ბოლო ამერიკული გაფრთხილება?!
"მეგობარი აქტი", რომლის ოფიციალური სახელწოდებაა "აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად", 5 მაისს კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. 433 კონგრესმენიდან აქტს მხარი 349-მ დაუჭირა, წინააღმდეგი 42 წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია. მხარდამჭერებიდან 168 რესპუბლიკელია, 181 - დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან 34 რესპუბლიკელია, 8 - დემოკრატი.
6 მაისს აქტი უკვე დარეგისტრირდა ზედა პალატაშიც და სენატის საკანონმდებლო კალენდარში შეტანილია 70-ე რიგითი ნომრით. აღსანიშნავია, რომ 55-ე ნომრით საქართველოს შესახებ დარეგისტრირებულია სხვა აქტიც, სათაურით "კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად".
ოპოზიცია ამ აქტის მიღებით გახარებულია, "ოცნება" კი იმედოვნებს, რომ ტრამპი, არ მოაწერს ხელს და თუ მოაწერს, "დიფ სთეითის" ტრამპზე გამარჯვებად ჩათვლიან. რას ნიშნავს ეს აქტი ქვეყნისთვის, ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვკითხეთ.
- აბსოლუტურად ყველაფერი, რაც "მეგობარ აქტშია", დაიმსახურა "ოცნებამ". მე რომ მკითხოთ, უფრო მკაცრ ზომებსაც იმსახურებს. ქვეყნისთვის კარგი არ არის, თუმცა შეიძლება კარგიც იყოს. კარგი არ არის იმიტომ, რომ საფრთხეს შეიცავს - თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ვერ ლაგდება ამერიკასთან, არ გამიკვირდება, თუ პირდაპირ გადავა რუსეთთან დაახლოებაზე. თუ ეს აქტი ბერკეტია, რომ ივანიშვილს დაათმობინოს რაღაც, გამოუშვან პატიმრები, შეიძლება დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნებიც დადგეს.
- თქვენი აზრით, საით წავა ივანიშვილი?
- ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკელებზე. მე არ მაქვს იმედი, რომ გონს მოეგებიან, ეს გამორიცხულია. მე რომ აშშ-ის ადგილზე ვიყო, ამის პარალელურად დავიწყებდი ივანიშვილთან მოლაპარაკებას, თუ რაზეა ის წამომსვლელი. მთელი პრობლემა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს არავინ ელაპარაკება. ეს ჩვენს ოპოზიციას რატომღაც უხარია, მაგრამ მე სასიხარულოს ვერაფერს ვხედავ - თუ არავინ არ დაელაპარაკა, რატომ დათმობს რამეს? რატომ ჰგონიათ, რომ ჩამოიშლება? ოპოზიცია შიდა პოლიტიკაში დიდ როლს ვერ თამაშობს. დარწმუნებული ვარ, ახლა 26 მაისის ლოჯისტიკაზე იქნება სამკვირიანი მსჯელობა, ვინ საიდან წამოვიდეს და ვინ რა ქნას. უამრავ სისულელეზე შეიძლება დაიხარჯოს დრო და რესურსი. არადა, ახლა მთავარი, რაც შეიძლება გააკეთონ, ის არის, რომ ვისაც საქართველოს საკითხი ეკითხება, უთხრან, რომ საქართველოში ეს ნიუანსებია... ეს ხალხი, ვილსონი, რიში და სხვები, "ოცნების" ხელისუფლებას პერსონალურად ჰყავს ნაგინები და არა მგონია, მათ მოინდომონ ივანიშვილთან დალაპარაკება. ივანიშვილმა ხან ლილუაშვილი გაგზავნა, ხან დავითაშვილი, მაგრამ არაფერი... მას საკონტაქტო პირიც არა ჰყავს, რაღაცაზე რომ დაელაპარაკოს, რამის დაპირება რომც უნდოდეს, ვერ ჰპირდება. საელჩომ განაცხადა, ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა თუ უნდათ, რა უნდა გააკეთონ, იციანო, და ამით ლაპარაკი დაამთავრეს. ელოდებიან, როდის გააკეთებენ იმას, რაც საელჩოს მეშვეობით გადაეცათ. როგორც ჩანს, კარგი არაფერი გადაუციათ, რადგან ესენი არაფერს აკეთებენ და "მეგობარი აქტიც" დაიძრა. სხვათა შორის, ამას "მეგობარი" აღარ ჰქვია, რადგან როდესაც ეს სახელი ერქვა, თუ საქართველო პროდასავლურ კურსს დაუბრუნდებოდა, ამ შემთხვევაში იყო გათვალისწინებული ბენეფიტები, აშშ-თან უვიზო რეჟიმი და კიდევ ბევრი სხვა რამ, მაგრამ ახლა აქედან მხოლოდ ზოგადი ფრაზა დარჩა - თუ კურსს დაუბრუნდებით, მერე შეიძლება რამეზე ვილაპარაკოთო. ამიტომ ახლა "მეგობარი აქტი" აღარ გამოვიდა და პირდაპირ დაწერეს, რომ ეს არის აქტი იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, სადაც ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენებია. როგორც მტრული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქტი, ასეა ჩამოყალიბებული.
