როგორ იქცა დამწყები მეფრინველე პროფესიონალად
პლიმუთროკი ქათმის ჯიშია, რომელიც XIX საუკუნის მიწურულს გამოიყვანეს აშშ-ში ესპანური ქათმის, კოხინხინის, დორკინგისა და იავის ქათმებთან შეჯვარებით. არსებობს პლიმუთროკის ჯიშის რამდენიმე ტიპი: თეთრი, შავი, ჩალისფერი, ზოლიანი და სხვა. ამ ქათამს თბილისში, ავჭალაში, ჯემალ შეიზაშვილი ამრავლებს. ბატონი ჯემალი მშენებელი ინჟინერია, მაგრამ პროფესიით აღარ მუშაობს და თავის ეზო-კარში მცირე საოჯახო ფერმას მეუღლესთან ერთად უძღვება.
ჯემალ შეიზაშვილი:
- ნაძალადევში კორპუსში ვცხოვრობდი, სოფელი არა მაქვს და სულ მინდოდა ჩემი ეზო-კარი მქონოდა. ამიტომ კორპუსის ბინა გავყიდე და აქ გადმოვედი, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმეები ვისწავლე - ფრინველის მოვლა, ხეხილის, ვენახის პატრონობა და კიდევ ბევრი რამ. ავჭალაში ეს ადგილი ახლა ჩემთვის სოფელიც არის და ქალაქიც.
- მეფრინველეობა როგორ დაიწყეთ?
- პლიმუთროკის ქათმები მყავს. პლიმუთი ქალაქის სახელია, როკი ინგლისურად კლდეს ნიშნავს. ე.ი. ფრინველს "პლიმუთის კლდე" ჰქვია. გამძლე ფრინველია და სწრაფადაც იზრდება, გამოირჩევა კვერცხისა და ხორცის მაღალი პროდუქტიულობით. ეს ქათამი 1911 წლიდან რუსეთსა და ევროპაშიც შეიყვანეს. მას მერე ყველას მოსწონს, მეხორცულ და მეკვერცხულ სახეობებში საუკეთესო ხუთეულში შედის.
2012 წლიდან ჩვეულებრივი ქათმები მყავდა, მათ ვუვლიდი, მაგრამ ზარალის მეტი არაფერი იყო. მერე შევიძინე ლივენური - დაჩითული, რუსული ჯიშის ქათამია. 13 წლის განმავლობაში საქართველოში მე ვამრავლებდი. ყოველ სეზონზე - მარტი, აპრილი, მაისი, 300-400 წიწილას ვყიდდი. ჩემი ინკუბატორი მაქვს, პატარაა - 130-იანი და 3-4-ჯერ, ხან 5-ჯერ ვაჩეკვინებდი. მოკლედ, ლივენური კარგად გავამრავლე.
საქმე აეწყო, მოსწონდათ ჩემი ქათამი, ხარისხიანი იყო, მიჰქონდათ, მეუბნებოდნენ, საქართველოში ყველაზე კარგი ლივენური შენ გყავსო. ამას სპეციალისტები აღნიშნავდნენ. არადა, მაშინ დამწყები მეფრინველე ვიყავი.
- პლიმუთროკის ქათმით ამის მერე დაინტერესდით?
- შარშანწინ ორი დედალი და ერთი მამალი მოვიყვანე. ლივენურს რომ შევადარე, ამის ზომა ოდნავ პატარაა, დედალი 3 კილოგრამამდე იწონის, მამალი - 4-მდე. ის ნახევარი კილოგრამით მეტი კი იყო, მაგრამ კვერცხის დებით ვერ ჯობდა. წელიწადში ლივენური 120-დან 160-მდე კვერცხს დებს, ეს კი 200-დან 240-მდე. კვერცხის საშუალო წონა 60-65 გრამია, კვირაში ხუთ კვერცხს დებს, თუ კარგ პირობებში გყავს, ექვსსაც დადებს.
- ეს იმაზეა დამოკიდებულია, ფრინველს როგორ კვებავთ და რით?
