VOVA HAMODI ანუ მთავარი მსოფლიო ინტრიგა - ჩავა თუ არა პუტინი სტამბოლში, სადაც მას ზელენსკი ელოდება
ჩავა თუ არა პუტინი სტამბოლში ზელენკისთან შესახვედრად?
მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან და დროში გაწელილ ომს, გარინდებულია და დიდი ინტერესით ელოდება 15 მაისს - ჩავა თუ არა თურქეთის სტამბოლში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და გამართავს თუ არა პირისპირ მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან?
მოკლედ, შეგახსენებთ იმ პერიპეტიებს, რამაც ეს დიდი მოლოდინი გააჩინა - ჯერ ევროპის ოთხმა ქვეყანამ (საფრანგეთმა,დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა, უკრაინასთან ერთად) ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა რუსეთს, 12 მაისისთვის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა პუტინის ინიციატივა, 15 მაისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის უპირობო და პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ, რის შემდეგაც ზელენსკიმ თავისი შეთავაზება გააჟღერა - სტამბოლში მე თვითონ დავხვდები პუტინს და აჯობებს, უმაღლეს დონეზე პირისპირ გავმართოთ ეს მოლაპარაკებებიო...
ამის შემდეგ ყველა პუტინის პასუხს ელოდება, რომელიც იგვიანებს, კრემლიდან მხოლოდ იმას აცხადებენ,რომ რუსული დელეგაცია 15 მაისს სტამბოლის მოლაპარაკებებზე აუცილებლად იქნება, თუმცა არ აკონკრეტებენ, თავად პრეზიდენტი პუტინი ინებებს თუ არა იქ ჩასვლას და ზელენსკის წინ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას...
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა შეიტყო პუტინის ინიციატივა, 15 მაისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივაზე, მან ღია ტექსტით მოსთხოვა კიევს ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის აუცილებლად მიღება, ხოლო მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ სტამბოლში პუტინის მიწვევის იდეა გააჟღერა, ტრამპმა განაცხადა - ამ დღეებში ახლოაღმოსავლეთში ვიქნები ოფიციალური ვიზიტით და თუკი სტამბოლში მართლაც შეიკრიბებიან უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, მეც გამოვნახავ დროს მათ მოლაპარაკებაზე დასასწრებადო...
გარდა ამისა, ბრაზილიამ და ჩინეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს, ხოლო ჩინეთში მყოფმა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ასეთი რამ განუცხადა ჟურნალისტებს: „ვეცდები, პუტინს დაველაპარაკო. ვეტყვი, - "ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე“.
როგორც ხედავთ, ამ ომით მსოფლიოს დიდი ნაწილიც გადაიღალა და აშშ-ის გარდა, თვით ჩინეთიც კი მოუწოდებს მის მონაწილეებს ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ეს მოწოდება, ძირითადად, სწორედ რუსეთს ეხება, რადგან უკრაინა ისედაც მზადაა ამის გასაკეთებლად.
პუტინის ჩასვლა სტამბოლში და მისი პირადი შეხვედრა ზელენსკისთან ამ ომს მაშინვე, მართალია, ვერ გააჩერებს, მაგრამ გადაიდგმებოდა სწრაფი ნაბიჯი რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობების მეტ-ნაკლებად დარეგულირებისთვის. თუმცა ეს მეტწილად რუსეთის მხარეზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ მან დაიწყო ომი და მასვე შეუძლია მისი დროებით ან სრულად შეჩერება.
მიუხედავად ასეთი პერსპექტივისა, რატომღაც გვგონია, რომ პუტინი მაინც არ ჩავა სტამბოლში და პირისპირ არ შეხვდება ზელენკის, რადგან ამ ომის შეჩერება და მშვიდობის დასადგურება ამ მომენტში არანაირად არ შედის კრემლის ინტერესებში, თუნდაც იმიტომ, რომ მშვიდობის დადგომისთანავე ამოტივტივდება ის ურთულესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაშიც რუსეთი აღმოჩნდა მეოთხე წელში გადასული ფართომასშტაბიანი ომის შედეგად და კრემლს ბევრი რამის ახსნა მოუწევს რუსეთის საზოგადოებისთვის, მათ შორის იმისაც, თუ რას შეეწირა მილიონამდე მათი თანამოქალაქე...