„ბატია“ ლონდონში, პარასკევი თამაშგარე მდგომარეობაში - კვირის პალიტრა

„ბატია“ ლონდონში, პარასკევი თამაშგარე მდგომარეობაში

ლონდონის ოლიმპიადა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. გუშინ ქალმა ფეხბურთელებმა  ეს შეჯიბრება ოფიციალურად დაიწყეს. ლონდონის თამაშებმა ათვლა კარდიფის „მილენიუმის“ სტადიონიდან დაიწყო, სადაც ერთმანეთის პირისპირ დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის გუნდები წარსდგნენ.

„მილენიუმი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად მოსაგონარი ადგილია. ალბათ გახსოვთ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდისა და უელსის ნაკრების მატჩი. იმ შეხვედრაში გიორგი ქინქლაძის ლამაზი გოლის წყალობით მოგებას ქართველმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს.

„ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში მსოფლიოს საუკეთესო ქალი მობურთალები ოლიმპიური ტურნირის აღმართს კი შეუდგნენ, მაგრამ გუშინდელი დღის უმთავრესი „გმირი“ ერთი ოდიოზური პიროვნება აღმოჩნდა.

დღის პირველ ნახევარში გავრცელდა ცნობა, რომ ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს აკრედიტაციაზე სასტიკი უარი განუცხადა. „ბატია“ შეთავსებით თავისი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის თავკაცია.  რასაკვირველია ამ გადაწყვეტილებამ ბელორუსში დიდი ვნებათა-ღელვა გამოიწვია.

თავდაპირველად ოფიციალურმა მისკმა ეს ფაქტი სასტიკად დაგმო. შემდეგ თავად „ბატკომ“ მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის „მამები“ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. კულუარული ცნობით, ლუკაშენკო ოლიმპიური თამაშების ბოიკოტით დაიმუქრა. მას მხარი წამყვანმა ბელორუსმა სპორტსმენებმაც დაუჭირეს.

ბოლო მონაცემებით, გვიან ღამით ლუკაშენკომ სასურველი აკრედიტაცია მაინც მიიღო და მას ლონდონში აუცილებლად ვიხილავთ.

გუშინდელი დღის კიდევ ერთი „გამორჩეული“, ბერძენი მძლეოსანი დიაცი პარასკევი პაპაქრისტუ აღმოჩნდა. ეს ქალბატონი ვიქტორ სანეევის ახალგაზრდა კოლეგაა და სამხტომში ასპარეზობს.

ორი დღის წინ პარასკევიმ საბერძნეთში მომრავლებული ემიგრანტების წინააღმდეგ გაილაშქრა და განსაკუთრებით, შორეული აფრიკიდან ჩამოსულებს შეუტია. მუქკანიანი რასის სიძულვილი მას ოლიმპიური თამაშების გამოტოვების ფასად დაუჯდა. რასისტული იდეების გავრცელებისთვის პარასკევი პაპაქრისტუ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს მშობლიური ათენიდან მიადევნებს თვალს.

ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ალბათ გახსოვთ მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშები. იმ ასპარეზობის დაწყების წინ ყოფილი სსრკ-ის დედაქალაქში მცხოვრები ბომჟები იძულებითი წესით ქალაქიდან გაასახლეს. ასევე მოქცეულან ლონდონელი სამართალდამცველებიც. მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარე გააჩნია.

დიდ ბრიტანეთში მომქმედმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აღმოსავლეთ ევროპიდან რამდენიმე ასეული უსახლკარო სასწრაფო წესით ლონდონში ჩაიყვანა. ადრე ამ ქალაქის თითოეულ უბანში 3-5 ადგილობრივი ბომჟი „მოღვაწეობდა“. ისინი პოლიციამ სასწრაფოდ გააქრო, სამაგიეროდ მათი ადგილი 5-6-მა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოყვანილმა უსახლკარომ დაიკავა.

გამოცემის მტკიცებით, ლონდონელებმა ამ ფაქტის გამო პროტესტი გამოთქვეს, „უცხოელების“ დაპატიმრება და ჩვეულ ადგილებში ადგილობრივი ბომჟების დაბრუნება მოითხოვეს.

როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წერილებში შეგატყობინებთ.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, ამ ასპარეზობაზე დასასწრები ბილეთები თითქმის ბოლომდე გაყიდულია. გაგიკვირდებათ და ყველაზე დიდი მოთხოვნა წყალში მხტომელთა შეჯიბრს ჰქონდა. სპორტის ამ სახეობაში 18 წლის ბრიტანელი ტომ დეილი ასპარეზობს. ადგილობრივები მას ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების უპირობო კანდიდატად მიიჩნევენ.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი ერთი სასიამოვნო ფაქტის შესახებ მინდა რომ გაცნობოთ.

უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის ოქროსმედალოსნები ჯილდოს სახით ბინასა და 100 ათას დოლარს მიიღებენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ 200 ათასი დოლარით დასაჩუქრდება. ამ ციფრით ჩვენმა ქვეყანამ უკრაინას მნიშვნელოვნად გაუსწრო და მსოფლიო ჩათვლაშიც პირველი პოზიცია დაიკავა. ქართველების შემდეგ, 510 ათასი დოლარით მეორე ადგილზე აზერბაიჯანი განთავსდა.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)