"გოგონა მინდობით პირს ჰყავდა აღსაზრდელად. მერვე კლასელია" - რას ამბობენ სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად დაღუპულ სკო­ლის მოს­წავ­ლეზე - კვირის პალიტრა

"გოგონა მინდობით პირს ჰყავდა აღსაზრდელად. მერვე კლასელია" - რას ამბობენ სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად დაღუპულ სკო­ლის მოს­წავ­ლეზე

ქუთაისში სკოლის მოსწავლე დაიღუპა. როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი გოგონა მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იმყოფებოდა, როცა ის კორპუსის ბინიდან გადავარდა, ეს იყო უბედური შემთხვევა, თუ თვითმკვლელობა, ამას ახლა სამართალდამცველები იძიებენ და მეტი დეტალი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ძალოვნებმა საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს.

"გოგონა მინდობით პირს ჰყავდა აღსაზრდელად და არ ვიცით, მან რატომ გააკეთა ეს. ვიცი, რომ დაღუპული მერვე კლასელია, დანარჩენი დეტალი ჩემთვის უცნობია, ძალიან განვიცდი. მომხდარით გაკვირვებული და გაოგნებული ვარ",- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ცენტრის უფროსს - ნათია წივწივაძეს, ის დაგვპირდა, რომ უწყებაში მომხდარზე კომენტარს გააკეთებენ და როგორც კი ამის საშუალება იქნება, ჩვენ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

უამრავი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია, უცნობია, რამდენი ხანი იყო გოგონა მინდობით აღზრდაში, თავის დროზე რატომ მიიღო ზრუნვის სააგენტომ ოჯახიდან ბავშვის გაყვანის გადაწყვეტილება, არც ის ვიცით, ჰყავს თუ არა გოგონას ბიოლოგიური მშობლები და რას ამბობენ ისინი მომხდარზე. ისიც უცნობია ჩვენთვის, რა პირობებში იყო და ჰქონდა თუ არა მას ამ ოჯახში პრობლემები; ხომ არ გაუჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, ჩვენთვის ასევე უცნობია ჰქონდა თუ არა ბავშვთან კომუნიკაცია სოციალურ მუშაკს, ეს და ბევრი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

ჩვენ შევეცადეთ ამ კითხვების ნაწილზე მაინც მიგვეღო პასუხი სააგენტოდან, ამიტომ "კვირის პალიტრა" ასევე დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პრესასამსახურს, თუმცა ჯერჯერობით ვერც იქ მივიღეთ პასუხი, ვერც ერთ კითხვაზე, მხოლოდ ის განგვიმარტეს ამ უწყებაში, რომ გამოძიების პროცესში ჩართულები არიან.

"გამოძიება დაწყებულია, ჩვენ ჩართულები ვართ, სხვა კომენტარი ამ ეტაპზე ვერ გაკეთდება, გვექნება თუ არა დაზუსტებული ინფორმაცია, ვაცნობებთ საზოგადოებას. ჯერ ვერც იმას გეტყვით, რამდენი ხანი იყო მინდობით აღზრდაში. ამ ეტაპზე, იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც გავრცელებულია.

დაწყებულია გამოძიება და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩართულია", - გვითხრეს პრესამსახურში.

ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით. ჩვენ შევეცდებით დავუკავშირდეთ სკოლას, სადაც გოგონა სწავლობდა და მომხდარზე უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

(სპეციალურად საიტისთვის)