დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახალი გახნა დააანონსა - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახალი გახნა დააანონსა

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ციხეების ფედერალურ ბიუროს ცნობილი ციხის, ალკატრასის, რეაბილიტაცია და თავიდან გახსნა დაავალა. "დღეს მე ვავალებ ციხეების ბიუროს იუსტიციის დეპარტამენტთან, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად გადააკეთოს, გააფართოოს და კვლავ გახსნას ალკატრასის ციხე", - დაწერა ტრამპმა­ სოციალურ ქსელში. ფლორიდიდან თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ციხის გახსნა მისი იდეა იყო. "ის კანონისა­ და წესრიგის სიმბოლოა", - აღნიშნა მან. ალკატრასი აშშ-ის ყველაზე უსაფრთხო ციხე იყო. ის მდებარეობს კუნძულზე, რომლის გარშემო წყალი საკმაოდ ცივია, ხოლო დინება - სწრაფი. ალკატრასიდან პატიმრების გაქცევის არც ერთი შედეგიანი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ოფიციალურად ხუთი მსჯავრდადებული უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, სავარაუდოდ, წყალში დაიხრჩვნენ. დღემდე ალკატრასის ციხე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. მას წლიდან წლამდე მილიონამდე კაცი სტუმრობს. "კვირის პალიტრის" მკითხველს რამდენიმე საინტერესო ფაქტს მოვუთხრობთ ალკატრასის ციხის შესახებ.

კუნძული ალკატრასი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარეობს. 1775 წელს დაახლოებით 8 ჰექტარზე გადაჭიმულ კუნძულს ესპანური გემი მიუახლოვდა, გემის მეთაური ხუან დე აიალა მოგვიანებით ისტორიაში შევიდა როგორც ალკატრასის აღმომჩენი, კუნძულის სახელიც მისი იდეა იყო. სამხედრო დანიშნულება კუნძულმა მალევე მიიღო, მისი ბუნებრივი იზოლაცია გარე სამყაროსგან კი პენიტენციარული დაწესებულების დაარსების საფუძველი გახდა. 1934 წელს ალკატრასის ფედერალურმა ციხემ ფუნქციონირება­ დაიწყო. დაწესებულება 600 საკნისა და 4 ბლოკისგან შედგებოდა. მეოთხე ბლოკში განსაკუთრებით საშიშ პატიმრებს ათავსებდნენ. 1934 წლის 11 აგვისტოს 137 პატიმრისგან შემდგარი ჯგუფი ალკატრასის ციხეში გადაიყვანეს. უმრავლესობა ბანკის ძარცვასა და მკვლელობაში იყო ბრალდებული. 29 წლის განმავლობაში ალკატრასის ციხეში არაერთი სახელგანთქმული პატიმარი მოათავსეს, მათ შორის იყვნენ ამერიკელი განგსტერები ალ კაპონე, ჯორჯ კელი ბარნსი, რობერტ სტრაუდი და ა.შ.

1963 წლის 21 მარტს ციხე დაიხურა. ოფიციალური ვერსიით, ციხის ფინანსური უზრუნველყოფა მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დიდი თანხა უჯდებოდა სახელმწიფოს. პენიტენციარული დაწესებულება ასევე საჭიროებდა რეკონსტრუქციას, რომელიც 3-დან 5 მილიონ დოლარს მოითხოვდა. ციხის ფუნქციონირების შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ იქ ამერიკის აბორიგენი მოსახლეობა, ინდიელები დასახლდნენ. ისინი დაუდევრად ეპყრობოდნენ შემორჩენილ ნივთებსა და შენობებს­. 1971 წელს ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გამოესახლებინათ ინდიელები და კუნძული ტურისტულ ობიექტად ექციათ.

ქართველი ტურისტი­ ოთარ იოსელიანი, რომელმაც წლების წინ ალკატრასის ციხე დაათვალიერა, გვიამბობს: "დაახლოებით ნახევარ საათში ერთხელ ალკატრასის კუნძულისკენ სპეციალური კატარღა გადის. ადამიანს დასათ­ვალიერებლად საშუალოდ ორი საათი სჭირდება. ეცნობი ინფორმაციას, თუ როგორ გადაჰყავდათ მსჯავრდადებულები, სად აძლევდნენ უნიფორმას, სად გადაჰყავდათ სამედიცინო შემოწმებაზე, დანიშნულების ბოლო ადგილი კი საკანია.

ეს ციხე ამერიკის აუღებელ ციხედ ითვლებოდა, საიდანაც გაქცევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ერთმა პატიმარმა ორთვიანი შიმშილობის შემდეგ სპეცია­ლურ გალიაში გაძრომა მოახერხა, იარაღიც მოიპოვა, მაგრამ გაქცევა მაინც არ გამოუვიდა, რადგან დაცვის ერთმა თანამშრომელმა გასაღებების აცმა იმ ადგილას არ დადო, სადაც უნდა დაედო. ეს ამბავი ამბოხში გადაიზარდა, რაც სპეცრაზმმა ჩაახშო.

ყველაზე საინტერესო კი მაინც ფრენკ მორისისა და ძმებ ენგლინების გაქცევაა. ბანკის­ მძარცველები ნესტით დაზიანებულ ბეტონს კოვზებით რამდენიმე­ თვის განმავლობაში თხრი­დნენ, რათა საკანალიზაციო გვირაბამდე­ მიეღწიათ. ამისათვის მათ გამოიყენეს თვითნაკეთი ელექტრობურღი, ხოლო მისი ძრავის ხმა რომ არავის გაეგონა, მხოლოდ მაშინ მუშაობდნენ, როცა მეზობლად მდებარე დასასვენებელ დარბაზში მუსიკას უკრავდნენ. მათ დამზადებული ჰქონდათ თავის ქალის ფორმის სპეციალური ნიღბებიც, რასაც საწოლზე ტოვებდნენ მძინარე პატიმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ბეტონის ნარჩენები შარვლის ნაკეცებით გაჰქონდათ გარეთ. რეზინის მოსასხამებისგან რეზინის ნავიც გააკეთეს და 1962 წლის 11 ივნისს, დათქმულ დროს, გაიქცნენ. მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე ჯილდო ჯერ კიდევ არსებობს - მილიონი დოლარი. შეერთებული შტატების სპეცსამსახურები მათი ოჯახის წევრების ტელეფონებს წლების განმავლობაში უსმე­ნდნენ, თუმცა ინფორმაცია ვერ მოიპოვეს. პარალელურად, ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ საინტერესო ფოტო გავ­რცელდა, სადაც ძმები ენგლინები ლათინურ ამერიკაში უკვე ხანდაზმულ ასაკში არიან გადაღებულნი. არ ვიცი, რამდენად ავთენტურია ფოტო, მაგრამ ოჯახის წევრებმა სამხრეთ ამერიკიდან კონვერტი რამდენჯერმე მიიღეს. გამოძიების ვარაუდით, პატიმრები ჯერ ალკატრასიდან მოშორებით მდებარე კუნძულზე გაიქცნენ. "დისქავერის" გადამღებმა ჯგუფმა სპეცექსპერიმენტიც ჩაატარა, დაამზადეს რეზინის ნავი და ზუსტად იმავე რიცხვში იმავე დროს გაცურეს და დინების დამსახურებით კუნძულამდე 40 წუთში მიაღწიეს. ამით დამტკიცდა, რომ ნამდვილად შესაძლებელი იყო ფრენკ მორისსა და ძმებ ენგლინებს ალკატრასისთვის თავი დაეღწიათ. მათი დეტალური გეგმის შესახებ ციხის ადმინისტრაციამ ინფორმაცია მეოთხე თანამზრახველისგან მიიღო, რომელმაც გაქცევა ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ვფიქრობ, ძმებ ენგლინებს გაქცევა კარგად გათვლილი ჰქონდათ, რასაც ხელს, ალბათ, მათი გამოცდილება, ინტელექტი და ცოტაოდენი იღბალიც უწყობდა".