„ეს ქრისტიანობაა - მიუტევე!“
"აგრესიას აგრესიით არასდროს ვპასუხობ. როგორც კი სიყვარულს ახვედრებ, აგრესია აზრს კარგავს", - ამბობს მუსიკოსი დათო ევგენიძე.
- დაბადების თარიღი...
- 1958 წლის 2 დეკემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მუსიკოსი. 4 წლიდან ღამით ვდგებოდი და ვუკრავდი. მამაჩემი ამბობდა, ეს ბავშვი ფსიქიატრთან მივიყვანოთო, ბებია ამბობდა, არ არის საჭირო, ეს ბავშვი მუსიკოსიაო.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ევგენას ბენდენა.
- ჩემზე ამბობენ...
- ნიჭიერიაო... იმასაც ამბობენ, ევგენა გიჟიაო. ჩემი რეაქცია აბსოლუტურად მშვიდია, იმიტომ რომ მართლა გიჟი ვარ.
- რა არის თქვენი "სიგიჟე"?
- ჩემი ნაბიჯები ჩემს აზრებს წინ უსწრებს. შეიძლება ჯერ უფსკრულში გადავაბიჯო და მერე მივხვდე, რა გავაკეთე.
- ეს ცხოვრებას საინტერესოს ხდის?
- რა თქმა უნდა, ეს რომ არა, ალბათ ვერც ვერაფერს დავწერდი. ჩემს მუსიკას წერენ ხელები, ხელებს ბოლომდე ვენდობი, გვიან ვხვდები ხოლმე, რა დავწერე. ჩემი პირველი მსმენელი და მკითხველი ჩემი მეუღლეა. სამწუხაროდ, საქართველოში უფრო ნაკლებად მიცნობენ, ვიდრე უცხოეთში.
- რა ახსნა აქვს ამას?
- ნიუ-იორკი, კანარის კუნძულები, პარიზი... სადაც ჩავდიოდი, ყველგან პროდიუსერები მყავდნენ, ისინი ჩემს შემოქმედებას აცნობდნენ საზოგადოებას, მათი მოვალეობაც იყო და ინტერესიც, მაგრამ საბოლოოდ სამშობლოში ცხოვრება ავირჩიე. აქ პროდიუსერი არ მყავს და ჩემს ბუნებაში არ არის: "ნახეთ, რა დავწერე". რეალურად, დათო ევგენიძე კლასიკური მუსიკაა.
- პროდიუსერი საქართველოშიც რომ გყოლოდათ, ამაზე რატომ არ იზრუნეთ?
- ჩემი ბოლო პროდიუსერი ფრედერიკ დელივიატი იყო, ის საქართველოში გარდაიცვალა და ჩემი ოჯახის სასაფლაოზეა დაკრძალული. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, მორის ფოცხიშვილი გარდაიცვალა. პანაშვიდზე წავედი და წამომყვა, იქ უამრავი ხალხი რომ დაინახა, მკითხა, გარდაცვლილი ვინ არისო? ვუთხარი, რომ პოეტი იყო. გაუკვირდა, ჩვენთან დე-გოლი რომ გარდაიცვალა, ამის ნახევარი ხალხი არ იყოო. ავუხსენი, რომ საქართველოში გარდაცვლილებს დიდ პატივს ვცემთ, საზოგადოებისთვის ცნობილია თუ არა, ვინც იცნობდა, დასამშვიდობებლად ყველა მიდის. მაშინ მითხრა, მეც მინდა საქართველოში მოვკვდე და დაკრძალვას ამდენი ხალხი დაესწროსო. ისე მოხდა, მართლა ამ ქვეყანაში გარდაიცვალა და ეს სიტყვები გამახსენდა. ვიფიქრე, ანდერძიც ხომ არ დაუტოვებია-მეთქი და მის მშობლებს დავურეკე, გრაფები არიან. ანდერძს თუ ნახავთ და საჭიროდ ჩათვლით, სურვილი აუსრულოთ, ჩამოგიყვანთ საქართველოში და ჩემი ოჯახის სასაფლაოზე, სადაც ჩემი დაა დაკრძალული, იქ დავკრძალავ-მეთქი. დედამ მოსაფიქრებლად ერთი საათი ითხოვა... შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ფრედერიკის საქართველოში დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შემდეგ ვთქვი, მე პროდიუსერი აღარასდროს მეყოლებოდა.
- ეს ამბავი არასდროს გამიგია.
- საჯაროდ არასდროს მისაუბრია, ამ ამბამდე თქვენმა შეკითხვამ მიმიყვანა.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- პირად ცხოვრებაში ბედს არ ვუჩივი, მაგრამ სამეგობრო ნაადრევად გამიქრა და ეს ჩემი ტკივილია, უმრავლესობა ცოცხალი აღარ მყავს. ირაკლი ჩარკვიანი, ლევან აბაშიძე, გეგა კობახიძე... ამ ადამიანების წასვლის დღეებს გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან. ჩემი და რომ გარდაიცვალა 16 წლის იყო, მე - 18-ის. ამ ამბიდან ძალიან მალე გეგა წავიდა...
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მიყვარს და რადგან მიყვარს, თავისუფალი ვარ. ფანტასტიკური ქართული ენა გვაქვს, მე ვარ ჩემი თავის უფალი.
- სიყვარული...
- თავისუფლებაა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- საბავშვო ბაღში თეთრკაბიანი გოგო მიყვარდა, ქეთინო მჭედლიშვილი. მაშინ ჩავთვალე, რომ ის დედოფალი იყო, სულ ვეპრანჭებოდი. მას შემდეგ არ შევხვედრივარ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- წყენას გულში არ ვიდებ და აგრესიას აგრესიით არასდროს ვპასუხობ. სოციალურ ქსელში ყველა აგრესიულ კომენტარს გულს "ვუწერ". აგრესიის მიზანი ხომ აგრესიის გამოწვევაა, ის აზრს კარგავს, როგორც კი სიყვარულს ახვედრებ. მივუტევებ თუ არა, ბედნიერი ვხდები.
