ქართული მართლმსაჯულების შუქჩრდილები - კვირის პალიტრა

ქართული მართლმსაჯულების შუქჩრდილები

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) მორიგი მონიტორინგის შედეგი წარუდგინა საზოგადოებას. ამჯერად მონიტორინგის ობიექტი სასამართლო სისტემაა. ქართული მართლმსაჯულების პრობლემებს ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 თვის განმავლობაში იკვლევდა. გვესაუბრება საია-ს წარმომადგენელი თინათინ ავალიანი:

- მონიტორინგი 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჩვენ 520 პროცესს დავესწარით. კვლევის მეთოდოლოგია გულისხმობდა მხოლოდ სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას, ანუ იმის მონიტორინგს, თუ პროცესის მონაწილე მხარეები რამდენად იცავდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მონიტორები ესწრებოდნენ სხდომის ოთხ ეტაპს: ბრალდებულის პირველად წარდგენას სხდომაზე, წინასასამართლო სხდომას, არსებით განხილვასა და საპროცესო გარიგებების დამტკიცებას. სხდომებზე დასწრება შემთხვევითი შერჩევით ხდებოდა. ამჯერად ვაკვირდებოდით მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ განხილულ საქმეებს. მომავალში იგეგმება პროექტის გაფართოება და რეგიონული სასამართლოების მონიტორინგი.

- რა ტენდენციები გამოიკვეთა კვლევისას?

- უპირველესად საჯარო განხილვის უფლებასთან დაკავშირებული პრობლემა. როგორც ბრალდებულს აქვს უფლება მისი საქმე საჯაროდ იქნეს განხილული, ასევე საზოგადოების უფლებაა, ყველა სხდომაზე, გამონაკლისის გარდა, შესაძლებელი იყოს დასწრება, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება პირადად მიიღოს ინფორმაცია სხდომის მსვლელობაზე. ამიტომ სასამართლო ვალდებულია წინასწარ გამოაქვეყნოს სასამართლო სხდომის ჩატარების დრო, ადგილი და ბრალად წარდგენილი მუხლი. თითქმის ნახევარზე მეტად ეს უფლება არ იყო დაცული. 520 საქმიდან 276 შემთხვევაში ინფორმაცია წინასწარ არ გამოქვეყნებულა. ეს პრობლემა განსაკუთრებით დგას ბრალდებულის პირველად წარდგენის სხდომებზე. დიდი პრობლემაა ისიც, რომ წინასასამართლო სხდომებზე გადაწყვეტილების გამოტანისას გამოვლინდა პროკურატურისადმი მიკერძოებული მიდგომა. ამის თქმის საფუძველსაც გვაძლევს სტატისტიკა: პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებათა წარდგენისას დაკმაყოფილდა სრულად, მაშინ, როდესაც დაცვის შუამდგომლობები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდა, როდესაც ბრალდების მხარემაც დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება აღკვეთის შეფარდების სხდომებს, სასამართლო აკმაყოფილებდა პროკურატურის ყველა შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, იქნებოდა პატიმრობა თუ გირაო. სასამართლო ბრალდებულს უფარდებდა სწორედ იმ ოდენობის გირაოს, რასაც პროკურორი ითხოვდა. მეტიც, შეტანის ვადადაც თითქმის ყველა შემთხვევაში პროკურორის მოთხოვნა დადგინდა.

- რამდენად იყო დასაბუთებული მიღებული გადაწყვეტილებები?

- სხდომებზე, რომელსაც დავესწარით, სასამართლომ გამოიყენა მხოლოდ ორის სახის აღმკვეთი ღონისძიება - გირაო და პატიმრობა, რაც ასევე არასწორია. როდესაც პირს პატიმრობას უფარდებენ, მოსამართლე ვალდებულია, პროკურორისგან მიიღოს დასაბუთება და არგუმენტები იმისთვის, თუ რატომ არის აუცილებელი უკიდურესი ფორმის პატიმრობის შეფარდება და რატომ არის დაუშვებელი უფრო მსუბუქი აღკვეთის ზომა კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი მონიტორინგის შედეგის მიხედვით, პროკურატურამ ამგვარი დასაბუთება მხოლოდ საქმეთა 33%-ში მოახერხა, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებაც მხოლოდ 33%-ში იყო დასაბუთებული.

- გამამართლებელ განაჩენებში რა ტენდენცია გამოიკვეთა?

- იმ შემაჯამებელ განაჩენებში, რომელთა სხდომებსაც ვესწრებოდით, არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანიათ. ასეთი შემაჯამებელი გადაწყვეტილება სულ 113 იყო. თუმცა ამ მონაცემებს ვერ განვაზოგადებთ მთელ ქვეყანაზე.

გარდა ამისა, სასამართლო სხდომების დიდ ნაწილზე ბრალდებულს სრულყოფილად არ უხსნიდნენ მის უფლებებს. პროკურორებთან შედარებით დაცვის მხარეს ადვოკატები გაცილებით პასიურები იყვნენ, თუმცა ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ მათი მოტივაცია ძალიან დაბალია. აზრიც კი არა აქვს დაცვის შუამდგომლობას, რადგან მოსამართლეები იშვიათად ითვალისწინებენ, მხოლოდ მაშინ, თუ პროკურორი დაუჭერს მხარს.

ნათია დოლიძე (სპეიალურად საიტისთვის)