- კი. ათასნაირი გრანულები, პრემიქსები და რა არ არის შემოსული, მაგრამ მაგით რომ ვკვებო, არ მინდა, რადგან არ ვენდობი. ვცადე ადრეულ წლებში და უკმაყოფილო ვარ. კვერცხიდან წიწილის გამოსავალი დაბალი პროცენტი ჰქონდა და მივხვდი, რომ ეგ საკვები ქათმისთვის ცუდია. ახლა ხორბალს, დაღერღილ სიმინდსა და მარცვალს ვაჭმევ. დილით დაღერღილს ვაჭმევ, შუადღისას ბალახს დავუჭრი ხოლმე, საღამოს მარცვალია კარგი, კუჭ-ნაწლავის სისტემამ კარგად რომ გადაამუშაოს. როცა სუფთა საკვებით იკვებება, მაშინ ჩეკისას მაღალი პროცენტია კვერცხის გამოსავალი.
ყველა არ გასწავლის და გეტყვის, რა როგორ ხდება და სანამ ჩემმა პრაქტიკამ არ მაჩვენა ეს ყველაფერი, ამ დასკვნამდე ვერ მივედი. ახლა ვზრდი ნატურალურად და ფრინველიც მალე კრეფს წონას, ძლიერი იმუნიტეტი აქვს და ადვილი გასაზრდელია. თუ არ შესცივდა, არ კვდება. ისე, მარტო ამ ჯიშისთვის კი არა, ყველა წიწილასთვის სითბო მნიშვნელოვანია. თუ თბილად არის, პრობლემა არ ექმნება, არის თავისთვის და სწრაფად იზრდება.
- წიწილა, კლასიკური გაგებით ყვითელია, თქვენი წიწილები კი შავბუმბულიანები არიან...
- კი და მხოლოდ თავზე აქვთ თეთრი ბუმბული. 8-9 დღის შემდეგ ზოლიანი ფრთები ეზრდებათ და მთლიანად იბუმბლებიან. ამ ქათმის მინუსი ის არის, რომ შედარებით გვიან იბუმბლება, ვიდრე სხვა ჯიშები. 40 დღისა უკვე მთლიანად ბუმბულითაა დაფარული. მაგ დროს 700-800 გრამს იწონის. მისი წონა, როგორც ვთქვით, კვების ხარისხზეა დამოკიდებული.
წიწილას დაჩეკიდან 5-6 დღე ჩემთან ვაჩერებ, მაქვს სპეციალური მოწყობილობა და ყველანაირი პირობა. ვასწავლი ჭამას, დამოუკიდებლად წყლის სმას და ერთი კვირისას 12 ლარად ვყიდი. ერთ ჩეკაზე 90 წიწილა გამოდის, მირეკავენ და მიჰყავთ. ვინც იცის ამ ახალი ჯიშის შესახებ, ყველას მოსწონს. შარშან რომ იყიდეს, წლეულსაც დამირეკეს, რადგან ამ ქათმების ხორციც კარგია და კვერცხიც.
ხორცი გემრიელი, ყვითელი, ძალიან რბილი და ნაზი აქვს. თვითონ ფრინველი მშვიდია და წყნარი. ერთმეტრიანი ბადით მაქვს მათი ადგილი შემოღობილი და არსად ხტებიან. ქათმებმა რომ იციან ახტომა-გადახტომა, ამათ არ ახასიათებთ. ალბათ, წონის გამო. კვერცხს დღეში ერთხელ დებენ. კვერცხდებაც და კვერცხის ზომაც საკვებზეა დამოკიდებული.
- ამ საქმეს მარტო უძღვებით?
- მე და მეუღლე ერთად ვსაქმიანობთ. ჩვენი ფერმა დიდი არაა, რომ ვერ მოვერიოთ. სამი წელია ეს ქათმები მყავს და უკვე ახალი სისხლია მათთვის საჭირო. საერთოდ, ფრინველს 5-6 წელიწადში ერთხელ ახალი სისხლი სჭირდება.
გასულ კვირას ცოლის ძმისშვილმა რუსეთიდან ამ ჯიშის 40 კვერცხი ჩამომიტანა. ერთი სული მაქვს, როდის დაიჩეკება, სისხლი განახლდება და მათი პროდუქტიულობაც გააქტიურდება. ასეთ დროს მეტია პროდუქტიულობა და ხარისხი.
