"ყველა მხრიდან ბომბები ცვიოდა. ღვთის სასწაულმა გადაგვარჩინა... 8 დღე ვიყავით ალყაში, აქედან 5 დღე საკვების, წყლისა და ტყვია-წამლის გარეშე. ერთი გლეხი - კვირის პალიტრა

"ყველა მხრიდან ბომბები ცვიოდა. ღვთის სასწაულმა გადაგვარჩინა... 8 დღე ვიყავით ალყაში, აქედან 5 დღე საკვების, წყლისა და ტყვია-წამლის გარეშე. ერთი გლეხი დაგვეხმარა, ტრაქტორის მისაბმელში დაგვმალა"

ბესო მანუკოვი და მალხაზ ქავთარაძე მათ შორის არიან, რომლებმაც უკრაინაში მებრძოლ ქართველებს სახელი გაუთქვეს. ორივე უკრაინელმა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ორჯერ დააღწიეს თავი ისეთ ალყას, საიდანაც ეშმაკსაც გაუჭირდებოდა გამოსვლა. ერთი ისტორია ასეთია: აღმოსავლეთ ფრონტზე, ველიკო-ნოვოსილკასთან, 110-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დანაყოფების პირადი შემადგენლობა და საინჟინრო ჯგუფი რუსების ალყაში მოჰყვნენ. მათ დასახმარებლად 110-ე საინჟინრო ასეულის მებრძოლები, ბესო მანუკოვი და მალხაზ ქავთარაძეც შეუშვეს. დავალება კონკრეტული იყო - კომბინირებული დაბრკოლებების ზოლი უნდა შეექმნათ, რაც მავთულხლართების გავლებას, დანაღმვას და სხვა საინჟინრო სამუშაოებს გულისხმობდა. დავალება­ ღამით უნდა შეესრულებინათ. პოზიციებზე გადაადგილებისას ქართველები საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ. პიკაპზე ღამის ხედვის ფარები დაზიანდა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ ჩვეულებრივი განათებით შესულიყვნენ სოფელში, რამაც მტერს მათი ადგილმდებარეობის გამოვლენა გაუადვილა. ტვირთის­ გადმოცლის დროს რუსებმა დაბომბვა გააძლიერეს... მანუკოვი მსუბუქად დაშავდა, თუმცა დავალების შესრულება უკვე შეუძლებელი გახდა. მძიმე საარტილერიო ცეცხლი, დრონების შეუსვენებელი აქტიურობა და კამიკაძე-დრონების შეტევა მათ პოზიციაზე გადაადგილებას წარმოუდგენელს ხდიდა. ორი საევაკუაციო ჯგუფი მათგან 200 მეტრში იყო, მაგრამ მიახლოებას ვერ ახერხებდა. ერთი მანქანა რუსებმა გაანადგურეს - დაიღუპა ორი და დაიჭრა ორი უკრაინელი მებრძოლი... რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ბიჭები ალყიდან უვნებლად გამოვიდნენ. მეორე ალყიდან თავის დაღწევის, ფრონტზე არსებული ვითარებისა და მებრძოლების განწყობის შესახებ ბესო მანუკოვი გვესაუბრება.

- ის ღამე საშინლად მახსენდება, ყველა მხრიდან ბომბები ცვიოდა. მხოლოდ ღვთის სასწაულმა გადაგვარჩინა. ის იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დაზიანება მივიღე. არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დავშავებულვარ.

რაც შეეხება ყველაზე რთულ მომენტს, ეს იყო ხერსონის მიმართულებაზე. მე, ლადო გამსახურდია, მალხაზ ქავთარაძე და კიდევ რამდენიმე მებრძოლი ვიყავით - სულ 8 კაცი. თავიდან 12 ვიყავით, მაგრამ 4 გასული იყო უკვე.

მეთაურობამ გვითხრეს, რომ უნდა გაგვეწმინდა ტერიტორია, სადაც რუსების მცირე ჯგუფი იყო, იქ მისულებმა კი აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი იყვნენ.... ისეთ ადგილზე ვიყავით, რომ შემოსასვლელიც და გასასვლელიც მხოლოდ ერთი ვიწრო ბილიკი იყო. გადავწყვიტეთ, ნაწილ-ნაწილ, ნელ-ნელა გავსულიყავით. პირველ ჯერზე ოთხმა კაცმა გააღწია, მაგრამ მერე რუსებმა აღმოგვაჩინეს და არტილერია აამუშავეს. ცეცხლის წვიმა არ ჩერდებოდა. რადგან 8 დღე ვიყავით ალყაში, მხოლოდ 3 დღე გვეყო რესურსი, დანარჩენი 5 დღის განმავლობაში საკვების, წყლისა და ტყვია-წამლის გარეშე ვიყავით. ერთი გლეხი დაგვეხმარა, ტრაქტორის მისაბმელში დაგვმალა და ისე გამოგვიყვანა სამშვიდობოს. რუსები რატომღაც იმ სოფლის მოსახლეობას უფლებას აძლევდნენ, რომ კვირაში ერთხელ გასულიყვნენ და პროდუქტი შემოეტანათ. იმ გლეხმაც სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

