„26 მაისს შეიძლება იყოს დიდი აქცია, მაგრამ...“
"ვისაც "დიფ სთეითის" ნახვა აინტერესებს, შეუძლია ბიძინა ივანიშვილი მოინახულოს", - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ "დიფ სთეითი" გამოგონილია, რომ ის ორგანიზაციას არ წარმოადგენს და თუ ვინმემ იცის, რა არის ან ნანახი აქვს, მასაც ძალიან აინტერესებს და კარგი იქნება, თუ აჩვენებენ.
"დიფ-სეითი" არაფორმალიზებული მმართველია, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს და იღებს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ასეთი ივანიშვილია, მივიდეს ბატონი ფიშერი და ნახოს", - ამბობს ხუხაშვილი. მისი განმარტებით, ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა სწორედ ისე, როგორც ნამდვილ "დიფ სთეითს" შეეფერება, კიდევ ერთი პოლიტიკური გადათამაშება გააკეთა და კამიკაძეც აირჩია კობახიძის სახით. ხუხაშვილის ვერსიით, ივანიშვილი ცდილობს შექმნას იმიტაცია, რომ სცენიდან გადის, მაგრამ რეალურად იწყებს მანევრს დასავლეთისთვის, შიდა აუდიტორიისთვის და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთისთვისაც. ქართულ-ევროპულ და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, "დიფ სთეითზე", "მეგობარ აქტზე", მმართველი პარტიის ახალ კონფიგურაციასა და პროცესების შესაძლო განვითარებაზე ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
- მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესში დამტკიცებული "მეგობარი აქტი", რომელიც საქართველოზე რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის წინააღმდეგაა მიმართული, უკვე სენატშიც შევიდა, "ქართულ ოცნებას" სხვა მანევრი აღარ დარჩა, ამ პოლიტიკური ძალის ერთადერთი არგუმენტია, რომ არსებობს "დიფ სთეითი", რომელიც ტვინს ურევს ამერიკასა და ევროპას, საქართველოს მიმართაც ბოროტი ზრახვები აქვს... ახლა მათი უკანასკნელი სვლა იმ ნარატივის გავრცელებაა, რომ ამ ბოროტ ძალას ტრამპი ხმალამოღებული ებრძვის და თუ დაამარცხებს, სამართლიანობა აღდგება და ა.შ. პილიკოკივით დაზეპირებული აქვთ ეს ყველაფერი და თვეების განმავლობაში ამბობენ ამ სისულელეს.
- თქვით, რომ კობახიძე ივანიშვილმა კამიკაძედ აირჩია. რა იგულისხმეთ?
- კობახიძის დანიშვნა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ. ადრე ბიძინას საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნული ჰყავდა შიგა წრის პირები, პირადი ნდობით აღჭურვილი ე.წ. ქართუს კადრები. დღეს უკვე ბიძინასთან ასოცირებული კადრები ნელ-ნელა გადიან სისტემიდან და კობახიძის გუნდის წევრები მოდიან. ბევრს ჰგონია, რომ ბიძინა ძალაუფლებას თმობს, მაგრამ სინამდვილეში ტაქტიკური თამაში წამოიწყო. მოგეხსენებათ, შეიქმნა გარკვეული ინფრასტრუქტურა ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების პროცესში. ყველა ატრიბუტი მზადაა, კანონმდებლობა, აგენტებთან დაკავშირებით იქნება, პარტიებთან თუ სხვა. ფაქტობრივად, ქვეყანაში უნდა ჩაბეტონდეს ერთმმართველობითი სისტემა თავისი პოლიტიკური, სამოქალაქო, ადამიანის უფლებების შეზღუდვებით. ეს უმწვავესი პროცესია და ბიძინას ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არ უნდა, სამომავლოდ გარკვეული მანევრი სჭირდება, რადგან არ იცის, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ეს პროცესი. შესაბამისად, ის მანევრის საშუალებას იტოვებს სამი მიმართულებით: შიდაპოლიტიკური გაგებით "მოგენატრებათ ბიძინა", დასავლეთის მიმართულებით, თუ აქ განუკითხაობა დაიწყო, ერთადერთია, რომელსაც შეუძლია პროცესი შეაჩეროს, და რუსეთის მიმართულებით - რუსეთი დაინახავს, რომ კობახიძეზე ფსონის დადება სრული სიგიჟეა.
ეს კლასიკური პოლიტტექნოლოგიური სქემაა - როცა იცი, რომ შენი ავტორიტეტი დაცემულია, სცენაზე გამოგყავს შენზე უარესი ფიგურა. ამ შემთხვევაში ეს არის კობახიძე. იდეა მარტივია - საზოგადოებას შეეშინდება ახალი ფიგურის უკონტროლო ძალაუფლებისა და საბოლოოდ მოენატრება ის ძველი - ამ შემთხვევაში, ბიძინა. მან სუფთად დაიბანა ხელები და შექმნა სივრცე, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში ის რჩება თამაშში, ან როგორც უკან დაბრუნებული "მხსნელი", ან როგორც ჩრდილოვანი კონტროლის მფლობელი.
- ცოტა ხნის წინ "ფეისბუკის" გვერდზე დაწერეთ, რომ თითქოს კობახიძის ჯგუფი ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობაზე დაეყოლიებინა.
