პაპი, ტრამპი და ჩინური „კროსვორდი“ - კვირის პალიტრა

პაპი, ტრამპი და ჩინური „კროსვორდი“

გასულ კვირას მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ის იყო, რომ რომის პაპი 69 წლის რობერტ პრევოსტი გახდა - ლევ მეთოთხმეტე. ის პირველი პაპია აშშ-დან (და საერთოდ, ჩრდილოეთ ამერიკიდან), თუმცა წლების განმავლობაში პერუში ცხოვრობდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. ბრიტანულმა მედიამ ახალი პაპი ასე დაახასიათა: "ის კანდიდატებს შორის არ იყო აშკარა ფავორიტი, თუმცა ყველას იცნობს, 30 წელი მისიებში გაატარა, ფლობს რამდენიმე ენას. კარგად ესმის ამერიკის სპეციფიკის - ეს კი ტრამპის­ ეპოქაში მნიშვნელოვანია". მისი შეხედულებები პაპ ფრანცისკეს შეხედულებებს ემთხვევა.

ლევ მეთოთხმეტე ჩიკაგოში დაიბადა, თუმცა კარიერის დიდი ნაწილი პერუში გაატარა - ჯერ მისიონერი იყო, შემდეგ კი არქიეპისკოპოსი გახდა. 2015 წელს მან პერუს მოქალაქეობა მიიღო და 2023 წლამდე ქალაქ ჩიკლაიოში ეპარქიას ხელმძღვანელობდა. თუმცა შემდეგ პაპმა ფრანცისკემ ის ვატიკანში გადაიყვანა.

რომში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მომავალმა რომის პაპმა თქვა: "მე თავს ისევ მისიონერად ვთვლი. ჩემი, ისევე როგორც ყველა ქრისტიანის მოწოდებაა, ვიყო მისიონერი, ვიქადაგო სახარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში". იმავე ინტერვიუში ის აღნიშნავდა, რომ ეპისკოპოსი უპირველესად მოძღვარი და მრევლთან ახლოს უნდა იყოს და არა მენეჯერი. მისი თქმით, სასახლეში იზოლირებული კი არა, ხალხთან ურთიერთობისთვის ღია უნდა იყოს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ამერიკისთვის დიდი პატივია, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენელი აირჩიეს რომის პაპად. თუმცა უცხოური მედია წერს, რომ პრევოსტს სოციალურ ქსელებში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არაერთხელ გაუკრიტიკებია - განსაკუთრებით მიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებში. მაგალითად, 2018 წელს პრევოსტმა სოციალურ ქსელში დაწერა: "არც ქრისტიანობასთან, არც ამერიკულობასთან და არც მორალთან ახლოსაც კი არ არის ის პოლიტიკა, როდესაც მშობლებს ბავშვებს ართმევენ და მათ გალიაში სვამენ. ეს ჩვენი სახელით კეთდება და ყველა ჩვენგანის სირცხვილია".

კიდევ ერთ პოსტში მომავალი პაპი სვამდა რიტორიკულ შეკითხვას - ხედავს თუ არა ამერიკის ადმინისტრაცია იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც არალეგალურ მიგრანტებს ვაშინგტონის პოლიტიკა აგდებს?

2024 წლის თებერვალში კი მომავალი პაპი უკვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს გამოეხმაურა. კერძოდ, ვენსმა მაშინ თქვა: "ქრისტიანული მცნებაა: ჯერ გიყვარს შენი ოჯახი, შემდეგ მოყვასი, შემდეგ საზოგადოება, შემდეგ თანამოქალაქეები, შემდეგ დანარჩენი მსოფლიო".

უკიდურესი მემარცხენე ფლანგიდან ბევრმა ეს მცნება თავდაყირა დააყენა. საპასუხოდ, მომავალმა პაპმა გაიზიარა ერთ-ერთი გამოცემის სათაური: "ჯეი დი ვენსი არ არის მართალი: იესო სიყვარულის დახარისხებისკენ არ მოგვიწოდებდა". აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ლევ მეთოთხმეტესა და ტრამპს, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ამერიკელები არიან, შესაძლოა სამომავლოდ მთლად იდეალური ურთიერთობები არ ჩამოუყალიბდეთ.

რა სურს სი ძინპინს?!

ap25129273809912-1746969737.jpg

გასულ კვირას ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა და 9 მაისს წითელ მოედანზე აღლუმს დაესწრო. მათ ხელშეკრულებებიც გააფორმეს, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, არც ერთი არ არის სამხედრო ხასიათის (თუმცა ეს არ გამორიცხავს საიდუმლო შეთანხმებების არსებობას) და, ძირითადად, ეხება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროსა და კოსმოსში თანამშრომლობას. სი ძინპინმა განა­ცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი ერთად უნდა იყვნენ და აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაისვა­ ის კითხვა, რომელიც ისმის 2022 წლის 24 თებერვლიდან - აირჩია თუ არა საბოლოოდ მხარე ჩინეთმა თუ ეს მორიგი აღმოსავლური დიპლომატიური მანევრებია? უღირს თუ არა ჩინეთს, რომ რუსეთის­ გამო დასავლეთს დაუპირისპირდეს?

