რთული იყო პატიმრებთან ურთიერთობა?
- დღემდე მახსოვს ის ემოცია, რომელიც დამეუფლა, როცა პირველად იზოლატორში აღმოვჩნდი. იქ საოცარი სისასტიკე სუფევდა. ვხედავდი, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს, როგორ სცემდნენ. არ მინდოდა, ჯალათი ვყოფილიყავი... სამჯერ ვცადე იმ სისტემიდან წამოსვლა, გამომძიებლობა მინდოდა, მაგრამ არ გამომიშვეს. სამმართველოს უფროსმა მითხრა, ჩვენი კადრი ხარო. ასე შევრჩი ციხეს.
მაშინ უმკაცრესი პირობები იყო. პატიმრებს ერთმანეთთან დალაპარაკების უფლებაც არ ჰქონდათ. თუ დააშავებდა რამეს, სცემდნენ. ვაღიარებ, თავიდან წესრიგის დარღვევისთვის პატიმარი მეც მიცემია. იყო შემთხვევები, როცა 5-10 ადამიანი ერთ პატიმარს სცემდა... იქ ჯუნგლის კანონი მოქმედებდა. ქურდები, მათი მიმდევრები, საშუალო ფენა, პატიოსანი, განაწყენებული და დაჩაგრული ხალხი - ვის აღარ ნახავდით, სრული ორომტრიალი იყო.
წლებმა და დაგროვილმა გამოცდილებამ სწორი გზა მაჩვენა.
პატიმრებთან ნორმალური ურთიერთობა დავამყარე. სხვაგვარად კოლონიის უფროსს ციხეში არაფერი გამოგივიდოდა, ვერ დაიმორჩილებდი...
საშინელება იყო მეხუთე საპყრობილე. 20 კაცის ადგილას საკანში 80 პატიმარი იჯდა; სუნთქვის საშუალებაც არ ჰქონდათ, მონაცვლეობით ეძინათ... ჩემ თვალწინ ბევრი საშინელება დატრიალებულა. ვინ მოთვლის, ციხის კედლებში რამდენი შავბნელი საიდუმლო გახსნილა... იქიდან თვალნათლივ ვხედავდი, როგორ იყვნენ ჩაფლული სიბინძურის ჭაობში რიგითი მოქალაქეებიც და მაღალი რანგის ჩინოსნებიც.
მუშაობის დაწყების პირველი დღიდან უბის წიგნაკში ჩანაწერებს ვაკეთებდი. ეს ჩემი ეკლიანი ცხოვრების ანარეკლია, აღწერილია თითქმის ყველაფერი, რასაც იმ უსამართლობის წყვდიადში განვიცდიდი. 1966 წელს გამიკეთებია ასეთი ჩანაწერი:
"პატიმარს რომ შიოდეს, საჭმელს ვერ მიაწვდი; შენ თვალწინ რომ კვდებოდეს, ვერ შეეშველები, ამის უფლება არ გაქვს. ის ზიზღით შემოგყურებს და შენც ასეთივე ზიზღის თვალით უყურებ. რაღაც საშინელი ურთიერთობა სუფევს, ამის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია..."
პატიმრებთან ურთიერთობა მე გამიადვილდა, რადგან, ჯარშიც როცა წავედი, იქაც მომიწია კოლონიების დაცვაზე მუშაობამ, პატიმრებთან მქონდა კავშირი, სამუშაოდ გამყავდა, ტყის ჭრაზე მიჰყავდათ, სტალინგრადის ოლქში ვიმსახურე ჯარში და იქიდან გამანაწილეს სვერდლოვსკის ოლქში, კოლონიის დაცვაში ვიყავი, ყარაულის უფროსი. ამიტომ, როცა საქართველოში დავიწყე მუშაობა, პატიმრებთან ურთიერთობა არ გამჭირვებია.
მაშინ ყველაფერი ბრძანებით იმართებოდა, შინაგან საქმეთა და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით და ქაღალდზე რაც ეწერა, ეს არ სრულდებოდა, იყო ცემა, წამება. სამწუხაროდ, მეც მიხდებოდა მონაწილეობა, მაგრამ სტუდენტი რომ გავხდი, ხელი ავიღე ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობაზე და იქიდან დაიწყო ჩემი და ადმინისტრაციის და ზემდგომი ორგანოების წინააღმდეგობრივი ურთიერთობა. სამჯერ მაინც გამათავისუფლეს სამსახურიდან დაუმსახურებლად და მაინც აღვიდგინე თავი - წელიწადი და ცხრა თვის შემდეგ იმავე თანამდებობაზე, კოლონიის უფროსად დავბრუნდი.
როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი, ველოდი, რომ ძირფესვიანად შეიცვლებოდა ყველაფერი, მაგრამ ისევ იმ ძველი კანონით მიმდინარეობდა მუშაობა, მერე დაიწერა კანონი, რომელიც ევროპულ სტანდარტს, გაეროს მოთხოვნებს ეხმიანება, მაგრამ პრაქტიკულად, მისი შესრულების არც მატერიალური ტექნიკური ბაზა არსებობს და არც კადრები. სამწუხაროდ, ისიც ქაღალდზე დარჩა და მაინც არის ციხეებში სავალალო მდგომარეობა. მენტალიტეტი არ შეცვლილა, პატიმრების წამებას და ცემას ახლაც აქვს ადგილი, მე ახლაც მიხდება შესვლა ციხეებში და პატიმრები საშინელ ამბებს მიყვებიან, უბრალოდ, ეშინიათ, რომ არ გავასაჯაროო. ქურდული სამყარო და ქურდული ტრადიციები კვლავაც დაბრუნებულია, ადრე ხდებოდა ე.წ. ობშიაკის მოგროვება და ახლაც იგივეა, ოღონდ სხვა ფორმით. თუ ადრე ეს ადგილზე, კოლონიაში ხდებოდა, ახლა თავისუფლებაში ხდება, გარეთ აგროვებენ ამ ფულს. გარდა ამისა, იცით, რომ პატიმრებს აქვთ ბარათები და იქ ერიცხებათ თანხები. პატიმრების ოჯახის წევრები გარედან ე.წ. მაყურებლების ანგარიშებზე რიცხავენ ფულებს. ან თუ ჩაურიცხავს თავის პატიმარს, ის რა პროდუქტებსაც ყიდულობს, იმას აძლევს ე.წ. მაყურებელს. სააკაშვილის დროს, კანონიერი ქურდები გაყარეს ქვეყნიდან, რეპრესიები გატარდა მათზე, ვინც იყო კოლონიებში.
ბევრი რამეა შესაცვლელი, მაგრამ ჩემი ნათქვამი არავის სჭირდება, მით უმეტეს, ახლა, როცა იქიდან წამოსული ვარ. რამდენი განცხადება მქონდა მიწერილი ჯერ კიდევ მაშინ, როცა იქ ვიყავი, თუნდაც მაშინ, ეს მთავრობა რომ მოვიდა, წულუკიანი გინდა, სუბარი, პრემიერი გინდა, ბიძინა ივანიშვილის სახელზეც, ყველას ვწერდი პრობლემებზე და გამოსწორების გზებზე, მაგრამ...
თუ მეყო ძალა, მინდა, ერთი წიგნი გამოვუშვა, სადაც ეს ყველაფერი ასახული იქნება... პოლიციის პოლკოვნიკი ვარ, მაქვს ვეტერანის მედალი და ასევე, უმწიკვლო სამსახურისათვის სამი მედალი გადმომეცა. ძალიან რომ დავუპირისპირდი სისტემას, მაშინ დამითხოვეს სამსახურიდან, სამჯერ აღვიდგინე თავი, შიშის გამო, ყველა ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, მაგრამ მე ვბედავდი, დღეს სხვა რეალობაა. ვხედავ, დღეს რამდენს ყვირიან ადამიანები, ახალგაზრდები, მაგრამ მათ არ უსმენენ.
- როგორც ვიცი, თქვენ მერაბ კოსტავასთან მოგიწიათ ურთიერთობა, როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?
- მერაბ კოსტავა მე გავიცანი უშუალოდ მაშინ, როდესაც რუსეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. მიხეილ გორბაჩოვის დროს, 1986 წლის დეკემბერში დააბრუნეს. პირადად სულ ორჯერ მყავდა ნანახი, ერთხელ ციხეში და მეორედ - თავისუფლებაში. მაგრამ მისი პირადი საქმე და მასთან შეხვედრა ადასტურებდა, როგორი ვაჟკაცური სულის, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ეროვნული გმირი გვყავდა ქართველებს. სამწუხაროდ, მერაბ კოსტავა რუსეთში ყოფნის დროს სულ კარცერში და საპატიმროში ჰყავდათ გამოკეტილი და ჯამში, 13 თვეზე მეტხანს იშიმშილა. სამწუხაროდ, კარცერში უჰაერობასა და სინესტეში იმყოფებოდა და ტუბერკულოზით დაავადდა...
