"საქართველო, როგორც გალაკტიონმა თქვა, დაბინდული ქლიავისფერია" - კვირის პალიტრა

"საქართველო, როგორც გალაკტიონმა თქვა, დაბინდული ქლიავისფერია"

არიან ადამიანები, რომლებიც ფერებით საუბრობენ, მათი საშუალებით გადმოსცემენ სიყვარულს, სევდას, სიხარულს, ყოველდღიურობის ამაოებასაც კი. ვფიქრობ, ჩვენი­ რესპონდენტი სწორედ ასეთების რიცხვშია. თავის ბიოგრაფიას ფერწერულ ტილოებზე წერს და ბედნიერ წამებსაც ფერებით იმახსოვრებს. "კვირის პალიტრის" სტუმარია მხატვარი გიორგი გაბეცაძე.

4059944b-a5f6-4504-9b65-5281fb224729-1747039675.jpg

- ბავშვობიდან ვხატავ. მახსოვს, პირველად რომ მიყიდეს ნახატების პატარა ალბომი. ტყავის ყდა ჰქონდა. ძალიან მომეწონა და შემიყვარდა ხატვა, მით უმეტეს, ვიგრძენი, ფუნჯი მემორჩილებოდა. ნელ-ნელა ეს სიყვარული ისე გაღვივდა, რომ გაკვეთილებზეც სულ ვხატავდი. მერე დადგა პროფესიის არჩევის დრო... ილია რეპინის სახელობის ხელოვნების აკადემია დავამთავრე. ამის შემდეგ კარგა ხანს ჩემთვის ვხატავდი, სხვა საქმეების პარალელურად.

38 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ პროფესიას მთლიანად უნდა დაეკავებინა მთელი ჩემი დრო და უფრო ინტენსიურად დავიწყე მუშაობა. ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, უფრო მეტიც, ამით ვსულდგმულობ. ალბათ, ყველა მხატვრის მიზანია, რასაც გრძნობს, ის გადმოიტანოს ტილოზე და ამით თავისი მისია შეასრულოს, სათქმელი თქვას. მეც ამ მიზნით ვცხოვრობ... ჩემი პროფესია არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო, უპირველესად ჩემი სულიერი მდგომარეობის გადმოცემაა. როდესაც ვხატავ, ვერ ვგრძნობ, როგორ გარბის დრო, ამით თითქოს ცხოვრებას ვიმსუბუქებ...

ერთხანს საფრანგეთში ვცხოვრობდი, სტუდენტურ ქალაქ ამიენში, რომელიც ჟიული ვერნის სამშობლოა. სკვერებით მდიდარი ქალაქია. სხვათა შორის, სკვერების არქიტექტურაც არსებობს. მხიბლავს ფრანგული ხელოვნებამდე აყვანილი ნაგებობების სტილი­. არქიტექტურა ძალიან მიყვარს, თუმცა არჩევანი ფერწერაზე შევაჩერე.

ჩემი ბაბუა, გიორგი გაბეცაძე, ვისი მოსახელეც ვარ, ცნობილი არქიტექტორი იყო. ამიერკავკასიაში არაერთი პროექტი განახორციელა. მაგალითად, თბილისში სტადიონის მოპირდაპირე მხარე აზიური სტილის შენობებით რომ არის დატვირთული, მისი დაპროექტებულია. იმხანად იყო ცენზურა, ჩარჩოები, თუმცა, ვფიქრობ, ბაბუამ შეძლო და საბჭოურ ერთფეროვნებაში მაინც მოახერხა განსხვავებული ყოფილიყო.

152db924-1d72-417f-b80a-8e776157d489-1747039676.jpg

- ე.ი. გენეტიკასაც თავისი წვლილი აქვს იმაში, რომ ხელოვანი ხართ...

- ზოგჯერ ისე ხდება, რამდენიმე თაობაში მუშავდება რაღაც უნარი­. მამაჩემიც ხატავდა, მიუხედავად იმისა, რომ საბოლო­ოდ გეოლოგი გახდა. ვფიქრობ, ორი თაობის საჩუქარია, ხატვის ნიჭი რომ გამომყვა.