- უკრაინაში რამდენი ხანია იბრძვით?

- 2022 წლის ივლისიდან. მიზეზიც და მიზანიც ჩემი ქვეყნის მტრის - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. იმ რუსეთის, რომელმაც ისტორია და ტრადიციები გაგვიყალბა და ტაძარი შეგვირყვნა.

უკრაინაში წასვლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში­ ვმსახურობდი, `კომანდოს~ ბატალიონში. 2004 წლის ცხინვალის ომის შემდეგ წამოს­ვლამ მომიწია, მაგრამ 2009 წელს დავბრუნდი. 2019 წელს თადარიგში გავედი. რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, შესაძლებლობა მომეცა, ჩემი გამოცდილება მტრის წინააღმდეგ გამომეყენებინა.

- მას შემდეგ, რაც აშშ-მა კიევის სასარ­გებლოდ შეცვალა პოზიცია, უკრაინაში რა განწყობაა?

- არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მთავარია ომი დასრულდეს და არაფერზე არა აქვთ პრეტენზია, თუმცა უმრავლესობა ამბობს, არაფრის დათმობა არ შეიძლება­ და ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს. მეც ასე მგონია, ბრძოლა რუსეთის კაპიტულაციამდე უნდა გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, უნდა აეკრძალოს მძიმე შეიარაღების წარმოება, რათა მსგავსი მომავალში აღარ განმეორდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზურგზე მომჯდარი მორიელის არ იყოს, კბენას არ მოეშვება. შეიძლება ევროპის ქვეყნების ასაწიოკებლად აღარ ჰქონდეს რესურსი, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, საფრთხე ყოველთვის იქნება. ეს ყველაფერი გაანალიზებული რომ გვაქვს, ამიტომ ვიბრძვით აქ თავდაუზოგავად. რუსებს რომ ვუყურებთ, სისხლი დუღილს გვიწყებს, ყველაფერი გვახსენდება, რაც ჩვენს ქვეყანას დაუშავეს. ამიტომაც არის, რომ ყველაზე რთულ ბრძოლებში ვერთვებით. უკრაინელები ხშირად ამბობენ, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, ქართველები გააკეთებენო. მათი ეს სიტყვები­ ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ისედაც მზად ვართ, თავი არ დავ­ზოგოთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში,­ მაგრამ როცა ვხედავთ, როგორ გვექცევიან უკრაინელები, უფრო გვაძლიერებს, კიდევ უფრო მეტად გვიბიძგებს ბრძოლისკენ. როცა ქუჩაში გვხვდებიან, მადლობას გვიხდიან. მუდამ ცდილობენ ყურადღება მოგვაქციონ - ხან ხილს გვაწვდიან, ხან მცირე საჩუქარს გვაძლევენ... ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს საჭირო არ არის, მაგრამ გვპასუხობენ, თქვენ ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებთ და გვინდა მადლიერება როგორმე გამოვხატოთო. ეს ყველაფერი გულიდან მოდის.

- ოჯახი საქართველოში გყავთ?

- ჩემი მეუღლე, ქალიშვილი და 5 წლის შვილიშვილი თბილისში ცხოვრობენ.­ მეც თბილისელი კაცი ვარ, ჩემი მამა-პაპა­ თბილისში დაბადებულ-გაზრდილები­ არიან. დედა რუისელია, გვარად ეგნატაშვილი. მე ქართველად ვარ გაზრდილი.

- როდემდე აპირებთ უკრაინაში ყოფნას?

- ვიდრე რუსები არ დამარცხდებიან­. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო იმ უზარმაზარი იმპერიის დამარცხებაში, რომელმაც ჩემს ქვეყანას ამდენი უბედურება გამოატარა. ყველა მეკითხება, როდის ბრუნდებიო, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ არა, აქ ბოლომდე უნდა დავრჩე და გამარჯვების სიხარული გავიზიარო.

ხათუნა ბახტურიძე