სკანდალური ინტერვიუ: პუტინმა და რუბიომ საქართველოზე ისაუბრეს?! - მირიან მირიანაშვილის ვერსია: რას ითხოვდა კრემლი საქართველოს სანაცვლოდ
რა არის "მეგობარი აქტი" - საქართველოსთვის მხარდაჭერის გზავნილი თუ აშშ-ის პოლიტიკური ზეწოლა? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრა.
- ეს აქტი თავიდანვე განიხილებოდა როგორც ამერიკის ადმინისტრაციის ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთის გავლენის შეჩერებას ემსახურება საქართველოში. ამერიკელებს აშკარად აღარ მოსწონთ მისი გაძლიერება და გადაწყვიტეს, საკითხზე მკვეთრი და ოფიციალური რეაგირება მოეხდინათ. ეს აქტი თითქოს რეზოლუციის ფორმატში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ კანონპროექტად იქცა, რაც პროცესს მეტ სერიოზულობას სძენს. საქართველოს ხელისუფლება ისჯება არა ავტორიტარიზმისთვის (ამას ამერიკელი ელიტა პოსტსაბჭოთა სივრცეში ხშირად ითმენს), არამედ პრორუსული კურსისთვის. განვიხილოთ თუნდაც ალიევის რეჟიმი, რომელიც გაცილებით ავტორიტარულია, მაგრამ ამერიკას მსგავსი მასშტაბის პრეტენზიები არ გამოუთქვამს მის მიმართ. ესეც ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული გავლენის მძევლად აღიქმება.
- ამ კონტექსტში საინტერესოა, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია.
- რუსეთი საჯარო სივრცეში არ აღიარებს, რომ გავლენა აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე, შესაბამისად, ვერც საჯარო პასუხს გასცემენ ამერიკელებს. რეაქცია იქნება კულუარული - სწორედ ასე მოხდა, მაგალითად, 10 დღის წინ, როდესაც პუტინი მარკო რუბიოს დაუკავშირდა. პუტინმა გაარკვია, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება - ყირიმის რუსეთისთვის გადაცემის კონტექსტით, რუბიომ ჩაშალა.
როგორც ამბობენ, საუბარი შეეხო საქართველოსაც. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ცნობილი გახდა რუბიოს სიტყვები, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არ არსებობდა არც ერთი შეთანხმება, რომელიც რუსულ პოლიტიკურ გავლენას საქართველოს ტერიტორიაზე შეეგუებოდა...
თუ პუტინი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს საზღვრის გადმოწევა მათთან არ იყო შეთანხმებული და ამერიკელებმა ის მოატყუეს, რუბიო ამბობს, რომ არც საქართველოში რუსული პოლიტიკური გავლენის გავრცობის შესახებ შემდგარა შეთანხმება.
ჩვენი ხელისუფლება რეაგირებს მხოლოდ შიდაპოლიტიკური ჭრილიდან და არ ცდილობს ამერიკასთან მედიაციის ან დიალოგის ინსტიტუციურ გზებზე გადასვლას. ორი თვეა, რაც კონგრესში განიხილავენ რეზოლუციებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, მაგრამ ქართული მხარისგან არ ჩანს არც საჯარო დისკუსიის ცდა, არც ინსტიტუციური მიმართვები კონგრესში ან სენატში. ეს პასიურობა ამერიკელებისთვის მორიგი სიგნალია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს და არც შეუძლია რუსეთისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს საგარეო პოლიტიკურ კონტურებზე.
კანონპროექტის ავტორებს შორისაა ლინდსი გრემი. მისი მონაწილეობა მიუთითებს, რომ საკითხს პოლიტიკური სიმძიმე აქვს. ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. გრემმა და რუბიომ ერთად მოამზადეს ეს კანონი და მისი დაჩქარებული განხილვა სენატშიც სწორედ გრემის გავლენით გახდა შესაძლებელი. ერთ თვეში გაიარა ყველა ეტაპი და უკვე რეგისტრირებულია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სანამ რუბიო თავის ვიზას არ ადებდა აქტს, მანამდე კულუარული მოლაპარაკება მიდიოდა რუსეთთან. როცა მოლაპარაკება ვერ შედგა, რუბიომ კანონს ვიზა დაადო და ამან განაპირობა პროცედურების დაჩქარება.
- რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება?
- იმიტომ, რომ რუსეთისთვის საქართველოზე პრეტენზიებზე უარის თქმა ნიშნავს რეგიონიდან სრულმასშტაბიან გასვლას. როგორც ჩანს, რუსეთი ძალიან ბევრს ითხოვს საქართველოდან გასვლის სანაცვლოდ.
რა შეიძლებოდა მოეთხოვათ რუსებს ამერიკელებისგან, ამაზე ბევრი ვერსია ვრცელდება. ამბობენ, რომ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკება ლავროვისა და რუბიოს დაპირისპირებით დაიწყო სტამბოლში. იქიდან მოყოლებული, ვიდრე კონგრესში "მეგობარ აქტს" მიიღებდნენ, ორი თვე გავიდა. ეს ორი თვე სავსე იყო საქართველოს შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებით. რომ არა ლინდსი გრემი, "მეგობარი აქტი" ვერ გადაიქცეოდა კანონად. გრემმა პირადად აიღო ინიციატივა და ეს უკვე მიუთითებს, რომ მოლაპარაკების ეტაპზე სერიოზული ვაჭრობა იყო.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- იმიტომ, რომ გრემი და რუბიო თითქმის ათი წელია თანამშრომლობენ. თუ რუბიოს დაწყებულ მოლაპარაკებას მოჰყვა გრემის აქტივობა, ეს ნიშნავს, რომ კონგრესში აქტის კანონად გადაქცევა სწორედ ამ თანამიმდევრობით მოხდა. საინტერესოა, როცა ვხედავ, როგორ ლანძღავენ უილსონს - ადამიანს, რომელიც გრემის გავლენიან ფიგურად ითვლება. უილსონი სამხრეთკაროლინელია, გრემის შტატიდან, და, ფაქტობრივად, მისი გუნდის წევრია. მისი ლანძღვა ნიშნავს, რომ კრიტიკოსებს ამერიკის შიდა პოლიტიკის არანაირი გაგება არა აქვთ.
- რას ითხოვდა რუსეთი?
- არ არის გამორიცხული, რუსეთი საქართველოზე გავლენის შესუსტების სანაცვლოდ უკრაინაში რაღაცას ითხოვდა, მაგრამ ეს ისეთი სპეციფიკური ინფორმაციაა, სავარაუდოდ, საჯაროდ არასდროს გახდება ცნობილი.