ჩემი "მეგობარი" პუტინი - კრემლის სპეცოპერაცია ფაშინიანის წინააღმდეგ და ალიევის აღმოსავლური ეშმაკობა - კვირის პალიტრა

ჩემი "მეგობარი" პუტინი - კრემლის სპეცოპერაცია ფაშინიანის წინააღმდეგ და ალიევის აღმოსავლური ეშმაკობა

საოცარი პარადოქსების პერიოდში ვცხოვრობთ: დღე არ გავა შინ და გარეთ, ისეთი ალოგიკური დიდ-პატარა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენა არ „გამოცხვეს“, რომელსაც ძნელად, თუ წარმოიდგენდი. დღეისთვის ჩვენს რეგიონში პუტინის ყველაზე დიდი მოკავშირე ლოგიკურად აზერბაიჯანი უნდა იყოს. ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ თავისი საუკუნოვანი "სტრატეგიული პარტნიორის", სომხეთის ფაქტობრივი გაწირვა, მეორე "ყარაბაღის ომში", რომელიც აზერბაიჯანმა კრემლის ნებართვით დაიწყო. მაშინ მოსკოვს არც სამხედრო და არც დიპლომატიური რეაგირება არ მოუხდენია ბაქოს მიერ საკუთარი ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებაზე.

პუტინმა „დახუჭობანა“ ითამაშა და ამით სომეხი ეროვნების მილიონობით ადამიანი, რომელიც ამ მოვლენებამდე რუსეთის იმედით იძინებდა და იღვიძებდა, უკიდურესად კრიტიკულად განაწყო მოსკოვის მიმართ. ბაქოში კი დიდი ზეიმი სუფევდა, რადგანაც მათ კარგად იცოდნენ, რომ კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების მხოლოდ ნულოვანი შანსი ჰქონდათ, რუსეთს სომხეთთან დადებული ხელშეკრულებები რომ შეესრულებინა. აი, ამ მოცემულობაში ყველაზე მეტად დაზარალებული და იმედგაცრუებული, წესით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია, თუმცა სწორედ ის „გაექანა“ მოსკოვში პუტინის მიერ დადგმული „9 მაისის შოუს“ საყურებლად, ხოლო „ტრიუმფატორი“ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მოსკოვის ნაცვლად, ყარაბაღის ბაღ-ვენახების სანახავად გაემგზავრა. დაბოტოქსებულსახიანმა პუტინმა კი ფაშინიანი (უფრო სწორად, მისი ახალი ვერსია „ნიკოლ - 2.0“ ) ხაზგასმული პატივისცემით მიიღო და „მონღოლური თვალებით“ მოეფერა. დამშვიდობებისას კი, უფრო მასმედიის გასაგონად, „დააიმედა“:

pashiniani-putini-1747119224.jpg

ტყუპი ძმებივით არიან, ერთი „მცირე ნიუანსი“ რომ არ იყოს: პუტინი 17 წლით უფროსია ფაშინიანზე.

„გმადლობთ ვიზიტისთვის და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! კონტაქტზე ვიყოთ“. თუმცა პუტინი ხომ „კატა-თაგვობანას“ თამაშების დიდოსტატია: ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, მესამეს კი - ფიქრობს!

უკანასკნელ პერიოდში იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩამონათვალს, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთი „ჰიბრიდული ომის“ მთელ არსენალს იყენებს, სომხეთიც დაემატა.

დიპლომატიური ხრიკები, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება, სპეცსამსახურების აგენტურისა და ადგილობრივი „ მეხუთე კოლონის“ ამოქმედება - ეს, ყველაფერი, მიმართულია სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების დასამხობად. „ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების და, ზოგადად, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში“, - განაცხადა ამას წინათ პუტინმა. სწორედ ამაზეა ნათქვამი: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“. კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სომხეთის „მოხრჩობას“, ხოლო ნიკოლ ფაშინიანი სასწრაფოდ ირჩევს „დასავლურ კურსს“. ალბათ, ამიტომაც წვეროსანმა ფაშინიანმა „ევროპული გარეგნობა“ მიიღო და „ნიკოლ - 2.0“ გახდა. ახალ გეოპოლიტიკურ სტრატეგიას ახალი სახეც სჭირდება! ფაშინიანს აქამდე რუსეთის სპეცსამსახურებში „წვერად“ ანუ - „Борода“-დ მოიხსენიებდნენ, საინტერესოა, ახლა რა მეტსახელს მოუძებნიან?

ნიკოლ ფაშინიანმა იმდენი მოახერხა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ყველა გადაიმტერა: კორუფციაში მოფუთფუთე სომეხი ჩინოვნიკი-პოლიტიკოსები; "რუსული სკოლის" სამხედროები და უშიშროების სტაჟიანი თანამშრომლები; კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილი ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეები. ამას დაემატა სასტიკი მარცხი აზერბაიჯანთან ომში.

