კულუარული დიპლომატია - ანუ რა ილაპარაკეს საქართველოს შესახებ რუბიომ და პუტინმა?! - კვირის პალიტრა

კულუარული დიპლომატია - ანუ რა ილაპარაკეს საქართველოს შესახებ რუბიომ და პუტინმა?!

რა არის "მეგობარი აქტი" - საქართველოსთვის მხარდაჭერის გზავნილი თუ აშშ-ის პოლიტიკური ზეწოლა? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი მირიან­ მირიანაშვილი გვესაუბრა.

- ეს აქტი თავიდანვე განიხილებოდა როგორც ამერიკის ადმინისტრაციის ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთის გავლენის შეჩერებას ემსახურება საქართველოში. ამერიკელებს აშკარად აღარ მოსწონთ მისი გაძლიერება და გადაწყვიტეს, საკითხზე მკვეთრი და ოფიციალური რეაგირება მოეხდინათ. ეს აქტი თითქოს რეზოლუციის ფორმატში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ კანონპროექტად იქცა, რაც პროცესს მეტ სერიოზულობას სძენს. საქართველოს ხელისუფლება ისჯება არა ავტორიტარიზმისთვის (ამას ამერიკელი ელიტა პოსტსაბჭოთა სივრცეში ხშირად ითმენს), არამედ პრორუსული კურსისთვის. განვიხილოთ თუნდაც ალიევის რეჟიმი, რომელიც გაცილებით ავტორიტარულია, მაგრამ ამერიკას მსგავსი მასშტაბის პრეტენზიები არ გამოუთქვამს მის მიმართ. ესეც ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული გავლენის მძევლად აღიქმება.

- ამ კონტექსტში საინტერესოა, როგორი­ იქნება რუსეთის რეაქცია.

- რუსეთი საჯარო სივრცეში არ აღიარებს, რომ გავლენა აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე, შესაბამისად, ვერც საჯარო პასუხს გასცემენ ამერიკელებს. რეაქცია იქნება კულუარული - სწორედ ასე მოხდა,­ მაგალითად, 10 დღის წინ, როდესაც­ პუტინი მარკო რუბიოს დაუკავშირდა. პუტინმა გაარკვია, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება­ - ყირიმის რუსეთისთვის გადაცემის კონტექსტით, რუბიომ ჩაშალა. როგორც ამბობენ, საუბარი­ შეეხო საქა­რთველოსაც. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ცნობილი გახდა რუბიოს სიტყვები,­ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არ არსებობდა არც ერთი შეთანხმება, რომელიც რუსულ პოლიტიკურ გავლენას საქართველოს ტერიტორიაზე შეეგუებოდა... თუ პუტინი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს საზღვრის გადმოწევა მათთან არ იყო შეთანხმებული და ამერიკელებმა ის მოატყუეს, რუბიო ამბობს, რომ არც საქართველოში რუსული პოლიტიკური გავლენის გავრცობის შესახებ შემდგარა შეთანხმება.

ჩვენი ხელისუფლება რეაგირებს მხოლოდ შიდაპოლიტიკური ჭრილიდან და არ ცდილობს ამერიკასთან მედიაციის ან დიალოგის ინსტიტუციურ გზებზე გადასვლას.­ ორი თვეა, რაც კონგრესში განიხილავენ რეზოლუციებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, მაგრამ ქართუ­ლი მხარისგან არ ჩანს არც საჯარო დისკუსიის ცდა, არც ინსტიტუციური მიმართვები კონგრესში ან სენატში. ეს პასიურობა ამერიკელებისთვის მორიგი სიგნალია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს და არც შეუძლია რუსეთისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს საგარეო პოლიტიკურ კონტურებზე.

კანონპროექტის ავტორებს შორისაა ლინდსი გრემი. მისი მონაწილეობა მიუთითებს, რომ საკითხს პოლიტიკური სიმძიმე აქვს. ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. გრემმა და რუბიომ ერთად მოამზადეს ეს კანონი და მისი დაჩქარებული განხილვა სენატშიც სწორედ გრემის გავლენით გახდა შესაძლებელი.­ ერთ თვეში გაიარა ყველა ეტაპი და უკვე რეგისტრირებულია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სანამ რუბიო თავის ვიზას არ ადებდა­ აქტს, მანამდე კულუარული მოლაპარაკება მიდიოდა რუსეთთან. როცა მოლაპარაკება­ ვერ შედგა, რუბიომ კანონს ვიზა დაადო და ამან განაპირობა პროცედურების დაჩქარება.

- რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება?

- იმიტომ, რომ რუსეთისთვის საქარ­თველოზე პრეტენზიებზე უარის თქმა ნიშნავს რეგიონიდან სრულმასშტაბიან გასვლას. როგორც ჩანს, რუსეთი­ ძალიან ბევრს ითხოვს­ საქა­რთველოდან გასვლის სანაცვ­ლოდ. რა შეიძლებოდა მოეთ­ხოვათ რუსებს ამერიკელებისგან, ამაზე ბევრი ვერსია ვრცელდება. ამბობენ, რომ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკება ლავროვისა და რუბიოს დაპირისპირებით დაიწყო სტამბოლში. იქიდან მოყოლებული, ვიდრე კონგრესში "მეგობარ აქტს" მიიღებდნენ, ორი თვე გავიდა. ეს ორი თვე სავსე იყო საქართველოს შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებით. რომ არა ლინდსი გრემი, "მეგობარი აქტი" ვერ გადაიქცეოდა კანონად. გრემმა პირადად აიღო ინიციატივა და ეს უკვე მიუთითებს, რომ მოლაპარაკების ეტაპზე სერიოზული ვაჭრობა იყო.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- იმიტომ, რომ გრემი და რუბიო თით­ქმის ათი წელია თანამშრომლობენ. თუ რუბიოს დაწყებულ მოლაპარაკებას მოჰყვა გრემის აქტივობა, ეს ნიშნავს, რომ კონგრესში აქტის კანონად გადაქცევა სწორედ ამ თანამიმდევრობით მოხდა. საინტერესოა, როცა ვხედავ, როგორ ლანძღავენ უილ­სონს - ადამიანს, რომელიც გრემის გავლენიან ფიგურად ითვლება. უილსონი სამხრეთკაროლინელია, გრემის შტატიდან, და, ფაქტობრივად, მისი გუნდის წევრია. მისი ლანძღვა ნიშნავს, რომ კრიტიკოსებს ამერიკის შიდა პოლიტიკის არანაირი გაგება არა აქვთ.

- რას ითხოვდა რუსეთი?

- არ არის გამორიცხული, რუსეთი საქართველოზე გავლენის შესუსტების სანა­ცვლოდ უკრაინაში რაღაცას ითხოვდა, მაგრამ ეს ისეთი სპეციფიკური ინფორმაციაა, სავარაუდოდ, საჯაროდ არასდროს გახდება­ ცნობილი.

- "ოცნება" დროის მოგებას ცდილობს?

- სამი დროითი ლიმიტი აქვთ: პირ­ველი­ - სანამ სენატში არ განიხილავენ კანონპროექტს; მეორე - სანამ სენატი მას ტრამპს გადასცემს და სანამ ტრამპი ხელს მოაწერს; და მესამე, როცა უკვე ხელმოწერილი კანონი შევა ძალაში, ამერიკის ადმინისტრაციას 45 დღე აქვს აღსრულების ღონისძიებების დასაწყებად. ახლა მთავარია, გამოიყენებს თუ არა "ოცნების" ხელისუფლება ამ ლიმიტს, და თუ გამოიყენებს, როგორ. ამერიკელების შეფასებით, საქართველოს საგარეო კურსზე საბოლოო სიტყვა რუსეთს ეკუთვნის, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კი აღარ აღიქვამენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად, არამედ კრემლის გადაწყვეტილებების შემსრულებლად. ეს უდიდესი დისკრედიტაციაა ქვეყნის ინსტიტუციებისა და რეჟიმისთვის.

გასაგებია, რომ "ოცნება" ევროპელი ლუზერი პოლიტი­კოსების კრიტიკულ განცხადებებს უგულებელყოფს, მაგრამ წარმოუდგენელია იგივე პოზიცია დაიკავო ლინდსი გრემისა და მარკო რუბიოს მიმართ! ორივე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი ბირთვია. გრემი და რუბიო მართავენ მედიასაშუალებებს, სპონსორებს, ანალიტიკურ ცენტრებსა და გავლენიან ფინანსურ ჯგუფებს.

- "ოცნება" ამას ვერ აცნობიერებს?

- ვერ აცნობიერებს. მათ გრემისა და რიგითი ევროპარლამენტარის განცხადებებზე ერთი და იგივე რეაქცია აქვთ, ეს კი ამერიკის წამყვანი ფიგურებისთვის შეურაცხმყოფელია. ასეთი შეუგნებლობა დიდ პოლიტიკურ ხარჯად უჯდებათ.

- ოპოზიციაში თუ გეგულებათ პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ რეალობას ადეკვატურად აფასებს?

- ვწუხვარ, რომ არა. ასე რომ იყოს, ამერიკელი პოლიტიკოსები ოპოზიციასთან დაიჭერდნენ საქმეს... ამერიკელებს ძალიან სერიოზული ბრალდებები აქვთ ქართული ოპოზიციის მიმართ - ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული და მმართველი ძალის მსგავსად მოსკოვიდან იმართება. ამიტომაც განიხილავენ საქართველოს საკითხს რუსებთან და არა შიდაპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. თუმცა არა მგონია, ეს მთელ ოპოზიციაზე ვრცელდებ­ოდეს. ამერიკელები არც ოპოზიციასთან და არც მმართველ ძალასთან თანამშრომლობას არ მიიჩნევენ პრიორიტეტად, ვიდრე რუსეთთან არ შეთანხმდებიან საქართველოს საკითხზე. ისინი მსჯელობენ ისეთ მოდელზე, რომლის მიხედვითაც უნდა დალაგდეს შიდაპოლიტიკური ვითარება. მაგალითად, განიხილება ბულგარეთისა და რუმინეთის ვარიანტები: როდესაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, მაგრამ ამერიკელებმა თავად რუსებს მიაღებინეს ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც რუსული გავლენა ამერიკულით შეცვალა. მსგავსი რამ მოხდა ყაზახეთსა და ყირგიზეთშიც, სადაც ჩინეთმა რუსული გავლენა რუსების დახმარებითვე აღმოფხვრა და შემდეგ თავად შევიდა მათ შიდაპოლიტიკურ სივრცეში. რაღაც მსგავსს შეიძლება ველოდოთ საქართველოშიც.

გასაანალიზებლად უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად ვისთან აწარმოებენ ამერიკელები მოლაპარაკებას რუსეთში საქართველოს თემაზე. ცნობილია, რომ მოლაპარაკებაში ჩართულია პროამერიკული ჯგუფი უშაკოვისა და ნარიშკინის ხელმძღვანელობით. მათ შორის არის ლავროვიც, რომელიც აშკარად ანტიამერიკულ პოზიციაზეა. სავარაუდოდ, "მეგობარი აქტის" ყველაზე აგრესიული ნაწილი სწორედ ლავროვისა და მისი ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, პატრუშევის წინააღმდეგაა მიმართული. უშაკოვის დაჯგუფება მზად არის ბევრ საკითხზე დათმობაზე წავიდეს გლობალური სტაბილურობის სანაცვლოდ, მაშინ როდესაც ლავროვი და პატრუშევი უფრო ჩინურ ორიენტაციას ირჩევენ. ასე რომ, საქართველოს საკითხის დაჩქარებული გადაწყვეტა დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, მოახერხებენ თუ არა ლავროვისა და პატრუშევის ჯგუფის ოლიმპიდან ჩამოშორებას. ამ შემთხვევაში საქართველოს მომავალი გადაწყდება არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური პროცესებით, არამედ რუსეთის შიდა ძალთა ბალანსითაც.

ხათუნა ბახტურიძე