ლუდის ფესტივალი და გართობა ვარდების მოედანზე - კვირის პალიტრა

ლუდის ფესტივალი და გართობა ვარდების მოედანზე

ანუ ლუდში ბანაობა უკვე მოვახერხე!

ქართველებმა გართობისა და მოლხენის ფასი რომ კარგად ვიცით, ამაში ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. შაბათ-კვირას ორდღიან ლუდის ფესტივალზე არაერთმა ლუდისა და გართობის მოყვარულმა მოიყარა თავი. რაც მთავარია, ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. მართალია, ფესტივალის პირველ დღეს პატარა დებოში ატყდა, მაგრამ ყველაფერი მალევე მიწყნარდა და ხალხსაც გართობის შესაძლებლობა მიეცა.

როგორც ჩანს, ფესტივალისთვის ლუდის კომპანიები საგანგებოდ ემზადებოდნენ და ეს ვარდების მოედანსაც ეტყობოდა. ხელოვნური მწვანე მოლი, სპეციალური ფარდულები და თივის ბარდანები ადამიანს სმის გუნებაზე აყენებდა. მით უმეტეს, რომ კათხა ლუდი 1 ლარი ღირდა. როგორც ჩანს, საზოგადოების შესაძლებლობები გაითვალისწინეს და ფასიც შესაბამისი დააწესეს.

ნინუცა, 23 წლის:

- ლუდის ფესტივალზე შარშანაც ვიყავი, მაგრამ წლევანდელი გაცილებით უკეთესია. ეტყობა, ორგანიზატორებმა ძალიან მოინდომეს და გამოუვიდათ კიდეც. სიმართლე გითხრათ, შარშანდელი მაგალითის გამო წელს მოსვლა არ მინდოდა, მაგრამ მეგობრებმა სახლში არ გამაჩერეს.

- შარშანდელ ფესტივალზე აშკარად გულაცრუებული ხარ.…

- მართალია, შარშან ვერ გავერთე. თან საფესტივალო ტერიტორიის შემოგარენში ტუალეტები არ იყო და მიწისქვეშა გადასასვლელში ისეთი ამბავი ტრიალებდა, ვერ გაივლიდით (იცინის). წელს მუსიკაც უკეთესი იყო და კარგადაც გავერთეთ.

ფესტივალს პანტომიმის მსახიობები აფორმებდნენ, შუა ქუჩაში მოცეკვავე პოლიციელისა და ჩარლი ჩაპლინის დანახვა მართლაც სახალისო იყო. მით უმეტეს, მათ გარდა აქეთ-იქით ჯამბაზი გოგო-ბიჭები დარბოდნენ და შეზარხოშებულ ლუდის მოყვარულებთან ერთად "მატარებლობანასაც" თამაშობდნენ.

ლაშა, 33 წლის:

- თქვენ ჟურნალისტი ხართ?

- დიახ…

- ჰოდა, დაწერეთ, რომ წლევანდელი ლუდის ფესტივალით ძალიან უკმაყოფილო ვარ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თვითმომსახურებაა. ლუდი მაგიდებთან ლამაზ, მკერდსავსე გოგონას უნდა მოჰქონდეს. აი, მაგალითად, გერმანიაში "ოქტობერფესტზე" ულამაზესი ქალები გემსახურებიან. ლუდი სულ რომ გეზიზღებოდეს, მათი ეშხით მაინც დალევ.

- "ოქტობერფესტზე" ლუდი 1 ლარი არ ღირს…

- (ჩაფიქრდა) ჰო, ეგ მართალია. გერმანიის ლუდის ფესტივალზე ლუდი მართლაც ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ, გოგონები ჰყავთ.…

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რესპონდენტი მომსახურე გოგონების არარსებობაზე წუწუნებდა, სასმელს სწორედაც რომ ლამაზ-ლამაზი გოგონები ყიდდნენ, თუმცა ისიც მართალია, რომ ლუდს არავინ მოგართმევდათ. მაგიდასთან ადგილის დასაკავებლადაც დიდი ვაჟკაცობა იყო საჭირო. სიმართლე რომ ვთქვათ, ხალხს სასმლის ყიდვისასაც რიგში დგომა უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ლუდს თითქმის ყველა კუთხეში ყიდდნენ.

ენდი, 25 წლის:

- მსგავს ფესტივალზე არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და სიმართლე გითხრათ, ასე იაფად ლუდი არსად მიყიდია. როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა საზოგადოების ინტერესები გაითვალისწინეს. თავად ფესტივალს რაც შეეხება, კარგი მუსიკაა. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანების საუბარი არ მესმის, ვხვდები, რომ თავადაც ხალისობენ და საზოგადოებასაც ახალისებენ. ეს ჯამბაზებიც ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ეს თივა ვერ ვხვდები, რა საჭიროა. თავი თავლაში მგონია (იცინის).

- ლუდზე რას მეტყვი, გემრიელია?

- კი, არა უშავს. ფასს თუ გავითვალისწინებთ, მართლაც კარგი ლუდია. ვხედავ, ქართველებს გართობის ნიჭი გაქვთ. გარშემო ყველა მხიარულობს. ერთი-ორი მოღუშული ადამიანიც შევამჩნიე, ალბათ, მათ ჯერ არ დაულევიათ (იცინის).

ის რა ლუდის ფესტივალია, თუ სმაში კონკურსი არ ჩატარდა? ჯერ ქართველი ბლოგერები შეაჯიბრეს ერთმანეთს, მერე ლუდის ყველაზე სწრაფად მსმელი გამოავლინეს და ბოლოს რამდენიმე გოგონაც ავიდა სცენაზე. მათ შორის ყველაზე სწრაფი (რომელმაც საწრუპით ლუდი ყველაზე პირველმა დალია) ფესტივალის აქსესუარებით დაჯილდოვდა.

საღამოს მუსიკალურად "მგზავრები", "ბადეროლი", "ზარები", "ზურგი", "ნალი", დავით ილურიძის ბენდი და სალომე კორკოტაშვილი აფორმებდნენ. წამყვანად გიორგი ყიფშიძე მოგვევლინა. საღამოს განმავლობაში მუსიკის ფონზე მოცეკვავე, წელს ზემოთ გახდილ და ერთმანეთის მხრებზე შესკუპებულ ახალგაზრდებსაც ხშირად შეხვდებოდით და სიფრთხილის მიუხედავად, ვინმე გაუფრთხილებელი 1 კათხა ლუდს მაინც გადმოგაქცევდათ თავზე. თქვენი არ ვიცი და, მე საამაყოდ მაქვს. ლუდში ბანაობა უკვე მოვახერხე.

ნიკუშა, 28 წლის:

- სიმართლე რომ ვთქვათ, ვისაც გართობა სურს, მისთვის მაინცდამაინც ლუდის ფესტივალი სულაც არ არის საჭირო. დღეს აქ იმდენი ხალისიანი და ბედნიერი ადამიანი ვნახე, დიდხანს არ დამავიწყდება.

- ლუდი ბევრი დალიე?

- 13 კათხა! ვერც კი წარმოვიდგენდი, ამდენი თუ შემეძლო (ხარხარებს). ბოლო დროს მგონი ქართველებმა აურზაურის გარეშე გართობა ვისწავლეთ და ეს ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, ისევე როგორც ახალი წელი და სხვა უამრავი დღესასწაული, ლუდის ფესტივალიც წელიწადში ორჯერ გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ჩემს იდეას ბევრი მოიწონებს!

ელენე ბასილიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო