"გალაკტიონმა თავისი ლექსი - "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო" მამაჩემისა და ქეთევან ირემაძის თვალწინ შეთხზა, როცა ქუთაისისკენ ღია ავტობუსით მიემგზავრებოდნენ"
ერთი ლამაზი ოჯახური წყვილი გახლდათ: შალვა რადიანი - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, მეცნიერი და მერი გომართელი-რადიანი - გერმანისტი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. ამ ოჯახში სუფევდა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, უმცროსების მხრიდან მოკრძალება, ისინი იცავდნენ ტრადიციებს და სულიერ ფასეულობებს. ასეთ გარემოში აღიზარდნენ მათი ვაჟები - მალხაზი და თემური. აქ სტუმრად მოდიოდნენ გიორგი ლეონიძე, ლეო ქიაჩელი, ირაკლი აბაშიძე, სიმონ ჩიქოვანი, ბესო ჟღენტი... უამრავ წიგნს შორის ბევრია ისეთი, რომელსაც რომელიმე კლასიკოსი მწერლის ავტოგრაფი ამშვენებს.

ამ სახლში დღესაც იგრძნობა იგივე ატმოსფერო, თემურ რადიანი ამბობს:
„წიგნი არ არის მარტო მისი შინაარსი, ეს არის ლტოლვა და ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისაც ამ წიგნზე ხელი აქვს შეხებული.“
რადიანების ოჯახის ცხოვრების ეპიზოდებს ბატონი თემური გვიზიარებს.

ფსევდონიმი გვარად
- მამას ნამდვილი გვარი შეწირულია, 17 წლისა იყო, როცა პირველი წერილი რადიანის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. სოსო გრიშაშვილმა თავისი სურათი ასეთი წარწერით აჩუქა: „პოეზიისათვის შეწირულს - შალვა რადიანს, 1936 წელი, 12 მარტი“. ასე რომ, რადიანები მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრები არიან. დედაჩემისგან ვიცი, როცა ჩემი უფროსი ძმა და მე დავიბადეთ, მამას საგანგებო ნებართვა დასჭირდა, რომ ჩვენც რადიანის გვარი გვქონოდა. ერთ ამბავს გავიხსენებ: შალვას დედა გარდაეცვალა 1940-იან წლებში და თბილისიდან გურიაში ბევრი ხალხი ჩასულა.
დაკრძალვის დღეს, დიდი ხის ოდის აივანზე კიბე ჩანგრეულა და ერთ გურულს უხუმრია: არ ჯობდა, ამ დალოცვილს, გვარის გამოცვლის მაგივრად, აივანი გამოეცვალაო.

ჩვენთან, სახლში
- მწერლები, პოეტები, მხატვრები, მსახიობები... ჩვენთან ხშირად იკრიბებოდნენ. ალბათ, კვირაში ერთხელ სუფრა იშლებოდა. თამადა, მე რაც მახსოვს, ძირითადად, გიორგი ლეონიძე იყო. ამ სოლიდურ ხალხს ულამაზესი ახალგაზრდა მეუღლეები ჰყავდათ და ყოველთვის ულამაზეს ქალთა გუნდი შემოდიოდა ამ სახლში.
ბავშვობისას, ფანჯარასთან ჯდომა და ქუჩაში ყურება მიყვარდა, იქაც იმდენ ლამაზ ადამიანს ვხედავდი... ჩემი ნათლია იყო გერონტი ქიქოძის ქალიშვილი მანანა. ერთხელ, კარი გავაღე და ახლაც მახსოვს მისი ულამაზესი მწვანე ქუდი, თავადაც როგორი ლამაზი იყო.
მაშინ მაღაზიებში ვერაფერს იშოვიდი, ეს ქალბატონები კი სულ მოდურად გამოპრანჭულები იყვნენ, ცნობილი მკერავი ჰყავდათ - ხუტა გამზარდია, რომელიც ფიქრის გორაზე ცხოვრობდა.

ისეთი გარემო გვქონდა, გულახდილად გეუბნებით, „ხელით ვეხებოდით“ სიყვარულს, იყო ერთგულება, მეგობრობა, მოკრძალება...
მამასთან ერთად სეირნობისას ვხვდებოდით, ვთქვათ, შალვა ნუცუბიძეს ან გიორგი ახვლედიანს, ერთმანეთს ყოველთვის ქუდის მოხდით ესალმებოდნენ. ასე გამოხატავდნენ პატივისცემას. ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა ცნობილი ებრაელი ბუკინისტი - ფეხუ, ასე ეძახდნენ. ის ყველა მწერალთან დადიოდა სახლში და წიგნების გაცვლა-გამოცვლას აწარმოებდა. მაღალი კაცი იყო, ზამთარში კალოშები და უშველებელი პალტო ეცვა, ხელში ეჭირა წიგნებით სავსე ტყავის ჩანთა. ჩვენთან როცა მოდიოდა, მამა და ფეხუ ჯერ სადილობდნენ, მერე კაბინეტში სხდებოდნენ და საათობით საუბრობდნენ ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე.

ქეთევან ირემაძე
- შალვას პირველი მეუღლე, ქეთევან ირემაძე - მწერალი და მთარგმნელი ქალბატონი (ფრანგული ენის მცოდნე) შემოქმედებითი პიროვნება გახლდათ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა, 33 წლისა გარდაიცვალა, მამას მისგან შვილი არ დარჩენია. ქეთევანზე ახალდაქორწინებული შალვა შეასახლეს მიხეილ ჯავახიშვილის ბინაში (სამი ოთახი მისცეს). ოჯახს ერთი ოთახი დაუტოვეს, სადაც ცხოვრობდნენ მწერლის მეუღლე ლუბა, ქალიშვილები (ქეთევანი და რუსუდანი) და პატარა შვილიშვილი. შალვასთვის შეუთავაზებიათ, თუ გინდათ, ამათ გავასახლებთ და იმ მეოთხე ოთახსაც თქვენ მოგცემთო, მაგრამ მამამ უარი განაცხადა. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, არცერთი ოთახის კარი არ იკეტებოდა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
შიმშილისა და გაჭირვების დროს, რადიანები მათ თეთრ პურს უნაწილებდნენ. მამა დიდ პატივს სცემდა ლუბას, მოწიწებით ელაპარაკებოდა, როგორც ვიცი, საკერავი მანქანაც უყიდა და ის კერვით არჩენდა ოჯახს. ქეთევანის შემდეგ დედაჩემმა გააგრძელა მათთან თბილი ურთიერთობა. ამაზე მეტყველებს წარწერები მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილების მიერ გამოცემულ წიგნებზე. მაგალითად, რუსუდანი წერს:
„ძია შალვას ოჯახს და მის საყვარელ მეუღლეს მერის! ჩვენდამი გამოხატული გულისხმიერებისათვის და მძიმე წლებში თანაცხოვრების მოსაგონრად.“
მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კედელზე ნახავთ ქეთევან ირემაძისა და შალვა რადიანის ერთობლივ ფოტოს, რაც მათ მიმართ მადლიერების დასტურია.