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ოპოზიცია კი პუტინის ხელისუფლების გულის მოგებას ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს: "ჯორჯ სოროსი სომხეთის მტერია" - ფაშინიანის მოწინააღმდეგეების ეს შეფასება, ბუნებრივია, კრემლში აღფრთოვანებით იქნა მიღებული. ბევრი რუსი პოლიტიკოსი და ექსპერტი ფაშინიანს სომხეთში ანტირუსული პოლიტიკის დამკვიდრებაში ადანაშაულებს. სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ უმძლავრესი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებშია დაგეგმილი.

lukash-1747119248.jpg

„ნიკოლ - 2.0“, „ბატია“ ლუკაშენკო და მისი ვაჟი ნიკოლაი (ბელარუსის მომავალი პრეზიდენტი?), 2025 წლის 9 მაისი, მოსკოვი.

ნიკოლ ფაშინიანის მოკრძალებულმა ცდებმა, სომხეთში დემოკრატიული რეფორმები გაეტარებინა, კორუფცია აღეკვეთა, საგარეო-პოლიტიკური ვექტორი უფრო დაბალანსებული გაეხადა (ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის მცირედი გაფართოების ხარჯზე), რუსეთის ხელისუფლებისა და მათ მიერ კონტროლირებადი მასმედიის უსწრაფესი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რამაც თავისი შედეგიც მალე გამოიღო: ალბათ, გახსოვთ, თუ როგორ ამაოდ ეხვეწებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის უკანასკნელი ომის დროს ფაშინიანი პუტინს: ჩვენ ხომ მოკავშირეები ვართ, დაგვეხმარეთო. თუმცა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებით კრემლმა ნიკოლ ფაშინიანი რეალობის წინაშე დააყენა: ან რუსეთთან საჯაროდ და საზეიმოდ გამოცხადებული “ძმობა-მეგობრობა”, რეალურად უუფლებო ვასალობა, ან პოპულისტური იდეების ტალღაზე მოსული სომხეთის პრემიერის მომავალი ძალზე ბუნდოვანი გახდება. დღეს კრემლი თავს იკატუნებს: სადღა მაქვს იმის რესურსები, სხვა ქვეყნების შიდასაქმეებში ჩავერიოო, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ: აქვს მოსკოვს ეს ბერკეტები სომხეთზე, მოლდოვაზე, აზერბაიჯანზე და - საქართველოზეც.

გასულ წელს ერევანში, პარლამენტის შენობის წინ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართებოდა. ეს არც პირველი და, ალბათ, არც უკანასკნელი ანტისამთავრობო გამოსვლებია სომხეთში. ფაშინიანი 9-მაისობას მოსკოვში არ აცდენს, თუმცა, კახელისა არ იყოს: „გამაადგა რო“?

მის ირგვლივ საბედისწერო „პოლიტიკური ყულფი“ სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. რუსეთის ფარული ხელშეწყობით, სომხეთში უკვე სახეზეა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება - "ყველა ერთის (ფაშინიანის) წინააღმდეგ". სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები გამოჩენილი კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე რომანს: "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" მახსენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დღევანდელ პრემიერობას და, შესაძლოა, მომავალ პოლიტიკურ კარიერასაც (იმედია, თავად უვნებელი გადარჩება), დიდი საფრთხე ემუქრება. ღია საინფორმაციო სივრცეში არსებული მასალის ანალიზიც საკმარისია, რომ დავასკვნათ:

ფაშინიანის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაწყებულია და მისი ბედი გადაწყვეტილია. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, როდის და როგორ? ახლა მთავარია, თუ რა მეთოდებით მოახდენს პუტინი მის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან: “ხავერდოვანი გზით” თუ “ჩეკისტური” მეთოდებით?

დავუბრუნდეთ ისევ მოსკოვში გამართულ „9 მაისის შოუს“, რომელსაც 30 ქვეყნის და თვითგამოცხადებული „სახელმწიფოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოდან იქ ჩვენი „შინაური“, აფხაზი და ოსი სეპარატისტები იმყოფებოდნენ, რითაც ძალზე გახარებულები არიან. კმაყოფილია პუტინიც: მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. მეტი რაღა უნდა გააკეთოს, რომ ზოგიერთები დარწმუნდნენ: რუსეთი მტერი და ოკუპანტია?

„9 მაისის შოუს“ მთავარი ინტრიგა ის იყო, ჩავიდოდა თუ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში.

პუტინთან საუბრის ერთ-ერთი საკითხი რუსული „რბილი ძალის“ მთავარი დასაყრდენის ე.წ. რუსული სახლის ბაქოში მუშაობის განახლება უნდა ყოფილიყო. ამის დიდი იმედი ჰქონდათ მოსკოვში.

