ნებაყოფლობითი რეზერვი თუ საარჩევნო კამპანია? - კვირის პალიტრა

ნებაყოფლობითი რეზერვი თუ საარჩევნო კამპანია?

"დაიცავი სოფელი", "მე მიყვარს ჩემი სოფელი", - დაახლოებით ასეთი სახელწოდების აქციებს ატარებს თავდაცვის სამინისტრო, - ამ უწყების თანამშრომლები თავიანთ სოფელსა თუ რაიონში მიემგზავრებიან და თითქოს ნებაყოფლობითი რეზერვისთვის ხალხს აგროვებენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავდაცვის სამინისტროს თითო თანამშრომელს რეზერვში სულ ცოტა 50 კაცის მობილიზება ევალება. ძალოვანი უწყებების თანამშრომლების თქმით, აქციის მიზანი საარჩევნოდ მმართველი პარტიისთვის ხმების შეგროვებაა.

ზურა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი: "მე და ჩვენი ერთი თანამშრომელი ჩემს მშობლიურ სოფელში მიგვავლინეს ერთი კვირით. ერთი სოფლიდან ვართ და ამიტომაც გაგვიშვეს ერთად. ხალხი უნდა შევაგროვოთ რეზერვისთვის, მნიშვნელობა არა აქვს, ქალი იქნება თუ კაცი. მათ პირად მონაცემებს ჩავიწერთ და სამხედრო ფორმასაც გამოუყოფენ და იარაღსაც. თუ საჭირო იქნება, ერთკვირიან წვრთნებსაც გაივლიან. რა თქმა უნდა, ისიც გვევალება, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ველაპარაკოთ, აგიტაცია გავწიოთ და მათი ხმები დავიბევოთ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. ჩვენსავით ბევრი გაუშვეს სამსახურიდან მივლინებაში სოფლებსა თუ რაიონებში. თითოს 50 კაცის შეგროვება დაგვავალეს. ეს არ გამიჭირდება, რადგან მხოლოდ ჩემს გვარსა და სანათესაოში მოვაგროვებ 50 კაცს. ჩემი ხათრით რეზერვშიც ჩაეწერებიან და ხმასაც მისცემენ "ნაციონალურ მოძრაობას". რა ვქნა? სამსახურია და რასაც დამავალებენ, იმას ვაკეთებ. ცოლ-შვილი რით უნდა ვარჩინო? ერთი ის არის ცუდი, რომ მივლინებაში ჩვენი ხარჯით გვიწევს წასვლა და სამინისტრო სამივლინებო თანხებს არ აგვინაზღაურებს."

ნინო, გორის რაიონის მკვიდრი: ,,რამდენიმე კვირის წინ მოსულები იყვნენ ჩვენს სოფელში სამხედროფორმიანი პირები. ვიღაც თურმე ჩვენებური ყოფილა, მაგრამ მე პირველად ვნახე ის ახალგაზრდა. სამხედრო ავტომობილებით იყვნენ და სოფლის ცენტრში ჩაატარეს კრება. გამგებელმა მთელი სოფელი შეყარა სოფლის ბირჟაზე. არადა, ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" წევრები რომ იყვნენ და ხალხთან შეხვედრა უნდოდათ, გამგებელმა და მისმა ხალხმა სოფელი კარდაკარ დაიარეს და ყველა ოჯახი გააფრთხილეს: ჭიშკრიდან თავი არ გამოყოთ, თორემ არაფერს გაღირსებთო. ეშინია ხალხს მთავრობის და დაუჯერეს კიდეც. იტყვი რამეს და ან დახმარებას ჩამოგართმევენ, ან სხვანაირად გაგამწარებენ.

