„როცა სოფელს ოქროს ფასი დაედო“ - კვირის პალიტრა

„როცა სოფელს ოქროს ფასი დაედო“

ეკა პატარაია გამომძიებელ ჟურნალისტად ათეული წლებია მუშაობს. ბავშვობაში სოფელ პატარძეულში დასასვენებლად ხშირად ჩადიოდა. წლების წინ ნათესავის სახლი შეიძინა, გაარემონტა და იქ ისეთი გარემო შექმნა, გამვლელი ჩერდება და ფოტოების გადაღებას იწყებს...

- ეზოს მოვლა დიდ ენერგიას, ფინანსებს და ყურადღებას მოითხოვს. სახლი ხომ სწორედ ეზოთი იწყება... რკინაბეტონი მიყვარს და ბევრგან ვასხამ, წლებია ვმუშაობ თიხაზე, თაბაშირზე. მოსე თოიძის სახელობის სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. ბაბუა, ვისიც იყო ეს მამული, მეორადი პროფესიით მხატვარი იყო, ხატავდნენ ჩემი შვილებიც, შვილიშვილსაც გამოჰყვა ეს ნიჭი... დრო თუ გამომიჩნდა, აუცილებლად ვიწყებ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას ეზოსთვის. ახლა მაქვს პავლოვნიის ექვსი ძირი, ბევრი ლამაზი ყვავილი - აუბრიეტა, გლიცინიები, ვარდები, იები, ტიტები და სხვა. შარშან რიყეზე წავიყვანე ჩემი მეზობელი, ერთ დღეში სამჯერ მოგვიწია ჩასვლა რომ რაც შეიძლება მეტი ქვა წამოგვეღო. ჩავყარეთ შავი მიწა და ყვავილების ნაირ-ნაირი ბოლქვები. წლეულს უნდა ამოვიდეს. ქვებით მოპირკეთებული საყვავილეები სოფელ ნინოწმინდიდან წამოვიღე. ულამაზესია წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი, მონაზვნებმა მართლაც რომ ლამაზი გარემო შექმნეს. მომეწონა და მეც გადავწყვიტე იგივე გამეკეთებინა.

489217531-9395475540528756-4487293145238575614-n-1747124654.jpg

- ძალიან ლამაზი კარ-მიდამო გაქვთ...

- გზის პირას მავთულბადის ნაწილი დავტოვე, ანუ ღიაა... რემონტი რომ წამოვიწყე, ძველი კარ-ფანჯარა მოსახატად გამოვიყენე. ჩარლი ჩაპლინის გმირი მიყვარს და მისი სერიულად მოხატვა გადავწყვიტე, ანუ სხვადასხვა ფრაგმენტით. რამდენიმე მოვხატე და გავჩერდი, ის ძველი გარემო დავტოვე, რაც ჩარლის დროში იყო. სამწუხაროდ, მოსახატავი მასალის უქონლობისა და უდროობის გამო ვეღარ გავაგრძელე მთლიან პერიმეტრზე მოხატვა. თუმცა უცხო რომ გაივლის, ჩერდება და ფოტოების გადაღებას იწყებს, მოულოდნელია მათთვის...

ვინაიდან სახლი ძველი და პატარა იყო, თანამედროვე არაფერი მოუხდებოდა. აქ უფრო, 80-იანი წლები იგრძნობა. ყველაფერი ძველია, თავისი პეწი და სილამაზე აქვს. ვერ ვიტან ლამინირებულ ავეჯს, დაპრესილი ნახერხით ან მუყაოთი აწყობილს, ხის ავეჯს ვერასოდეს გაუტოლდება.

444484572-7528498150559847-4967721179016552072-n-1747124654.jpg

ასე გადავაკეთ-გადმოვაკეთე ყველაფერი სახლშიც და გარეთაც. ეზოში ბილიკი ბაზალტის ქვით დავაგე, მაგრამ არ მოვაპრიალებინე. სახურავიც არ გამოვცვალე, შიფერი დავტოვე. მინდა, პატარა თონეც ჩავდგა. ვფიქრობ, გარეთ, ჩარლის გვერდით მქონდეს პატარა ევროპული ან ამერიკული, 60-იანი წლების რეტროსტილის კაფე. სახლის უკან ორმოცამდე ჯუჯა ნუშისა და კაკლის ნერგი ჩავყარე. გამორჩეული ხილის ნერგები მაქვს. ჩირის აპარატი უნდა შევიძინო, რომ ჩემი ბრენდირებული ჩირი მქონდეს, ასევე თხილი, ნიგოზი, ნუში და ამ კაფეში გავყიდო. სახელიც მოვიფიქრე, "ჩიკოტელა"... ცხენების თავლა მაკლია მხოლოდ.

აუცილებლად შევასხამ ხორცს ჩემს იდეებს. არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას გაჩერდება. ყველაფერი მონდომებიდან იწყება, ერთად და უცებ არაფერი ხდება, მაგრამ აუცილებლად გამოვა. ჩემი რჩევაც ეს იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გიყვართ ჩემსავით თბილისი და ვერ ელევით, გირჩევთ გადადგათ ასეთი გაბედული ნაბიჯი თქვენი და თქვენი ოჯახის საკეთილდღეოდ. ჩვენს ქვეყანაში ისეთი დრო დადგა, სოფელს ოქროს ფასი დაედო. უსაფრთხოც აღარ არის თბილისი.

ერთხელ ხელოსანმა ეზოში მიმოიხედა და ეს რამდენი ოქრო გქონიათო. დიდ კაკლის ხეებზე მიმანიშნა, ამის ფასი არ არსებობსო... წამოდით ქალაქიდან და მოიწყვეთ თქვენივე ხელით სამოთხე დედამიწაზე, რომელიც მხოლოდ თქვენი იქნება! რა ჯობია, როცა თქვენი პატარები თქვენ მიერ გალამაზებულ ეზოში დარბიან, თამაშობენ. იქით საქანელებია, აქეთ ჰამაკი. ვერც ერთი კორპუსი ვერ შეცვლის ამ გარემოს.