იმის შესახებ, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და სი ძინპინმა, "დეილი ტელეგრაფი" წერდა: "რასაკვირველია, მოლაპარაკების დროს, რომელიც ორ ლიდერს შორის კრემლში 8 მაისს გაიმართა, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკრაინას დაეთმო.­ როგორც ცნობილია, რუსეთმა უარყო ყოველგვარი საშუამავლო თუ სამშვიდობო მისია ევროპის მონაწილეობით, თუმცა მასში ჩინეთის მონაწილეობა შედარებით უფრო მისაღები იქნებოდა".

ვან ჰუაიო, გლობალიზაციის კვლევის ჩინური ცენტრის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ჩინეთს სამშვიდობო მისიის შესრულება სურს, რათა აჩვენოს - პეკინი მშვიდობის დამყარებას მხარს უჭერს, მაგრამ თავად ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ასეთ პერსპექტივას განიხილავს. თუმცა ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი კარგად არის დოკუმენტირებული - დრონების ექსპორტით და სამხედრო-საიარაღო ტექნოლოგიების მიწოდებით დაწყებული, სანქციების გადალახვაში დახმარების გაწევით დამთავრებული. უკრაინამ ჩინეთს ბრალი წაუყენა, რომ პეკინი თვალს ხუჭავს ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე საომარ მოქმედებებში რუსეთის დასახმარებლად.

ენერგეტიკულ სფეროში არსებული უთანხმოებიდან აღსანიშნავია რუსული გაზის ექსპორტის ღირებულება მილსადენ­ "სილა სიბირი-2"-ით. ჩინეთი ითხოვს ისეთ ფასს, რომელიც რუსეთში მოქმედებს, მოსკოვმა კი უარი თქვა. ევროპული ბაზრიდან­ წამოსვლის შემდეგ "გაზპრომი" უკვე წამგებიან კომპანიად გადაიქცა და თუ ჩინეთსაც გაზს დაბალი ფასებით მიაწვდის, კიდევ უფრო დაზარალდება. მოკლედ, სიტუაცია ადგილიდან არ იძვრის. ზოგადად, ჩინეთსა და რუსეთს ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა აკავშირებთ, მაგრამ ექსპერტების აზრით, ამჟამინდელი ბალანსი პეკინის სასარგებლოდ არის გადახრილი.

მეთიუ სასექსის აზრით, რომელიც ექსპერტია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების კვლევაში, ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი აქტივიც არის და პასივიც ჩინეთისათვის­ - იმ ქვეყნისთვის, რომელიც თავს იკავებს­ მისგან ათასი კილომეტრის დაშორებით მიმდინარე ომში მონაწილეობისაგან. პეკინს­ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში არანაირი მნიშვნელოვანი ინტერესები არა აქვს და არც ტერიტორიული პრეტენზიები.

სი ძინპინი, როგორც ჩანს, მოსკოვში­ თავისი დღის წესრიგით არის ჩასული - უპირველეს ყოვლისა, მას აინტერესებს სავაჭრო ომი აშშ-თან და დამოკიდებულება დონალდ ტრამპთან, რომელიც ხშირად აცხადებს ხოლმე, რომ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპს შურს პუტინის ავტოკრატობა ანუ აშშ-ის პრეზიდენტს რუს კოლეგასავით მბრძანებლობა უნდა, მაგრამ არ შეუძლია. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდები "ნიქსონის მოქმედების" საწინააღმდეგო სცენარის თაობაზე, რომლის მიხედვით, თუ ადრე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩინეთის ლიდერ მაო ძედუნის გადაბირებას ცდილობდა რუსეთის (საბჭოთა­ კავშირის) წინააღმდეგ, ახლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს ვლადიმირ პუტინის­ გადაბირებას ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის წინააღმდეგ მისი იზოლირების მიზნით. თუმცა ექსპერტები ასეთ სცენარს ნაკლებსავარაუდოდ თვლიან.

ჩინეთს არ სიამოვნებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავება და ის, რომ კორეელი ჯარისკაცები რუსებთან ერთად იბრძვიან უკრაინის ომში. "ჩრდილოეთი კორეა, ტრადიციულად, ჩინეთის უმცროს ძმად ითვლებოდა, ამიტომ ფხენიანის მოსკოვის მხარეს გადასვლა პეკინისთვის ერთგვარი დარტყმაა­ როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მნიშვნელობით".

