საშიში ტენდენცია - ნარკომომხმარებელი ქალები საქართველოში - კვირის პალიტრა

საშიში ტენდენცია - ნარკომომხმარებელი ქალები საქართველოში

"ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ მოვხვდი ნარკოლოგიურ ცენტრში, მაგრამ მაგრამ როგორც კი სარეაბილიტაციო კურსს ვასრულებდი, მაშინვე თავიდან ვიწყებდი. ეს თავის გადარჩენის მეოთხე მცდელობაა", - ამ სიტყვების ავტორი 23 წლის გოგონაა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ამ მდგომარეობაში მეგობრების დაჟინებული თხოვნით ჩავარდა, როცა მშობლებზე გაბრაზებულმა მეგობრის სახლში ცხოვრება გადაწყვიტა.

ამ მტკივნეული თემით მაშინ დავინტერესდი, როცა სამსახურებრივი საქმისთვის პრობაციის ცენტრში შევლამ მომიწია, - რამდენიმე წუთის განმავლობაში ათზე მეტ სუსტი სქესის წარმომადგენელს მოვკარი თვალი, რომლებიც როგორც ამიხსნეს, აღრიცხვაზე არიან აყვანილი.

ნარკომანია უკვე წლებია ცივილიზაციის დაავადებად ითვლება და თანამედროვე სენს ვერც საქართველო გადაურჩა. ამერიკის "ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს" მონაცემებით: საქართველოში დღეისთვის 240000 დან 350000-მდე (საშუალო 295000) ნარკოტიკის მომხმარებელია. საგანგაშოა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ხშირია საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიან ნაწილში – 21-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ადრე ნარკომომხმარებლები უმეტესწილად მამაკაცები იყვნენ, დღეს კიდევ ერთ საშიში ტენდენცია იკვეთება, - გაიზარდა ქალი ნარკომანების რიცხვი. საკმარისია პრობაციის ცენტრში რამდენიმე წუთი დაჰყოთ და მიხვდებით, რომ პრობლემამ სახიფათო სახე მიიღო.. სუსტი სქესის ნარკომომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის ინფორმაციას არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გზის" ფსიქოლოგი დალი ურუშაძე, მისი თქმით, ისინი ყოველთვის იყვნენ, უბრალოდ ბოლო დროს თვალსაჩინო გახდნენ.

- ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ წამალდამოკიდებული ქალების რაოდენობა ბოლო დროს გამოჩნდა, ეს პრობლემა ადრეც არსებობდა, უბრალოდ ახლა ამ პრობლემით საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ. ნარკომომხმარებელმა ქალებმა შიში დასძლიეს და გაიგეს, რომ არსებობს ადგილები, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ. მათ შორის ერთ-ერთია ჩვენი ორგანიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია პოლიციის დამოკიდებულება, თუნდაც 5 წლის წინ ეს უწყება ქალზე ეჭვის მიტანასა და მისი საქმიანობის შესწავლას ერიდებოდა, რაც ახლა აღარ ხდება. ნარკომომხმარებელ ქალთა რაოდენობაზე ყველაზე სარწმუნო ინფორმაცია შს სამინისტროს აქვს. არსებობს აგრეთვე ე.წ. ექსპერტული შეფასება, როცა სარეაბილიტაციო კლინიკებში პაციენტების რაოდენობის გამოთვლა ხდება. მათი მონაცემებით, იმ ქალების რაოდენობა, ვინც სამკურნალო ცენტრებს მიმართა, მხოლოდ 1%-ს აღემატება, მაგრამ ოფიციალური მონაცემები რეალურ სურათს ვერ მოგვცემს. არსებობს ე.წ. ზიანის შემცირების პროგრამები, რომელსაც ნარკოდამოკიდებული ქალები მიმართავენ. ამ შემთხვევაში ცენტრში მომართვიანობის მიხედვით, მათი რიცხვი 10%-მდეა. კიდევ ერთი, ყველაზე რეალური გზა, რითაც ნარკოდამოკიდებული ქალების რაოდენობის გამოთვლა შეიძლება, არის პაციენტი მამაკაცების გამოკითხვა, - ჩვენ მათ ვეკითხებით, რამდენ ნარკომომხმარებელ ქალს იცნობს, ამის მიხედვით მათი რაოდენობა 1-დან 20%-მდე მერყეობს.

- რა არის ხოლმე ნარკოტიკული საშუალების გასინჯვის მიზეზი?

- რამდენი წამალდამოკიდებული ქალიც არის, იმდენივე ტრაგიკული ბიოგრაფია არსებობს. უმეტესობა ცდილობს ისეთ ამბავს მოჰყვეს, რაც მსმენელის თანაგრძნობას გამოიწვევს, თან ხშირ შემთხვევაში, თავადაც სჯერათ ამის. ნარკოტიკის გასინჯვის მიზეზი უმეტესად დეპრესიული სიტუაციაა, "კეთილისმსურველებმა" მას ასეთი "გამოსავალი" ურჩიეს... ერთი ქალი მიყვებოდა, წლების განმავლობაში ვსვამდი და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებლად ნარკოტიკი მირჩიესო. თუმცა, საკმაოდ ბევრი ამას ინტერესისა და მიმბაძველობის გამოც აკეთებს, ეს თინეიჯერულ ასაკს ეხება.