რუსეთის ფედერალური სააგენტოს - Россотрудничество-ს (რეალურად, რუსეთის ერთ-ერთი სადაზვერვო სტრუქტურა) ხელმძღვანელები ადრევე აცხადებდნენ, რომ ბაქოში მოქმედი რუსული კულტურის ცენტრის - „რუსული სახლის“ ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა პირადად რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე უნდა განეხილათ. დადებითი გადაწყვეტილების იმედი ჰქონდა Россотрудничество-ს ხელმძღვანელს, ევგენი (სანდრო) პრიმაკოვს, საქართველოს დიდი „მოყვარული“ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილს. იყო სხვა საკითხებიც, რომელიც რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს აფერხებს. 2024 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანული კომპანია AZAL-ის Embraer E-190-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაიწყო ალიევსა და პუტინს შორის ფარული ქიშპობა: ალიევი პუტინისგან ითხოვს თვითმფრინავის დაზიანებაში დამნაშავე პირების დასჯას და გარდაცვლილ-დაზარალებულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას, პუტინი კი ამის წინააღმდეგია.

პუტინისა და მამა-შვილი ალიევების ურთიერთობებზე დიდი მოცულობის „რომანი“ დაიწერება.

რუსეთის პრეზიდენტად ყოფილი კა-გე-ბეს თანამშრომლის, პუტინის დანიშვნის შემდეგ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები განსაკუთრებით დათბა. კა-გე-ბეს გენერალ, შემდეგ კი - აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს, მეტად თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან: მათი მხარდაჭერით, ხელისუფლების სათავეში მოსული, აღმოსავლური ეშმაკობით უხვად შემკული უფროსი ალიევი ახერხებდა, კარგი ურთიერთობები შეენარჩუნებინა ერთდროულად აშშ-სთან და რუსეთთანაც; ელცინისა და პუტინისგან საჩუქრები მიეღო და ხოტბა-დიდება მოესმინა, მაგრამ სტრატეგიული ნავთობსადენების მარშრუტები მაინც ამერიკელთა და ბრიტანელთა რჩევით გაეყვანა. რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე გამაფრთხილებელი და შესაშინებელი ამბოხი და ტერაქტი მოუწყო ალიევს, აზებაიჯანის სუკ-ის ყოფილი თავმჯდომარე ჰეიდარ ალიევი, რუსეთის სპეცსამსახურებისადმი საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი. ეს ურთიერთუნდობლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოდიოდა. ოფიციალური ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბაქოში პირველად 2001 წლის 9 იანვარს ჩავიდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მას ძალზე თბილი დახვედრა მოუწყო: მათ „ჩეკისტური“ წარსული აახლოვებდათ. პუტინს ბაქოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებაც კი მიანიჭეს.

putinn-1747119303.jpg

ახლად გამომცხვარი „საპატიო დოქტორი“

იმ შეხვედრაზე პუტინმა შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: წარსულში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა იყო. ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა, რაც ჰეიდარ ალიევის სახელმწიფოებრივი ნიჭისა და რუსული ენისადმი მისი დამოკიდებულების დამსახურებაოო. ურთიერთრევერანსები დიდხანს არ გაგრძელებულა. რუსეთ-აზერბაიჯანის პოლიტიკური ურთიერთობების, ვითომდა, იდილიურად “მოწმენდილ ცაზე” სეტყვის ღრუბლები 2002 წლის ივლისში გაჩნდა. აზერბაიჯანის უშიშროების ორგანოებმა დააკავეს ამ ქვეყნის სამი მოქალაქე: სეიარ ახუნდოვი (პროფესიით მძღოლი), სერგეი ნამაზოვი (მატარებლის მემანქანე, ყარაბახის ომის მონაწილე) და მუბარაზ ახუნდოვი (უმუშევარი). მათ ბრალად ედებოდათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება-გადაცემა. სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მათ გარდა დააკავეს რუსეთის გე-ერ-უს რამდენიმე თანამშრომელიც, მაგრამ თვით ფაქტი და მათი ვინაობა, ჰეიდარ ალიევის გადაწყვეტილებით, არ გახმაურებულა. ის სპეცსამსახურების დაუწერელი კანონებით მოქმედებდა და ამ ფაქტს რუსეთთან მომავალი “პოლიტიკური ვაჭრობისთვის” ინახავდა.

