„დღეს ჩინეთი ძალიან მომგებიან პოზიციაშია“ - კვირის პალიტრა

„დღეს ჩინეთი ძალიან მომგებიან პოზიციაშია“

მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად ოთხი დღით ჩასულმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი უნდა იყვნენ "ნამდვილი ფოლადის მეგობრები, ნაწრთობი ასობით განსაცდელით". მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს, პუტინს მოკავშირე უწოდა ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში და დღეს რაც ძალიან­ მნიშვნელოვანია, დაადასტურა რუსეთთან საერთო პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით. მისი და პუტინის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კონფლიქტი უკრაინაში შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ "მისი საწყისი მიზეზების დადგენის გზით", ეს კი იმ მხრივ არის საინტერესო, რომ ფაქტობრივად იმეორებს პუტინის ნარატივს ომთან დაკავშირებით.

სი ძინპინი და პუტინი ერთმანეთს შეჰპირდნენ გაძლიერებულ კოორდინაციას ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო, და რომ "მტკიცედ აღუდგებიან წინ ჩინეთსა და რუსეთთან დაკავშირებულ ვაშინგტონის ორმაგი შეკავების კურსს". გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციიIთ, შეთანხმდნენ, რომ პირადად მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო მოცულობების ზრდაში 2030 წლამდე.

ცხადია, ეს ვიზიტი სიმბოლურად და სტრატეგიულად უკავშირდება რუსეთის საერთაშორისო იზოლაციასა და დასავლეთთან დაპირისპირებას. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა "სამართლებრივი და ყველა მხარის მიერ მიღებული სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობას". აშკარაა, ჩინეთი ცდილობს დაიმკვიდროს თავი როგორც ომის არაპირდაპირი გავლენის მქონე შუამავალმა, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს კავშირს როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან. მის ამ ცდას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი პერსპექტივა, ასევე უარყოფითი შედეგები. დადებით მოლოდინში შეიძლება გამოვყოთ ის, რომ ჩინეთის გაძლიერებული ჩართულობა შეიძლება გახდეს ზეწოლის ბერკეტი რუსეთისთვის, რათა განიხილოს რეალური შეთანხმების პერსპექტივა და შეწყვიტოს აგრესია უკრაინაში. გარდა ამისა, ჩინეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა, ფაქტობრივად, მეორე ეკონომიკამ, შეიძლება მოახდინოს გავლენა საერთაშორისო ფორმატებზე, რაც საჭიროებს ახალ სამშვიდობო ფორმატს უკრაინის საკითხზე. ამ პერსპექტივით, ცხადია, ჩინეთის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. მეორე მხრივ, სარგებლის მომტანი იქნება ჩინეთისთვისაც, თუკი ის შეძლებს წარმატებით იმოქმედოს შუამავლის როლში. ეს გააძლიერებს­ მის, როგორც გლობალური მშვიდობის არქიტექტორის საერთაშორისო სტატუსს. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ომის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სტამბოლის შეთანხმება ვერ შედგა, ჩინეთი სამშვიდობო გეგმის ინიციატივით გამოვიდა. მართალია, მაშინ ეს არც განხილულა და ითქვა, რომ გეგმა ძალიან ზოგადი იყო, მაგრამ ფაქტია, ჩინეთმა სამშვიდობო პროცესში ინიციატორის როლის თამაში მაშინვე გადაწყვიტა.

მეორე მხრივ, ამ პერსპექტივას უარყოფითი მხარეებიც აქვს. უპირველესად კი ის, რომ სი ძინპინის ვიზიტი მოიაზრება როგორც სიმბოლური მხარდაჭერა რუსეთისთვის, რასაც დასავლეთი აღიქვამს მორალურ თანაზიარობად აგრესორთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად განცხადებებისა, ჩინეთის ეკონომიკური ინტერესი რუსეთთან ვაჭრობაში და ენერგორესურსებზე წვდომა ამცირებს მის ნეიტრალიტეტს.

