„ახლა ჯანმრთელობისთვის კი არა, გადარჩენისთვის ვიბრძვი...“ - კვირის პალიტრა

„ახლა ჯანმრთელობისთვის კი არა, გადარჩენისთვის ვიბრძვი...“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე, მათ სატკივარზე, ქართულ მედიაში ბევრი რამ თქმულა და დაწერილა. ყველამ ვიცით, რომ მათი ყოველდღიურობა რთულია - გაცილებით რთული, ვიდრე ჩვენი! რამდენად არის დაცული შშმ პირთა უფლებები საქართველოში? - ამის შესახებ თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ნანიკო ბრეგვაძეს ვესაუბრეთ:

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს საქართველოში ნამდვილად არ ულხინთ. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი: თვეების ვიყავი, ექიმების დაუდევრობის გამო მხედველობა რომ დავკარგე. მარტოხელა დედა მზრდიდა, მთელი ბავშვობა კლინიკებში გავატარე. არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როცა ისრაელში ოპერაცია ჩამიტარეს და მხედველობა ნაწილობრივ დამიბრუნდა. დღეს ჩემთვის ნაცნობ გარემოში დამოუკიდებლად გადაადგილებას ვახერხებ! სამწუხაროდ, ყველა უსინათლოს ჩემსავით არ გაუმართლა.

წლების განმავლობაში "უსინათლოთა­ კავშირში" ვმუშაობდი და მათი მდგომარეობა ძალიან კარგად ვიცი: იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ავტობუსებში გაჩერებები­ გამოაცხადონ, თბილისშიც არ არის ეს პრობლემა სრულად მოგვარებული, რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ. მძღოლს მისამართს ეკითხები და გპასუხობს, ქალაქი­ კარგად თუ არ იცი, რას დადიხარო. გაჩერებაზე მდგომს რომ ჰკითხავ, ავტობუსი­ რამდენ წუთში მოვაო, გპასუხობს: ტაბლოზე წერია და წაიკითხეო... მსგავსი წვრილმანების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენთვის ეს ნამდვილად არ არის წვრილმანი! ყველას, ვინც შშმ პირებს­ ასე ექცევა, ვეტყოდი, ვიდრე თანადგომას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება.­ ცხოვრება ვის რას მოუტანს, ვინ იცის?! მოწინავე ქვეყნებში შშმ პირებს ღირსეული­ ცხოვრება აქვთ. ჩემს სამშობლოში კი იმის განცდა მაქვს, რომ არავის ვჭირდები!

- ასე რატომ ფიქრობ?

- თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვერ ვახერხებ. სათანადო მკურნალობით ჩემი მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდებოდა, მაგრამ დღეს ჯანმრთელობისთვის კი არა, გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლო.

11 წელი გავატარე თბილისის მერიაში­ და ჩემს მოვალეობას ღირსეულად ვასრულებდი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საჯარო მოხელე მერიაში შემოსული თითოეულ ადამიანს მაქსიმალურ ყურადღებას­ ვაქცევდი და ვცდილობდი დავხმარებოდი. ჩემი სამსახური მიყვარდა, რადგან სხვებზე ზრუნვის საშუალებას მაძლევდა და ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემგან მადლიერი მოქალაქე მიდიოდა. თანამშრომლებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა... რეორგანიზაცია გამოაცხადეს და ყველა, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა, ან გაუშვეს, ან ჩამოაქვეითეს და ხელფასი შეუმცირეს. მე მეორე ჯგუფში მოვხვდი: დამაქვეითეს და ხელფასი შემიმცირეს. არ მეგონა, 11-წლიანი მუშაობის შემდეგ, შშმ პირი, რომელსაც სახელმწიფო ხელს უნდა მიწყობდეს, რეპრესირებულ მოქალაქეებს შორის აღმოვჩნდებოდი. თავი ძალიან დამცირებულად, ზედმეტად ვიგრძენი და წამოვედი! ახლა რას ვაპირებ? - არ ვიცი, რადგან შშმ პირებს საქართველოში ისედაც არა აქვთ შრომის საშუალება. მეც, თუ რამეს მივაღწიე, უდიდესი შრომის და ძალისხმევის ფასად. ჯერ ილიას უნივერსიტეტი დავამთავრე, მერე თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის მაგისტრატურა. ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მოწყალება არ მჭირდება, ბევრს არაფერს ვითხოვ - მინდა სამშობლოში ჩემი შრომით ვიცხოვრო. ძალიან ვდარდობ, რომ ეს ამბავი­ შშმ პირებს მომავლის იმედს ჩაუკლავს: მე მათთვის ერთგვარი მაგალითი ვიყავი, ახლა კი იმედს დაკარგავენ, რომ ისწავლიან და ოდესმე წარმატებას მიაღწევენ, ან დასაქმდებიან. უსინათლოებს შორის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი თავისი ცოდნის და შესაძლებლობის რეალიზებას ვერ ახერხებს. ახლა მეც მათ შორის აღმოვჩნდი: ქუჩაში­ დავრჩი და იმაზე ვფიქრობ, ქირა როგორ გადავიხადო, საკრედიტო დავალიანება როგორ დავფარო და როგორ გადავრჩე. ასეთ მაგალითს ვაძლევთ შშმ პირებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ერთ დღეს მზე მათთვისაც გამოანათებს.

ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს: თუ ჩვენი­ მთავრობა ევროპული გზით მიდის,­ თავისუფალი აზრის გამოხატვა რატომ არ შეიძლება? ან ვის სჭირდება ასეთი შეშინებული­ საზოგადოება? თბილისის მერიაშიც პარტაქტივს ასაქმებენ - ძველ კადრებს უშვებენ და მათ ნაცვლად ისეთ ხალხს ნიშნავენ, რომელიც პირში წყალს ჩაიგუბებს და მონურ მორჩილებაში იქნება.

- ამბობთ, რომ შშმ პირების მდგომარეობა­ საქართველოში გაცილებით მძიმეა, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, რატომ?

- იმიტომ, რომ ქუჩები და ინფრასტრუქტურაც კი მათ საჭიროებებზეა მორგებული. აღარაფერს ვიტყვი სოციალურ პირობებზე და ფინანსურ მხარდაჭერაზე... ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პეტიციაზე ხელი მოვაწერე, ეს იყო! რა ხდება ჩვენთან?­ - ამის დასტურად მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოში უკვე დაინერგა პირადი ასისტენტის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ შშმ პირს პირადი ასისტენტი უნდა ჰყავდეს - ადამიანი, რომელიც მას ყურადღებას მიაქცევს­ და ყველაფერში დაეხმარება. ჩვენთან ამ ფუნქციას ოჯახის წევრები ასრულებენ. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს შშმ პირის ოჯახის წევრს, რომ იმუშაოს და ის ფინანსურად უზრუნველყოს. ეს ძალიან კარგი­, საჭირო პროგრამაა, რომელიც უკვე დაწყებული უნდა იყოს და მეც ჩემი ასისტენტი უნდა მყავდეს. ჩემი მონაცემები იანვრიდან თბილისის მერიას გადაეცა, შეფასება გავლილი მაქვს, ასისტენტიც არჩეული, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია. შეკითხვა მაქვს: რატომ არ ხორციელდება პროგრამა, რომელიც სამი თვის წინ უნდა დაწყებულიყო?

- იმედგაცრუებული ხარ, მაგრამ ხელის ჩაქნევას მაინც არ აპირებ...

- სასამართლოში სარჩელი უკვე შევიტანე და სახალხო დამცველსაც მივმართე. იმედია, ჩემს სიმართლეს ოდესმე დავამტკიცებ. ზოგჯერ იმედგაცრუება მეც მომერევა ხოლმე, მაგრამ მაშინვე თავს შემოვუძახებ, რადგან ვიცი, ამ ქვეყნის მომავლისთვის ჩემი აგური მეც უნდა დავდო.

დარწმუნებული ვარ ბოლოს მაინც ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ, სადაც ყველას, შშმ პირსა და რიგით მოქალაქესაც, ღირსეული ცხოვრება ექნება.

ხათუნა ჩიგოგიძე