მერაბ კოსტავა რომ გადმოიყვანეს, მაშინ ციხეში პირველად შევხვდი ჩვენს ეროვნულ გმირს. განკარგულება მივიღეთ, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გასამართლებულებს შეწყალებაზე განცხადება უნდა დაეწერათ, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე და შეიწყალებდნენ. როგორც სპეცნაწილის უფროსი, ვალდებული ვიყავი, მათთვის ეს ინფორმაცია მიმეწოდებინა. მორიგეს ვთხოვე, პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდადებულები კაბინეტში ამოეყვანა. ოთახში 4 პატიმარი შემოიყვანეს, მათ შორის - მერაბ კოსტავა, გაჭაღარავებული, წვერმოშვებული, გამხდარი, დაუძლურებული, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არც კი იყო. ოთახში აქეთ-იქით დადიოდა და ნერვიულობდა. აშკარად ეტყობოდა, გაბრაზებული იყო, საკნიდან ამოყვანის გამო და მიზეზი აინტერესებდა. ავუხსენი, რომ განცხადება უნდა დაეწერა დარჩენილი სასჯელის პატიებაზე, ეს რომ გაიგო, ძალიან ანერვიულდა და პირდაპირ მითხრა: "რა პატიების განცხადება უნდა დავწერო? უდანაშაულო ადამიანი ვარ, არავითარი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი ჩემი ხალხის, ერის და ქვეყნის წინაშე. ვის უნდა ვთხოვო პატიება და რატომ?!" კატეგორიულად მოითხოვა ისევ საკანში დაბრუნება. მას სხვებმაც მიჰბაძეს და შეწყალებაზე მათაც უარი თქვეს. შეხვედრის შემდეგ ოქმი შევადგინე და შესაბამის ორგანოს გადავეცი.
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, დისიდენტები შეიწყალეს. მერაბ კოსტავას გათავისუფლების ბრძანებაში ჩაწერეს, მერაბ კოსტავამ შეიგნო თავისი დანაშაული, მოინანია და დაამტკიცა ეს თავისი კეთილსინდისიერი შრომით და ყოფაქცევით, ამიტომ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდანო, არადა, მისი პირადი საქმე რომ გენახათ, სავსე იყო შეთითხნილი ბრალდებებით, იქ სულ დარღვევებზე იყო საუბარი. ხელისუფლებას, როგორც სჭირდებოდა, ისე იქცეოდა...
ძალიან საყურადღებო იყო 1985 წლის იანვრით დათარიღებული მერაბ კოსტავას დახასიათება. მაშინაც მას კამერული ტიპის საკანში გადასაყვანად ამზადებდნენ. მეცხრე კოლონიის რაზმეულის უფროსი წერდა: "გულჩათხრობილი და ამაყია, სისტემატურად ხაზს უსვამს გარშემო მყოფებთან შედარებით თავის უპირატესობას. ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და თვლის, რომ მას ყველაფერი მოუწყეს, განსხვავებული შეხედულებისა და რწმენის გამო. ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაული პროვოცირებულია. მის ხასიათში ნათლად გამოხატულია ნაციონალიზმის ნიშნები. კითხულობს მხოლოდ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, რომლითაც ნათესავები ამარაგებენ. მეგობრობს მხოლოდ ქართველებთან, კითხულობს ქართულ ლიტერატურას და, ძირითადად, საუბრობს ქართულად..."
ციხიდან რომ გავიდა, მას შემდეგ აქციებზე იდგა ჩვენი ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდიასთან ერთად. ერთ-ერთ ასეთ აქციაზე მინდოდა სიტყვით გამოსვლა. მომზადებული მქონდა სიტყვა და მივედი. ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ჩემი მოგვარე, პროფესორი ილია ტაბაღუა იდგნენ ერთად, თან ფორმა მეცვა, მივაღწიე მათთან და ვუთხარი, სიტყვით მინდა გამოსვლა-მეთქი, ზვიადმა მითხრა, მომეცი, რა გაქვს დაწერილიო, მივეცი, უცებ გადაიკითხა, მერე ილია ტაბაღუას შეეკითხა, ვინ არის ეს ბიჭი შენიო, იმან რაღაც უთხრა, ამის მერე ზვიად გამსახურდია მომიბრუნდა და მეუბნება, შენ თანამშრომელი ხარ და რამე რომ არ დაგიშავდეს, ამ სიტყვას სხვას წავაკითხებო. იქ იდგა ბიჭი, რომელსაც მედოლეს ეძახდნენ, იმას წააკითხინა, ასე გამიფრთხილდა მე, რადგან ფორმით ვიყავი...
როდესაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, 9 აპრილის შემდეგ მე წამოსული ვიყავი ე.წ. გუბერსკის ციხიდან და ქსნის ტუბზონაში ვმუშაობდი უფროსად. უბრალოდ მოვინახულე ის იმ ციხეში, მაშინ მან ითხოვა დომინო, ციხის უფროსის მოადგილეს ვუთხარი და გადასცეს.
მაშინ ვთქვი მასთან, ეს მომავალი პრეზიდენტია-მეთქი და მალე მართლა გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. მერე მეუბნებოდნენ, როგორ გამართლდა შენი ნათქვამიო.
საოცარი ადამიანები იყვნენ, გაუტეხელი, მებრძოლი სულის, მართლაც ეროვნული გმირები. მადლობა მათ თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის.
(სპეციალურად საიტისთვის)