„თუკი მარსის კოლონიზაცია მოხდება, ადამიანი შეეგუება მის მკაცრ გარემოს, თუმცა...“ - კვირის პალიტრა

„თუკი მარსის კოლონიზაცია მოხდება, ადამიანი შეეგუება მის მკაცრ გარემოს, თუმცა...“

სანამ დედამიწის ყურადღებას გლობალური პოლიტცვლილებები იპყრობს, მარსზე თვითმავალი "პერსევერანსი" კვლავ დაუღალავად შრომობს, დაეძებს სიცოცხლის ნიშნებს და ფოტოებს მილიონობით კილომეტრით დაშორებულ დედამიწაზე გზავნის. მატერიალური მასალა, მარსის გრუნტის ნაწილი, სავარაუდოდ, 2030 წელს ჩამოვა და უკეთ გამოჩნდება ის სიმდიდრე, რომელიც მარსის წიაღებში ინახება, და რის გამოც დედამიწელები მის კოლონიზაციას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში დიდი ხნით ყოფნა მთლად სასარგებლო არ გამოდგა ადამიანისთვის, ფაქტია, კოსმოსის ორბიტაზე 9 თვით იძულებით ჩარჩენილი და დედამიწაზე ახლახან დაბრუნებული კოსმონავტები ჯანმრთელად ვერ გამოიყურებოდნენ. ბუჩ უილმორსა­ და სუნი უილიამსს ვგულისხმობ, რომლებიც დედამიწიდან შედარებით ახლო მანძილზე, კოსმოსურ ორბიტაზე იმყოფებოდნენ, სადაც ერთი კვირის­ ნაცვლად 9 თვე გაატარეს. მარსზე "პერსევერანსის" უახლოეს აღმოჩენებსა და მარსის კოლონიზაციის ჯერჯერობით ისევ თეორიებად დარჩენილ ამბებზე ასტროლოგ როინ კვიჟინაძეს ვესაუბრებით:

- მარსზე "პერსევერანსის­" გაშვებამ, მისმა პირველმა ფოტოებმა და ამ ცივი პლანეტის "მუსიკამ" - ქარების ჩანაწერებმა, მართლაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მარსმავლის ბოლო აღმოჩენებზე კი­ ცოტა რამ ვიცით. როგორია ისინი? რით აფიქრებინებს პრაგმატულ საზოგადოებას, რომ მარსის კოლონიზაცია მაინც მოხდება?

- თანამედროვე მეცნიერული მიღწევების წყალობით სულ აღარ არის გასაკვირი მარსის კოლონიზაცია. იქ ადამიანების კოსმოსური მისიებით გაშვება გარდაუვალია, მაგრამ როდის, არ ვიცით - მარსის ეგზობიოლოგიის შესწავლა დიდი ხნით გადადებულია, უამისოდ კი იქ ადამიანის გაშვება არარეალურია.

likeni-1746977187.jpg

ეგზობიოლოგია კოსმოსში შეისწავლის იმ ნივთიერებებს, რომლებიც სიცოცხლეს წარმოქმნის. ეს ევროპისა და რუსების ერთობლივი პროექტით უნდა მომხდარიყო 2022 წელს, თუმცა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მარსის ეს პროექტი ამოაგდო გეგმიდან. 2026 წელს ილონ მასკიც გეგმავდა მარსიდან გრუნტის ჩამოტანას, მაგრამ ამჟამად აღარც ამაზეა ლაპარაკი. თუმცა მარსზე­ ადამიანის გამგზავრების თემა იმდენად პოპულარულია, ამის სურვილი არასოდეს განელდება. "პერსევერანსის" დიდი ძიებების შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ამ პლანეტაზე წყლის არსებობის კვალს სულ უფრო და უფრო მეტს პოულობს. საერთოდ, მარსის სიღრმეში წყლის არსებობა ადრეც იყო ნავარაუდევი. მეტიც, დღეს მეცნიერები ამბობენ, რომ მარსზე კლიმატი იცვლება, შედარებით "თბება", რის გამოც მარსის წიაღში­ მყოფი წყალი "ზედაპირზე ამოდის", უკვე 7 მეტრის სიმაღლეზეა. სწორედ "პერსევერანსის" წყალობით აღმოჩნდა წყლის არსებობის ნიშნები მარსის ზედაპირზე, მის კლდოვან ქანებში. სულ ბოლო კვირებში მარსზე ტბის ტალღების ორი ნაკვალევიც გამოჩნდა. დაახლოებით ისეთი, როგორსაც დედამიწის ტბები ტოვებენ, როდესაც ძლიერი ქარისაგან კლდეებს­ აწყდებიან. ბოლო დროს პენსილვანიის უნივერსიტეტში გაშიფრეს მარსის კვლევები, სადაც დადასტურდა, რომ მარსის კრატერები მთლიანად მდინარეებით იყო დაფარული. ოდესღაც აქ წყალი მიედინებოდა - ანუ ამ დროს მარსი იმდენად თბილი იყო, რომ წყალი არ იყინებოდა, ატმოსფერო კი იმდენად სქელი, რომ პლანეტაზე სიცოცხლეს იცავდა.

madagaskaruli-marsisi-tarakana-1746977187.jpg

- რამდენი ხნის წინ ხდებოდა მარსზე ეს ამბები და სად და რატომ გაქრა წყალი?

- ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს­, რომ სიცოცხლე მარსსა და დედამიწაზე­ ერთდროულად არსებობდა, თუმცა ის დედამიწაზე შენარჩუნდა, მარსზე კი არა.

მარსზე სიცოცხლის განადგურების პროცესი დაახლოებით სამი მილიარდი და მეტი წლის წინ დაიწყო, რის მიზეზადაც მეცნიერები პლანეტის ვულკანებს ვარაუდობენ. ამ ვერსიით ვულკანების ლავა შეიცავდა ისეთი შემადგენლობის ბაზალტს, რომელიც წყალს ისრუტავდა, შთანთქავდა. ეს გრძელდებოდა ათასეულობით წელი, სანამ მარსის ზედაპირი საბოლოოდ არ ამოშრა. წყლის შესრუტვისას ამავე ქანებში განლაგებული რკინა რეაქციაში შევიდა წყალთან და კლდოვანი მარსი დაიჟანგა, გაწითლდა. ამიტომაც არის მარსი წითელი. ეს არის პლანეტის სამეცნიერო კვლევის შედეგები. სხვათა შორის, "პერსევერანსმა" მარსიდან ახლახან გამოგზავნა სრულიად განსხვავებული ქვის ფოტო, რომელიც ობობას კვერცხების გროვას მოგვაგონებს. ქვა ერთ-ერთი კრატერის თავზეა და ადგილობრივი გარემოსგან სრულიად განსხვავებულ აღმოჩენას მიეკუთვნება. მასზეც ვარაუდობენ, რომ მარსიდან წყლის მასობრივად აორთქლების დროს წარმოიქმნა, წყლის გრანულები კი გაქვავდა და ბურთულების მსგავს­ წარმონაქმნებად გადაიქცა.

- ხომ არ აღმოჩნდა მარსიდან გამოგზავნილ მასალაში თუნდაც მცირე სასიცოცხლო მოლეკულები?

- აღმოჩნდა მოლეკულები, რომელთა წყალობით არსებობს დედამიწაზე სიცოცხლე. იგივე მოლეკულები დედამიწაზეც გვხვდება არაცოცხალ ორგანიზმებში. ამდენად, ასე გამოკვეთილად ამ მოლეკულებს მარსის სასიცოცხლო პროცესებს ვერ დავუკავშირებთ. თუმცა ვვრაუდი ნამდვილად შეიძლება. იცით, ბოლოდროინდელი კვლევებით რა შეეგუება დედამიწიდან უსიცოცხლო მარსს უპრობლემოდ? რა და, ლიქენი! უმრავლესობამ ვიცით, ალბათ, ეს რაც არის, ხეებზე ბევრჯერ გვინახავს ერთგვარი მომწვანო გარსი, რომელიც წყალმცენარეების სოკოებისაგან შედგება. ჰოდა, ბოლოდროინდელი კვლევებით სწორედ ლიქენის ერთ-ერთი სახეობა განთავსდება მარსზე. კერძოდ, Iploschistes Muscorum-ი. იმისთვის, რომ მარსის უმკაცრეს ატმოსფეროში მისი გამძლეობა გამოეცადათ, მეცნიერებმა ის 5 საათით მოათავსეს, რენტგენული გამოსხივების, ტემპერატურის შოკური ცვლილებისა და მაღალი­ წნევის ქვეშ. აღმოჩნდა, რომ Iploschistes Muscorum-ი ამ ყველაფერმა ვერ შეაშინა, თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი ჩართო და გაააქტიურა.

- რა მოუვა ადამიანს, თუ ოდესმე მარსზე ცხოვრება გადაწყვიტა? მისი ორგანიზმი ნამდვილად არ არის მზად მარსის რადიაციისა და ყინვის გასაძლებად. მეცნიერებს თუ აქვთ ახალი­ კვლევები ამაზე?