ასეთ მძიმე ვითარებაში ჯობს ოპოზიციამ ამერიკელებს ურჩიოს, რომ დაელაპარაკონ ივანიშვილს. ის კი არ უთხრან, ნუ გეშინია, შენ ხელისუფლებაში დაგტოვებთო, არამედ უთხრან, რომ მათი თვითმიზანი არ არის მისი პიროვნული განადგურება, რომ მანაც რაღაც უნდა დათმოს და ქვეყნის კურსი დააბრუნოს იმ კალაპოტში, რაშიც ოცდაათი წელი მოვდიოდით. რამდენად შეძლებენ მის დარწმუნებას, არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილმა თუ არ იგრძნო, რომ ის დასავლეთთან რაღაც თამაშშია, ისე არაფერს დათმობს და ან ქვეყანას მიიყვანს დაქცევამდე, ან თვითონ დაიქცევა და ჩვენ გადავრჩებით, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, თორემ სხვა არგუმენტი არა მაქვს.
სხვათა შორის, არც საზოგადოების იმედი არა მაქვს. ხელისუფლების მომხრეები როგორ რეაგირებენ პროცესებზე, სრული კოშმარია. ბოლო დროს სოციოლოგიურ კვლევაში საიმედო ვერაფერი დავინახე, რომ ამ ხალხს რამე შეაცვლევინო. მათთვის მთელი ოპოზიცია სრულად გაიგივებულია "ნაცმოძრაობის" ყველაზე უარყოფით მხარესთან. მათთვის "ოცნების" შეცვლა "ნაცმოძრაობის" ყველაზე კოშმარული ნაწილის დაბრუნებაა. თავი დაირწმუნეს, რომ ნამდვილად ასეა და ამას ხელს უწყობს დასავლეთი. ამიტომ საშველი არ ჩანს.
თუ ივანიშვილის მიზანია, რუსეთში შეგვიყვანოს, "მეგობარი აქტი" მისთვის უფრო სასარგებლო არ იქნება? ამიტომ ეს კი არ შეაწუხებს, უფრო გაუხარდება. მაგრამ, თუ ვუშვებთ, რომ ეს არ არის მისი მიზანი და მისი მიზანია პირადი ძალაუფლების შენარჩუნება და ამის გამო მზად არის რუსეთს ჩაჰბარდეს, მაშინ ივანიშვილისთვის, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის არჩევნებს და არა მარტო მისთვის - დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამერიკაშიც ელოდებიან ამ არჩევნებს. თუ ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი იმ აზრზე დარჩება, რომ ამ არჩევნებს გამოუცხადოს ბოიკოტი, ეს ივანიშვილისთვის მისწრება იქნება. რამდენიმე პატარა პარტია მაინც მიიღებს მონაწილეობას, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისე, რომ არჩევნებში მხოლოდ "ოცნება" დარჩეს, დასავლეთისთვის ყოველთვის, ყველა ვითარებაში გაუგებარია არჩევნების ბოიკოტის გადაწყვეტილება, ბოიკოტს არასოდეს უჭერენ მხარს და არც ახლა დაუჭერენ. მაქსიმუმი ის იქნება, შეიძლება გაგებით მოეკიდონ, მაგრამ უფრო უარყოფითად შეფასდება და ივანიშვილი მშვიდად ჩაატარებს ამ არჩევნებს. მერე იტყვის, მე რა ვქნა, თვითონ არ მიიღეს მონაწილეობაო და ბოლო სოფლით დაწყებული და თბილისით დამთავრებული, ყველაფერს ბოლომდე "ოცნებით" დააკომპლექტებს, ამით ძალაუფლებას განიმტკიცებს... მეორე მხრივ, არ მესმის იმ ხალხის არგუმენტის, ვინც ამბობს, რომ ჯერ ხელისუფლება დაემხოს და მერე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობასო. მაგრამ როგორ უნდა დაემხოს? სახიფათო იდიოტიზმის დონემდე მისული გულუბრყვილობაა იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება საკუთარ თავს დაამხობს. შენ თუ იმის რესურსს ხედავ საკუთარ თავში, ოპოზიციურ პროტესტში, რომ შეგიძლია ხელისუფლება აიძულო, სასამართლო და ცესკო აღარ ჰქონდეს ჯიბეში, მაშინ არჩევნების გაყალბების რატომ გეშინია? ამიტომ ახლა ივანიშვილს იმის იმედი აქვს, რომ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს და თვითონ მშვიდად გაიმყარებს ძალაუფლებას და დასავლეთსაც სათქმელი არაფერი ექნება. შეიძლება არც ეს იმედია მთლად გამართლებული, მაგრამ ამით მას იმედი უჩნდება, რომ იქნებ მერე დასავლეთი დაელაპარაკოს, რადგან ჩათვლის, რომ სერიოზულად თუ უნდა საქმის დაჭერა, ისევ მათთვის მიუღებელ, სრულიად ავტორიტარ პირთან უნდა დაიჭიროს საქმე, რადგან ოპოზიცია სრულ თვითლიკვიდაციას აცხადებს.
- თეორიულად რომ დავუშვათ ასეთი რამ - თვითმმართველობის არჩევნებამდე ზედა პალატამაც დაამტკიცა და ტრამპმაც მოაწერა ხელი აქტს, მაშინ რა ხდება?
- ასე უცბად და ერთ დღეში ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ ეკონომიკასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან ცუდად დაეტყობა. ივანიშვილს გადაეკეტება უამრავი ფინანსური წყარო, საიდანაც ის ბიუჯეტს ავსებს, და ჩვენ შესაძლოა აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მთლიანად დაიკარგოს. თუ ამერიკის მიერ მთელი მთავრობაა სანქცირებული, მაშინ ასეთ მთავრობასთან საქმეს ვინ დაიჭერს? ჩინეთიც კი არ დაიჭერს და მაშინ ბოლომდე უნდა გახდეს რუსეთის ნაწილი. ერთადერთი ეს გზა რჩება. ბიუჯეტი საიდან უნდა შეავსოს? ხალხი ჯერ ვერ გრძნობს ამას და თუ ბიუჯეტის სეკვესტრი გახდა საჭირო, პენსიები და ხელფასები ვერ დარიგდა, რამდენიც არ უნდა აბრალოს ამერიკას და "დიფ სთეითს", ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იქნება. ამ სიტუაციას კი თავად რამდენად გააკონტროლებს, არ ვიცი. შესაძლოა დასჭირდეს დახმარება, ფინანსურ-ეკონომიკური იქნება თუ სამხედრო-პოლიტიკური. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მით უმეტეს, თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ აქაურობას თავი არ უნდა დაანებოს, ტრამპის ადმინისტრაცია მაინცდამაინც თეთრხელთათმნებიანი პოლიტიკით არ გამოირჩევა და ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დადგეს. ამიტომ იმის თქმა, რა და როგორ იქნება, კარგად თუ ცუდად, ძალიან ძნელია. სიტუაცია ყველა ვარიანტში აიჭრება და ამ აჭრილი სიტუაციიდან შეიძლება ისე გამოვძვრეთ, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და დავუბრუნდეთ ისევ იმ კურსს, მაგრამ მძიმე დანაკარგების შემდეგ, ან უფრო მძიმე რეალობაში ჩავცვივდეთ...
რუსა მაჩაიძე