ბიკინის "რევოლუცია" - კვირის პალიტრა

ბიკინის "რევოლუცია"

დღეს ლონდონის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნება. ეს ღონისძიება თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

გუშინ ოლიმპიადაზე ვაჟმა ფეხბურთელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს. ყველასათვის მოულოდნელად, ესპანეთის ნაკრები იაპონიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. "ამომავალი მზის" ქვეყნის შვილებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. გაგიკვირდებათ და ესპანურმა გამოცემამ "მარკა", ეს მარცხი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯ დე ხეას ახლომხედველობას დააბრალა.

დავიდ დე ხეას თვალთ აკლია და საფეხბურთო შეხვედრებს სპეციალური კონტაქტური ლინზებით ატარებს. დაუჯერებელია, მაგრამ ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, გაშვებულ გოლში დამნაშავე მეკარე კი არა, უხარისხო ლინზები გახლდათ. რას იზამ, შეჯიბრების ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტი დამარცხდა და მას-მედიამ წაგების საკუთარი "ორიგინალური" ვერსია წამოაყენა.

ქართველი ოლიმპიელები უკვე ლონდონში იმყოფებიან. ცნობილი გახდა, რომ თბილისიდან გამგზავრებისას ერთ ჯგუფს აეროპორტში გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამ ფაქტმა შორეული 1996 წელი გამახსენა: მაშინ ატლანტის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველო დამოუკიდებელი გუნდის სახელით ასპარეზობდა. თბილისიდან სპორტსმენები მოსკოვში მიფრინავდნენ. შემდეგ რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ოკეანისგაღმა უნდა გადაფრენილიყვნენ. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავს საწვავი არ გააჩნდა და მოსკოვს ვინ ჩიოდა, ჩვენი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გარეშე რჩებოდა.

იმ "ისტორიულ" დილას, ქართული სპორტის მესვეურები ახლადშემოსული "მეგაკომის" მობილური ტელეფონებით მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს უკავშირდებოდნენ. ბოლოს და ბოლოს საწვავი გამოიძებნა და ქართველი ოლიმპიელებიც ატლანტისაკენ მიმავალ რთულ გზას დაადგნენ.

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა გამოცემამ "იუესეი თუდეიმ" საკუთარი პროგნოზი გამოაქვეყნა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნებს მედლები წინასწარ მიანიჭა. ამერიკელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა საქართველოს ხუთი ჯილდოს მოპოვება უწინასწარმეტყველეს. ამ პროგნოზებმა ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში განსაკუთრებული "აჟიოტაჟი" გამოიწვია - საქმე იმაში გახლავთ, რომ გაზეთმა მედლების მოპოვების რიცხვით, რუსეთის შემდეგ აზერბაიჯანი დააყენა. ამერიკელების მტკიცებით, "აზერები" ლონდონში 6 ოქროს, 7 ვერცხლსა და 6 ბრინჯაოს აიღებენ. პრეზიდენტი ალიევის თანამემამულეებმა უკან უკრაინა, ბელორუსი და რაც ყველაზე "მთავარია" - სომხეთი ჩამოიტოვეს. ამ დაგეგმილმა "შედეგებმა" სპორტული კიევი, მინსკელი "ბატია" და ოფიციალური სომხეთი ძალიან გაანაწყენა. მართალია, ოფიციალური პროტესტი არ განუცხადებიათ, მაგრამ გუშინ უკრაინის მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა თავკაცმა ვლადიმერ ევონოვმა ამერიკული გამოცემის წარმომადგენელს ინტერვიუზე სასტიკი უარი განუცხადა და სასაუბროდ აზერბაიჯანელებთან გააგზავნა.

ალბათ დროა უშუალოდ ლონდონში მიმდინარე მოვლენებს დავუბრუნდეთ: გუშინ ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ქვიშის ფრენბურთში ქალთა შეჯიბრების ბილეთების დიდი ნაწილი უკან დააბრუნეს. ამ ამბავს ყველასათვის ცნობილი გამოცემა "სანი" დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და "ბიკინის რევოლუციად" მონათლა. ცოტა ხნის წინ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო და პლაჟის ფრენბურთში მოასპარეზე ქალ სპორტსმენებს ბიკინის მოკლე შარვლებითა და "ტოპებით" შეცვლა მოსთხოვა.

ეს "ნოვატორული იდეა" ძალაში ოფიციალურად ორი დღის წინ შევიდა. რასაკვირველია სპორტის ამ სახეობის თაყვანისმცემელმა ბრიტანელმა მამაკაცებმა პროტესტი რამდენიმე საათში გამოხატეს და შეჯიბრებაზე დასასწრები ბილეთების უკან დაბრუნება დაიწყეს.

მაგრამ გუშინდელი დღის მთავარი "მოქმედი გმირები" მაინც ლონდონელი ტაქსისტები აღმოჩნდნენ: თამაშების ორგანიზატორებმა ქალაქის ცენტრიდან ოლიმპიურ სოფლამდე სპეციალური "სამოძრაო ზოლი" გამოყვეს. ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ, რომ იქ მხოლოდ ოლიმპიადის სტუმრებს ემოძრავათ და ისინი საავტომობილო საცობებში მოხვედრისგან დაეცვათ. ცხადია, ეს არ მოეწონათ ლონდელ ტაქსისტებს. ეს "ზოლები" დღეს დილიდან უნდა ამოქმედებულიყო. გუშინ ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყეს. საქმეში ლონდონის მერია ჩაერია და მძღოლებს მათი ინტერესების გათვალისწინების დაპირება მისცა. დღეს ჩინოსნები და ტაქსისტების პროფკავშირების წარმომადგენლები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და ამ კონფლიქტის მოგვარებას შეეცდებიან.

ბერძენი სამხტომელი პაპაქრისტუს შემდეგ, ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამოტოვება მის თანამემამულე დიმიტრის ჰონდროკუკისსაც მოუწევს - 24 წლის დიმიტრისი სიმაღლეზე მხტომელია და გუშინ დოპინგის მოხმარებაზე ოფიციალურად გამოიჭირეს.

დღეს ღამით ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. დღესვე, თბილისის დროით 16.00 საათზე, ასპარეზობაში პირველი ქართველი ოლიმპიელი ჩაებმევა. მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა საკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზებს. წარმატებები ვუსურვოთ ქრისტინეს და იმედი გამოვთქვათ, რომ ქეთევან ლოსაბერიძის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებას გაიმეორებს. ქუთაისელმა მშვილდოსანმა მაშინ ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისტვის)

ოლიმპიადა 2012 | ვიდეორეპორტაჟები

- ლონდონის ოლიმპიადის ოფიციალური ჰიმნის ვიდეორგოლი, რომელიც გამარჯვებას მოგანდომებთ

- ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ლონდონში დღეს, 27 ივლისს აიღებს სტარტს