30-დღიანი დაზავების ულტიმატუმი პუტინს - უარის შემთხვევაში სანქციები ტრამპისგან? - კვირის პალიტრა

30-დღიანი დაზავების ულტიმატუმი პუტინს - უარის შემთხვევაში სანქციები ტრამპისგან?

დასავლეთი ანუ ევროპა ამერიკასთან ერთად აპირებს რუსეთს ბოლო შეთავაზებით მიმართოს, რაც ულტიმატუმის სახის იქნება - კრემლი ან თანხმდება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების უპირობოდ და დაუყოვნებლივ 30 დღე-ღამით შეჩერებას, ან კიდევ პუტინი ახალ და უფრო სერიოზულ სანქციებს უნდა ელოდოს და მათ შორის თვით ტრამპისგან. ყოველ შემთხვევაში, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა გასული კვირის მიწურულს განაცხადა, რომ ამ საშინელი ომის მონაწილეებს მოუწოდებს ომის "დაპაუზებას" 30 დღით, ხოლო ვინც დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, იმ მხარეს სერიოზულ სანქციებს დაუწესებს.

ტრამპის ამ მიმართვიდან არ ჩანს, რომ ის სწორედ რუსეთს ემუქრება, მაგრამ უკრაინა უკვე დიდი ხანია თანახმაა ომის ერთი თვით შეჩერებაზე და იმავეს ითხოვს აგრესორი რუსეთისგან. მართალია პუტინმა ორჯერ გამოაცხადა დროებითი, რამდენიმედღიანი ზავი აღდგომისა და 9 მაისის დღესასწაულებზე, მაგრამ ისიც ბოლომდე არ იქნა დაცული და ხშირად სწორედ ისევ რუსული მხარისგან.

30-დღიანი ზავის გამოცხადებისთვის კრემლი ათასნაირ წინა პირობის შესრულებას ითხოვს, მათ შორის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების სრულ შეწყვეტას, თითქოს რუსეთი თავად არ იღებდეს იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან, რის შეჩერებაზეც ის დასავლეთს არც დაელაპარაკება.

ტრამპის მეორე მოთხოვნით, ერთთვიანი დაზავების მიღწევის შემთხვევაში რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ ომის დამთავრებაზე.

ტრამპის ეს სურვილი ხომ არ მიუთითებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საბოლოოდ დარწმუნდა თავისივე აჩქარებაში, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში შეჩერებას "ერთი სატელეფონო ზარით" აპირებდა და ახლა, როდესაც მიხვდა თავის უძლურებას, რომ ამ ომს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან ფეხი-ფეხზე გადადებული ვერ შეწყვეტს, სურს მთლიანად ჩამოშორდეს მოსკოვსა და კიევს შორის დაპირისპირების მოგვარებას და წყლიდან მშრალი ამოვიდეს?

ტრამპს ასეთი "პოლიტიკური ოინი" აღარ გამოუვა, რადგან როგორც მრავალმილიონიანმა ამერიკელმა ამომრჩეველმა, ისე მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ამბიციური დაპირებების შესრულება ვერ მოესწრო მისი პრეზიდენტობის პირველ ას დღეს და არის საშიშროება, რომ ისინი ვერც ტრამპის ოთხწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში შესრულდება.

ამერიკისგან განსხვავებით, ევროპა ბევრად აქტიურია და ისიც მოითხოვს პუტინისგან 30-დღიან "პაუზას" ომში, რადგან ზელენსკისგან ამის დასტური უკვე აქვს. თუმცა ევროპელი ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის მხოლოდ ახალი სანქციებით არ აპირებენ შემოფარგვლას, არამედ ზრდიან დაფინანსებას უკრაინისთვის უფრო მეტი შეიარაღების მისაწოდებლად, რადგან, ბოლოს და ბოლოს, "ბებერ ევროპაშიც" მიხვდნენ, რომ პუტინის რუსეთს მხოლოდ ძალა თუ შეაჩერებს და არა ფუჭი მოლაპარაკების უსასრულო ცდები.

სანამ დასავლეთი კიდევ ერთ, შესაძლოა ბოლო ცდასაც მიმართავს კრემლის დაყოლიებისთვის ომის ერთი თვით შეჩერებაზე მაინც, პუტინი, სავარაუდოდ, "ორეშნიკის" კიევზე შეტევის ბრძანების გაცემას აპირებს.

"ორეშნიკი" საშუალო სიშორის რუსული ბალისტიკური რაკეტაა (რომელიც სათავეს იღებს ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძის საბჭოთა მობილური სარაკეტო კომპლექს "პიონერისგან"), რომელიც კრემლის ბრძანებით ერთხელ უკვე გაუშვეს კაპუსტინ-იარის პოლიგონიდან უკრაინის ქალაქ დნიპროსკენ და უფრო მეტი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, ვიდრე რამე გაანადგურა, რადგან მსოფლიო ომების ისტორიაში რეალურ საბრძოლო მოქმედებებში პირველად იქნა გამოყენებული 5 ათას კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით იმ სტრატეგიულ ბალისტიკურ რაკეტებს უახლოვდება, რომელთა ბირთვულქობინიანი "თანამოძმეები" რუსეთსა და აშშ-ს ერთმანეთზე აქვთ დამიზნებული.

შესაბამისად, ამერიკული თანამგზავრული დაზვერვის საშუალებები მუდმივად უთვალთვალებენ რუსული ბალისტიკური რაკეტების სასტარტო პოზიციებს ბირთვული თავდასხმის დროულად აღმოჩენისა და საპასუხო ბირთვული დარტყმების მისაყენებლად.

ალბათ, სწორედ მათ შეამჩნიეს, რომ კაპუსტინ-იარის რუსულ სარაკეტო პოლიგონზე ისეთივე მზადება მიმდინარეობს, როგორიც "ორეშნიკის" დნიპროზე თავდასხმის წინ იყო და ამიტომაც გასული კვირის ბოლოს კიევში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მაშინ როდესაც დასავლეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმედს ომის 30 დღით შეჩერებისთვის პუტინის დაყოლიებაზე, პუტინი მორიგ "ორეშნიკს" ამზადებს, ამჯერად უკვე თავად კიევის ცენტრზე გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად?