მსესხებლების "შავი სია" საქართველოში - "ვალს 365 409 ადამიანი ვერ იხდის" - კვირის პალიტრა

მსესხებლების "შავი სია" საქართველოში - "ვალს 365 409 ადამიანი ვერ იხდის"

საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს, ყოველ მეხუთე მსესხებელს კი კრედიტზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება. ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის აპრილის სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად, გასული თვის მონაცემებით საფინანსო სექტორის ვალი 1 944 818 ადამიანს აქვს, (მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506 - წყარო „საქსტატი“), ვალს კი 365 409 მსესხებელი ვერ იხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 ათასზე მეტით შემცირდა, მცირედი კლება ფიქსირდება გასულ თვესთან შედარებითაც. უფრო კონკრეტულად, „კრედიტინფოს“ 2025 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 365 409-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 365 455 პირი იყო, 2025 წლის მარტში კი 369 776 ადამიანი.

ამასთან, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, 369 311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 028 კომერციული ბანკების კლიენტია, 295 537 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 3 706 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.

რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.238 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.494 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 29.048 მლნ ლარს. ჯამში, 30 დღიდან ვადაგადაცილება 2.762 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4.1%-ია.

განაგრძე კითხვა