შესაძლებელია თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანა?! - იურისტის რჩევები
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

მამაჩემი 23 წლის წინ გარდაიცვალა, 2 წლის შემდეგ დედამ გადაიფორმა ყველაფერი, თუმცა არ ჰქონდა ჩემგან მემკვიდრეობაზე უარის თქმის ხელწერილი და ქონება აჩუქა ჩემს ძმას. ჩემთვის არაფერი მოუციათ. ახლა ჩემმა ძმამ გაყიდა მამისეული ქონება და მეუბნება, არაფერი გეკუთვნისო. მაინტერესებს, თუ შემიძლია სავალდებულო წილის მიღება?
- საკმაოდ დიდი დროა გასული მამათქვენის გარდაცვალებიდან, შესაბამისად, დავას აზრი არა აქვს. თქვენ, ისევე როგორც დედათქვენი და თქვენი ძმა, პირველი რიგის მემკვიდრეები იყავით და სამივეს გქონდათ უფლება მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიგემართათ ნოტარიუსისთვის და მიგეღოთ სამკვიდროს კუთვნილი წილი. ვინაიდან დედამ 2 წლის მერე ფაქტობრივი ფლობით გაიფორმა ქონება და მაშინ არ მიედავეთ, სამართლებრივად სრული უფლება ჰქონდა, ვისთვისაც უნდოდა, მისთვის ეჩუქებინა.
უძრავ ქონებას ყადაღა ადევს, მაგრამ ჯერ არ გაუყიდიათ. სად შემიძლია ვნახო როდის გავა ეს ქონება აუქციონზე და შემიძლია თუ არა აუქციონში მონაწილეობა?
- აღნიშნულის შესახებ მიმართეთ აღსრულების ბიუროს იმ აღმასრულებელს, რომელიც ახორციელებს თქვენი საქმის აღსრულებას. უნდა გაიაროთ რეგისტრაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს აუქციონის ვებგვერდზე. შემდეგ აირჩიოთ სასურველი ლოტი, გადაიხადოთ ლოტზე დაწესებულ ლოტში მითითებული საგარანტიო თანხა, საგარანტიო თანხის გადახდის შემდეგ თქვენ უფლება გეძლევათ ღილაკზე „დადება“ დაჭერით დააფიქსიროთ თქვენი ბიჯი, მიუთითოთ თქვენთვის მისაღები რამდენჯერმე გაზრდილი ბიჯი და დააჭიროთ დადებას. ბიჯის გაკეთების შემდეგ აისახება ფასი და სისტემა გიწერთ „თქვენი ბიჯი ბოლოა. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მონაწილე ჩაერთვება აუქციონში და გაგიზრდით თანხას, ბიჯების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო სისტემა დაგიწერთ „თქვენი ბიჯი არ არის ბოლო. „ბიჯების ოდენობაში“ იხილავთ/გაეცნობით მონაწილეთა რაოდენობას და ბიჯების საათობრივ და წუთობრივ თანამიმდევრობას. ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვებს მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. თუ ბიჯის დადება მოხდება აუქციონის ვადის ამოწურვამდე 2 წუთით ადრე, მაშინ აუქციონის დასრულებამდე დარჩენილ დროს ემატება 2-6 წუთი და ასე გრძელდება ვაჭრობის საბოლოოდ დასრულებამდე. თქვენი გამარჯვების შემთხვევაში ვაჭრობის დასრულებისას გამოვა შეტყობინება: „თქვენ გაიმარჯვეთ აუქციონში, ხოლო დამარცხების შემთხვევაში, ,,თქვენ ვერ გაიმარჯვეთ აუქციონში~. როგორც გამარჯვებულ, ასევე დამარცხებულ მონაწილეს ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე გაეგზავნება შესაბამისი შეტყობინება. გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ჩაგეთვლებათ საბოლოო ანგარიშსწორებისას. იმ შემთხვევაში, თუ ლოტზე გაიმარჯვებს სხვა მომხმარებელი, გადახდილი საგარანტიო თანხა უკან დაგიბრუნდებათ.
სოფელში გვაქვს სახლი, რომელიც ამჟამად რეგისტრირებული არავის სახელზე არ არის. სახლი რეგისტრირებული იყო ბაბუაჩემის სახელზე, მაგრამ მამაჩემი 2008 წელს გარდაიცვალა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა ბაბუაც. მე და ჩემი ძმა მაშინ მცირეწლოვნები ვიყავით. იმ დროს ჯერ კიდევ კომლობა იყო და ეს სახლი მის შემდეგ არავის გაუფორმებია. ჩვენთან ერთად ცხოვრობს მამიდა და გვემუქრება, რომ ეს სახლი მისია და მის ძმისშვილებს არაფერი გვეკუთვნის. როგორ მოვიქცეთ, სხვა საცხოვრებელი ჩვენ არა გვაქვს. როგორც ახლობელმა გვითხრა, შეიძლება ჩვენც ვეწეროთ კომლის წევრებად და არ დაგჭირდეს მემკვიდრეობის გახსნა. შევძლებთ თუ არა ადვოკატის გარეშე ამ დეტალების გარკვევას და როგორ შევძლოთ ჩვენი კუთვნილი წილის მიღება?
- პირველ რიგში საჯარო რეესტრში (იუსტიციაში) უნდა გაარკვიოთ, იყავით თუ არა კომლის წევრი თქვენ და თქვენი ძმა. თუ კომლის წევრი არ ყოფილხართ, სამწუხაროდ, სამკვიდრო არ გაიხსნება და ვერ მიიღებთ მამის წილს. ვინაიდან კომლის არსებობის შემთხვევაში, თუ კომლის წევრი 2019 წლემდეა გარდაცვლილი, სამკვიდრო არ იხსნება და კომლის წევრობა გულისხმობს თანამესაკუთრეობის პრინციპს, ამ შემთხვევაში თუ კომლის წევრად მამიდაც წერია, სამკვიდრო გაიხსნება მამიდის გარდაცვალების შემდგომ.
ვცხოვრობდი ქირით მეუღლესა და შვილებთან ერთად. ვართ სოციალურად დაუცველები, ქმარი მოძალადეა და განქორწინების შემდეგ ალიმენტს დააკისრებს თუ არა სასამართლო? არც სახლი აქვს და არც სამსახური. როგორ შეიძლება მივიღო ალიმენტის თანხა?
- ალიმენტის დაკისრების დროს მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის ფინანსური მდგომარეობა. თუ იგი უმუშევარია, სასამართლომ შესაძლოა დააკისროს საარსებო მინიმუმი 200-250 ლარის ოდენობით, მაგრამ რამდენად აღსრულებაუნარიანი იქნება გადაწყვეტილება, ეგ ცალკე საკითხია, ვინაიდან იძულებითი აღსრულების დროს თუ მას არაფერი გააჩნია და ანგარიშზეც არ ერიცხება თანხა, აღმასრულებელი ვერ ჩამოაჭრის ვერაფერს.
როგორც ამბობენ, თუ რეორგანიზაციის მოტივით გაგვიშვებენ სამსახურიდან, საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება. ახალი კანონიდან გამომდინარე, რა საფრთხის წინაშე ვართ საჯარო სამსახურში მომუშავეები და შეგვეძლება თუ არა ბრძოლა სასამართლოში ჩვენი უფლებებისთვის?
- საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია შესაძლოა გახდეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ასევე მნიშნვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო. იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის გამო გაგათავისუფლებენ, თქვენ უფლება გაქვთ სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და ქმედება გაასაჩივროთ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული პირი მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.
მეოთხე წელია მეუღლესთან გაშორებული ვარ. მას შემდეგ ერთხელაც არ უნახავს შვილები და არც ფინანსურად გვეხმარება. სხვა ქალი შეირთო ცოლად. ბავშვები არიან არასრულწლოვნები და ჩემს გვარზე მინდა მათი გადმოყვანა. რა პროცედურების გავლა მომიწევს და დასჭირდება თუ არა ყოფილი ქმრის ნებართვა?
- გვარის შეცვლის უფლება აქვს 16 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს ერთი მშობლის თანხმობით, 16 წლამდე არასრულწლოვნის, ასევე ქმედუუნარიან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ასევე, თუ არასრულწლოვნები არიან 10 წლის ასაკს მიღწეულები, მაშინ საჭიროა არასრულწლოვნის თანხმობაც. თუ ბავშვების მამა გვარის შეცვლაზე უარზეა, უნდა მიმართოთ სასამართლოს.
გვაქვს სოფელში საცხოვრებელი სახლი და მიწა ერთ ჰექტარამდე, რომელიც არის ოფიციალურად გაფორმებული. გაყოლებაზე იყო 500 კვადრატული მიწა, რომელიც თვითნებურად მივიერთეთ და დიდი ხანია ვამუშავებთ, თუმცა ის არ არის ჩვენს სახელზე გაფორმებული. ამჟამად გადავწყვიტეთ გაფორმება, მოვიდნენ ნახეს, რამდენიმე მეზობლის ხელმოწერაც წაიღეს, რომ ეს მიწა ნამდვილად ჩვენია. დოკუმენტაცია, რაც მოითხოვეს, გადავეცით, მაგრამ საბოლოოდ მოვიდა უარყოფითი პასუხი. როგორც გავარკვიეთ, თურმე ერთი მეზობელი ყოფილა წინააღმდეგი. რა შეიძლება გავაკეთოთ? სასამართლოს გარდა სხვა გზა თუ არსებობს?