ზოგადად, ჩინეთის საგარეო პოლიტიკა­ ყოველთვის იყო პრაგმატული და სტრატეგ­იულ მოთმინებაზე აგებული. ის და­ახლ­ოებით ასე ჟღერს - ისე უნდა ჩაიხუტო გულში, რომ მოგუდო. თქვენი მონა-მორჩი­ლის სუბიექტური აზრით, პეკინს მხარე­ არ აურჩევია და ის მოქმედებს პრინციპით - რაც უფრო დიდხანს იომებენ ერთმანეთთან, მით უფრო დასუსტდებიან და პეკინს უფრო გაუადვილდება საკუთარი სტრატეგიული ამოცანების შესრულება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პეკინის მიდგომა ასეთია - იომონ, მაგრამ არც ერთმა არ გაიმარჯვოს.

უკრაინაში მიმდინარე ომი ასუსტებს ყველა იმ მხარეს, რომლებიც ამ კონფლიქტში მეტ-ნაკლებად არიან ჩართული. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთს, რომე­ლსაც წელს ბიუჯეტში უკვე 200%-იანი დეფიციტი აქვს. ასე დამთავრდება ეს ომი თუ ისე, რუსეთი იმდენად გამოფიტული იქნება,­ რომ კარგა ხანს გლობალურ არენაზე­ არაფრის თავი არ ექნება (დიდ ქვეყნებს ვგულისხმობთ, თორემ საქართველოს მსგავი­ პატარა ქვეყნებისთვის ყოველთვის საფრთხედ დარჩება). ეს ომი, რა თქმა უნდა, ასუსტებს ევროპასაც, რადგან უწევს მილიარდობით­ დოლარის დახმარების გაწევა უკრაინისთვის. გარდა ამისა,­ ბებერ კონტინენტზე სამხედრო ხარჯების გაზრდა ემუქრება იმ კომფორტის ზონას, რომელშიც ევროპელები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცხოვრობენ. ეს ომი ასუსტებს ამერიკასაც - მასაც უწევს სამხედრო და ფინანსური დახმარების­ გაღება. კი ბატონო, ტრამპმა ეს პროცესი "დაამუხრუჭა" და უკრაინასთან­ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით ხელშეკრულებაც გააფორმა,­ მაგრამ ფაქტია - სანამ ამ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ვერანაირი მინერალების მოპოვება ვერ დაიწყება, ომის დასრულების გასაღები კი პუტინის ხელშია. ბოლო თვეებში საბოლოოდ გამოჩნდა, რომ კრემლის ბინადარს ომის დასრულება არანაირად არ სურს - საგანგებოდ აყენებს ისეთ პირობებს, რასაც უკრაინა არ დათანხმდება. პირველ რიგში, ვგულისხმობთ მოთხოვნას - რაც არ დამიპყრია, ის ტერი­ტორიებიც გადმომიფორმეთო.

და ამ ფონზე ჩინეთი ელოდება, როდის ჩამოატარებს მდინარე მტრის ცხედარს. რა თქმა უნდა, პეკინს ძლიერი რუსეთი არ აწყობს. თუ დაეხმარება, მხოლოდ იმ დოზით, რომ რაც შეიძლება დიდხანს ეომოს დასა­ვლეთს. პეკინი თავის მეზობელს ამ ეტაპზე ერთგვარ ბუფერულ ზონად განიხილავს­ - რაც უფრო მეტად დასუსტდება რუსეთი, მით უფრო მეტად გახდება ჩინეთზე­ დამოკიდებული. ასევე, რაც უფრო დასუს­ტდება ამერიკის შეერთებული შტატები, მით უფრო მოახლოვდება ის დღე (პეკინის გადასახედიდან), როდესაც ჩინეთი ტაივანის პრობლემის მოგვარებას შეძლებს­. რაც უფრო დასუსტდება ევროპა, მით უფრო გაუადვილდება ჩინეთს მისი ეკონომიკური ექსპანსია.

ჩინეთის დიდ სტრატეგიაში კავკასიას, მათ შორის საქართველოს (2023 წელს ჩვენ შორის სტრატეგიული პარტნიორობის­ ხელშეკრულება გაფორმდა) არცთუ უმნი­შვნელო ადგილი უკავია. რა თქმა უნდა, მისი საბოლოო მიზანია საქართველოში და მთლიანად რეგიონში მყარად ფეხის მოკიდება - პირველ რიგში, ფინანსებითა და ინვესტიციებით. თუ ჩინეთმა­ აქ ფეხი მყარად მოიკიდა, რა თქმა უნდა, დასავლური ინტერესები უკან დაიხევს. თუმცა იმავე ბედს გაიზიარებს რუსეთის ინტერესებიც.

ამ სცენარის შემთხვევაში რა ელის საქართველოს, ეს უკვე ცალკე სტატიის თემაა.

გიორგი კვიტაშვილი