ზელენსკიმ პუტინი სტამბოლში „დაიბარა“ - შედგება თუ არა დიდი „პოლიტიკური რინგი“?! - კვირის პალიტრა

ზელენსკიმ პუტინი სტამბოლში „დაიბარა“ - შედგება თუ არა დიდი „პოლიტიკური რინგი“?!

დღეს, 12 მაისის დილიდან რუსეთ-უკრაინის ომში წესით, 30-დღიანი ზავი უნდა ჩამოვარდნილიყო...

ყოველ შემთხვევაში სწორედ ეს მოითხოვეს 10 მაისს კიევში შეკრებილმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და უკრაინის პირველმა პოლიტიკურმა პირებმა კრემლისგან, თუმცა მათ ამ მკაცრ მოთხოვნას, რომელსაც ულტიმატუმის ელფერიც კი დაჰკრავდა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა იგნორირება გაუკეთა...

სამაგიეროდ, პუტინი თავად გამოვიდა ინიციატივით, 15 მაისიდან სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რითაც, პირველ რიგში, თავის ამერიკელ კოლეგას მოაჩვენა, რომ რუსეთი თითქოს წინააღმდეგი არ არის ამ ომის შეჩერების, ოღონდ - ჯერ მოლაპარაკებების დაწყებით...

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტიც ნაწილობრივ წამოეგო კრემლის მორიგ ხრიკს და ზელენსკის მოუწოდა, რომ უკრაინის დელეგაცია აუცილებლად ჩავიდეს 15 მაისს თურქეთში, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი კიდევ უფრო მაგარი პოლიტიკური სვლა გააკეთა და განაცხადა, რომ ის მზადაა, 15 მაისს სტამბოლში თავად ჩავიდეს და იქ პუტინს შეხვდეს, ამ მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე გასამართავად...

პოლიტიკური „პინგ-პონგის“ თამაშში ბურთი ახლა ისევ რუსეთის მხარესაა, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პუტინი დათანხმდეს ზელენსკის შეთავაზებას და სტამბოლში თავად ჩავიდეს - კრემლი იქ არცთუ მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებით დაკომპლექტებულ რუსულ დელეგაციას აგზავნის.

მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მაინც ჩავა სტამბულში 15 მაისს, რადგან იქიდან მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში კი დონალდ ტრამპს აჩვენოს - უკრაინა მზადაა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის, მაგრამ პუტინმა არ ინება სტამბოლში ჩასვლა და ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე გამართვაო...

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ცალ-ცალკე ცდილობენ, რაღაცნაირად დაუმტკიცონ და „თავი მოაწონონ“ თავიანთ ამერიკელ კოლეგას, რომ კონკრეტულად მას კი სურს ომის შეწყვეტა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარე უარზეაო...

წესით, ამ კვირაში ბევრი რამ უნდა გაირკვეს აშშ-ის პრეზიდენტისთვის და ის ილუზიების ტყვეობიდან საბოლოოდ გამოვიდეს და მიხვდეს, თუ ვინ არის ამ საშინელ ომში აგრესორი მხარე და ვინ მსხვერპლი, თუმცა ამის მიხვედრას პრეზიდენტობის ასი დღე ნამდვილად არ სჭირდებოდა...

მანამდე კი რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებები ძველი სცენარით ვითარდება - რუსული კამიკაძე-„გერანები“ ისევ უტევენ უკრაინულ ქალაქებს, ხოლო უკრაინის არმია ცდილობს, მოიგერიოს რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები, თუმცა თავადაც უარს არ ამბობს რუსული კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვრისპირა სოფლებზე თავდასხმებზე...

პუტინის არმიას არ გააჩნია ის გარდამტეხი უპირატესობა, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, ისეთივე ტემპით დაიპყროს უკრაინული მიწები, როგორც ეს ომის დაწყების პირველ კვირებში შესძლო.

შესაბამისად, კრემლს სჭირდება კიდევ ძალიან დიდი სამხედრო, ეკონომიკური და ცოცხალი ძალის რესურსების მოძიება, რომ ამ ფართომასშტაბიან ომში კვლავ შეინარჩუნოს საბრძოლო ინიციატივა და გააგრძელოს უკრაინის ახალი ტერიტორიების დაპყრობა, მით უმეტეს - უკრაინის იმ შიდა რეგიონებში, სადაც „რუსეთუმე“ ადგილობრივი მოსახლეობის გავლენა აღარ არის ისეთი გადამწყვეტი, როგორც ეს უკვე ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ხდებოდა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად ძლიერდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, პოლიტიკური მხარდაჭერა კი ისედაც იყო.

ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ რა პოზიციას დაიკავებს აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მის სამშვიდობო ინიციტივას, ამ ომის შეჩერებასთან დაკავშირებით, ტორპედირებას სწორედ მოსკოვი უკეთებს და არა - კიევი.

ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე ნაწილობრივ მოხსნა გამოუცხადებელი ემბარგო უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვაზე, რაც უკრაინის დამცველებს აძლევს იმის იმედს, რომ ევროპული ფულითა და ამერიკული იარაღით ისინი კიდევ დიდხანს შეძლებენ აგრესორი რუსეთის შეკავებას და არც საპასუხო დარტყმებზე იტყვიან უარს, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც კი...