“მადლიერი ვარ, რომ ჩემი შრომა ამ ფორმით დაფასდა“ - გაიცანით „საქართველოს ბანკის“ კიდევ ერთი სტიპენდიატი ვერიკო შელია
ვერიკო შელია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტია. პროფესიაზე ფიქრი ადრეულ ასაკში დაიწყო, დაისახა მიზნები, რომელთა მისაღწევად არასდროს ჩერდება.
ცოტა ხნის წინ ის საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი გახდა, რაც ვერიკოსთვის დამატებითი მოტივაცია იყო, განათლებაში დიდი შრომის ჩადება გაეგრძელებინა. როგორც თავად განგვიმარტა, სტიპენდიამ საშუალება მისცა, უფრო დამოუკიდებელი გამხდარიყო, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვერიკო ბავშვობიდან აქტიური და დატვირთული იყო. საკუთარი თავი გამოცადა ხელოვნებაში (ცეკვა), სამართალსა და ეკონომიკაში, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პროექტში, საბოლოოდ კი აღმოაჩინა, რომ მის უნარებსა და ხასიათს ყველაზე მეტად ტექნიკური საგნები, კონკრეტულად მათემატიკა შეესაბამებოდა და საკუთარი მომავალი პროფესიაც უფრო ბიზნესში დაინახა.
„2022 წელს ჩემს სასურველ უნივერსიტეტში ჩავაბარე 100%-იანი დაფინანსებით. ეს კი ჩემი მიზნების მიღწევის და განვითარების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიას, ვერიკო გვიამბობს, რომ მისი მიღება ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა არასდროს უშინდებოდა სიახლეებს და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა, პროგრამაში მიეღო მონაწილეობა:
„ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი და არასდროს ვთქვა უარი იმ შანსებზე, რომლებსაც ცხოვრება მაძლევს. როცა უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მოვიდა „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის შესახებ, რა თქმა უნდა, ესეც ჩემს შესაძლებლობად მივიჩნიე, შევავსე განაცხადი და დავწერე სამოტივაციო წერილი. სტიპენდიის ფარგლებში წარმატებულ სტუდენტებს „საქართველოს ბანკი“ შესაძლებლობას აძლევს, სახელმწიფო დაფინანსების გარდა სწავლის გადასახადი ბანკის სტიპენდიითაც დაიფინანსონ.
შემდეგი ეტაპი გასაუბრება იყო, რომელმაც იმდენად სასიამოვნოდ ჩაიარა, გული უკვე ძალიან კარგს მიგრძნობდა. წინასწარ არ მიფიქრია, რა შეიძლება მეთქვა გასაუბრებაზე. როგორც კი აუდიტორიაში შევედი, მივხვდი, რომ ჩემი პიროვნულობა და მოტივაცია უნდა წარმომეჩინა, თვალწინ ჩამირბინა იმ ყველაფერმა, რაც იმ დრომდე ცხოვრებაში მიკეთებია. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი გასაუბრება იყო. რამდენიმე დღეში კი მომწერეს, რომ დიდი კონკურენცია დავძლიე და ჩემი პიროვნული და აკადემიური მახასიათებლებიდან გამომდინარე „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი გავხდი. კიდევ ერთი გამოწვევა წარმატებით გადავლახე, ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სტიპენდიის მიღება ნიშანი იყო იმისა, რომ სწორი გზით მივდივარ. მადლიერი ვარ, რომ ჩემი შრომა ამ ფორმით დაფასდა“, - გვიამბობს ვერიკო.
სტიპენდიის მიღებამ კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ შრომა ფასდება და კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს დასახული მიზნების მისაღწევად:
„სტიპენდია დამატებითი მოტივაცია იყო ჩემთვის, რომ განვითარების გზაზე არ გავჩერებულიყავი და გამეგრძელებინა სწავლაში დიდი ძალისხმევის ჩადება. საქართველოს ბანკის სტიპენდიამ კიდევ უფრო დამოუკიდებელი გამხადა, თავდაჯერებულობა შემმატა და მაჩვენა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. საქართველოდ ბანკი ამ პროგრამით თითოეული სტუდენტისთვის ქმნის განათლების მიღების შესაძლებლობას“, - აღნიშნა მან.
ვერიკო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა ახალგაზრდების განვითარებისა და მათი ხელშეწყობისთვის:
„მსგავსი წახალისებით კი სტუდენტები უფრო დიდი ენთუზიაზმით აგრძელებენ განვითარებას, იბრძვიან ბოლომდე და განვითარების გზაზე არ ჩერდებიან. რა თქმა უნდა, შრომის დაფასება ნებისმიერი სახით უფრო დიდ მოტივაციას და ინტერესს უყრის საფუძველს.
სტიპენდიის მიღების შემდეგ არც მე გავჩერებულვარ, ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ განვვითარდე პიროვნულად და კარიერულად. „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის შემდეგ კი DAAD-ის სტიპენდია მოვიპოვე და გერმანიის უძველეს უნივერსიტეტში- ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით საზაფხულო კურსზე. იქიდან დაბრუნებულმა კი გადავწყვიტე, რომ პირველი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო ბიზნესის მიმართულებით და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო-საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაში მივიღე მონაწილეობა“, - გვიამბო მან.
სამომავლოდ გეგმავს, რომ საკუთარი უნარები კიდევ უფრო მეტად დახვეწოს, რისი ნაწილიც არის სწავლის გაგრძელება ქვეყნის ფარგლებს გარეთ:
„წინ დიდი გეგმებია. გეგმებისკენ მიმავალ გზაზე კი მთავარი იარაღი სიმტკიცე და შრომისმოყვარეობაა“, - აღნიშნა ვერიკომ.
ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით. მეტი ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომია ვებგვერზე
(R)