- უნდა მიმართოთ სასამართლოს და გაასაჩივროთ საჯარო რეესტრის უარი, რადგან აღნიშნულ მიწაზე სხვა პირიც არის დაინტერესებული მხარე.
მე და ჩემს დას საერთო საკუთრებაში გვაქვს მშობლების სახლი. ჩემი და წლებია ემიგრაციაშია. გვინდა ამ ქონების გაყიდვა, ჩემს სახელზე რომ გავაკეთო მინდობილობა და მერე მისი წილი გადმოვიფორმო, შეიძლება? თუ ჯობია რომელიმე ახლობლის სახელზე გავაკეთო ჩემი დის მინდობილობა და მერე მან გამიფორმოს? ამჟამად მფლობელები ვართ ორივე თანაბარი წილით.
- არა აქვს არსებითი მნიშვნელობა მინდობილობას თქვენს სახელზე გააკეთებს თუ ახლობელზე, ასევე შეგიძლიათ დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით თქვენმა დამ მინდობილობა გასცეს თქვენს სახელზე, ხოლო ბინის გაყიდვისას თქვენ უფლებამოსილი იქნებით გაასხვისოთ თქვენი წილიც და დის წილიც ერთდროულად.
წლებია ვმუშაობ კერძო კომპანიაში. ხელფასი არის გამომუშავებით და წელიწადში მხოლოდ 2-კვირიან შვებულებაში გვიშვებენ, რასაც არ გვინაზღაურებენ. არის თუ არა კომპანია ვალდებული შვებულების თანხა აგვინაზღაუროს?
- შრომის კოდექსით გათვალისწინებულია დასაქმებულის უფლება, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით –წელიწადში, სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია აგინაზღაუროთ შვებულება. პირველ რიგში გაეცანით შრომის ხელშეკრულებას, შესაძლოა მსგავს დათქმაზე გქონდეთ ხელი მოწერილი, რომ არ ანაზღაურდება შვებულება. შრომითი ხელშეკრულების ასეთი პირობა ბათილია, რომლითაც ანაზღაურებადი შვებულებით ყოველწლიურად სარგებლობის უფლება დათმობილია ან უარყოფილი. შესაბამისად, შეგიძლიათ მოითხოვოთ შვებულების ანაზღაურება, რაც კანონით გეკუთვნით.
წლების წინ ავაშენე 60 კვადრატული სახლი, შემდეგ მას მივაშენეთ ფართობი, სადაც ახლა მაქვს სააბაზანო, თუმცა არ არის გაფორმებული. როგორ შეიძლება მისი დაკანონება?
- აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ვის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ააშენეთ სახლი, სად მდებარეობს აღნიშნული მიწა. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია სახლის ლეგალიზაცია.
- ვარ 40 წლამდე, ძალიან მჭირდება თანხა და მინდა ჩემი საპენსიო თანხა დავიბრუნო, იქნებ მირჩიოთ ისეთი გზა, რომ შევძლო თანხის გამოტანა.
- დაგროვილი თანხის მიღება შესაძლებელია სამი გზით:
პროგრამული გატანა - ყველაზე გავრცელებული მეთოდი, როდესაც გამოითვლება მონაწილის სიცოცხლის დარჩენილი ხანგრძლივობა და გასატანი თანხა გადანაწილება ყოველწლიურად. მაგალითად, თუ საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღისათვის საშუალო-სტატისტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა 74 წელია, პირის ასაკი - 65 წელი, ხოლო საპენსიო ფონდში იმ დროისთვის დაგროვებული თანხის მოცულობა - 100.000 ლარია, მაშინ ვადა, რომელზეც უნდა განაწილდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა, არის 9 წელი. ყოველწლიურად გასაცემი თანხის მოცულობაა დაახლოებით 11.111 ლარი, ყოველთვიურად გასაცემი კი დაახლოებით 926 ლარი.
ერთჯერადი გადახდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საპენსიო სქემაში ჩაერთეთ საპენსიო ასაკამდე, არა უმეტეს 5 წლით ადრე.
ანუიტეტით (სახელმწიფო სესხის სახეობა) თქვენს ანგარიშზე დარიცხული დანაზოგით შეგიძლიათ შეიძინოთ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტი და მიიღოთ გარანტირებული შემოსავალი სიცოცხლის ბოლომდე.
განსაკუთრებულ შემთხვევებში დანაზოგის მიღება შესაძლებელია საპენსიო ასაკამდეც: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიღებისას; საქართველოდან სამუდამოდ გამგზავრებისას (წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). თუ არსებობს რაიმე სახის განსაკუთრებული შემთხვევა, შეძლებთ დანაზოგის მიღებას, სხვა შემთხვევაში ვერა.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები