"ჯერ მას ესროლეს და მერე მან მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა" - ცნობილია ქისტაურში მოკლული პირისა და მისი სავარაუდო მკვლელის ვინაობა, რომელიც კლინიკაშია, დაჭრილი
ახმეტაში, თანასოფლელებს შორის სუფრაზე დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. დანაშაული გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ჯაბა კვიცაშვილი, მას თანასოფლელმა მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასრლი იარაღიდან გასროლით.
დაჭრილია მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეც, რამაზ ლეფსვერიძე, რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება და ექიმების მეთვალყურების ქვეშაა.
ეს უმძიმესი დანაშაული ახმეტაში, სოფელ ქისტაურში მოხდა და მკვლელობაში ბრალდებულებიც და მოკლულიც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად, რამაზ ლეფსვერიძეს ესროლეს, რის შემდეგაც, მან ჯაბა კვიცაშვილს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. მომხდარის მიზეზებს პოლიცია სწავლობს. მიმდინარეობს გამოძიება და უწყებამ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ ლეფსვერიძე დააკავეს.
მისთვის წაყენებული ბრალი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა რ.ლ. რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.
ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მოკლული ახალგაზრდის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის სახლში გადაასვენეს.
მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირს მერის წარმომადგენელს.
"ჩვენს სოფელში მოხდა ეს ფაქტი, მაგრამ რატომ მოხდა, არ ვიცი, ახლა ჭორებზე ვერ ვისაუბრებ. რაც თქვენ იცით, ის ვიცი მეც. ჯაბა კვიცაშვილია მოკლული, რამაზი ლეფსვერიძეც ჩვენი მაცხოვრებელია. ერთი სოფლიდან არიან ორივენი. ვერაფერს ვიტყვი ამ ტრაგედიის მიზეზებზე. სამძიმარზე მივდივარ ახლა, შეიძლება ათასი რამე თქვან სოფელში, მაგრამ მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, დაელოდეთ გამოძიებას.
მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ორივე ძალიან კარგი ადამიანი იყო, წესიერი, სოფელში ცუდს ვერავინ იტყვის მათზე. რა მოხდა, არ ვიცი, ყველას უკვირს რატომ დატრიალდა ეს ამბავი. მეტი ინფორმაცია აქვს პოლიციას და მათ მიმართეთ. ორივე მშრომელი, წესიერი ხალხია. ჯაბა "სვარკაზე" მუშაობდა, ფიზურად შრომობდა, რამაზი ხე-ტყეზე მუშაობს, თავისი ბიზნესი ჰქონდა და რა მოხდა მათ შორის, რატომ დაუსპირირდნენ ერთმანეთს, ვერ გეტყვით.
როგორც ვიცი, რამაზსაც აქვს რაღაც დაზიანება. სოფელმა გვიან გაიგო ფაქტი, საღამოს გვიან მოხდა.
დაველოდოთ გამოძიებას", - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ქისტაურში.
(სპეციალურად საიტისთვის)