რაც მთავარია, ჩინეთის როლის გაძლიერებამ შეიძლება შექმნას პარალელური დიპლომატიური სივრცე, რომელიც დაასუსტებს დასავლურ ინიციატივებს და გააღრმავებს გლობალურ ბლოკურ დაყოფას, ეს კი ამერიკის ინტერესებს არ პასუხობს ჩინეთთან დაკავშირებული ტრამპის გაცხადებული პოლიტიკიდან გამომდინარე.

რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო შეთანხმების პროცესში დღეს ყველაზე არსებითია ამერიკის როლი და გეგმა, რომელიც, ფაქტობრივად, გაჩერებულია, ევროპა-უკრაინის გეგმაზე კი ამერიკას ჯერ საჯაროდ პოზიცია არ დაუფიქსირებია. გასაგებია, რომ ამ სცენარით მუშაობა ძალიან გაჭირდება არა მხოლოდ ამერიკის, არამედ რუსეთის პოზიციების გამოც. თუმცა პოზიტიურ მოლოდინს ქმნის ის, რომ უკრაინამ და აშშ-მა უკვე მოაწერეს ხელი მინერალების შესახებ შეთანხმებას.

ფაქტია, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთისა და აშშ-ის მოქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ომის მოგვარების ცდას, არამედ გლობალური ძალაუფლების რესტრუქტურიზაციის პროცესს. ჩინეთის ჩართულობა გლობალურ საკითხებში ნეიტრალური სტაბილიზატორის სტრატეგიული პოზიციონირებაა, ხოლო აშშ ცდილობს თავისი სამხედრო და ეკონომიკური წონის გამოყენებით მართოს პროცესი დასავლური წესრიგის ფარგლებში.

თუ ჩინეთი და აშშ მოახერხებენ შეთანხმებაზე ერთობლივ ზეგავლენას, შესაძლებელია შედარებით ნეიტრალური, ე.წ. გაყინული კონფლიქტის ფორმულის მიღება, რომლის მეშვეობითაც დროებით შეწყდება სისხლის ღვრა. თუმცა, თუ ეს პროცესი იქცევა გავლენის ზონების მიხედვით გადანაწილების ცდად, მაშინ დიდი რისკია, რომ ეს ომი გახდეს პრეცედენტი ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირებისთვის, რაც დააზიანებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთი ოფიციალურად აცხადებს "სტრატეგიულ ნეიტრალიტეტს", თუმცა პრაქტიკაში იყენებს ორმაგ პოლიტიკას - ერთი მხრივ, მხარეებს მოუწოდებს სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ, არ აწვდის პირდაპირ სამხედრო დახმარებას რუსეთს და აფრთხილებს ბირთვული ესკალაციის რისკებზე, ხოლო მეორე მხრივ, აძლიერებს ვაჭრობას რუსეთთან, აწვდის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, აგრძელებს მის დიპლომატიურ მხარდაჭერას გაეროში. ეს სტრატეგია საშუალებას აძლევს ჩინეთს არ დაკარგოს გავლენა რუსეთში და მოიპოვოს იაფი რესურსები; არ დაანგრიოს ეკონომიკური ურთიერთობები დასავლეთთან; წარუდგინოს თავი როგორც გლობალური შუამავალი და პასუხისმგებელი მოთამაშე საერთაშორისო საზოგადოებაში. თუმცა დასავლეთისთვის ეს ორმაგობა აღიქმება როგორც ცინიკური მანევრი, რომელიც ხელს უშლის რეალურ ნეიტრალიტეტს.

რას ემსახურებოდა ჩინეთის ლიდერის მოსკოვში დემონსტრაციული ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები, ამ საკითხზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.

- ჩინეთს აწყობს ის, რაც ხდება. ცინიკ­ურად კი გამოდის, მაგრამ უკრაინაში თუ ომი დასრულდება და მერე ამერიკას საშუა­ლება ექნება ჩინეთზე გადაერთოს, ჩინეთს ეს არ აწყობს, ამიტომ ლოგიკურია, რომ მის ინტერესშია ომის გახანგრძლივება. რუსეთი მასზეა დამოკიდებული, კავშირი მტკიცდება და რატომაც არა? თუ ამ ომით ვინმემ იხეირა, ყველაზე მეტად ჩინეთმა - ეს ფაქტია. ორი ვარიანტია - ან ამერიკას მოუწევს რუსეთთან რაღაცის სერიოზული დათმობა, რათა ომი დაასრულოს, ან ვერ მოახერხებს ამას ფაფხურის მიუხედავად. საბოლოოდ თუ კომპრომისს ვერ მიაღწევენ, რუსეთი და ჩინეთი უფრო დაახლოვდებიან.

- რუსეთს დღეს რომელი უფრო აწყობს?

- რა თქმა უნდა, ომის დასრულება.

- თუ ჩინეთი მის მხარეს არის, რუსეთი რატომ ვერ იღებს იმას, რაც უნდა, რატომ არ შეიძლება ბოლომდე ბრძოლაზე ფიქრობდეს?

- სამხედრო ანალიტიკოსი არა ვარ და არ ვიცი, აქვს თუ არა საშუალება,­ რომ ბოლომდე გავიდეს, მაშინ უნდა ჩამოიშალოს უკრაინის ფრონტი, მაგრამ ჯერ ამის საფრთხე არ დგას. თუ ეს ომი ამ ტემპითა და ამ დანაკარგით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს რისკი უკრაინისთვის უფრო გაიზრდება, რადგან ნაკლები ცოცხალი ძალა ჰყავს.

- თუ ამერიკამ გააძლიერა დახმარება, თუ ევროპამაც მეტი საშუალება გამოძებნა?..

- ცოცხალი ძალა ცოცხალი ძალაა და ამაში ვერავინ დაეხმარება. ეს ხომ ფაქტია? ამიტომ ეს გადამწყვეტი იქნება, რუსეთს კი ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა.

- დღევანდელი მოცემულობა ამერიკისთვის რა დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა?

- ეს ომი მალე არ მორჩება, მაგრამ ამერიკას მისი გაგრძელება არ აწყობს, რადგან ის ისევ და ისევ ჩინეთს აძლიერებს.­ შესაბამისად, არ ვიცი, რამდენად რეალურია ის, რაც რუბიომ დაიმუქრა, საერთოდ გავალთ და მივატოვებთ ამ პროცესსო. თუ ეს გულისხმობს უკრაინის მიტოვებას, მაშინ გასაგებია, რომ ომი დასრულდება უკრაინისთვის არცთუ კარგი პირობებით. მაშინ ყველაფერი ბაიდენს უნდა დააბრალონ, თქვან, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ხელები დაგვიბანიაო. ცხადია, ევროპას ეს არ მოეწონება და ევროპისა და ამერიკის ურთიერთობა დაიძაბება, რაც დიდ დანაკარგს ნიშნავს. ეს ერთ-ერთი სცენარია.

- გასაგებია, რომ ბაიდენს დააბრალებენ, მაგრამ რამდენად აწყობს ტრამპს თუნდაც საკუთარი მიზნების მისაღწევად?

- ეს ტრამპისთვის არ არის კარგი სცენარი, მაგრამ მისი ადმინისტრაცია მაინც ფოკუსირებულია ჩინეთის შეკავებაზე და შესაბამისად, ომის გაგრძელება არ აწყობს, იმიტომ, რომ ამით ჩინეთი ხეირობს. მისთვის ახლა ეს მთავარი საკითხია, რომ არ გაძლიერდეს ჩინეთი, ეს ომი მას აძლიერებს.

- სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა როგორია? ჩავთვალოთ, ამერიკა რჩება პროცესში, ეხმარება­ კიდეც უკრაინას და პარალელურად მუშაობს ომის დამთავრებაზე. ის გეგმა, რაც ევროპა-უკრაინამ შესთავაზა, ამერიკისთვის რამდენად ხელსაყრელია?

