"ერთ დღეს, კლასელები პლეხანოვზე მოვდივართ და ვხედავთ უცნობ ტანკისტს, ლევანზე ვკითხეთ... თავი დახარა და... ჩვენს ტანკს ყუმბარა მოხვდა და ცეცხლი მოეკიდა - კვირის პალიტრა

"ერთ დღეს, კლასელები პლეხანოვზე მოვდივართ და ვხედავთ უცნობ ტანკისტს, ლევანზე ვკითხეთ... თავი დახარა და... ჩვენს ტანკს ყუმბარა მოხვდა და ცეცხლი მოეკიდა, მე ამოვასწარი, ლევანი კი ტანკში დაიწვაო.…გავიდა დრო და გადავიღე "ღიმილის ბიჭები", რომელიც ლევანს მივუძღვენი"

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ. ჩემთვის ასეთი ადამიანი ჩემი პედაგოგი, კინორეჟისორი ბატონი­ რეზო ჩხეიძე იყო, საქართველოსათვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი პიროვნება, თუმცა ჩვენთვის - მისი სტუდენტებისთვის, უბრალოდ, ტკბილი "ბაბუ". მაისის თვე, გარდა იმისა, რომ მის შედევრ "ჯარისკაცის მამასთან" ასოცი­რდება, მისი გარდაცვალების თვეცაა. მახსოვს, როცა სამებაში დაასვენეს, მისი უწმინდესობაც ჩვენთან იდგა და ჩუმად ტიროდა. ჩვენს პატრიარქს მასთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირდება. წლების განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში წირვებზე პატრიარქის ქადაგებებს უსმენდა.

1926 წელს დაიბადა ქუთაისში და ადვილი წარმოსადგენია, რომელ ეპოქას დაემთხვა მისი ბავშვობაცა და ახალგაზრდობაც.

"ეს იყო ის საშინელი 37 წელი. ჩვენი ოჯახი იყო მამა, დედა და სამი ბავშვი. მე ყველაზე უმცროსი ვიყავი. მამა, დია ჩიანელი, მწერალი გახლდათ - ერთ ღამეს ჩეკისტები გამოგვეცხადდნენ. ჩვენ გვერდით ოთახში გვეძინა. ისეთი ხმაური ატეხეს, მთელი­ სახლი ზანზარებდა. ამ ჩხრეკისას­ რევოლვერის ფუტლარს წააწყდნენ. გახარებულები ეცნენ, არიქა, იარაღი ვიპოვეთო. გახსნეს და ჩემი სათამაშო რევოლვერი შერჩათ ხელში... მამა რომ მიდიოდა, ჯიბიდან ამოიღო პატარა შავი საფულე და დედაჩემს­ დაუტოვა ის, რაც ჰქონდა, 26 მანეთი. დედა მესამე კურსის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. დილა რომ გათენდა, დედამ გვითხრა, ჩააწყვეთ წიგნები და წადით სკოლაშიო. შევეწინააღმდეგეთ: "რა სკოლა, მამა დააპატიმრეს!" მაშინ მკაცრად გვითხრა, არავინ უნდა იფიქროს, რომ დავგლახავდით! წადით და ისე დაიჭირეთ თავი, არაფერი შეგამჩნიოთ ვინმემო. მივედი სკოლაში და მობუზული კლასში დავჯექი. გავიდა 10 წუთი და შემოდის სკოლის დირექტორის მდივანი,­ ჩხეიძე სასწრაფოდ გამოცხადდეს დირექტორთანო. შევედი დირექტორთან. უცებ ეს ქალი ჩამეხუტა, არ უნდა გამოიცვალო, როგორც სწავლობდი, ისევ ისე უნდა ისწავლოო. თუ ვინმემ რაიმე გითხრას, მითხარი და მე გავცემ საკადრის პასუხსო...

მამის დაპატიმრების შემდეგ ჩვენთან შავებში ჩაცმული უცნობი ქალი მოდიოდა­ და მოჰქონდა მამას წერილები. მოვიდოდა,­ დადებდა და ნახვამდისაც არ ამბობდა, ისე მიდიოდა. ბოლოს რომ მოვიდა, არაფერი ჰქონდა ხელში, თავი დახარა, ცოტა ხანს ასე იდგა და ჩუმად გავიდა სახლიდან" (რეზო ჩხეიძის მოგონებიდან).

მე ბატონი რეზოს სტუდენტი ვიყავი­ და ამიტომ არავის გაჰკვირვებია, რომ მასზე ფილმის გადაღება დამავალა. ფილმის გადასაღებად კახეთში წავედით, გურჯაანში. ბატონმა რეზომ მითხრა, "ჯარისკაცის მამის" გადაღებიდან ამდენი წლის შემდეგ გურჯაანში პირველად ჩავდივარო. თავის დროზე "ჯარისკაცის მამა" პირველად სწორედ გურჯაანელებს უნახავთ. მას შემდეგ მათთან ჩასული სერგო ზაქარიაძის დანახვაზე თურმე ამბობდნენ, ჩვენი პაპა მოვიდაო!.. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ პედაგოგზე ფილმის ავტორობის პატივი მე მერგო წილად. სამწუხაროდ, ბატონი რეზო ფილმის ნახვას ვერ მოესწრო.…ამ ამბავს კი, ფილმში თავად რეზო ჩხეიძე ასე იხსენებს:

fb-img-1746619935338-1746972905.png

"ამ ფილმის ისტორია კინოსტუდიის ეზოში დაიწყო, სადაც იმ პერიოდში ფილმ "ზღვის ბილიკის" გადაღება მიმდინარეობდა. მთავარ როლს სერგო ზაქარიაძე თამა­შობდა. კინოსტუდიაში რომ მივედი, გარეთ რამდენიმე ადამიანი იდგა, მათ შორის იყო სულიკო ჟღენტი, რომელსაც იღლიაში­ ქაღალდები ჰქონდა ამოჩრილი. მთხოვა, როცა მოიცლი, წაიკითხეო. ეს იყო განა­ცხადი მომავალი ფილმისა "ჯარისკაცის მამა". მეორე დღეს აღფრთოვანებული მივედი სერგო ზაქარიაძესთან. მივესალმე, მაგრამ არც შემოუხედავს. სცენარი მოგიტანეთ, აქ კახელი­ მევენახე კაცის სახეა დახატული. შვილი ფრონტზეა, ტანკისტია და ახლა დაჭრილია-მეთქი. სერგომ ინტერესით ამომხედა,­ მაგრამ არაფერი უთქვამს. მე გავა­გრძელე: "ჩადის მახარაშვილი ფრონტზე, იპოვის იმ ჰოსპიტალს­, სადაც მისი შვილი იწვა..." სერგომ გამომხედა: "რაო?" "რა და, გამოდის,­ ტყუილად ჩასულა იქ, შვილი­ უკვე გაუწერიათ და ფრონტზე გაუმგზავრებიათ". სერგომ მკითხა: "მერე რა გადაწყვიტა­ მაგ შენმა მახარაშვილმა?" "რა და, დაიწყო იმ გზით სიარული, სადაც მისი შვილი ტანკით წავიდა. მიდის ამ გზაზე და ვერ პოულობს შვილს". "მერე რა ქნა?!" - წამოდგა­ და მომიახლოვდა. მაშინ მიაგნო შვილს, როდესაც სასიკვდილოდ იყო დაჭრილი-მეთქი. ცოტა ხანს ორივე­ მდუმარედ ვიდექით, მერე კი შევაპარე: "მინდა ამ ფილმში გიორგი მახარაშვილი თქვენ ითამაშოთ". ბედნიერი ვიქნები, თუ მართლაც მე ვითამაშებო! სერგომ გრიმი გვერდზე გადადო და ორივე ავტირდით" (რეზო ჩხეიძის მოგონებიდან).

ბატონ რეზოს ხშირად უყვარდა თავისი სკოლის პერიოდის ამბების გახსენება. ერთ დღეს სამსახურში უფროსმა დამიძახა,­ რეზო ჩხეიძე გელოდებაო (მაშინ საპატრიარქოს ტელევიზიაში ვმუშაობდი). ფილმის პირველ ნაწილს ვამონტაჟებდი და გავიფიქრე, დამთავრებული რომ არა მაქვს მასალა, რა ვაჩვენო-მეთქი. ჩვეული სითბოთი შემხვდა და მეუბნება: ახლა ერთ ადგილას­ უნდა წავიდეთ! ოპერატორს დაუძახე, კამერა წამოიღოსო. ნახევარ საათში ვიყავით მისი სკოლის ეზოში. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექით მეც, ბაბუც და ჩემი ოპერატორიც ეზოში. რაღაც პერიოდის მერე მითხრა, ბაბუ, ეს ჩემი სკოლაა, სადაც­ ყველაზე ბედნიერი წლები გავიარეო!

"ომის პერიოდია. მერვე კლასში ვარ. გადავწყვიტე სკოლაში დამედგა სპექტაკლი "გიორგი სააკაძე". გაკვეთილების მერე კლასში რეპეტიციას გავდიოდით. ლევან ჩხიკვაძე, გიორგი სააკაძეს თამაშობდა, ჩვენზე უფროსი იყო. ზუსტად პრემიერის წინადღეს სამხედრო კომისარიატიდან მოუვიდა უწყება, დილის 8 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, არადა, საღამოს 8 საათზე სპექტაკლი გვაქვს. მოდი, ლევან, წავიდეთ სამხედრო კომისართან-მეთქი. ოთახში დაგვხვდა მაიორი, რომელიც ტელეფონზე¬ ლაპარაკობდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ამოგვხედა. ვუთხარი, სკოლაში გიორგი სააკაძეს ვდგამთ და ვინც სააკაძეს თამაშობს, ის დილით თქვენთან უნდა გამოცხადდეს და სპექტაკლი ჩაგვეშლება-მეთქი. მოკლედ, ერთი დღით გადაგვიტანეს მისი გამოცხადება კომისარიატში და სპექტაკლიც შედგა. გავიდა ხანი. ლევანისგან არაფერი ისმოდა. ერთ დღესაც კლასელები პლეხანოვზე მოვდივართ და ვხედავთ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბიჭი მოდის. უცნობს ტანკისტის ნიშანი უკეთია. ლევანზე ვკითხეთ. ლევანიც ხომ ტანკისტი იყო... თავი დახარა და შემდეგ გვითხრა: ჩვენს ტანკს ყუმბარა მოხვდა და ცეცხლი მოეკიდა. მე ამოვასწარი, ლევანი კი ტანკში დაიწვაო.…გავიდა დრო და გადავიღე "ღიმილის ბიჭები", რომელიც ლევანს მივუძღვენი" (რეზო ჩხეიძის მოგონებიდან).

ეს და კიდევ რამდენიმე მოგონება შევიდა ჩემს ფილმში "რეზო ჩხეიძე - ცხოვრება კადრებიდან". უკვე ძალიან სუსტად რომ იყო, დამიბარა. დიდხანს ვისაუბრეთ, შემდეგ წერილი მომცა, ეს ჩვენს უწმინდესს გადაეციო. ბოლო მისი დარიგება იყო, ცუდი არავის გაუკეთო, მადლიერი იყავი კარგი და ცუდი მოვლენების, რაც შენს ცხოვრებაში მოხდებაო!

რუსუდან შაიშმელაშვილი