- ადამიანს უკვე ნამდვილად შეუძლია მარსზე დროებით ყოფნის პირობების შექმნა. ილონ მასკი არც ისე დიდი ხნის წინ ირწმუნებოდა, რომ ადამიანს მარსზე 2030 წელს გაუშვებს, მანამდე კი მხოლოდ 5 წელიწადია დარჩენილი. თუმცა ხანგრძლივად მარსზე ყოფნა ჯერ მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა. თუ რატომ, მიზეზები ცნობილია: მარსზე ხანმოკლე გამგზავრება არ გამოდის - მხოლოდ გზა მარსამდე და უკან, დღევანდელი ტექნოლოგიებით წელიწად-ნახევარი გრძელდება. ამ გზაზე პირველ რიგში ადამიანი რადიაციისგან უნდა იყოს დაცული, რადგან მოსალოდნელია რამდენიმე ათეულჯერ მეტი გამოსხივება მიიღოს, ვიდრე დედამიწის ნორმებით არის დასაშვები. ტემპერატურა ამ პლანეტაზე დაახლოებით -130-სა და +15 ცელსიუს შორის მერყეობს. მარსზე ჟანგბადი არ არის, ანუ 1-%-ზე ცოტაა, თითქმის ნახშირორჟანგით არის დაფარული. ამის გარდა, ადამიანისთვის საკვებია საჭირო, რომლის მოყვანა და მიღება მარსზე ასევე წარმოუდგენელია. პოლონურმა კომპანიამ გამოიკვლია, რომ მარსზე ცილის ალტერნატივად შესაძლოა გამოიყენონ მადაგასკარული ტარაკანები, რომლებიც ბევრ არახელსაყრელ პირობას ეგუებიან და გადაამუშავებენ საკვების ნარჩენებს.­ ისინი ცილოვანი არსებებია და შესაძლოა თავად გადამუშავდნენ ადამიანისთვის საჭირო ცილად.

გამოქვეყნდა რაისის უნივერსიტეტის პროფესორის, ბიომეცნიერ სკოტ სოლომონის კვლევა, რომელიც ფიქრობს, რომ თუკი მარსის კოლონიზაცია მაინც მოხდება, ადამიანი შეეგუება მის მკაცრ გარემოს, თუმცა, ასე ვთქვათ, შეიცვლება...

- ანუ ვიდრე ადამიანები შეცვლიან მარსს, მანამდე თავად შეიცვლებიან?

- კი, ასეა. სხვათა შორის, ეს თემა მხოლოდ მეცნიერებას არ მოსდის აზრად. კლასიკოსი ფანტასტი მწერალი რეი ბრედბერი ვარაუდობდა, რომ მარსზე დედამიწიდან გასული სულები ცხოვრობენ. მართალია, მისი ფანტასტიკა არ დადასტურდა, სამაგიეროდ, ადამიანმა მიაღწია მარსამდე და თავში აზრად მოუვიდა მასზე დასახლება. ბიომეცნიერი სკოტ სოლომონი სამეცნიერო­ ჟურნალში აქვეყნებს­ სტატიას, სადაც განიხილავს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ადამიანის ევოლუცია მარსზე თაობების ცხოვრებით და შესაძლოა უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე ეს დედამიწაზე ხდებოდა.­ მარსზე შეიძლება შეიცვალოს ადამიანის გენეტიკა და გარეგნობა, რაც რამდენიმე თაობის შემდეგ გამოჩნდება, ისინი კი უკვე შეგუებული იქნებიან მარსის რადიაციას. სკოტ სოლომონი ვარაუდობს, რომ მარსის გამოსხივებისაგან ადამიანს დაიცავს ჩვენი კანის პიგმენტის ერთ-ერთი სახეობა, ეუმელანინი, რომელიც მუქ შეფერილობაზეა პასუხისმგებელი. ეუმელანინი კანს იცავს ზოგიერთი ტიპის რადიაციისგან. ასე რომ, მეცნიერის ვარაუდით, მარსთან ადაპტაციის შესაძლო შედეგად შეიძლება კანის მკვეთრი გამუქებაც განვიხილოთ.

თუ სამეცნიერო პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, ის აუცილებლად უნდა განვიხილოთ, დანარჩენი კი მომავალი თაობების მეცნიერებს დავუტოვოთ - ისინი სხვანაირად და სხვა შესაძლებლობებით მიუდგებიან ამ თემას.