გალაკტიონი
- 30 წლის განმავლობაში, მამა და გალაკტიონი უახლოესი მეგობრები იყვნენ. გალაკტიონი ჩვენთანაც ყოფილა რამდენჯერმე, მე არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ მშობლებისგან ვიცი ამბები.
ერთი მათგანი ქეთევან ირემაძის გარდაცვალებას ეხება. თურმე, გალაკტიონი იდგა ვერის ხიდზე, მოაჯირს დაყრდნობილი მწარედ მოთქვამდა. როდესაც ჰკითხეს, თუ რაშია საქმე, ატირებულმა უპასუხა: გარდაიცვალა ჩემი ქალიშვილი, ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ქეთევანიო.
გალაკტიონი ენდობოდა შალვას, გრძნობდა მის მიმართ კეთილგანწყობას და ამიტომ გადასცა თავისი ლექსების ასზე მეტი ხელნაწერი. მამას არქივშია პოეტის ბარათი, რომელიც გვაუწყებს: „ძღვნად ძვირფას შალვას - მეგობარს, დიდი სიყვარულით ჩემი ლექსების ეს ავტოგრაფები. გალაკტიონი“. წიგნის - „მამულო, სიცოცხლეო“ თავფურცელზე კი ასეთი მინაწერია: „შალვა რადიანს - თანამებრძოლს, ნიშნად უღრმესი პატივისცემისა, გალაკტიონ ტაბიძე“.
ლექსი „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“ გალაკტიონმა შალვას და ქეთევან ირემაძის თვალწინ შეთხზა. აი, რას წერდა მამა:
"გალაკტიონი წყალტუბოში იყო და ღია ავტობუსით ჩვენთან ერთად მოდიოდა ქუთაისისკენ. ცხელოდა, ზაფხულის დღე იყო. ჰქროდა ნელი ქარი. ქეთევანმა სთქვა: რა ნაზი და სასიამოვნო ქარია, თითქოს მიგვაფრენს ქუთაისისაკენო. ერთხანს გალაკტიონ ტაბიძე გარინდებული იყო, ხმას არ იღებდა. ცოტა ხნის შემდეგ მან მიმართა ქეთოს: შენს სიტყვებზე, აი, ეს ლექსი შევთხზეო და ზეპირად წაიკითხა „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“. ამ დროს ქუთაისშიც ჩავედით.“

ოჯახური ამბები
- დილით, როცა მე და ჩემი ძმა სკოლაში მივდიოდით, საუზმეს დედა ან ბებო გვიმზადებდა. ზოგჯერ, ძმებს სიზარმაცე დაგვძლევდა და სკოლაში წასვლა არ გვინდოდა, მაგრამ ეს გამორიცხული იყო. მამას გაგონებაც არ უნდოდა. სწავლისა და შრომის მიმართ მომთხოვნი იყო. ყოველ დილით, მის კაბინეტში, მაგიდის კუთხეში მე და ჩემს ძმას გვხვდებოდა ხურდა ფული სკოლაში წასაღებად, რომელსაც ბუფეტში ვხარჯავდით. მომდევნო კლასში გადასვლასთან ერთად, ხურდის რაოდენობა იზრდებოდა და მე-10 კლასში უკვე მანეთს მიაღწია.
როგორც წესი, შაბათ-კვირას მამას დავყავდით მოზარდმაყურებელთა თეატრში, სადაც ცალკე ლოჟას გვითმობდნენ. შალვა გვანებივრებდა იმ მხრივ, რომ მე და ჩემს ძმას ჩვენი დალაქი - კარო გვყავდა. თუ საპარიკმახეროში ვერ წაგვიყვანდნენ, კარო სახლში მოდიოდა და თმას აივანზე გვკრეჭდა ხოლმე. გარდა ამისა, ერთი ქალი მოდიოდა, რომელიც გვირეცხავდა და გვბანდა. ჩვენთვის სპეციალურად, ტანსაცმელი ერევნიდან ჩამოჰქონდათ. არ მახსოვს მამის ხმამაღლა ნათქვამი ჩვენს მიმართ. სიმკაცრეს დედა იჩენდა, ცელქები ვიყავით.

