ცაში დახვრეტილი რეისი ანუ რუსეთი დამნაშავეა! - როგორ იარა სამართალმა 11 წელი ურმით
11 წელი დასჭირდათ მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაში რუსეთის ოფიციალურად დასადანაშაულებლად და 32 წელიც არ ეყოთ აფხაზეთის ომის დროს ქართული სამგზავრო თვითმფრინავების ამფეთქებლების გამოსავლენად...
2025 წლის 12 მაისს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს საბჭომ დააკმაყოფილა ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მოთხოვნა და რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად ცნო დამნაშავედ MH17 რეისის ჩამომგდებაში, რითაც რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენცია, როდესაც არაკანონიერად გამოიყენა იარაღი სამგზავრო თვითმფრინავისა და მისი მგზავრების წინააღმდეგ...
ანუ თითქმის 11 წელი დასჭირდა იმის ოფიციალურად განცხადებას, რაც ტრაგედიის პირველი დღიდანვე იყო ცნობილი - 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე ფარულად შეყვანილმა რუსულმა საზენიტო „ბუკმა“ ერთი რაკეტის გაშვებით ააფეთქა ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მფრენი მალაიზიის ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 777-200ER, რასაც მის ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, მათ შორის 80 - არასრულწლოვანი იყო...
„კვირის პალიტრასა“ და ამ ბლოგში სისტემატურად ვაშუქებდით მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების დეტალებს და ის მკითხველი, ვინც თვალს ადევნებდა ამ პუბლიკაციებს (ვისაც აინტერესებს, შეუძლია იხილოს „კვირის პალიტრის“ 2014 წლის 21 ივლისის სტატია „განწირული რეისი...“), საქმის კურსშია - ამ საშინელი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში „კვირის პალიტრაში“ გამოვთქვით არგუმენტირებული ვარაუდი, რომ სამგზავრო „ბოინგი“ რუსული „ბუკის“ ჩამოგდებული იყო და ეს მოსაზრება გამართლდა. თუმცა ამის ოფიციალური განცხადებისთვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მთელი 11 წელი დასჭირდა, რაც ნაწილობრივ გასაგებია, რადგან ერთია ჟურნალისტური ვერსია და მეორე - ურთულესი და შრომატევადი საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება, თანაც - საბრძოლო მოქმედებების ზონაში ნივთმტკიცებების მოძიება, ასობით რთული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად...
რუსეთი, სანამ მისი პრეზიდენტი პუტინი ხელისუფლებაშია, არაფრის დიდებით არ აღიარებს მალაიზიური „ბოინგის“ ცაში „დახვრეტას“, რადგან რუსულივე საზენიტო-სარაკეტო „ბუკის“ დანადგარის უკრაინის ტერიტორიაზე მალულად შეყვანის ბრძანება (მაშინ, 2014 წელს, რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო ღიად შეჭრილი უკრაინის ტერიტორიაზე და ამას ადგილობრივი სეპარატისტებისა და რუსი მზვერავ-დივერსანტების ხელით ახდენდა) რუსეთის ფედერაციის ძალიან მაღალი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით მოხდა და საქმის კურსში თვით პუტინიც აუცილებლად იქნებოდა, თუ საერთოდ ეს მისი პირადი ბრძანებაც არ გახლდათ...
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რუსულ „ბუკს“ მაინცდამაინც მალაიზიური სამგზავრო „ბოინგის“ ჩამოგდება უნდოდა - ეს „ბუკი“ ნადირობდა იმ უკრაინულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავზე, რომელიც ლუგანსკის ოლქში ალყაში მოქცეულ უკრაინული შენაერთისთვის ტვირთის მიწოდებას აპირებდა. რუსმა მეზენიტეებმა კი შეცდომით სამგზავრო „ბოინგი“ ჩამოაგდეს, რაც, რა თქმა უნდა, არ ათავისფლებთ როგორც შემსრულებლებს, ისე - მის დამგეგმავებს მკაცრი პასუხისმგებლობისგან.
სწორედ ის, რომ მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებისთვის რუსეთიდან არავინ აგო პასუხი, გახდა იმის მიზეზიც, რომ უკვე 2024 წლის 25 დეკემბერს გროზნოს თავზე რუსმა მეზენიტეებმა „პანცირის“ ორი რაკეტით ისე დააზიანეს აზერბაიჯანული ავიაკომპანიის Embraer E190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომ ყაზახეთის აქტაუში ავარიული დაშვებისას მან კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 39 დაიღუპა, საბედნიეროდ - 28 გადარჩა...
რუსეთი ბოლომდე არც აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი ფაქტი მოიპოვება.
რუსეთის დაუსჯელობა სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს დაიწყო - 1993 წლის 20-23 სექტემბერს ანუ ოთხი დღის განმავლობაში აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომისას ჩამოაგდეს, სამიც - აეროდრომზე ააფეთქეს, რასაც 137 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ეს იყო სამოქალაქო ავიაციის ტერორისტული ხერხებით განადგურების არნახული შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 32 წელია გასული, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას დღემდე არ მიუცია მკაცრი შეფასება რუსეთის მხრიდან ქართული სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ განხორციელებულ ამ სახელმწიფო საჰაერო ტერორიზმის ფაქტებზე და დღეს, ცინიზმის ზენიტში, რუსეთი იწყებს ავიარეისების შესრულებას ოკუპირებული აფხაზეთის იმ ბაბუშერას აეროპორტში, რომელსაც აფხაზეთის ომის დროს დაუნდობლად გვიბომბავდა და იქ მყოფ მშვიდობიან მგზავრებს გვიხოცავდა...