ევროპამდე აზიდულები
გასული კვირის მთავარი სპორტული ამბებიდან, ეს სათაური ორივეს შეეფერება: ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა „"პარი სენ ჟერმენმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვეს, საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა - ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის! ქართველ ხელბურთელთა თავკაცის ტიტე კალანდაძის შესრულებული პირობა კი (ყველა მოგებული მატჩის შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი სპეციფიკურ, საკმაოდ რთულად შესასრულებელ აზიდვებს აკეთებს ხოლმე, მატჩისწინა ინტერვიუში ტიტე დაგვპირდა, რომ ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევდა და სიტყვა შეასრულა) ამ პატარა წერილის სათაურშიც გამომადგა.
ბოლო წლებში ქართულ სპორტში გუნდური სახეობების პროგრესიც აშკარაა, ხელბურთი კი - ამის თვალსაჩინო მაგალითი. სპორტის ამ დინამიკურ სახეობას საქართველოში ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია აქვს, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერა და ვერ მოვახერხეთ დიდ ტურნირებზე თამაში. უსიამოვნო ტრადიცია კონტინენტის წინა ჩემპიონატზე დაირღვა - 2024 წლის იანვარში, ქართველ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად გაუსინჯა გემო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, გასულ ხუთშაბათს კი საბერძნეთის ნაკრებთან რევანშით ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა კონტინენტის პირველობის საგზური.
ამიტომაც კვარას წარმატებაზე (31 მაისს ხვიჩა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!) გაზეთის მომდევნო ნომრებში ვილაპარაკებ, ეს პატარა წერილი კი ხელბურთს დავუთმოთ:
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იყვნენ ისლანდიის უძლიერესი ნაკრები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელსაც ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავს და ბალკანელებზე არანაკლებ გამოცდილი საბერძნეთი. ქვეჯგუფის ფავორიტთან თბილისში მარცხის და საბერძნეთში მინიმალური სხვაობით წაგების შემდეგ ტიტე კალანდაძის ბიჭებმა სატურნირო მდგომარეობა ბოსნიასთან ორივე თამაშის მოგებით გამოასწორეს და კონტინენტის პირველობაზე სათამაშოდ ბერძნების ნებისმიერი სხვაობით დამარცხება აძლევდათ ხელს. სცენარი იდეალური იყო: შენს მოედანზე თამაშობ და მოგებით ევროპის ჩემპიონატის საგზურს ინაღდებ! სათქმელად ადვილია, შესასრულებლად - გაცილებით რთული... ჯერ ერთი, საბერძნეთის ნაკრებს გამარჯვება ჩვენზე არანაკლებ სურდა, მერე კიდევ, საკუთარი ქომაგის თვალწინ აუცილებლად მოსაგები მატჩის თამაში იოლი არავისთვის არის... საბედნიეროდ, ქართველმა ხ\ელბურთელებმა ამ წნეხსაც გაუძლეს, ტრავმებსაც, სამბურთიან ჩამორჩენასაც და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებენ!
თუმცა მივყვეთ თანამიმდევრობით: იმის მიუხედავად, რომ ბერძნებთან გადამწყვეტი მატჩი გულშემატკივრისთვის არცთუ ხელსაყრელ დროს (ხუთშაბათი, 17:00 საათი) იყო დანიშნული, „"თბილისი არენის" ტრიბუნები, ფაქტობრივად, ბოლომდე შეივსო. ამაში ეფექტიანად დაგეგმილმა საინფორმაციო კამპანიამაც შეიტანა გვარიანი წვლილი - მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ხელბურთის სამყაროს წარმომადგენლების გარდა, მატჩზე მისვლისაკენ ქართული სპორტის თითქმის ყველა ცნობილმა წარმომადგენელმა (მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ, დავით ნინიაშვილმა, თორნიკე შენგელიამ, გიორგი მამარდაშვილმა, სხვა მოქმედმა თუ ვეტერანმა სპორტსმენებმა) მოგვიწოდა. სიტყვა საქმედ იქცა და გულშემატკივარმა მართლაც უდიდესი როლი შეასრულა. "მოთელვაზე გასული თვალებს ვერ ვუჯერებდი, უზარმაზარი დარბაზის ტრიბუნები თითქმის ბოლომდე იყო სავსე, ამდენი ქართველის წინაშე არასდროს მითამაშია", - ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე დავით ნიქაბაძე.
აუცილებელად მოსაგები მატჩისთვის დამახასიათებელი წნეხი ვახსენეთ და, ალბათ, სწორედ ეს იყო პირველი ტაიმის წაგებისა და არცთუ დამაჯერებელი თამაშის მთავარი მიზეზი. მატჩის საწყისი ნახევრის განმავლობაში მასპინძლები ერთადერთხელ იყვნენ წინ, უმეტესწილად მდევრის როლში უწევდათ ყოფნა და შესვენებასაც ორბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ცხოვრებაძემ, 22-ე წუთზე კი ისეთი დარტყმა მივიღეთ, საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ და გამოცდილ გუნდსაც გამოიყვანდა მწყობრიდან - მძიმედ დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო ნაკრების კაპიტანმა თემურ ორჯონიკიძემ! კაპიტნის გარდა, მატჩის მიმდინარეობისას გამოგვაკლდა მოედნიდან გაძევებული გავაშელიშვილი, შეიცვალა მეკარე ცინცაძეც, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე კი ტრავმის გამო ისედაც გვაკლდა.
