ცეცხლი შეწყდა - იქნება თუ არა ხანგრძლივი მშვიდობა?!
ინდოეთისა და პაკისტანის დღევანდელი შეიარაღებული დაპირისპირება იმითაცაა ძალზე საშიში მთელი მსოფლიოსთვის, რომ ორივეს აქვს ბირთვული არსენალის დიდი მარაგი და საბრძოლო მოქმედებებში წარუმატებლობის შემთხვევაში, ერთ-ერთმა შეიძლება გაბედოს ბირთვული იარაღის გამოყენება...
ინდოეთმა და პაკისტანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს, თუმცა იქნება თუ არა ეს ხანგრძლივი მშვიდობა, საკითხავი აი ეს არის!
ბოლო შეიარაღებული კონფლიქტი ამ ორ მეზობელ, მაგრამ ერთმანეთთან მტრულად განწყობილ აზიურ ქვეყანას შორის 2019 წელს მოხდა, თუმცა მაშინ ყველაფერი სადავო ქაშმირის რეგიონით შემოიფარგლა, ახლა კი ორივე მხარემ ბალისტიკური რაკეტებით შეტევები ერთმანეთის ტერიტორიის სიღრმეში დაიწყო, რაც ამჟამინდელ დაპირისპირებას უფრო სახიფათოს ხდის.
თავდაპირველი მონაცემებით, ჰაერში ორთაბრძოლებში წარმატებას თითქოს პაკისტანმა მიაღწია თანამედროვე ჩინური გამანადგურებლებისა და შორსმოქმედი "ჰაერი-ჰაერი"“ კლასის მართვადი რაკეტების გამოყენებით და ხუთი ინდური საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო, მათ შორის სამი ფრანგული „"რაფალიც", რომელთა ფრაგმენტების ფოტოებიც გავრცელდა.
ინდოეთ-პაკისტანის ახლანდელ შეიარაღებულ დაპირისპირებაში იკვეთება ერთი ძალზე საინტერესო ნიუანსიც, რომელსაც შეიძლება გლობალური მნიშვნელობაც კი მიენიჭოს, რადგან ამ ომში გამოჩნდება, თუ ვისი თანამედროვე შეიარაღება უფრო ბრძოლისუნარიანია - ინდოეთის არმიის არსენალში არსებული ფრანგული და ამერიკულის თუ პაკისტანი სამხედროების განკარგულებაში არსებული ჩინურის.
საბჭოთა და ნაწილობრივ რუსული შეიარაღების საბრძოლო „შეჯიბრება“ ევროპული და ამერიკული წარმოების იარაღთან მეოთხე წელია მიმდინარეობს უკრაინის მიწაზე და ცაში, მაგრამ ჩინური არსენალის საბრძოლო ნათლობა სწორედ ინდოეთ-პაკისტანის დღევანდელი ომის დროს შედგება.
ჩინეთი დიდი ხანია ამარაგებს პაკისტანს თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით, „"ჰაერი-ჰაერი", „"ჰაერი-ხმელეთი"“ კლასის მართვადი რაკეტებით, ასევე საზენიტო, ხომალდ- და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით, რომელთა პლუს-მინუსი სწორედ ინდოეთის არმიაზე გამოიცდება.
თავის მხრივ, ინდოეთი შეიარაღებულია ფრანგული, ამერიკული, რუსული და ისრაელის თანამედროვე საშუალებებით და პაკისტანის წინააღმდეგ მათი გამოყენებისას გამოჩნდება ბევრი ნიუანსი.
მთავარი ნიუანსი კი ის არის, რომ მომავალში თუ მართლაც მივიდა საქმე აშშ-ჩინეთის დიდ დაპირისპირებამდე, რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს ორივე მხარე იმ საიარაღო სისტემებს, რომელთა საბრძოლო გამოცდა ამჟამად მიდის ინდოეთ-პაკისტანის ძალზე საშიში დაპირისპირების დროს.
ეს დაპირისპირება შეიძლება უფრო საშიშიც იყოს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული ომი, რადგან მისგან განსხვავებით ორივე მხარეს ბირთვული იარაღი აქვს.
უკრაინას რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა, პუტინი გაბედავდა მასზე თავდასხმას? ან კიდევ, როდესაც უკრაინა თავის ტერიტორიებს კარგავს, ერთხელაც კიევში აევსებოდათ მოთმინების ფიალა და ბირთვულ იარაღს გამოიყენებდნენ აგრესორი რუსეთის შესაჩერებლად მისივე ტერიტორიაზე.
ინდოეთ-პაკისტანის ომი ნაწილობრივ იმით ჰგავს რუსეთ-უკრაინისას, რომ ინდოეთის სამხედრო პოტენციალი ჩვეულებრივ შეიარაღებასა და ცოცხალ ძალაში თითქმის სამჯერ აღემატება პაკისტანისას, ისევე როგორც რუსეთისა უკრაინისას.
თუმცა სხვაობაც უდიდესია - უკრაინისგან განსხვავებით, პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი არანაკლებ 170 ერთეულისა და მათი შორ მანძილზე გადამტანი საშუალებები ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების სახით და თუკი დადგება კრიტიკული მომენტი, როდესაც ინდოეთის არმია ტანკების არმადებითა და ცოცხალი ძალით შეტევებისას მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს, მაშინ, ეტყობა, ისლამაბადში გადადგამენ უკიდურეს ნაბიჯს - გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ინდოეთის საპასუხო ბირთვული „სვლა“ და დაიწყება...