ეს ფარული დაპირისპირება რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. გარეგნულად ორივე მხარე არ იტყობდა სერიოზული პრობლემის არსებობას. ამ პერიოდში რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები რამდენჯერმე ეწვივნენ ბაქოს, თან სულ ხელები ასავსავეს: რა სამხედრო დაზვერვა და რისი რუსეთი, ეგენი აზერბაიჯანის მოქალაქენი არიან და საცოდავებს გე-ერ-უ გაგონილიც არ ექნებათო. რეალურად კი გამალებული ფარული მოლაპარაკებები მიდიოდა ალიევთან. თუმცა აღმოსავლეთის “ბებერმა ტურამ” არაფერი დათმო. გე-ერ-უს ოფიცრები უხმაუროდ კი გააძევა ქვეყნიდან, მაგრამ აზერბაიჯანის მოქალაქეთა სასამართლო პროცესის გამართვა და რუსეთის ჯაშუშობაში მხილება მაინც არ გადაიფიქრა.

პუტინმა „საპასუხო დარტყმა“ ხუთი თვის შემდეგ განახორციელა. 2002 წლის 15 დეკემბერს ეფ-ეს-ბეს მაშინდელმა დირექტორმა - ნიკოლაი პატრუშევმა საგანგებო ბრიფინგი მოიწვია და, ცოტა არ იყოს, გაოცებულ ჟურნალისტებს გაბადრული სახით, უცხო ქვეყნის მეტად საშიში ჯაშუშის გამოვლენა და დაკავება აუწყა. რუსეთის “დამაქცევარი” დსთ-ის სამხედრო კოორდინატორთა შტაბში აზერბაიჯანის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვაგიფ რასულოვი აღმოჩნდა. მას რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება წაუყენეს ბრალად, გააძევეს რუსეთიდან და ხუთი წლით აუკრძალეს ამ ქვეყანაში შესვლა. აზერბაიჯანში დაბრუნებული გენერალი რასულოვი, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გადაწყვეტილებით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ჰეიდარ ალიევი არ მოერიდა “ჯაშუშთა სკანდალის” გამომზეურებას და 2003 წლის 24 თებერვალს ბაქოში სასამართლო პროცესი გამართა. საქმის განხილვის დახურული რეჟიმის მიუხედავად, მასმედიისთვის ბევრი რამ გახდა ცნობილი. სამივე ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. დადგინდა რომ, ისინი გრუ-ს ერთ-ერთი დანაყოფის, რუსეთის კასპიის ფლოტილიის სამხედრო-სადაზვერვო ორგანოს თანამშრომლებმა “დაავერბოვკეს”, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე. ორი-სამი წელი კონტაქტები შეწყდა, თუმცა 1993 წლიდან მათ განაახლეს საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება და გრუ-სთვის მიწოდება. გამოძიების ცნობით, სამივე ჯაშუშმა 1994 წელს ნოვოროსიისკში გაიარა ორკვირიანი სპეცმომზადება. მათ გადაეცათ რადიოსადგურები და ფული. საინტერესოა, რომ განაჩენის გამოტანის დღეს ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მაშინდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი. მაგრამ ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხა: სამივე ჯაშუშს 10-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თანაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქვეყნოდ გამოაჭენეს. ასე რომ, მაშინ საბოლოოდ გენერალმა ალიევმა 2:1 მოუგო კა-გე-ბეს პოდპოლკოვნიკ პუტინს.

putin-view-1747119332.jpg

ერთი გამოხედვა, რომელიც ბევრზე მეტყველებს.

ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟმა, აზერბაიჯანის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააგრძელა რუსეთის სპეცსამსახურების “პრესინგი”. წელი არ დამთავრდებოდა ისე, რომ ბაქოში რუსეთის დაზვერვის აგენტების საჩვენებელი და სკანდალური პროცესი არ გამართულიყო. 2006 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის კონტრდაზვერვამ ამ ქვეყნის მოქალაქე, თადარიგის ოფიცერი ვინმე პეტრე მოჯალოვი დააკავა. გაირკვა, რომ ეს პიროვნება, რომელიც წლების მანძილზე მსახურობდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში, გე-ერ-უმ 1997 წელს გადაიბირა და 2002 წლამდე რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი იყო. საკმაოდ მწირი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოჯალოვი სისტემტიურად აწვდიდა ბაქოში რუსეთის სამხედრო დაზვერვის რეზიდენტს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. რუსეთის დაზვერვა იღებდა სრულიად საიდუმლო დოკუმენტებს აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილების დისლოკაციის, მათი საბრძოლო პოტენციალის, შეიარაღების და ა.შ. შესახებ.

2007 წლის დასაწყისში ბაქოს სასამართლომ რუსეთის ჯაშუშს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2007 წლის ოქტომბერში რუსეთის სამხედრო დაზვერვის კიდევ ერთი აგენტი - აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოქმედი ოფიცერი ვლადიმერ ისკანდეროვი დააპატიმრეს. ბრალდება კვლავ რუსეთის აგენტობა იყო. 2010 წელს კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რუსლან ალიხანოვი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.

(პირველი ნაწილის დასასრული)