„დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის“
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო "მეგობარი აქტი" - "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი". კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ხელისუფლებისათვის, ჯამში მხარი დაუჭირა 349-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო 42, 42-ს კი ხმა არ მიუცია (კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 - დემოკრატი). ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას. წარმომადგენელთა პალატაში "მეგობარი აქტის" 80%-იანი მხარდაჭერით მიღების შემდეგ აქტის თანაავტორმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა იმ პირთა სია გამოაქვეყნა, ვინც აქტის კანონად ქცევის შემთხვევაში მძიმედ დასანქცირდებიან. სიაში სხვებთან ერთად არიან ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი, კახა კალაძე - თბილისის მერი, ირაკლი ღარიბაშვილი - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი; შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სპიკერი, ნინო წილოსანი - ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს თავმჯდომარე. "მეგობარი აქტი" უკვე შეტანილია სენატის საკანონმდებლო კალენდარში და ასეა განმარტებული: „აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენებთან შესაწინააღმდეგებლად". შეტანის თარიღი 6 მაისია, მისი რიგითი ნომერია 70-ე. როგორც კი წარმომადგენლობითი პალატა და სენატი შეთანხმდებიან "მეგობარი აქტის" საბოლოო დოკუმენტზე, ამის შემდეგ ის სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დამტკიცდება და საბოლოოდ ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება. საქართველოს ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და მას "მტრულ", "უსამართლო" და „უმადურობის" აქტად მოიხსენიებენ. რა ელის საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, თუ "მეგობარ აქტს" ტრამპმა ხელი მოაწერა და მასშტაბური სანქციები და შეზღუდვები რეალობად იქცა, ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
- ჩემი აზრით, ამ მძიმე პერსპექტივას ეს ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანაც ვერ აიცილებს თავიდან და ეს დოკუმენტი, სამწუხაროდ, კანონად იქცევა.
აქტის მიღება დაჩქარდა კი იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ბოლოს და ბოლოს, მოიცალა საქართველოსთვის. თუ გახსოვთ, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ტრამპი ჩვენთვის გაზაფხულის ბოლოსკენ მოიცლის-მეთქი და, ფაქტობრივად, ასეც მოხდა.
აქამდე მას უამრავი რამ ჰქონდა მოსაგვარებელი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ აშშ-ს, მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები, რომელთაც მიზანმიმართულად ატარებს, იმის მიუხედავად, ვინ არის თეთრ სახლში. ცნობილი გამონათქვამია, რომ აშშ-ს არა ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. საქართველო სწორედ ამ ინტერესებში შედის ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. აშშ ვერ შეეგუება თავისი გავლენის დაკარგვას. ეს უნდა ესმოდეს ჩვენს მთავრობას. ბატონ ივანიშვილს ეგონა ის დაალაგებდა ტრამპთან ურთიერთობას ისე, რომ ჩინეთსა და რუსეთთანაც წარმატებით ითანამშრომლებდა. ფაქტია, ეს არ გამოდის, მეტიც, ეს შეუძლებელია.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ეს აქტი დავიწყებას მიეცემა. ჩემი აზრით, დღეს ამ ხელისუფლების გამო შექმნილი ვითარება, უფრო სწორად, ივანიშვილის ბოლო 2 წლის ქმედებების გამო შექმნილი პრობლემები, საქართველოს სტრატეგიული განვითარების გზაზე პატარა დაბრკოლებაა. ერთი რამ მინდა ვთქვა სენატის განმარტებაზე, რომელშიც ლაპარაკია ირანზეც ჩინეთსა და რუსეთთან ერთად. პირადად მე ირანის საკითხს ვერ დავეთანხმები. ჩემი აზრით, ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში არაფერი განსაკუთრებულად არ შეცვლილა, დაახლოებით ისეთივე ურთიერთობა გრძელდება, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა. განსხვავებით, მაგალითად, ჩინეთისგან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გამოაცხადეს...