საერთოდ, ერთი და იმავე ქათმისგან გამრავლება 5 წელია რეკომენდებული. მეტიც შეიძლება, განა არ მრავლდება, მაგრამ იმ ხარისხს კარგავს, რაც ჯიშს ახასიათებს.
- ცოცხლად ყიდით?
- დიახ, ჯიშისთვის ცოცხლად მიჰყავთ. უმეტესობა წიწილას ითხოვს, თუმცა ზოგს კვერცხი უნდა და კვერცხსაც ვყიდი. არავინ იცის, როგორ ინკუბატორში დადებს, ან კრუხი რას იზამს. მერე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს, რომ ვერ გამოიჩეკა. ამიტომ ვეუბნები, ვუხსნი, როგორი არიან ჩემთან გამოჩეკილი წიწილები. თუ ნორმალური ინკუბატორი გაქვთ, ხარისხიანად გამოიჩეკებიან. გამოსავალი ამ ჯიშს კვერცხიდან 70-75% აქვს.
- 40 დღის შემდეგ ბუმბულის ფერი რუხ ფერში გადადის?
- კი, ნაცრისფერი ხდება თეთრი ზოლებით. აბრეშუმივით ნაზი ბუმბული აქვს, ფეხები კი მაღალი.
რაც შეეხება დაავადებებს, ამ ქათმებს ისე ვზრდი, არანაირ წამალს არ ვაძლევ. მხოლოდ 2,5-3 თვის ასაკში ვაწვდი ჭიის წამალს. მისი მიცემა კარგია 3-4 თვეში ან 6 თვეში ერთხელ. სხვას არაფერს ვუტარებ, რადგან იმ წამლებს, რაც იყიდება, ვერ ვენდობი. ამ რისკზე მივდივარ და არაფერი ემართებათ. მოკლედ, ბუნებრივად ვზრდი - ყველანაირი დანამატისა და წამლის გარეშე.
- ანუ საქმით კმაყოფილი ხართ?
- კი, გაამართლა იმით, რომ სახლში სუფთა პროდუქტი მაქვს, ხორცი და უგემრიელესი კვერცხი. აქ რომ გადმოვედი, ბაღი გავაშენე, ხეხილი ჩავრგე, ეზო გავალამაზე, მიუხედავი იყო. ახლა ხეხილიც მაქვს და ყურძენიც, ქათამი და კვერცხიც.
- ურჩევდით დამწყებ მეფრინველეებს ქათმის ამ ჯიშის მოშენებას?
- ნამდვილად კარგი ქათამია ოჯახისთვის. რომც არ გაყიდო, კვერცხი და ხორცი სულ გაქვს. ადვილად იზრდება, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. მეზობლის ღობეებზეც არ ხტება და არ გარბის. მშვიდია და გაზრდისას პრობლემური არ არის, არ ავადმყოფობს და კვერცხის კარგად მდებელია. არის ქათმის ჯიშები, რომლებიც კვირაში 2 კვერცხს დებენ, რაც ფერმერისთვის ზარალია. წელიწადში ერთხელ დაკლავ და დანარჩენ დროს ისე უნდა უყურო. ლივენურიდან პლიმუთროკზე გადართვას არ ვნანობ. აქ ჯერ ახალია და ბევრმა მის შესახებ არც იცის. ყველას ყველაფერს დეტალურად ვუხსნი ამ ქათმის შესახებ ჩემი გამოცდილებიდან. გარეგნულადაც ლამაზები არიან. ერთმა დამირეკა, რაღაცამ შემიჭამა, არადა, ჩემს ეზოს ეს ფრინველი ამშვენებდა, ეზოს შეხედვა აღარ მინდაო. 20 ცალი იყიდა, 2 ცალი ზედმეტად ვაჩუქე.
შემოსავალს რაც შეეხება, ბევრი არა მყავს, მაგრამ შემოსავალი იმდენია, ქათმები თავიანთ საჭმელს თვითონ ყიდულობენ და ცოტა რაღაცასაც გიტოვებენ, კვერცხი და ხორცი კი გვაქვს. ვინც ყიდულობს, კმაყოფილი მირეკავს, რა კარგი ქათამიაო. ცოტა მყავს და კმაყოფილი ვარ იმით, რაც მყავს.