ჩრდილოამერიკული „შავი ოქრო“ ზანავის ფერმაში
ანგუსი საქართველოში მასობრივად გავრცელებული პირუტყვი არ არის. ალბათ, თითებზეც შეიძლება იმ ფერმერების ჩამოთვლა, ვისაც ეს პირუტყვი საკუთარ ფერმაში ჰყავს. ანგუსს ჩრდილოამერიკულ ოქროსაც კი უწოდებენ, რადგანაც მისი ხორცი ძვირად ფასობს. ურქო, არამერძეული, შავი და ძლიერი ცხოველი საგანგებოდაა გამოყვანილი. მისგან უგემრიელეს ბეკონს ამზადებენ. ადიგენელ ფერმერ იმედა ბოლქვაძეს სოფელ ზანავში 25 სული ანგუსი, ეს გამორჩეული პირუტყვი ჰყავს, რომლებსაც ასევე განსაკუთრებულად უვლის. რატომ დაინტერესდა ადიგენელი ფერმერი ამ პირუტყვით, როგორ მოვლას საჭიროებს ანგუსი, ამას თავად გვიამბობს.
იმედა ბოლქვაძე:
- ყველაფერი ასე დაიწყო: სოფლის მეურნეობაში კოოპერატივის სახით 2016 წლიდან ჩავერთე, მაგრამ ამას სერიოზული სახე მიეცა, როცა 2021 წელს საკუთარი ფერმა ავაშენე და პირუტყვი შევისყიდე. ჩვენს მეურნეობაში ვართ მე, ჩემი მშობლები და გვყავს დამხმარეებიც.
- რატომ ანგუსი? რატომ დაინტერესდით ამ პირუტყვით და სად შეიძინეთ?
- 2016 წელს სახელმწიფომ კოოპერატივებისთვის რძის წარმოება-გადამუშავების პროგრამა დაიწყო. საწარმოებს აფინანსებდნენ, კოოპერატივების განვითარების სააგენტო გვეხმარებოდა. დავიწყეთ რძის მიღება-წარმოება, მაგრამ გზადაგზა ბევრ პრობლემას წავაწყდით. პირველი ის, რომ ბაზარი უკონტროლო აღმოჩნდა. მერე საკითხებს ჩავუღრმავდით და მივხვდით, რომ განათლების დეფიციტიც იყო და ასეა დღესაც. ბევრი რამ არც ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ვსწავლობდით და ასე ვცდილობდით განვითარებას.
საქონლის ადგილობრივი ჯიშები მყავდა და ჯიშის ჩანაცვლება ხელოვნური განაყოფიერებით დავიწყეთ. შედეგი რომ მივიღეთ, ინტერესი მომეცა (ხელოვნური განაყოფიერებით 7-8 თაობაა საჭირო, რომ "სუფთასისხლიანი" მიიღო). ამიტომ მეხორცული და მერძეული ჯიშით დავინტერესდით.
- და მერე ანგუსი იყიდეთ?
- 2021 წელს ერთი ფერმერისგან 11 სული ანგუსი შევიძინე - ერთი ბუღა მწარმოებელი და 10 მაკე დეკეული, ანუ მოსაგები... ის ადგილობრივ ჯიშთანაც შევაჯვარე, მაგრამ მათი წარმოებაც განვაგრძე. ორივე შემთხვევაში იდეალური შედეგი მივიღე. შემდეგ, რადგან რძის ამბავიც მაინტერესებდა და ამაზეც მქონდა გათვლა, ესტონეთიდან შვეიცარიული შვიცის ჯიშის პირუტყვი შემოვიყვანე, თან მათზე დაკვირვებას ვაწარმოებდი.
- ახალქალაქის შვიცებიც ხომ არსებობს...
- კი, ეგ თავის დროზე კავკასიური წაბლასა და შვიცის ჯიშის შეჯვარებითაა მიღებული. შეიძლება განსაკუთრებული სისხლის არ არის, მაგრამ კარგი პირუტყვია. მოკლედ, შემოყვანილ შვიცებს ახალქალაქის შვიცებთანაც ვაჯვარებ. ფერმა სულ 600 კვადრატია, რაც 160-170 სულ საქონელზეა გათვლილი... ასე რომ, მყავს ადგილობრივი ჯიშები, შვიცები და ანგუსები (ამჟამად სულ 25 სული).
- როგორი ცხოველია?
- ძალიან ძლიერი და ამტანი. სიცივეს, გარემოს ადვილად ეგუება. აკლიმატიზაციისთვის, აქაურ გარემოსთან შესაგუებლად ცოტა ხანი დასჭირდა. მე მათ ვამთაბარებ, არ იყვნენ ამას მიჩვეული, მაგრამ შეეგუვნენ.
ანგუსი ძალიან ამტანია დაავადებების მიმართაც. ურქო ცხოველია, არ იწველება, რძის წარმოება არა აქვს, რადგან სპეციალური სახორცე ჯიშია. საბეკონე ხორცს გამოიმუშავებს... რძე მხოლოდ თავისი ხბოსთვის აქვს და მას კვებავს. ხბოს კვებას რომ დაასრულებს, შემდეგ მშობიარობამდე რძე არა აქვს. თავისით მშობიარობს, დახმარება იშვიათად სჭირდება. ძალიან მჭამელი პირუტყვია.
დედა ფური 500-550 კილოგრამს იწონის, ბუღა 1-1,2 ტონამდე ადის. 900 კგ-მდეც მყავდა, ერთი წლისანი კი სადღაც 350-400 კგ-ია ხოლმე.
- ანუ ანგუსებზე მეხორცული მიმართულება გაქვთ, შვიცებსა და ადგილობრივებთან - მერძეული. ანგუსებს ხორცად ყიდით?