შესვენების შემდეგ სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე გაიზარდა. თუმცა წაგების რეალურმა საფრთხემ მასპინძლებიც გამოაფხიზლა, ქომაგიც კიდევ უფრო აქტიური გახადა და თანდათანობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. თამაშის 46-ე წუთზე კბილაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, მალევე ცხოვრებაძის ზუსტი დარტყმით დავწინაურდით და ბერძნები წინ აღარც გაგვიშვია.
მატჩის მეორე ნახევარში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მეკარის ფანტასტიკური თამაში - დავით ნიქაბაძემ მის კარში დარტყმული ბურთების 45% მოიგერია და გამარჯვებაში ლომის წილი დადო. ისევე, როგორც მისმა ყველა თანაგუნდელმა თავდადებული, ორგანიზებული, შედეგიანი თამაშით, საქართველოს ნაკრებმა ურთულესი შეხვედრის (ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ისიც კი თქვა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ნაკრებს ასეთი დაძაბული მატჩი აქამდე არ ჰქონიაო!) შემოტრიალება შეძლო, საბოლოოდ სამქულიანი უპირატესობით (29:26) გაიმარჯვა და მომავალი წლის იანვარში ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც სკანდინავიური სამეული - შვედეთი, დანია და ნორვეგია ერთობლივად უმასპინძლებენ.
ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ გიორგი ცხოვრებაძის შედარებით მოკრძალებული თამაშის (გიორგიმ „მხოლოდ“ 4 ბურთი გაიტანა) ფონზე, საუკეთესო ბომბარდირ(ებ)ის როლი მოირგეს დიხამინჯიამ (7 გოლი), კბილაშვილმა (6) და არსენაშვილმა (5). მთლიანობაში კი ხელბურთი მაინც გუნდური სპორტია და თუ მოედანზე, სათადარიგოთა სკამსა და ტრიბუნაზე მყოფნი „ერთ სულ და ერთ ხორც“ არ არიან, გამარჯვება ძალიან რთულია...
საბერძნეთთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და კონტინენტის პირველობაზე პირდაპირ ჯგუფიდან გავიდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის წინა ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი საუკეთესო მესამეადგლიოსნის სტატუსით მოხვდა.
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთიანი, ბოლომდე მებრძოლი, ძალიან პერსპექტიული (მით უმეტეს, მოთამაშეთა ასაკის გათვალისწინებით) გუნდია და წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები ელის.
მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, სამწვრთნელო შტაბისა თუ ფედერაციის ყველა წარმომადგენელს, გულშემატკივრებს, რომელთა უწყვეტი მხარდაჭერის გარეშე ეს გამარჯვება ვერ იქნებოდა. მადლობა იმ ემოციისთვის, რაც ბერძნებთან თუ ბოსნიელებთან მატჩებში გვაჩუქეთ. წარმატებას გისურვებთ!
ტიტე კალანდაძე (საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ასეთი დაძაბული მატჩი არ ჰქონია!
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ერთი გამარჯვება გვაშორებდა და ამან თამაშის ხარისხზეც მოახდინა გავლენა და განსაკუთრებით პირველი ტაიმის განმავლობაში დიდ წნეხში მოაქცია ჩვენი ხელბურთელები, რომლებიც ქვეყნისა და ქომაგების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდნენ. ეს გუნდი ფაქტობრივად მესამე წელია, რაც ჩამოყალიბდა, ბიჭებს ჯერ კიდევ აკლიათ დიდ ტურნირებში წარმატებით თამაშის გამოცდილება. ამის მიუხედავად, მატჩის მეორე ნახევარში მაინც შევძელით თამაშის საჩვენოდ შემობრუნება.
უდიდესი სამსახური გაგვიწია მეკარე ნიქაბაძემ. დათომ ბოლო 15 წუთში თითქმის შეუძლებელი შეძლო. ერეკლე არსენაშვილმა, ფაქტობრივად, ტვინის შერყევით ითამაშა. მადლიერება მინდა გამოვთქვა გულშემატკივრების მიმართ. მატჩის მოგება მათმა მხარდაჭერამაც განაპირობა. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა და გვერდში გვედგა.
11 მაისს გასვლითი შეხვედრა გვაქვს ისლანდიაში ("კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, კვირას გამართული შეხვედრის შედეგი გაზეთის ამ ნომერში ვერ მოხვდა. - რ.შ.). ამ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან თემო ორჯონიკიძე, რომელმაც ბერძნებთან ორთაბრძოლისას მძიმე ტრავმა მიიღო, ერეკლე არსენაშვილი, ირაკლი კბილაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი და ნიკა კალანდაძე. გამოდის, ფაქტობრივად, ახალგაზრდული შემადგენლობით დავუპირისპირდებით მეტოქეს, თუმცა შედეგზე უკვე აღარ ვფიქრობთ, რადგან მთავარი საქმე გაკეთებულია - ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვეთ".
ტიტე კალანდაძისა და გამარჯვების შემდეგ ტრადიციად ქცეული აზიდვების შესახებ ზემოთაც დავწერე. კარგია, რომ უკვე ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც ტრადიციად ყალიბდება.
მალე მსოფლიო ჩემპიონატამდეც „ავზიდულიყავით!
გამოყენებულია ფოტოები საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური ფაცებოოკ-გვერდიდან.