ყველაფერი კი 4-5 წლის წინ დაიწყო, როდესაც ამ სტრატეგიული გზების მშენებლობაში ჩინელები შემოიყვანეს და ეს ქვეყანა საქართველოში მთავარი სამშენებლო აქტორი გახდა. სამწუხაროდ, მაშინ აშშ-მა და ევროპამ ამას ყურადღება არ მიაქციეს. თუნდაც ანაკლიის პორტზე, რაც მოხდა, ვფიქრობ, გარკვეულწილად აშშ-ის შეცდომის შედეგიც არის - ის მშენებლობისგან კარგა ხანს იკავებდა თავს. მე თუ მკითხავთ, როდესაც საქართველოში ლუგარის ლაბორატორია აშენდა, მაშინვე უნდა დაწყებულიყო ამ პორტის მშენებლობაც.
- ეს აქტი, ერთი მხრივ, უშუალოდ სანქციებს შეეხება, მეორე მხრივ კი შეიცავს პოზიტიურ გზავნილებსაც: თუ საქართველო დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდება, აშშ მზად არის შესთავაზოს მას შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი, სავიზო ლიბერალიზაცია, სპეციალური ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტი, ასევე უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერა. თუმცა, თუ შევხედავთ ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკასა და ქმედებებს, აშკარად ჩანს, რომ მათ უკან დახევის სურვილი არა აქვთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს "ქართული ოცნებისთვის" ზღვარი, რის მერეც შეეცდებიან ჩვენი პარტნიორებისა და ქართველი საზოგადოების პროტესტანტი ნაწილისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადადგან?
- ჩემი აზრით, ეს ზღვარი იქნება პირადი სანქციები და ამის შედეგად მკვეთრად გაუარესებული მათი ცხოვრება - როდესაც ვეღარ ივლიან აშშ-სა და ევროპაში პირადი ვოიაჟებით, მათი ბევრი ახლობელი, ოჯახის წევრები, შვილები ცხოვრობენ და სწავლობენ უცხოეთში, აი, როდესაც მათი ამ ქვეყნებიდან გამოძევება დადგება დღის წესრიგში, ვფიქრობ, მოეგებიან გონს. ეს შეეხება ივანიშვილის შვილებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ აქტის დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ აქამდე აშშ ისეთი ინერტული იყო, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ამ თვალსაზრისით აქტის იმპლემენტაციასა და შემდგომ ნაბიჯებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. სიმართლე უნდა ითქვას, მას შემდეგ, რაც ლუგარის ლაბორატორია აშენდა საქართველოში, ამერიკელებს აქ მნიშვნელოვანი ინვესტიცია არ ჩაუდვიათ. ამაში არ ვგულისხმობ „"იუესაიდის" პროგრამებს, მე ვგულისხმობ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს. ანაკლიის პორტზე უკვე გითხარით, რომ აშშ-ის ბრალიც არის, რაც ამ პორტთან დაკავშირებით მოხდა.
- ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ ტრამპი აქტს ხელს არ მოაწერს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ თუ მაინც მოაწერა, ეს "დიფ სთეითთან" მისი დამარცხებით იქნება განპირობებული.
- რა არის ეს „"დიფ სთეითი", ამიხსნას ვინმემ, ვინ არიან მისი წარმომადგენლები, სად აქვთ შტაბბინა? ეს ტერმინი ამათი მოგონილიც კი არ არის, ბენამიან ნეთანიაჰუმ ახსენა, მერე რუსეთმა აიტაცა და ახლა ესენი ყველა კომენტარში აკვეხებენ. სინამდვილეში „"დიფ სთეითი" არის აშშ-ის ხანგრძლივი, მდგრადი პოლიტიკა დემოკრატიისკენ - მეტი არაფერი. პროპაგანდა საკმაოდ ძლიერი აქვთ და ხალხის ნაწილს ეს დააჯერეს. იყო დრო, ხალხს ბაყბაყ დევისაც სჯეროდა და მისი ეშინოდა. აგერ ახლახან დაიჯერეს ვიღაცის ხუმრობა, რომ რომის პაპის მამა, დედა თუ ბებია ქართველიაო. ახლა „"ქართულმა ოცნებამ" იქნებ რომის პაპის იმედიც იქონიოს, რომ ის დაიცავს „"დიფ სთეითისგან", ქართველი ყოფილა, ფაქტობრივად... ხუმრობა იქით იყოს და, "ქართული ოცნების" იმედს ვერ გავიზიარებ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი აქტს ხელს მოაწერს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის განვითარებაზეც. არც ისეთი ადვილი ყოფილა მშვიდობის დამყარება, როგორც ბატონ ტრამპს ეგონა.
- ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე მინდა გკითხოთ - თუ მართლაც დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თქვენი აზრით, ოპოზიცია მზად არის ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის?
- სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება. ამის მიზეზი ის არის, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო 5 თვის განმავლობაში, როდესაც ვერც ერთი ნორმალური იდეა და საღი აზრი ვერ მოვისმინე მათგან. აღარაფერს ვამბობ რაიმე მოქმედებასა და რეალურ ნაბიჯზე, რაც რაღაც პერსპექტივას გააჩენდა და გამოსავალს აჩვენებდა ხალხს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ 35 წელიწადია არჩევნებში სულ ვიღაცის წინააღმდეგ ვაძლევთ ხმას და არა ვიღაცის სასარგებლოდ. ჯერ კომუნისტების წინააღმდეგ მივეცით ხმა ზვიად გამსახურდიას, შემდეგ მის წინააღმდეგ ედუარდ შევარდნაძეს დავუჭირეთ მხარი, მერე შევარდნაძის წინააღმდეგ სააკაშვილს მივეცით ხმა, მიშას წინააღმდეგ კი ბიძინა მოვიყვანეთ ხელისუფლებაში. როდესაც ამ პრინციპით მარცხდებოდა არჩევნებში იმჟამინდელი მმართველი ძალა, ყოველთვის ოპოზიცია იყო ძლიერი და გაერთიანებული. ივანიშვილმაც ასე მოახერხა გამარჯვება. დღეს ამას ოპოზიცია ვერ ახერხებს, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ კარგად ვიცით ერთმანეთის გინება, მაგრამ არ ვიცით თანამშრომლობა. ახალი თაობის წარმომადგენლები ძალიან ახალგაზრდები არიან, მათგან ჯერ ვერ გამოიჩეკნენ პოლიტიკური ლიდერები. ამჟამინდელი ოპოზიციის უმრავლესობის ყურებაც კი აღარ შეგვიძლია... სალომე ზურაბიშვილმაც ჯერჯერობით ლიდერობა ვერ შეძლო. მისი იდეა კოალიციური, ტექნოკრატიული მთავრობის თაობაზე, სწორია. მეც დიდი ხანია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ჯერჯერობით ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდება.
- რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ახსენეთ, ვითარება კვლავ ძალიან რთულია, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის დიდი მოწადინებისა, სამშვიდობო შეთანხმების ნიშნებიც კი არ ჩანს. ჩემი ერთი დაკვირვება მსურს გაგიზიაროთ - მას შემდეგ, რაც აშშ-მა დადო უკრაინასთან ე.წ. მინერალების შესახებ ხელშეკრულება, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი გახდა.
- ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროცესს, ტრამპი აშკარად არათანამიმდევრულად იქცევა. მას რატომღაც ეგონა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ადვილი მისაღწევი იქნებოდა. მას ავიწყდება ერთი რამ, რომ ამგვარი შეთანხმების პირობებშიც რუსეთის ნდობა არ შეიძლება, მას მეორე დღესვე შეუძლია ნებისმიერი შეთანხმების დარღვევა. უცნაურია, რომ ტრამპმა არ იცის, რა ცბიერ და არასანდო ძალასთან აქვს საქმე. ეს რიტორიკის შეცვლა, მინერალების ხელშეკრულების გარდა, გამოიწვია იმანაც, რომ რაც მეტად ჩაუღრმავდა ტრამპის ადმინისტრაცია საკითხს, უფრო აშკარად დაინახა, რომ რუსეთი ამ პროცესს დროის გასაყვანად იყენებს. ძალიან დიდი შეცდომაა ყველაფრის გამარტივება, პრობლემა უნდა დაინახო ძირეულად და სიღრმისეულად, თუ გინდა მისი გადაწყვეტა.
სულ ტყუილად ეგონათ, რომ პუტინი უკან დაიხევდა. ჩემი აზრით, ტრამპი და აშშ უფრო ხისტად და ძალისმიერად უნდა მოიქცნენ, თუ შედეგი სურთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ პოზიციას დაიკავებს ევროპა და როგორ აიძულებს ტრამპს ცოტა უფრო რაციონალური ნაბიჯები გადადგას. რუსეთი ეცდება პროცესის გაწელვას. ვფიქრობ, რაღაც შეთანხმებას ხელსაც მოაწერს, თუმცა მერე ამის დარღვევაში დაადანაშაულებს უკრაინას და ამ შეთანხმებას დაივიწყებს. ტრამპი საბოლოოდ იძულებული გახდება ძალიან ხისტი სანქციები დაუწესოს და ინტენსიურად მოამარაგოს უკრაინა იარაღით.
- როდესაც ჩვენ ინტერვიუს ვწერთ, უკრაინაში იმყოფებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ერთობლივი სატელეფონო საუბარი გამართეს დონალდ ტრამპთან... ესეც ნიშანია იმისა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას სულ უფრო და უფრო აძლიერებს.
- გეთანხმებით. უმნიშვნელოვანესი გამოდგა ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის პოზიცია, კირ სტარმერი ძალიან ხისტია რუსეთის მიმართ.
არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ კვირას მიიღეს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც უწესებს სანქციებს იმ ქვეყნების ტანკერებს, რომელთაც რუსული ნავთობი გადააქვთ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ნავთობსადენები არ მუშაობს, მხოლოდ ტანკერები მუშაობდა და კონტრაქტები, რომლებიც რუსეთმა ბოლო ხანს დადო, ფარატინა ქაღალდი ხდება. რუსეთის შემოსავალი ნავთობის გაყიდვიდან ომის დაწყების შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული, ახლა უფრო შემცირდება. დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის.
- როდესაც მსოფლიო ერთი მასშტაბური ომის ჩაქრობას ცდილობს, რომელსაც პირველივე დღიდან ბირთვული რისკები ახლდა, ამასობაში ახალი ომი და ახალი ბირთვული საფრთხე გაჩნდა აღმოსავლეთით. 10 მაისს პაკისტანმა გამოაცხადა, რომ ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იწყებს. პროცესების ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 კაცი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. ინდოეთის მთავრობამ თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა და საპასუხოდ პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის კონტროლირებად ნაწილს 7 მაისს საჰაერო დარტყმები მიაყენა. აქამდე ამ ქვეყნებმა სწორედ ქაშმირის ტერიტორიის გამო 4-ჯერ იომეს, დღეს ამ კონფლიქტს სხვა რისკიც ახლავს - ორივე ბირთვული ქვეყანაა.
- ვფიქრობ, არ იქნება ფართო მასშტაბის ომი, მით უფრო არა მგონია, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენონ. მეეჭვება, ეს არმიების პირდაპირ შეჯახებაში გადაიზარდოს. ალბათ, დაბომბავენ ერთმანეთის ტერიტორიას და ბოლოს ეს ყველაფერი მორიგი არამყარი ზავით დასრულდება. ამ ქვეყნებს შორის ძალიან დიდი უთანხმოებაა, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური განსხვავება... ქაშმირის ტერიტორიისთვის წლებია კონფლიქტია, რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება.