აზიური „სიურპრიზი“ - კვირის პალიტრა

აზიური „სიურპრიზი“

ინდოეთმა და პაკისტანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კი გამოაცხადეს, მაგრამ ექსპერტთა აზრით, მშვიდობამ შეიძლება დიდხანს ვერ გასტანოს, ამ ქვეყნებს­ შორის დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს. "კვირის პალიტრა" ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტს ვასილ პაპავას ესაუბრა.

- ქაშმირის რეგიონი სადავო ტერიტორიაა. იმ დროს, როდესაც ინდოეთი პაკისტანიანად ერთიანი იყო (მაშინ, როცა ბრიტანეთის კოლონია იყო, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1947 წლამდე), 1947 წელს ბრიტანეთმა დათმო თავისი­ კოლონიური მმართველობა და გამოცხადდა ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.­ ინდოეთისგან­ განცალკევების ყველაზე შეუპოვარი მომხრენი პაკისტანელი მუსლიმანები და მისი ლიდერები იყვნენ, ინდოეთი, პირიქით, ამ რეგიონის შენარჩუნებას ცდილობდა. რელიგიური სურათიდან გამომდინარე, ინდუიზმი თავისი რიცხოვნობით, გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულ დომინაციას მოახდენდა მუსლიმანურ უმცირესობაზე, მილიარდ-ნახევარში მუსლიმანების ათქვეფა უფრო ადვილი შესაძლებელი­ იქნებოდა, ვიდრე ცალკე ისლამურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. პაკისტანმა მოისურვა გამოყოფა და ბოლოს ინდოეთიც დაეთანხმა იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო ერთი სახელმწიფოს ორგანიზმში რელიგიუ­რად განსხვავებული და დაპირისპირებული ორი სახელმწიფოს ერთად არსებობა. ამის შემდეგ პაკისტანი და ინდოეთი ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა, ხოლო ქაშმირი სადავო ტერიტორია გახდა, იმიტომ, რომ ბრიტანეთის­ კოლონიური მმართველობის დროს ინდ­ოეთი შედგებოდა ასობით სამთავროსგან, რომელთაც მაჰარაჯები მართავდნენ და მათ სხვადასხვა ფართობის ტერიტორიები­ ჰქონდათ. გაყოფის პერიოდში მუსლიმანი­ მაჰარაჯები პაკისტანს შეუერთდნენ, ინდუ­იზმის მიმდევრები - ინდოეთს. მათ ნებაყოფლობით დათმეს თავიანთი მონარქიული წყობა, თუმცა შეინარჩუნეს ტიტულატურა, პატივისცემა... იგივე მოხდა ჯამუ და ქაშმირის სიტუაციაში - უკანასკნელი სამთავრო, რომელიც მიუერთდა ინდოეთს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მას ინდუისტური სამხედრო-პოლიტიკური ელიტა (მაჰარაჯას დინასტია თავისთავად ინდუიზმის მიმდევარი იყო) მართავდა და მოსახლეობის თითქმის 70% მუსლიმანი იყო. პაკისტანი ხელს უწყობდა შეიარაღებულ ამბოხს მაჰარაჯას დასამხობად, რათა მოსახლეობის მხარდაჭერით ეს შტატი მთლიანად შემოეერთებინათ და იქ ინდუისტური ფაქტორი მოესპოთ. პაკისტანმა იმხანად მოახერხა ჯამუ და ქაშმირის ტერიტორიის ნაწილის, უფრო მთიანი რეგიონების ჩრდილო-დასავლეთის დაკავება. ამას დაერთო­ ჩინეთის ფაქტორი იმიტომ, რომ ჩინეთი ესაზღვრებოდა (და ახლაც ესაზღვრება) ამ რეგიონს. მაშინ მაოისტური ჩინეთის პოლიტიკა ანტიდასავლური იყო. ასეთ პირობებში - დასავლეთთან დაპირისპირების, პლუს სსრკ-სთან ჩინეთის რთული ურთიერთობების ფონზე, ინდოეთი, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც დასავლეთთან, ისე სსრკ-თან, მის მოკავშირედ აღიქმებოდა. ამ კონტექსტში გეოპოლიტიკურ მეტოქედ გამოჩნდა პაკისტანი, რომელსაც ჩინეთთან არაფერი ჰქონდა სადავო. პარადოქსი ის იყო, რომ პაკისტანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთთან და სსრკ-თანაც.