- ჩემი აზრით, კობახიძე და მისი ამფსონები ძალიან დააფრთხო მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის მთლიანად "შეტენამ". ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როდესაც მათ მამაძაღლობაზეც კი ბიძინას ეხოცებოდა ხელი. ამიტომ ცდილობდნენ, ბიძინა კიდევ ერთხელ გაეხადათ ლეგიტიმაციის რგოლი. აშკარად აშინებთ სრული პასუხისმგებლობის აღება, ივანიშვილმა კი ძალიან გონივრულად იმოქმედა - თითქოს თავისიანებიც მოიშორა... გომელაური დარჩა დროებით, მაგრამ ისიც წავა. ეს მანევრი ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ კობახიძის ჯგუფი იძულებულია ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს, მათ შორის მარცხიც. შეიძლება ითქვას, რომ ბიძინამ პროცესებისგან ხელი დაიბანა და ირაკლი კობახიძეს "საბელი დაუგრძელა". ვფიქრობ, კობახიძე და მისი ამფსონები ხვდებიან, რომ ეს ბიძინას ტაქტიკური თამაშია და ისიც იციან, რომ ფინალში კარგი არაფერი ელოდებათ.
- როგორ წარმოგიდგენიათ, დასავლეთი და რუსეთი როგორ კითხულობენ ამ შიდაპოლიტიკურ თამაშს?
- დასავლეთისთვის ივანიშვილი, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, შესაძლოა ერთ მომენტში ისევ გახდეს "მოთხოვნადი". მათ მშვენივრად ესმით, რომ თუ პროცესები საქართველოში სრულიად უკონტროლო გახდა, ერთადერთი, ვისაც მათი ჩაწყნარება შეუძლია, ისევ ბიძინაა. რაც შეეხება რუსეთს, მათთვის კობახიძე უფრო იაფი და კომფორტულია, მაგრამ არასაიმედო, ივანიშვილი კი ძვირია, ამბიციებიც აქვს, მაგრამ კრიზისისას ისევ მას მიუკაკუნებენ.
- ამ დროს სად არის ოპოზიცია?
- არ ვიცი, მეც ეს მაინტერესებს. ბოლო სამი თვეა არც ერთ მათგანთან, მათ შორის, არც სალომე ზურაბიშვილთან არ მისაუბრია. აზრი არა აქვს და იმიტომ...
- ზოგიერთი თქვენი კოლეგა ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიცია შეკრულია ხელისუფლებასთან და მათ შორის ზოგი რუსეთის აგენტია. რამდენად სერიოზულია ეს ბრალდებები?
- ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ ვიღაც იყოს გარიგებული, ვიღაც დაშანტაჟებული, ვიღაც შეშინებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიები სისტემურად გარიგდნენ ხელისუფლებასთან. ყოველ შემთხვევაში, ბარიერგადალახულ ოთხ მთავარ ოპოზიციურ ცენტრთან დაკავშირებით ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუმცა ჩანერგილები იქაც შეიძლება იყვნენ.
- უნდობლობა უკვე აქტივისტებშიც გაჩნდა. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე პროცესს გაეთიშა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვერ იქნება იმ თამაშის მონაწილე, რომელსაც პროტესტი არსად მიჰყავს. ეს ყველაფერი იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ პროტესტი მინავლდა?
- არავითარ შემთხვევაში. შეიძლება საპროტესტო მოძრაობაში ცვლილებებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი სრულდება. პროტესტი არსად მიდის. შეიძლება დასუსტდეს, დროებით სამზარეულოში დაბრუნდეს, მაგრამ შემდეგ ისევ გამოვა ქუჩაში. მას, უბრალოდ, ახალი ლოკაცია და ფორმა ექნება. ამიტომ არის აუცილებელი, რომ გაჩნდნენ ისეთი ლიდერები, რომლებიც ამ უკმაყოფილებას გააერთიანებენ და სამზარეულოებიდან ისევ გარეთ გამოიყვანენ ხალხს.
- შესაძლებელია ლიდერი სწორედ ამ ქუჩის პროტესტიდან გამოიკვეთოს?
- რა თქმა უნდა. მოთხოვნა რომ არსებობს, მიწოდებაც აუცილებლად გაჩნდება. პარტიები, რომლებიც ლოგიკურად უნდა იყვნენ პროცესის ლიდერები, ამას ვერ ახერხებენ. მხედართმთავრის გარეშე ომს ვერავინ მოიგებს, ამიტომ, ადრე თუ გვიან, ხალხი ახალ ლიდერებს აირჩევს.
- "ფეხი არ დაუცდეთ" - ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე სხვა "ნაციონალების" მიმართ", - თქვა პრემიერმა კობახიძემ 26 მაისთან დაკავშირებით. როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს ამ დღეზე და რამდენად შესაძლებელია, რომ 26 მაისი მართლაც იქცეს გარდამტეხ მოვლენად?
- განსაკუთრებულს არაფერს ველი, 26 მაისს შეიძლება იყოს დიდი აქცია, მაგრამ მთავარი კითხვაა მერე რა? შეკრებილები ვიქნებით და მერე დავიშლებით? კობახიძისგან მუქარა მოსალოდნელი იყო. ეს მათი რიტორიკაა ხალხის შესაშინებლად.
- ვთქვათ, პროტესტმა ნაყოფი გამოიღო და ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხების რა რესურსი აქვს?
- ეს რთული კითხვაა. ლეგიტიმაციის პრობლემა მარტო ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასაც აქვს. წინა არჩევნებზე ხალხმა ოპოზიციას ხმა მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ ევროპა არჩია და ოპოზიცია მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტი იყო. იგივე განწყობაა დღესაც - ხალხს არც ხელისუფლება უნდა და არც არსებული ოპოზიცია. ეს საერთო-პოლიტიკური სპექტრის სუსტ მხარეზე მიუთითებს.
ხათუნა ბახტურიძე