- როცა სანაშენედ აღარ გამოდგება, ასე, 700-800 კგ-იანს ვკლავთ. ანგუსების შესახებ ხალხი ნაკლებად არის ინფორმირებული, მაგრამ შეჯვარების მერე მთაში რომ გავიყვანე და მემთაბარეობასაც შევაჩვიე, ინტერესი გაჩნდა როგორც ადგილობრივებში, ისე სხვებშიც. იმათ, რომლებიც სანაშენედ გამოდგება, შესაბამისად ვკვებავთ, რათა ჯიში რეგიონში მეტად გავავრცელოთ.
- როგორია მათი კვების რაციონი?
- რაციონში გვაქვს კომბინირებული საკვები, თივა, იონჯა, მაგრამ სილოსი ჯობია, ამიტომ გეგმაში გვაქვს სილოსის წარმოებაც. მემთაბარეობას რომ არ იყვნენ მიჩვეული, სილოსის სახით დაქუცმაცებულ საკვებს იღებდნენ. აქ რომ ის არ დახვდათ, ცოტა კი გაუჭირდათ, მაგრამ ნამატი მაინც ძალიან კარგი წამოვიდა. აქ დაბადებულები ადვილად შეეგუვნენ კლიმატურ პირობებს. დიდებიც, რაც ჩამოვიყვანეთ, კარგად არიან.
- ვის მიაქვს ანგუსის ხორცი?
- სამწუხაროა, რომ აქ არ ასხვავებენ მის ხორცს ადგილობრივი ჯიშისგან, რადგან მაგის ბაზარი არ არის.
- არადა, შესაბამის ლიტერატურაში წერია, რომ ელიტურ ჯიშად ითვლება, რომ თავის სამშობლოში ხორციც ძვირად ფასობს და აქ ამას არ იმჩნევენ?
- სამწუხაროდ, ასეა. არადა, მართლა უკარგესი და უგემრიელესი ხორცი აქვს, როგორც გითხარით, საბეკონე, მაგრამ ფასის მხრივ განსხვავება არ არის. ცოცხალი წონა 11 ლარი ღირს და დაკლულში 18 ლარს იხდიან. ალბათ, მოვა დრო და ჩვენი შრომაც დაფასდება.
ბარში როცა არიან, ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე, ბაგურ პრინციპზე გვყავს, მაისიდან ოქტომბრამდე კი მთაში არიან გაშვებული. დილით საბალახოდ წასული, საღამოს თავისით მოდიან.
- აგრესიულები ხომ არ არიან?
- არა. ოფიციალურად მასზე არსებულ ინფორმაციაში ველურ ჯიშადაა მოხსენიებული. ნადირი ადვილად ვერ ეკარება. პირადად შევესწარი, მგელი რომ გამოჩნდა, წინააღმდეგობას ყველანი ერთად უწევდნენ... ფურები თავიანთი შვილების მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. მსგავსი რამ არ მენახა და ამათთან ვნახე. კამეჩებმაც იციან ერთმანეთის პატრონობა, მაგრამ მათზე მაგრად ეს ამათ ახასიათებთ. მთაში მქონდა შემთხვევა - ხბო, პატარა ანგუსი, კლდიდან გადავარდა და ერთი თვის განმავლობაში დედა იმ ადგილას წრიალებდა, არ ჭამდა, წუხდა...
ჩვენი ანგუსები თანამედროვე ბაზრის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებენ. კარგი წონამატი პირუტყვია, 24 საათში 2,5-3 კგ-მდე შეიძლება მოიმატოს.
- ოჯახი აუდიხართ ამ საქმეს?
- კი და გვეხმარებიან კიდეც, მაგრამ საერთოდ დამხმარე ძალა ძალიან ჭირს. სტაბილური ხელფასიც რომ მისცე, აჭამო, ყველანაირი პირობა შეუქმნა, ვერ იპოვი. მუშახელის დიდი დეფიციტია. წარმოების გაზრდა შემიძლია, მაგრამ იმის გამო, რომ მუშახელი არ არის, ვერ ვზრდი. ეს დიდად მაფერხებს.
- შვიცების რძით ყველს თუ აწარმოებთ?
- კოოპერატივის წევრი ვარ და რძეს ვაბარებ. ამ კოოპერატივის მეპაიე რამდენიმე კაცი ვართ. როგორც გითხარით, 2016 წელს დავაფუძნეთ და სახელმწიფო პროგრამაში ჩავერთეთ. როდესაც არაკეთილსინდისიერი მეწარმეები კონკურენციას გიწევენ, ინტერესი გინელდება. რაც უნდა პასტერიზაცია გააკეთო, რძე სუფთად დაამზადო, ხელს გიშლიან, ბაზარზე ვერ გადიხარ.
როგორც ვიცი, 2017 წლიდან პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც განხილვაშია და, მგონი, მოვიდა დრო, რომ კანონი მიიღონ - თუ არ გექნება რძის გადამუშავების ობიექტი, რძე არ უნდა გაყიდო. საწარმოს უნდა ჩააბარო, რომ იქ გადამუშავდეს... მოკლედ, კანონის ამუშავებაა საჭირო.
- ანგუსს სხვა ფერმერებსაც ურჩევთ?
- მაღალპროდუქტიულია, ჩვენს პირუტყვთან შედარებით ერთ წელიწადს გაგებინებს, უბრალოდ, ძვირი ღირს და შემოყვანასაც სათანადო თანხა სჭირდება. შემოყვანით რომ დავინტერესდი, 3.300 ევრო დამიფასეს, მაგრამ თუ სურვილი და საშუალება ექნება ადამიანს, ამაზე უარი არ უნდა თქვას.