- ალბათ, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება, ხედები, ადამიანები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხელოვანის შთაგონებაზე.

- რა თქმა უნდა. მაგალითად, პარიზში სხვა განზომილებაა, იქ მწვანე ზონების კულტურაა. ყველაზე ხშირად ნაპოლეონ ბონაპარტის შვილიშვილის გაკეთებულ პარკს ვსტუმრობდი ხოლმე. მიყვარდა იქ ხატვა. კარგი ნამუშევარი რომ გამოგივიდეს, აუცილებელია საგნის ვიზუალურად შესწავლა, ხელით შეგრძნება, სურნელითაც, აურითაც. ახლა, ძირითადად, წარმოსახვით ხატავენ, მე ასე ვხედავო. ჩემი აზრით, ასე არაა. შენ თვითონ უნდა აღმოაჩინო და შემდეგ დამანახვო, აღმომაჩენინო.

a5733e18-5bef-43c2-a170-6b2773a2e3c0-1747039676.jpg

- ამბობენ, ნახატები ავტორებს ჰგვანანო...

- ვეთანხმები. მხატვრობაში ვერ იტყუები, ყოველ ნამუშევარში შენი სახე ირეკლება, ფიქრები, განცდები. ამიტომაა, რომ ყველა ნახატი მის ავტორს ჰგავს.

- მიყვარს თქვენი ზამბახების სერია....

- ზამბახი ყველაზე საყვარელი ყვავილია ჩემთვის, ბავშვობის სურნელი აქვს. თბილისში ჩვენს ეზოში სულ ყვაოდნენ. იცით, ზამბახი როგორია, თავისით, წყაროსავით მოდის ფერები. შენ მიმართულებას აძლევ, მაგრამ უხეშად არ უნდა ჩაერიო, უნდა შეიგრძნო და მერე თითქოს ყვავილი თვითონ ხატავს თავის თავს და მაშინ ხელი უნდა მიუშვა, ფერების ძებნაც აღარ გჭირდება. როგორც მუსიკოსს შეუძლია დაუკრას ისე, რომ კლავიშებს არ უყუროს, ასეთი რაღაც არსებობს ხატვაშიც... სამწუხაროდ, მეტწილად ყვავილებით მიცნობენ თბილისში. ყვავილები მიყვარს, თუმცა თავიდან კომერციული დატვირთვით მოვინდომე მათი ხატვა და კარგად გამომივიდა....

5475d38d-50ae-4873-ba88-c6499dc1f79a-1747039676.jpg

- იპოლიტე ხვიჩია გამახსენდა. თურმე სულ დრამატულ როლზე ოცნებობდა, წუხდა,­ კომიკოსი არა ვარ, მაგრამ ყველა ასე მიცნობსო... ყველაზე საამაყო ნახატი რომელია?

- "ბურთით მოთამაშე". ცოტა სიურ­რეალიზმის ელემენტები ახლავს. არის ნამუშევრები, რომლებიც იქმნება ცხოვრების პარალელურად, არსებობისთვის, განწყობის გადმოსაცემად, მაგრამ არის ნამუშევრები, რომლებითაც ვწერ საკუთარ ბიოგრაფიას, სადაც ყველა ჩემი ნამუშევარი არ შედის.

- "ბურთით მოთამაშე" ბიოგრაფიულ ნუსხაშია?

- დიახ. ასევე "ნატვრის ხე", რომელიც გიორგი ლეონიძემ შთამაგონა.

- როგორც ერს აქვს სახასიათო გარეგნობა, კულტურა, მენტალიტეტი, ასე მგონია, იმ ერის მხატვარსაც თავისი გამორჩეული ტექნიკა, ფერები და სტილი აქვს.