როგორც აღმოჩნდა, რეზერვისტებს აგროვებენ. ვიღაცები ჩაეწერნენ კიდეც. მაგრამ ეგ ყველაფერი ფორმალობა იყო, რადგან ძირითადად არჩევნებზე და "ნაციონალებისთვის" ხმის მიცემაზე ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა, ისიც დაამატეს, რომ მაგრად უნდა დავდგეთ და მტერს არჩევნებში მოგების შანსი არ მივცეთ. ვიღაცამ თქვა, რადგან ჩვენი პირადი ნომრები აქვთ, შეიძლება გადაგვამოწმონ, არჩევნებში ხმას ვის მივცემთო. ხალხს ეშინია და არც მიკვირს, რომ მივლენ და მაინც ამ მთავრობას მისცემენ ხმას ".

ვაჟა, გურჯაანის რაიონის მკვიდრი: "თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ჩვენთანაც იყვნენ. სხვათა შორის, ჩვენგან ბევრი ჩაეწერა რეზერვში. გვითხრეს, რომ თუ განგაში გამოცხადდა იარაღს დაგვირიგებენ და ხალხი თავის სოფლებს დაიცავს. რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს განგაში ან ვისგან უნდა დავიცვათ სოფელი, არ დაუზუსტებიათ, მაგრამ ხალხი ამბობს, არჩევნების დროს ან მას შემდეგ არეულობას ელოდებიან და ამისთვის ემზადებიანო. როგორც ვიცი, პანკისის ხეობის სოფლებშიც შეაგროვეს რეზერვისტები. ყველაზე მეტად იმან დაგვაეჭვა, რომ ნებაყოფლობით რეზერვში წასვლის მსურველებისთვის ასაკი შეზღუდული არ არის, ასაკოვნებსაც წერენ და ნასამართლევებსაც. გვითხრეს, რომ როცა გამოგვიძახებენ, ერთკვირიანი წვრთნა გვექნება. ვიღაცამ იკითხა, ეს მოხუცები რომ მიგყავთ, ამათ როგორ უნდა ირბინონ წვრთნების დროსო. გვითხრეს, რომ წვრთნა მხოლოდ სირბილსა და ფიზიკურ დატვირთვას არ გულისხმობს. სწორედ ამის შემდეგ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სინამდვილეში საარჩევნოდ ხმებს აგროვებენ, მაგრამ როგორ გამოიყენებენ შემდეგ ჩვენს პირად მონაცემებს, არ ვიცი".

ემზარი, ლენტეხის მკვიდრი: "ჩემი ბიძაშვილია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა სვანეთში. როგორც მითხრა, რეზერვისტები უნდა შეაგროვოს. ეს მთელი საქართველოს მასშტაბით კეთდება. რა თქმა უნდა, ჩავეწერე, აბა, უარს ხომ არ ვეტყოდი, სამსახურისთვის სჭირდებოდა და რაც უფრო მეტ ხალხს შეაგროვებს, მით უკეთესია. დაგვპირდა: თუ რამე მოხდება, იარაღსაც მოგცემთ, ტანისამოსსაცო. არჩევნებზეც იყო ლაპარაკი და, რა თქმა უნდა, გვთხოვეს, "ნაციონალურ მოძრაობას" დავუჭიროთ მხარი. შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს ეს მთავრობა, მაგრამ ეშინია ხალხს, რაიონში - მით უფრო".

თავდაცვის სამინისტრო არც უარყოფს, რომ რამდენიმე თვეა სარეზერვო სისტემას ქმნის, თუმცა უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ რეზერვისტები შეიძლება პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირებისას გამოიყენოს. საქართველოს მასშტაბით 100 ათასი მოხალისის შეკრებაზეა ლაპარაკი. ოფიციალურად განსაზღვრულია, რომ რეზერვისტები საომარი ვითარების დროს - ჯარისკაცებს, ხოლო სტიქიური უბედურებისას ხალხს დაეხმარებიან, მაგრამ რატომ უწევენ რეზერვისტებს საარჩევნო აგიტაციას, ეჭვს სწორედ ეს ბადებს.

ნატალია ებანოიძე (სპეციალურად საიტისთვის)