პუტინის აღლუმს ბინოკლიანი მეეზოვებიც იცავდნენ მოსკოვის სახლების სახურავებიდან - უკრაინული დრონების შეტევების აღმოსაჩენად...
რუსეთში პომპეზურად აღინიშნა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავი, მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის ტრადიციული ჩატარებით.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ აღლუმში 16-ათასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, რუსეთის არმიის გარდა, კიდევ 13 ქვეყნის სამხედრო დანაყოფებმა და 183-მა სამხედრო ტექნიკამ, ის მაინც შემოკლებული სცენარით ჩატარდა - წითელ მოედანს მხოლოდ 15-მა სამხედრო თვითმფრინავმა გადაუფრინა, მათ შორის ექვსმა, თავის დროს, თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილმა „სუ-25“-იდ ტიპის მოიერიშემ, რომლებმაც ცაში რუსეთის ფედერაციის სამფეროვანი დროშა გამოსახეს.
ის, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიამაყემ - „თეთრმა გედმა“ - „ტუ-160“-ის ტიპის სტრატეგიულმა რაკეტმზიდ-ბომბდამშენებმა და კიდევ სხვა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა (და არც ერთმა შვეულმფრენმა) მონაწილეობა არ მიიღეს წლევანდელ აღლუმში, შემთხვევითი სულაც არ იყო, რადგან რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სერიოზულად შიშობდა, რომ მოსკოვში, წითელი მოედნის თავზე „დაუპატიჟებლად“ არ გამოჩენილიყვნენ... უკრაინული კამიკაძე-დრონები...
სწორედ ის დრონები, რომლებმაც ბოლო სამი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოშალეს საჰაერო ფრენები რუსეთის ევროპული ნაწილის თავზე, რასაც მოჰყვა მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ყველა აეროპორტის მუშაობის დიდი ხნით შეჩერება.
თუმცა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიიდან გამოფრენილ კამიკაძე-დრონებზე მეტად პუტინის გენერლები სწორედ მოსკოვის ტერიტორიიდან, უკრაინელი დივერსანტების მიერ გაშვებულ მცირეგაბარიტიან დრონებს უფრო უფრთხოდნენ, რის თავიდან ასაცილებლად ძალზე არაორდინარულ და ცოტა კურიოზულ მეთოდს მიმართეს...
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოახდინა მოსკოვის თითქმის ყველა მეეზოვის მობილიზაცია, მათ ბინოკლები დაურიგა და შენობების სახურავებზე გაამწესა... ბინოკლის გამოყენებით ცაში რაიმე საფრენი აპარატის შემჩნევის შემთხვევაში, მათ განგაში უნდა აეტეხათ!
მეეზოვეების გამოყენება, რომელთა უმეტესობა მიგრანტია შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან, „საჰაერო თავდაცვის მებრძოლებად“, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ამას თავისი ისტორიული პრეცედენტი გააჩნია.
1941-42 წლების პერიოდში, როდესაც გერმანიის „ლიუფთვაფე“ მოსკოვზე მასობრივი საჰაერო დაბომბვების განხორციელებას ცდილობდა, სტალინის ბრძანებით, მაშინდელი მოსკოველი მეეზოვეებიც მორიგეობდნენ სახლების სახურავებზე.
მათ სახურავებზე ქვიშით სავსე ყუთები ჰქონდათ ატანილი, რომელშიც აგდებდნენ გერმანული ბომბდამშენების მიერ ჩამოყრილ მომცრო ცეცხლგამჩენ საავიაციო ბომბებს, რომ ცეცხლი მთელ შენობას არ გასჩენოდა.
როგორც ჩანს, პუტინმაც მიჰბაძა სტალინს და რუსეთის დედაქალაქის საჰაერო თავდაცვაში უკვე მეეზოვეებიც ჩართო, რითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ომი აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე და კერძოდ, მის დედაქალაქ მოსკოვშიც კი დაბრუნდა.
უშუალოდ 9 მაისს, მოსკოვზე კამიკაძე-დრონებით მასობრივი შეტევებისგან უკრაინის ხელისუფლებამ თავი შეიკავა, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ ამ სამხედრო აღლუმზე პუტინის გვერდით მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი იმყოფებოდა და უკრაინულ საჰაერო შეტევას რუსული პროპაგანდა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა, რაც უკრაინის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებდა.
თუმცა ჩაივლის საზეიმო დღეები და უკრაინული კამიკაძე-დრონების „სტუმრობები“ მოსკოვში ეტყობა, უფრო გახშირდება და გინდაც ვერ მიაღწიონ კრემლამდე, მარტო მათი გამოჩენა რუსეთის დედაქალაქის სიახლოვეს სრულ პარალიზებას გაუკეთებს ძირითად რუსულ საერთაშორისო აეროპორტებს და კოლაფსს მოახდენს რუსეთის აერონავიგაციაში...