- ქართველ მხატვარს ყოველთვის გამოვარჩევ თავისი კოლორიტით, ტემპერამენტითაც. ქართული ფერების კულტურაც არსებობს, ჩვენ ყოველთვის გვქონდა ზომა-წონა, საინტერესო შეხამება, არც ცივი, არც თბილი, უნიკალურად განსხვავებული, ზომიერი. მე ქართულ მხატვრობას ძალიან მაღალ საფეხურზე ვაყენებ. გული მწყდება, ახალგაზრდაობა რომ არ აქტიურობს გამოფენებში.

8ff45f64-91af-4288-8157-bf3d9176c449-1747039676.jpg

- პედაგოგიურ საქმიანობას თუ ეწევით?

- ადრე კი, ახლა მხოლოდ ერთი მოსწავლე მყავს, იმდენად საშინელი რეჟიმი მაქვს... გამოფენებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვაწყობ. ჯგუფურ გამოფენებშიც ვმონაწილეობ. საფრანგეთშიც მქონდა პერსონალური გამოფენა. ჩემთვის არ არის მთავარი, ვიღაცამ ტაში დამიკრას. ხალხმრავლობას შეძლებისდაგვარად გავურბივარ. ამისთვის სპეციალურად სახლი-სახელოსნო ავაშენე ბორჯომში. ხატვისას მარტო ყოფნა მჭირდება. ჩემი მისია უნდა შევასრულო, ჩემი კოლექცია უნდა შევკრა.

პოპულარობისთვის არასოდეს მიბრძოლია, თვითონ მოვიდა აღიარება... საფრანგეთში მხატვარი კულტად იქცევა. მაგალითად, ერთმა მეღვინემ თავის ვილაში ჩემი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა მომიწყო. იქ არასტანდარტული რაღაცები უფრო უყვართ, შენი განცდები, შენი სიზმრები.

- სამი გოგოს მამა ხართ. როგორია მხატვარი მამა?

- ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. საიდუმლოებები არა გვაქვს ერთმანეთთან, პირიქით, უხერხულიც რომ იყოს პრობლემა, მაინც მთხოვენ აზრის გამოთქმას. არ ვიტყვი არასდროს, რომ ისინი დროს მართმევენ. მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ბედნიერებაა.

- ვინაა თქვენი პირველი შემფასებელი?

- ჩემი ნაბოლარა. მისი აზრი ყოველთვის მაინტერესებს, იმიტომ, რომ ბავშვი სუფთაა, გულწრფელი, ავტორი ზოგჯერ ბრმავდება თავისი ნახატით და ობიექტურობას კარგავს, ჩემი შვილის შეფასება კი ჩემთვის ერთგვარი გზამკვლევია.

4ab89925-79db-4299-9f6b-b7d944eb7784-1747039676.jpg

ხშირად რამდენიმე ნახატზე ერთდროულად ვმუშაობ. ხელი რომ არ მეღლებოდეს, მთელი დღე ვხატავდი. ზოგი წელიწადში ერთს ხატავს და გენიალურს. შემიძლია დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე ვხატო. ჭამაც მავიწყდება. არიან მხატვრები, რომლებიც შეყვარებული არიან თავის ნახატზე, და მეორენი, რომელთაც ენანებათ ნამუშევრის გასხვისება. როცა ვამთავრებ ნამუშევარს, ის უკვე წასულია, აღარ მენანება - ანუ სიამოვნება, რაც მინდოდა, მივიღე.

- საყვარელი ფერი გაქვთ?

- ადრე მიყვარდა მწვანე, მერე ლურჯი, წითელი. ალბათ, ამ ფერების შინაარსს ვიგებდი და ეს მომწონდა. დღეს მიყვარს ყვითელი, არსებობს ასეთი ფერწასული, მკრთალი ყვითელი. ამბობენ, ვისაც ყვითელი ფერი უყვარს, მას მზე და სინათლე უყვარსო... ახლა შემიყვარდა, როცა წლები გავიდა.

- საქართველო რა ფერია?

- როგორც გალაკტიონმა თქვა, დაბინდული ქლიავისფერი.

"საღამოს ლანდები, ვით ბინდი ნიავის, მიდამოს სდებია.

გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? - ეს ჩემი სამშობლო მთებია!"