მამა ბევრს გვესაუბრებოდა და თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთგვარად გვამზადებდა ცხოვრებისთვის. ის ადრე დგებოდა, ჯერ შინ მუშაობდა და მერე უნივერსიტეტში მიდიოდა ლექციებზე. მას უნდოდა, ჩვენც მის მსგავსად შრომისმოყვარეები ვყოფილიყავით, თუმცა ახალგაზრდებს მაშინ გართობა უფრო გვაინტერესებდა. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ახლა უფრო ახლოს ვართ მამასთან სულიერად, ვიდრე მაშინ.
მამის არქივიდან
- აგროვებდა კლასიკოსების თუ თანამედროვე მწერლების ხელნაწერებს. მათ შორის არის აკაკის ლექსი, ბარათაშვილის „სულო ბოროტოს“ უცნობი ნუსხა, რაფიელ ერისთავისეული „თამარიანი“... ეპისტოლური მემკვიდრეობა და ავტობიოგრაფიები, რომლებიც შალვას თხოვნით დაუწერიათ ეკატერინე გაბაშვილს, გიორგი ლეონიძეს, კონსტანტინე გამსახურდიას, იოსებ გრიშაშვილს...
კონსტანტინე გამსახურდია წერდა: „მე პირადად აგრე ვფიქრობ, ცოცხალი მწერლის ბიოგრაფიის გამოქვეყნება მაინცდამაინც სასურველი არაა, მაინც მოგაწვდით ზოგ ცნობას...“.
მიხეილ ჯავახიშვილს წაუწერია წიგნზე „შალვა რადიანს, „არსენა მარაბდელის“ რედაქტორს, ლმობიერ ადამიანს და ულმობელ კრიტიკოსს“.
ერთხელ, მამას სტამბაში უნახავს „არსენა მარაბდელის“ მეორე გამოცემის დედანი, შესწორებული თავად ავტორის მიერ და გამზადებული მესამე გამოცემისთვის. შალვას დედანზე მიუწერია: „ეს წიგნი სტამბაში იყო გადაცემული ასაწყობად. აიწყო კიდეც ნაწილი, მაგრამ გარკვეული შემთხვევის გამო, შეაჩერეს მისი გამოცემა. დედანი რომ არ დაკარგულიყო, სტამბიდან წამოვიღე, დავაკანვიე (რადგან გვერდებად იყო დაშლილი) და შევინახე. შ.რადიანი, 1938 წელი“.
შალვას ხელში გაუვლია სარედაქტოროდ და საკომენტაროდ ქართველ მწერალთა არაერთ წიგნს.

