ვერცხლის მედალი ოაზისიდან
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრები აბუ-დაბის ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არც იცის, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია, ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ფეხბურთის გუნდებიც არსებობენ, ეროვნული ნაკრებიც და საქართველოს ჩემპიონატიც რეგულარულად იმართება. საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია 2011 წელს, ზაქარია ჯაჭვაძემ დააფუძნა. რამდენიმე წელიწადში, ახალი ფედერაცია ჯერ საქართველოს სპორტის სამინისტრომ აღიარა, 2016 წლიდან კი, ის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრიც გახდა.
ახლახან, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აბუ-დაბიში, „ოაზისის თასზე“ ითამაშა და სამშობლოში ვიცე-ჩემპიონის ტიტულით ბრუნდება! ფლეგ-ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც უმეტესად, აზიის ქვეყნების გუნდები მონაწილეობენ, უკვე მეორე წელიწადია, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში იმართება. მიწვეული გუნდის სტატუსის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა, ოთხი მატჩი მოიგო და მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო მასპინძელთა გუნდთან, რომელიც, ძირითადად ამერიკელი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო შემტევ სპორტსმენად საქართველოს ნაკრების ლიდერი - ლაშა უნგიაძე დასახელდა. აბუ-დაბის ტურნირზე მიღებული უდიდესი გამოცდილება საქართველოს ნაკრებს ძალიან დაეხმარება ევროპის ჩემპიონატისთვის (პარიზი, 25-27 სექტემბერი) მოსამზადებლად.
(სპეციალურად საიტისთვის)