- წარმოუდგენელია, ეს გეგმა შეთანხმების საფუძველი გახდეს. ამ მოლაპარაკებებში მთავარი მოთამაშეები ამერიკა, რუსეთი და უკრაინა არიან. ევროპა-უკრაინის გეგმაში ძირითადად ლაპარაკია სურვილებზე და ევროპა რით უნდა დაეხმაროს?

- სამშვიდობო გეგმის ჩინეთის ვერსიის გაცოცხლება შესაძლებელია?

- ჩინურიც ძალიან ზოგადია. ამერი­კე­ლებს­ ჯერ სურთ თვითონ მოაგვარონ ეს საკითხი, თუკი ვერ შეძლეს, არ არის გამორიცხული, მართლაც მოუწიოთ რაღაც დონეზე ჩინეთის ჩართვა, თუ ძალიან უნდათ ამ ომის დასრულება. თუ ასე მოხდება, მერე მოუწევთ ჩინური სამშვიდობო გეგმიდან რაღაც საკითხების გამოყენება.

- რა გეგმა აქვს ჩინეთს, რა პოლიტიკას­ ატარებს და მიაღწევს თუ არა მიზანს?

- ჩინეთი ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე, მას არავისთან კონფლიქტი არ სურს და დროც მასზე მუშაობს. ჩინეთს თავისუფლად შეუძლია თქვას, მე რა შუაში ვარ, ომი მე არ დამიწყია და რა ვქნა, თუ დაასრულებთ, დაასრულეთ, არადა, ჩემი საქმე არ არისო. დღეს ჩინეთი ძალიან მომგებიან პოზიციაშია.

- თუკი ამერიკა აღიარებს ყირიმს, საერთაშორისო საზოგადოებამ რომც არ აღიაროს, ჩინეთს აწყობს როგორც ძალით მიტაცებული ტერიტორიის აღიარების პრეცედენტის შექმნა?

- მგონი, ამერიკა არ აღიარებს ყირიმს. თუ ომის დასრულება სურს და მის წინადადებას არ ითვალისწინებენ, შეუძლია გავიდეს მოლაპარაკებიდან და თქვას, უჩემოდ შეთანხმდით და დაასრულეთ ეგ ომიო. ამ შემთხვევაში კი გასაგებია ეს ყველაფერი რითიც დასრულდება. ყირიმის აღიარება არაფერში სჭირდება. რომ აღიაროს, რუსეთთან სერიოზული დათმობა იქნება და არ აწყობს. ამიტომ საქმე აქამდე არ მივა.

- მოსკოვში აღლუმზე ჩასულების თუ არჩასულების გადაწყვეტილებები რა პოლიტიკაზე მიუთითებს?

- ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ალიევი არ ჩავიდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მას და პუტინს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არა აქვთ. ცხადია, კომუნიკაცია მათ შორის რაღაც დონეზე არსებობს. აზერბაიჯანს თურქეთის იმედი აქვს და რუსეთი დიდად არ ადარდებს. სამაგიეროდ, ჩავიდა ფაშინიანი, რომელსაც ილუზიები აღარ დარჩა, რომ ევროკავშირში მიიღებენ და ა.შ. ამიტომ სჭირდება რუსეთი, რადგან აზერბაიჯანის ეშინია, ამიტომაც ჩავიდა მოსკოვში. თურქეთი და აზერბაიჯანი რეგიონში მყარად არიან, არავისი არ ეშინიათ. სომხეთს აშკარად ეშინია აზერბაიჯანის, რადგან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმებული არა აქვთ და ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად საჭიროა აზერბაიჯანის გავლენის დაბალანსება ისევ და ისევ რუსეთით, რადგან სხვა გზას ვერ ხედავენ. ევროკავშირში სომხეთს დღეს რომ არ მიიღებენ, გასაგებია, მით უმეტეს, ზღაპარია ნატოში შესვლა, თანაც საქართველოს გვერდის ავლით.

რუსა მაჩაიძე