მშობლების სიყვარულის შესახებ
- ერთხელ, დედა მარჩიელთან წაიყვანა მისმა ბავშვობის მეგობარმა ლეილა წივწივაძემ, აიტეხა თურმე, გინდა თუ არა, შენც უნდა წამოხვიდეო. იმ ქალმა რაც უთხრა დედაჩემს, ერთი ერთში აუხდა - ცნობილ და შენზე უფროს ადამიანს (დედა იყო 25 წლით უმცროსი) გაჰყვები ცოლადო.
დედა რომ უნივერსიტეტს ამთავრებდა, სამ საგანში ჰქონდა სახელმწიფო გამოცდა: დასავლეთ ევროპის ლიტერატურა, გერმანული ენა და მარქსიზმი. გამოუცხადებიათ, კარგად მოემზადეთ, კომისიის თავმჯდომარე პროფესორი შალვა რადიანი იქნებაო. პირველივე გამოცდაზე, შალვა დედას მიუჯდა გვერდით და აღარ შორდებოდა. დედა თურმე ნერვიულობდა, მაგრამ ტყუილად, ყველა საგანი წარმატებით ჩააბარა.
სხვათა შორის, მერი გომართელის დიპლომს ხელი შალვა რადიანმა მოაწერა.
დედამ 36-ე სკოლაში დაიწყო მუშაობა გერმანულის პედაგოგად. შალვა რამდენჯერმე ქუჩაში შეხვდა მერის და ყურადღებით გამოჰკითხა ამბები. ერთ დღესაც, სკოლასთან დახვდა და ოპერაში დაპატიჟა... სპექტაკლი რომ დამთავრდა, ფოიეში მერის მანტო ჩააცვა. ეს ქმედება ხალხს არ გამოჰპარვია და მეორე დღეს, ბევრს სალაპარაკოც გაუჩნდა. იმ დროს შალვა დიდი მოწონებით სარგებლობდა, ბევრ ქალბატონს სურდა მისი გაცნობა.
ასეთი ფუნაგორიაც არსებობს: „შალვა რადიანი არის დარდიანი, მაგრამ გოგოებში ძალიან მადიანი“.
მამას თავისი გულისწადილი ოპერაში, იმ საღამოსვე გაუნდვია მერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მომწონდა, თანხმობისაგან თავი შევიკავეო, იხსენებდა დედა. არ გასულა ორი კვირაც და შალვამ „შეაწუხა“ გოგიტა საყვარელიძე (მერის ბიძა) და მერის მამიდა -მარიამი, ორივეს კარგად იცნობდა. ისინი ერთად მისულან მერისთან დასალაპარაკებლად და... თანხმობაც მიუღიათ. დედა წერს: „ახლა მე აღარაფერს მეკითხებიან. მათ გადაწყვიტეს, რომ 13 ოქტომბერს (1951 წელი) უკვე ხელი უნდა მოვაწეროთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ახალი ცხოვრება იწყებოდა და ბუნებრივია, ვღელავდი. 13-ში, პირველ საათზე, მოვაწერეთ ხელი და წავედით შალვას სახლში, ელბაქიძის 21 ნომერში...“. იმ სახლში 7 წელი იცხოვრეს, მერე ქიაჩელის ქუჩაზე გადმოვიდნენ. მამა მერის სულ ამას ეუბნებოდა: „შენ მხოლოდ უნდა ისწავლო, იკითხო, იმეცადინო“. სახლში დამხმარე ყოველთვის გვყავდა, დედას საოჯახო საქმეებზე დრო არ ეხარჯებოდა. ის უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექციებს კითხულობდა.
წინათგრძნობა
- შალვა ყველას მიმართ იყო ყურადღებიანი. ბესო ჟღენტი ავად რომ გახდა, ხშირად ნახულობდა, ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ საღამოს, შინ ცუდ ხასიათზე დაბრუნდა... ოთხი დღის შემდეგ ბესო ჟღენტი გარდაიცვალა. მამამ ძალიან განიცადა. ეს დღე იყო 1976 წლის 18 ოქტომბერი. მისი დაკრძალვიდან დაბრუნებულმა მამამ დამიძახა და მითხრა: მინდა იცოდე, რომ მე მალე წავალო... რატომ, საიდან გაუჩნდა ეს აზრი?.. გავიდა რამდენიმე თვე და 1977 წლის 23 მარტს მამა გარდაიცვალა. მხოლოდ ერთი კვირა იავადმყოფა. წარმოუდგენელი ამბავი იყო.
რამდენიმე დღის წინ, დედას დღიურები გადმოვიღე, ერთი ფურცელი წავიკითხე და ემოციურად გამიჭირდა. როცა იცი, თითოეულ სიტყვაში რა სიყვარულს, სითბოს და ენერგიას დებდა... ცრემლები წამომივიდა და ვეღარ გავაგრძელე კითხვა. დედას მოგზაურობის ამსახველი ჩანაწერებიც ჰქონდა, შვილებს წერილებს რომ გვწერდა, ისინიც შენახული გვაქვს. ჩემი ძმა პირველი კურსის დასრულების შემდეგ გერმანიაში სწავლობდა, ის გერმანისტია. მე კიდევ რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ინსტიტუტში ბიოფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. დედა ჩვენთვის განსაკუთრებული მეგობარი იყო, ორი წლის წინ გარდაიცვალა... მე და ჩემი ძმაც ღმერთის მადლიერი ვართ, რომ ამ ოჯახში დავიბადეთ.
სექტემბერში, ლიტერატურის მუზეუმში, მამას არქივის გამოფენას ვაპირებთ და ამისთვის, უკვე ვემზადებით.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)