ისრაელის ჯარში ასეც მიჰყავთ...
ის,რომ ისრაელის არმიაში ყველა მსახურობს-კაციც და ქალიც, დიდი ხანია ცნობილია, ისევე ისიც,რომ „ცახალში“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩადიან ებრაელები...
მაგრამ,იმის ნახვა თუ როგორ მიათრევს ჯარში სამსახურის გასავლელად ისრაელის მოქალაქებს ადგილობრივი სამხედრო პოლიცია, მართლაც რომ მოულოდნელი იყო, თუმცა ბოლო დღეებში რამდენი ათეული ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.
ისრაელის არმია ახლა ერთ, შედარებით ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ, სამხრეთ ლიბანში აკვირდება „ჰეზბოლას“ ქცევას,ფარულად მხარს უჭერს სირია-ისრაელის საზღვართან მაცხოვრებელ დრუზებს, აგრძელებს სირიის სამხედრო ობიექტების დაბომბვას,ურთიერთობა ეძაბება თურქეთთან სირიის საკითხზე, იგერიებს იემენელი ჰუსიტების მიერ გამოშვებულ ბალისტიკურ რაკეტებს(ხან ვერც იგერიებს), თავადაც საპასუხო დარტყმებს აყენებს იემენში ჰუსიტების აეროპორტსა და სავაჭრო პორტს და რაც მთავარია ემზადება სერიოზული საჰაერო ოპერაციისთვის ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად...

ასე, რომ ისრაელის შეირაღებულ ძალებს თავზე საყრელად აქვთ შესასრულებელი საბრძოლო ამოცანები და ამიტომაც სრულიად გასაგებია, თუკი „ცახალი“ დამატებით მობილიზაციას აცხადებს, მაგრამ ხელით წათრეული წვევამდელები მაინც არ ჯდება ცნობიერებაში, რადგან გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, მობილიზაციით ისრაელის არმიაში მამაკაცი-წვევამდელების მიღების გეგმა 106-109 %-ით შესრულდა, ხოლო ქალი-წვევამდელებისა კი 134-157 %-ით და მაშინ ვის და რატომ მიათრევს ისრაელის სამხედრო პოლიცია?
ისრაელის სამხედრო პოლიციის განცხადებით ბოლო დღეებში დაკავებული იქნა 36 წვევამდელი, რომლებიც თავს არიდებდნენ სამხედრო სამსახურს და ისინი...ულტრაორთოდოქსი ებრაელები იყვნენ...
ულტრაორთოდოქსი ებრაელების ნაწილი ათწლეულებია უარს ამბობს ისრაელის არმიაში სამსახურზე და ამას ერთგვარი მოთმინებით ეგებებოდა ადგილობრივი საზოგადოება, სანამ არ მოხდა 2023 წლის 7 ოქტომბრის ტრაგედია, რის შემდეგაც მთელი ისრაელი ფაქტობრივად სამხედრო ცხოვრებაზე გადავიდა და შესაბამისად ისრაელის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს მოთმინების ფიალა აევსო-თუკი ჩვენი ბიჭები და გოგოები 18 წლის შესრულებისთანავე ვალდებულები არიან ხელში ავტომატური შაშხანა აიღონ და ათასი ჯურის ტერორისტს შეებრძოლონ, ულტრაორთოდოქსი ებრაელები განა ისრაელის მოქალაქეები არ არიან და მათ არ ეკუთვნით სამშობლოსთვის ვალის მოხდა?-უფრო ხშირად და კრიტიკულად სვამენ ამ კითხვას დღეს ისრაელში.
ისრაელის სამხედრო ვალდებულების კანონის თანახმად, როდესაც ისრაელის მოქალაქეს,როგორც მამაკაცს,ისე ქალს,უსრულდება 16 წელი და იღებს პასპორტს, ის ავტომატურად ადის აღრიცხვაზე, ხდება თავდაცვის ძალების წევრობის კანდიდატი და გადადის თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ, ხოლო 18 წლის ასაკის შესრულებისას,მათ ეგზავნებათ არმიაში გაწვევის შეტყობინება.
იმ ებრაელმა ულტრაორთოდოქსმა, რომელსაც ამ ფოტოზე ისრაელის სამხედრო პოლიცია მიათრევს,ეტყობა უგულებელყო არმიაში გაწვევის შეტყობინება და თავს არიდებდა ჯარში სამსახურს, სამხედროების რეაქციაც შესაბამისი გახდა...

ისრაელის არმიის გენშტაბი აპირებს 5 ათასამდე უწყება ჯარში გაწვევაზე, გაუგზავნოს იმ რელიგიური სკოლების სტუდენტებს,რომლებიც არც კი გეგმავდნენ სამხედრო ფორმის ჩაცმას.
ისრაელის მთავრობის შემადგენლობაში მოქმედი ულტრაორთოდოქსული პარტია აპროტესტებს მისი მიმდევრების არმიაში ძალით გაწვევას და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობიდან გასვლითაც ემუქრება, რაც კიდევაც ჩამოშლის მის მინისტრთა კაბინეტს...
იმის შემხედველი თუ რა ხდება ისრაელში და მითუმეტეს უკრაინაში, სადაც ქუჩებშიც კი იჭერენ სამხედრო სამსახურისთვის ვარგისს მამაკაცებს, საქართველოში არსებული სამხედრო სამსახურის სისტემა დემოკრატიის ერთგვარ ზენიტს წარმოადგენს, რადგან დიდი არჩევანია-იმსახურე 6,8 ან 11 თვით ან აირჩიე საკონტრაქტო სამსახური,შეგიძლია ალტერნატიული სამხედრო სამსახურიც მოითხოვო ან სულაც გადაიხადო თანხა სამხედრო სამსახურში გაწვევის ერთი წლით გადასავადებლად...