- ეს უნარი დროთა განმავლობაში გამოგიმუშავდათ თუ თქვენი ხასიათია?
- ეს ქრისტიანობაა - მიუტევე!
- თვისება, რომელიც არ მომწონს...
- წარსულში ეს იყო არაფხიზელი მდგომარეობა, რომელმაც ღვიძლის გადანერგვამდე მიმიყვანა. ადამიანი თავს იმ ადამინების გამოც უნდა გაუფრთხილდე, რომლებიც შენ გარშემო არიან. ზოგჯერ თავადაც უნდა ჩაერიო შენს ბედისწერაში.
- როგორია თქვენი ბედისწერა?
- რაც უფლისგან მებოძა, მადლიერი ვარ, რაშიც ხელს ვუშლიდი, ბოდიშს ვუხდი.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ბავშვი ვიყო. სანამ ადამიანს მშობელი გყავს, სულ ბავშვი ხარ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
- მაკვირვებს...
- ამ პატარა ერში ასეთი სიძულვილი რატომაა? მე შეიძლება სხვაგვარად ვფიქრობდე, თქვენ - სხვაგვარად, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სიძულვილის საფუძველი.
- რა კვებავს ჩვენში ამ მანკიერებას?
- ზოგან ფული ასაზრდოებს, ზოგან - სიბრმავე. ქართველებს ყველაზე მეტად ერთობა გვჭირდება, ძალიან ცოტანი ვართ და გარშემო გველეშაპები გვახვევია. მარტივად შეუძლიათ გადაგვყლაპონ, მაგრამ უფალი ყოველთვის გვიცავს. ერთობა რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს კარგად იცის მტერმაც და ზუსტად ამის მოშლას ცდილობს.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ყველაზე მეტად რა მახარებს, იცით? როცა რეგიონებში ტურნეებზე გავდივარ და გზად ვჩერდები ადგილობრივებთან, რომლებსაც თავიანთი ნაწარმი აქვთ გამოტანილი. მათ სულ არ იციან ჩემი მუსიკა, მაგრამ სიყვარულს გამოხატავენ, საიდანღაც მცნობენ, თვალი აქვთ მოკრული. ეს მაბედნიერებს. პოპულარობა სულ სხვა რამ არის, ხალხის სიყვარული - სხვა.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- შენი მუსიკა ყუთებიდან ამოიღე და ხალხს მოასმენინეო. წელს საიუბილეო კონცერტზე სწორედ ამას ვაპირებ. 2 კონცერტს ვგეგმავ, ჩავატარებ სიმღერების კონცერტს, რომელიც ჯერ არ მქონია, არადა, ასობით სიმღერა მაქვს დაწერილი. მეორე კონცერტი კლასიკური მუსიკის იქნება, რომელიც ოპერაში გაიმართება. ნათქვამი მაქვს, თუ ჩემი კონცერტი კვირა დღეს დაემთხვევა, ეს ბოლო კონცერტი იქნება. ჯერ თარიღს ვასახელებ, კალენდარს მერე ვნახულობ.
- ეს რატომ თქვით?
- დღემდე არ ვიცი, რამ მათქმევინა. მაგალითად, სიმღერების კონცერტი მინდოდა 7 ივნისს ყოფილიყო, კალენდარს მერე დავხედე და შაბათი დღე აღმოჩნდა, ბედნიერი ვიყავი, კვირა რომ არ იყო.
- მეშინია...
- შიშის, ეს ყველა შიშზე საშიშია.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- პრაგმატულობა. ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ ეს საჭიროა, მაგრამ მე რომ პრაგმატული ვიყო, ამ მუსიკას ვერ დავწერდი.
- როგორია თქვენი მუსიკა?
- ჩემი მუსიკა ჩემი სულის ანარეკლია, დაფრინავს, თავისუფალია.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- იმ დღესვე დავხარჯავდი.
- ყველაზე მეტად მახარებს...
- ღმერთი.
- ყველაზე დიდი სტიმულია...
- ჩემი ქვეყანა. სადაც ვიყავი, ყველგან წარმატება და საოცარი ხელშეკრულებები მქონდა, მაგრამ ყველანაირი მატერიალური კეთილდღეობა ჩემს ქვეყანაში გავცვალე. კანარის კუნძულებზე ისეთი პოპულარული გავხდი, 10 მილიონიანი ფესტივალი გავაკეთე. ბოლოს ყველგან ყველაფერი დავტოვე და სამშობლოში დავბრუნდი. რუსეთში ხომ ძეგლებს მიდგამდნენ, პრიზი არ არის, რომელიც არ ამიღია, მაგრამ იქ 2008 წლის შემდეგ აღარც ჩავსულვარ. მოსკოვთან ბევრი რამ მაკავშირებდა, საბჭოთა კავშირში დავიბადე, იმ წყობის დროს ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიაში, შემდეგ ასპირანტურაში. ისეთი პოპულარული ვიყავი, იქ ჩემი 5 ბალეტი დაიდგა. მათთვის კლასიკოსი ვარ. 52 ფილმის საუნდტრეკი მაქვს დაწერილი.
სადაც ვიყავი, ყველგან ფული იყო ღმერთი და საქართველოში ღმერთი ღმერთია. ამაზე მეტი მიზეზი აქ ცხოვრებისთვის შეიძლება გქონდეს ადამიანს? ერთი სანთლის ალი მილიარდებს მირჩევნია.
თამუნა კვინიკაძე