- დახმარებისთვის ძირითადად რა ასაკის ქალები მოდიან?

- 30 წელს გადაცილებული, რადგან უფრო ახალგაზრდები პრობლემის სიმწვავეს ვერ აცნობიერებენ. თვლიან, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის და ამ დამღუპველი სენისგან გათავისუფლებას თავად შეძლებენ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქალი ნარკომანი უფრო საშიშია, რატომ?

- იმიტომ, რომ ქალი ნარკოდამოკიდებული უფრო ადვილად ხდება, ვიდრე მამაკაცი. ამასთან, ნარკომომხმარებელი ქალები უფრო ჩაკეტილი არიან, თავიანთი "სტატუსის" გამჟღავნებას ერიდებიან. სიმართლე რომ არ გამჟღავნდეს, ნარკორეაბილიტაციის ცენტრებში კი არა, სხვა პროფილის ექიმებთან მისვლასაც კი უფრთხიან და ჯანმრთელობის პრობლემებს მალავენ. ნარკოტიკისთვის თავის დანებება ქალს უფრო უჭირს, რადგან ნარკოტიკზე დამოკიდებულება მხოლოდ ფიზიკური დამოკიდებულება კი არა, ფსიქოლოგიური დაავადებაც არის. ამაში კი "დამნაშავე" ქალის ორგანიზმია.

ჩვენს ცენტრში ერთი ქალი დადიოდა. როგორც გვიამბო, თავადაც და მისი შვილებიც უზრუნველად ცხოვრებას იყვნენ შეჩვეული. მამამისი არჩენდათ, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. კი მუშაობდა, მაგრამ სიმბოლური ხელფასი ჰქონდა. ერთი სიტყვით, ცხოვრების პირველივე პრობლემამ დეპრესიაში ჩააგდო. მძიმე რეალობას ნარკოტიკის საშუალებით "დაუძვრა" და პირველად 45 წლის ასაკში გასინჯა... როცა ჩვენთან მოვიდა, 7-წლიანი სტაჟი ჰქონდა. პირველად თავისი 20 წლის ქალიშვილთან ერთად მოვიდა, რომელიც დედის გადასარჩენად იბრძოდა, მაგრამ ამ სენს თავი ბოლომდე დააღწია თუ არა, არ ვიცი. ჩვენთან ყველაფერი ანონიმურია და მასთან დაკავშირება არ შეგვეძლო, ის თავად მოდიოდა. შემდეგ დაიკარგა. იმედია,  ოჯახის მხარდაჭერით ამ სენს მოერია. ეს ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა ქალს ოჯახისგან მხარდაჭერა ჰქონდა, რადგან როგორც წესი, ასე არ ხდება, - როცა მამაკაცია ნარკომანი, მშობლები თუ ცოლ-შვილი მისი განკურნებისთვის ყველაფერს აკეთებენ, თუ ამის გამო პატიმრობაში მოხვდა, სახლ-კარსაც კი ყიდიან, მაგრამ თუ ქალია მომხმარებელი, ოჯახი მასზე უარს ამბობს.

მძიმე სტრესული ფონის გარდა, არის შემთხვევები, როცა მათ ნარკოტიკის გასინჯვისკენ "მეგობრები" უბიძგებენ. უფრო ხშირად სექსპარტნიორები და ბარიგები. მე ვიცი შემთხვევა, როცა ნარკომომხმარებელი ქალები, შეიძლება ითქვას, მასზე შეყვარებული იყვნენ, რადგან გარდა იმისა, იმ კაცს მათზე მთელი ბიზნესსქემა ჰქონდა აწყობილი, ნარკოტიკითაც ამარაგებდა და მათზე "ზრუნავდა" კიდეც, რადგან ნარკოტიკს რეალიზაციას სწორედ იმ ქალების საშუალებით ახდენდა.

- თქვენი ინფორმაციით, საქართველოს რომელ ქალაქებში ფიქსირდება ნარკომანი ქალების დიდი რაოდენობა?

- თბილისსა და ბათუმში. ბათუმში მათი რაოდენობა თურქეთთან მეზობლობით აიხსნება, ბევრი მათგანი თურქეთში "მუშაობს" - არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ რეალიზატორიც არის. ახალი კანონით, ყოველი 3 თვის შემდეგ ისინი საქართველოში უნდა დაბრუნდნენ, ანუ საზღვარი უნდა გადმოკვეთონ. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე, ბათუმში რჩება, რადგან მას იქ მრავალფეროვანი კლიენტურა ჰყავს.

ეს დაავადება აღმოფხვრას პირველ რიგში სახელმწიფო პროგრამების დახმარებით უნდა განხორციელდეს. ამ ადამიანებს დასჯა და ხელისკვრა კი არა, დახმარება სჭირდებათ.       

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)