- ახლანდელი კონფლიქტი ტერაქტის შედეგად 26 ტურისტის დახოცვას მოჰყვა, რამაც მათ შორის ურთიერთობა გაამწვავა. ამაში ინდოეთმა ტერორისტული დაჯგუფება "ლაშქარ-ე-თაიბა" დაადანაშაულა, რომელსაც, ინდოეთის მტკიცებით, პაკისტანი მფარველობს. რა მოხდა რეალურად?

- ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც იმ რეგიონში მოქმედებს, უნდა სარგებლობდეს პაკისტანის მხარდაჭერით, იმიტომ, რომ მის ინტერესში შედის ინდოეთის ინტერესების დაზიანება. ჯამუ და ქაშმირის რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი პაკისტანმა 60-იანი წლების დასაწყისში აჩუქა ჩინეთს, ვინაიდან ვერ აკონტროლებდა, მათი სახმელეთო გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან დასაკავშირებლად. ინდოეთს კი მთლიანი ქაშმირი საკუთარ ტერიტორიად მიაჩნია. იურიდიული თვალსაზრისით, ინდოეთი მართალია, ეს რეგიონი მას ეკუთვნის, თუმცა რეალობასა და პაკისტანის აქტივობას თუ შევხედავთ, ესეც გასაგებია - ის მუსლიმან მოსახლეობაზე აპელირებს, რადგან უმრავლესობა რეგიონში მუსლიმანია და ნაკლებად სავარაუდოა, ანტაგონისტურად განწყობილმა მუსლიმანმა მოსახლეობამ ინდოეთის ფარგლებში დარჩენა ისურვოს.

- ვისი ინტერესები იკვეთება ამ დაპირისპირებაში. ჩინეთის ხომ არა?

- ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი ძირითადად ტურიზმია და ტერორისტულ ორგანიზაციას მუსლიმანი მოსა­ხლეობა თუ მფარველობს, იმ ბოევიკებს თუ ეხმარებიან, ვინც ინდოეთს ებრძვის, ასეთ ვითარებაში ისეთი ძალის მხარდაჭერა და ისეთ ინდუსტრიაზე დარტყმა, რომელიც მათ გაჭირვებაში ჩააგდებს, ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. არ გამოვრიცხავ, მესამე სახელმწიფო იყოს ამაში ჩარეული. ამ ტერაქტის შედეგად ორი ბირთვული სახელმწიფო დაუპირისპირდა ერთმანეთს, კონფლიქტის ზონაში და მთელი საზღვრის გასწვრივ მილიონიანი ჯარია მობილიზებული. 2008 წლის მუმბაის ტერაქტს თუ გავიხსენებთ, იქ თითქმის 200 კაცი დაიღუპა და მაშინ დამტკიცდა, რომ ამის უკან პაკისტანი იდგა. საუბარია მუმბაიზე, დიდ ქალაქზე, და მაშინ არ ყოფილა ამხელა­ სამხედრო ძალისა და არსენალის მობილიზება, არ მისულა საქმე დაპირისპირებამდე. ათეულობით წლების განმავლობაში ინდოეთში ტურისტებზე თავდასხმა­ არ ფიქსირდება. ორივე სახელმწიფოს არ აქვს სრულმასშტაბიანი ომის ფუფუნება, მით უმეტეს, ორივე ბირთვული სახელმწიფოა. სხვათა შორის, ინდოეთ-პაკისტანის წინა ომების ინიციატორი იყო პაკისტანი, არა ინდოეთი.

ინდოეთი ჩინეთისთვის რეგიონული მეტოქეა და მხარს უჭერს პაკისტანს, თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის (ჩინეთსა და ინდოეთს) სავაჭრო ბრუნვა 120 მილიარდ დოლარს აღწევს.

აქედან ჩინეთის პროდუქციის 90%-ს ინდოეთი ყიდულობს. ასეთ ვითარებაში ისეთი კონფლიქტის გაღვივება, რაც მის ბაზარს მოსპობს, ჩინეთის ინტერესში არ უნდა იყოს, თან არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორი სავაჭრო ომები აქვს ჩინეთს აშშ-თან. აბსურდია იმ ტოტის მოჭრა, რომლიდანაც ჩინეთი სტაბილურად იკვებება.

პაკისტანი ჩინეთის სტრატეგიული­ მოკავშირეა, წლიური ბრუნვა 20 მილიარდ დოლარს უახლოვდება, 6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ინდოეთის­ და აქედანაც თითქმის 90%-ს პაკისტანი ინდოეთის პროდუქტს ყიდულობს.

filkins-kashmir-1746972370.jpg

ერთი მომენტია - თუ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიანი გახდა, ჩინეთს პაკისტანის მეშვეობით სპარსეთის ყურისკენ მარშრუტი ჩაეკეტება, ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც პაკისტანის მეშვეობით გადის ინდ­ოეთის პორტებამდე. ასე რომ, პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტი არ უნდა შედიოდეს ჩინეთის ინტერესებში. როგორც ჩანს, რომელიღაც ბობოლა სახელმწიფოების ინტერესებში არ შედის ჩინეთის სტაბილური განვითარება, ფაქტობრივად, ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთი­ს მიმართულებით­ ექსპანსია. აფრიკაში ჩინეთს გამაგრებული აქვს პოზიციები, ბოლო პერიოდში ჩინეთმა ორკვირიანი სამხედრო წვრთნები ჩაატარა ეგვიპტეში, რომელიც ამერიკის მოკავშირედ ითვლება და მისი არმია ამერიკული შეიარაღებით არის ეკიპი­რებული. ასეთ ვითარებაში ჩნდება ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაზე ძალიან ბევრი კითხვა, ის არანაირად არ შედის ჩინეთის ინტერესში, ვინაიდან ეს სავაჭრო გზების კონსტრუქციას ამსხვრევს და მას დასავლეთთან უფრო კაბალურ მდგომარეობაში აყენებს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რა როლი შეასრულა ჩინეთის დიპლომატიამ საუდის არაბეთისა და ირანის შერიგების საქმეში (10-წლიანი პაუზა რომ ჰქონდათ, როცა საუდის არაბეთში­ შიიტ სასულიერო ლიდერს თავი მოჰკვეთეს, რის შემდეგაც მათ შორის გაწყდა ურთიერთობა). ჩინეთმა დიდი როლი შეასრულა სამშვიდობო ინიციატივებით, ეკონომიკური ექსპანსიით და როგორც ჩანს, დასავლეთი მას ვერაფერს უპირისპირებს, გარდა ასეთი კონფლიქტების პროვოცირებისა.

- ამ კონფლიქტში ჩინეთი და თურქეთი­ პაკისტანის მხარდამჭერები არიან, ისრაელი - ინდოეთის. თუ ჩინეთისთვის ინდოეთი გასაღების ბაზარია, რატომ უჭერს მხარს პაკისტანს? ვაშინგტონს კი კარგი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აკავშირებს დელისთან...

- დიახ, არის ასეთი კონფიგურაციები, ეს ერთგვარი ბალანსია და ეს მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ჩინეთი მზადაა ეს ორი სახელმწიფო შეახეთქოს ერთმანეთს. ერთგვარი სავაჭრო საგანია ინდოეთთან და არა პლაცდარმი ინდოეთის გასანადგურებლად. დასავლეთი ამ კონფლიქტს თითქოს არ იმჩნევს, ვინაიდან უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში. არადა, ამერიკას აქვს დიდი რესურსი, რომ ითამაშოს როგორც ფინანსური, ისე სამხედრო და დიპლომატიური მედიატორის როლი.

რატომ არ აქტიურობს დასავლეთი, სურს ეს ორი ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთს შეასკდეს? როგორც ჩანს, არც ელოდებიან კონფლიქტის ფართო მასშტაბში გადაზრდას, მაგრამ ხომ შეიძლება ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს.

- ამ კონფლიქტმა თუ მართლა ფართო­ მასშტაბები შეიძინა, გამორიცხავთ, რომ ბირთვულ დაპირისპირებამდე მივიდნენ?

- მათთან ერთადერთი პარიტეტი არსებობს, ბირთვულ სფეროში თითქმის ერთნაირი პოტენციალი აქვთ. რაც შეეხება სამხედრო და ადამიანურ რესურსს, პაკისტანი ინდოეთს ჩამორჩება. ერთადერთი, ბირთვული იარაღი რჩება და საქმე თუ აქამდე მივიდა, ეს ინდოეთს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, მაგრამ თავად პაკისტანი საერთოდ შეწყვეტს არსებობას. ვფიქრობ, კონფლიქტი იმ დონეზე გაგრძელდება, როგორც დღეს მიდის, თუმცა ბევრი გიჟი უნახავს პლანეტას...

ქაშმირის გააქტიურება ბევრ კითხვებს აჩენს, გამოდის, ვიღაც დაინტერესებულია ამ ხაზის სავაჭრო გზების ჩაშლით, მათი, ვისთანაც მიდის სავაჭრო ომები და ვის ინტერესშიც არ შედის ჩინეთის გაძლიერება...