„იმ საღამოს ყველას დაგვემშვიდობა...“
"ძალიან საინტერესო რუბრიკა გაქვთ, წლების განმავლობაში ბევრ ლეგენდასთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც შეიძლება დღეს თქვენთან გავიხსენო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შეუძლებელია ეს ერთ ინტერვიუში ჩაეტიოს", - ამბობს "კულტურის პალატის" პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და საუბარს სოფიკო ჭიაურელის გახსენებით იწყებს.
სოფიკო ჭიაურელი
- მარჯანიშვილის თეატრში ბავშვობიდან დავდიოდი, ვგიჟდებოდი სპექტაკლზე - "ეზოში ავი ძაღლია", ისე მომწონდა, ბევრჯერ მქონდა ნანახი. მოგეხსენებათ, ამ სპექტაკლში სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა, მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ გავიდოდა წლები და დავმეგობრდებოდით...
როდესაც მერიის კულტურის სამსახურის უფროს ვიყავი, თეატრი "ვერიკო" ჩემი სამსახურის დაქვემდებარებაში შემოდიოდა. სოფიკოსთან თავდაპირველად სამსახურებრივი შეხება მქონდა, მაგრამ მალე ძალიან დავახლოვდით. სოფიკოს არსებული თეატრის გვერდით დამატებით დარბაზის აშენება უნდოდა. ერთად დავდიოდით ბაზრობაზე, ცემენტს და ბლოკსაც კი თავად არჩევდა, საოცარი ადამიანი იყო, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვეღარ განახორციელა...
შეუძლებელია ოდესმე დამავიწყდეს ის ურთიერთობა, რომელიც მქონდა ვერიკო ანჯაფარიძესთან, მედეა ჩახავასთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან, გურანდა გაბუანიასთან, გივი ბეიკაშვილთან, კახი კავსაძესთან... რომელი ერთი ჩამოვთვალო. 25 წელია, რაც საზოგადოების ღვაწლმოსილ ადამიანებს ვარსკვლავს ვუხსნით და ყველა ამბავი თავისებურად საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სოფიკოს ვარსკვლავის გახსნა იყო.
- როდესაც მას პირველად ეს ამბავი უთხარით, როგორი რეაქცია ჰქონდა?
- ძალიან მეჩხუბა, ხომ იცი, ცუდად ვარო?! საშინელი სენით იყო დაავადებული და იმ წუთშიც საფრანგეთში იმყოფებოდა... ავუხსენი, რომ ეს ვარსკვლავი სჭირდებოდა ახალგაზრდა თაობას, რომლებიც დადიან თეატრში და უნდა იცოდნენ, რომ იმ სცენაზე შენ თამაშობდი, ვერიკო თამაშობდა... ეს ვარსკვლავი რომ არ გინდა, რა, ხალხის წინააღმდეგ მიდიხარ-მეთქი? ამ სიტყვებმა აზრი ცოტათი შეაცვლევინა.
გამორჩეულად მახსოვს ერთი კადრი, სოფიკო მარჯანიშვილის თეატრის წინ, თავის ვარსკვლავთან უწმინდესმა მიაცილა. ჩვენი პატრიარქი მისი მშობლების უახლოესი მეგობარი იყო. სოფიკომ განაცხადა, რომ ის ვარსკვლავი ეკუთვნოდა მის დედას და მამას. მეორე დღეს ბანკეტი იყო, თამადა თავად სოფიკო გახლდათ, შემდეგ როინ მეტრეველმა გააგრძელა... იმ საღამოს ყველას დაგვემშვიდობა. წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერია ადამიანი, რომელმაც იცის, ეს ქვეყანა მალე უნდა დატოვოს და არ იმჩნევს. ჩვენ ყველანი თვალზე ცრემლს ვერ ვიკავებდით...
- გააცნობიერეთ, რომ ეს უკანასკნელი დამშვიდობება იყო?
- რა თქმა უნდა, თავადაც გაცნობიერებული ჰქონდა; "ეს თქვენთან ჩემი ბოლო შეხვედრაა, დიდი მადლობა ამ დღემდე რომ მომიყვანეთ და გამაძლიერეთ", - ასეთი იყო მისი მიმართვის დასაწყისი...
ამის შემდეგ სოფიკოს სულ ვურეკავდი, მაგრამ არც სხვებს და არც მე, ნახვის უფლებას არ გვაძლევდა. სურდა, ახლობლებს ისეთი დაგვმახსოვრებოდა, როგორიც ცხოვრებაში იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული და მხიარული. არ უნდოდა, შეცვლილი გარეგნობით გვენახა.
- როგორი იყო ის ახლობლებთან, მის პიროვნულ თვისებებზე რას გვეტყვით?
- 5 წლის განმავლობაში მე და სოფიკო დასასვენებლად ქობულეთში ოჯახებით მივდიოდით. ზღვაში იმდენად შორს მიცურავდა, გვეშინოდა, აღარ ჩანდა და 2 საათის შემდეგ გამოდიოდა. ერთხელ მაშველებმაც კი მიაკითხეს, მაგრამ არ გამოჰყვა, ამბობდა, შუა ზღვაში ვისვენებო...
უნდა გენახათ, როგორ კერავდა, როგორი დიასახლისი იყო. გამასპინძლებაზე გიჟდებოდა. თავისი შეკერილი სამოსი ხშირად ეცვა. სადაც მიდიოდა, ყველგან საკერავი მანქანა დაჰქონდა, ქობულეთში დასასვენებლად წამოსულიც კი კერავდა...
მასთან ერთად დავდიოდი ბაზარში, მასწავლიდა, რომელი იყო პირველი ანტრეკოტი, პილმენი როგორ მომეხარშა, მდოგვის, ძმრის, ნივრის ნარევი როგორ მომემზადებინა... დეზერტირების ბაზარში ხალხი გამორბოდა, ხელს ჰკიდებდნენ, ეფერებოდნენ, ყველა უდიდეს სითბოს გამოხატავდა. ხორცის გამყიდველს ეტყოდა ხოლმე, პირველი ანტრეკოტი მომეცი! მე ვეკითხებოდი, ეგ რას ნიშნავს? გაჩერდი ახლა შენ, მაგას სახლში აგიხსნი და გასწავლიო... ძალიან უყვარდა ზეთში მოშუშული წითელი ბულგარული ნივრით და ნიახურით. ოპერის წინ საცხობი იყო, გემრიელ "ნაპოლეონს" აცხობდნენ. მეტყოდა ხოლმე - ოქიტ, გამოიარე, უთხარი, მე რომ ნამცხვარი მიყვარს, ის გამოგატანონო...
ტკივილს არასდროს გაჩვენებდა. დამირეკავდა და მეტყოდა, ოქიტ, მოხვალ ჩემთან? მასთან სახლში ვისხედით და საათობით ვსაუბრობდით... მიყვებოდა, როდესაც ვერიკო ცუდად იყო, მარჯანიშვილის თეატრში მიმყავდა, სცენაზე სკამს დავუდგამდი, დაჯდებოდა და იქ ცოცხლდებოდაო.
სოფიკოს და მედეა ჩახავას საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ორივე დიდი სულის ადამიანი იყო.\.. ამ თაობისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე...
ია ნინიძე 16 წლის იყო მისი რძალი რომ გახდა, ია ხშირად იხსენებს, როგორ შვილივით შეიყვარა სოფიკომ, როგორ ზრუნავდა მასზე... ბოლო საუბრისას მთხოვა, იას დაურეკე, ჩამოვიდესო. ეს სურვილი შევუსრულე...
სოფიკო ამბობდა, თუ წარმატება თავში აგივარდა და ადამიანებს ზემოდან ყურება დაუწყე, ჩათვალე, დამარცხდიო. იმ თაობას სულ სხვა ხიბლი, სიღრმე და შინაარსი ჰქონდა, ახლა რა ხდება? ერთმანეთს ხოცავენ. არადა ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში ტრიალებენ, ერთი დიდი ოჯახივით უნდა ცხოვრობდნენ. აუცილებლად უნდა მოხდეს დიდი შერიგება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავია. მინდა ყველას ვთხოვო, ამ ადამიანების ბიოგრაფიებს გაეცნონ! მსოფლიოში საქართველოს თუ ვინმე იცნობს, ეს არის ქართული კულტურისა და სპორტის დამსახურება.
ნინო რამიშვილი
- ნინო რამიშვილი ვარსკვლავის გახსნისას შეუძლოდ იყო, მე და ილიკოს ხელკავით მიგვყავდა. წითელ ხალიჩაზე რომ ავედით, გვითხრა - ხელი გამიშვით! ილიკომ გადმომილაპარაკა, არავითარ შემთხვევაშიო. ბოლოს გაგვიბრაზდა, ვარსკვლავს რომ მიუახლოვდა, ხელი გავუშვით. იმდენად ძლიერი ქალი იყო, არ უნდოდა დაენახათ, რომ შეუძლოდ იყო და თავის ვარსკვლავთან წაიცეკვა. მერე კი გვითხრა: ხელი მომკიდეთ! მას რკინის ლედის ეძახდნენ, ეს იყო მაყურებლისა და საკუთარი საქმის მიმართ გამოხატული პატივისცემა.
"ამ აფხაზმა ახალგაზრდებმა იციან, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს"
ბავშვობაში ბებიას და ბაბუას სოხუმში, ბიჭვინთაში, კინდღში დასასვენებლად დავყავდი. მჯერა, დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ ისევ წავალთ აფხაზეთში. ბებიას ქვიშაზე მოდუღებული ყავა უყვარდა გამორჩეულად, იქაური სუნიც კი მახსოვს, ზღვის და მთის საოცარი ჰაერი და ბუნება, ულამაზესი რიწის ტბა...
"კულტურის პალატის" პროექტის ფრაგლებში, აფხაზეთიდან ახალგაზრდები ყოველ წელს გადმოდიან, მათთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მინდა დადგეს დღე, როდესაც ჩვენს ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში ისე დავდებ, რომ მათ იქ პრობლემები არ შეექმნებათ, ამის არ შემეშინდება. ახლა ვერც მათ სახელებს გაგიმხელთ და ვერც ფოტოებს მოგაწვდით, მაგრამ გეტყვით მთავარს, ამ ახალგაზრდებმა იციან, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს. მჯერა, ეს თაობა აფხაზეთის დაბრუნებაში უდიდეს როლს შეასრულებს.
თამუნა კვინიკაძე