პუტინის ფარული იმპერია - აქვთ თუ არა შანსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ რუსეთის გავლენას თავი უსისხლოდ დააღწიონ?! - კვირის პალიტრა

პუტინის ფარული იმპერია - აქვთ თუ არა შანსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ რუსეთის გავლენას თავი უსისხლოდ დააღწიონ?!

"მოსკოვი ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს", - აღნიშნავს ფრანგული გაზეთის - „ლ’ექსპრესისათვის“ (L’Express) მიცემულ ინტერვიუში ამერიკელი პოლიტოლოგი ალექს კული, სათაურით: „ვლადიმერ პუტინს ფარული გავლენის მთელი იმპერია აქვს და დასავლეთი, სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდება“ (ესაუბრება ჟურნალისტი ალექს ლოპიტალი). ექსპერტი სკეპტიკურად ეკიდება დასავლურ მიდგომას, რომლის მიზანს რუსეთის იზოლირება და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირში და ნატოში ინტეგრირება წარმოადგენს. „პოსტსაბჭოური მემკვიდრეობა გვასწავლის, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზეწოლა - არჩევანი გააკეთონ დასავლეთზე, როგორც წესი, არცთუ ეფექტიან შედეგს იძლევა“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

- უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ ბევრი დასავლელი ექსპერტი ელოდებოდა, რომ ექსსაბჭოთა რესპუბლიკები მოსკოვთან ურთიერთობას გაწყვეტდნენ, მაგრამ, თქვენი აზრით, ასე არ მოხდა. გთხოვთ აგვიხსნათ...

- არაფერს ვიტყვი ბალტიისპირეთის სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე, რომელთა ორიენტაცია ადრეც მტკიცედ ევროპული იყო, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ შუა აზიის ქვეყნებზე - ყაზახეთზე, უზბეკეთზე, ყირგიზეთზე ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე და კიდევ კავკასიის სამ სახელმწიფოზე - სომხეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, მათ მოსახლეობაში უკრაინის მოვლენებს მაინცდამაინც დიდი აღშფოთება არ გამოუწვევიათ. ამის ნაცვლად ჩვენ გვესმოდა ფრთხილი გამონათქვამები, „ნეიტრალურად“ დასმული აქცენტებით. ყოველ შემთხვევაში, არავითარი ანტირუსული გაბედული და კრემლის მოქმედების დამგმობი განცხადებები არ გაკეთებულა. თუ გახსოვთ, ორიოდე წლის წინათ პრესა ყურადღებას ამახვილებდა ყაზახეთის პრეზიდენტის - ყასიმჟომართ ტოკაევის გამონათქვამზე, რომ იგი არ ცნობდა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას და რომ „ამით იგი აშკარად დაუპირისპირდა რუსეთს“. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მან გამოხატა საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპისადმი ერთგულება ანუ ყაზახეთის ლიდერი საკმაოდ კარგად ლავირებდა, რომ მისი პოზიცია არც ერთ მხარეს არ სწყენოდა... საქართველოშიც კი, სადაც საზოგადოებრივი აზრი, რასაკვირველია, მხარს კიევს უჭერს, მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არ ადარდებთ. ისინი შეშფოთებულნი არიან, მაგრამ არ სურთ ან არ შეუძლიათ კიევისადმი მხარდაჭერის პირდაპირ გამოხატვა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ არსებობს შემდეგი მიზეზები: ვლადიმერ პუტინი ახერხებს რუსეთის გავლენის განახლებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს მისი იდუმალი იმპერიაა. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მრავალი ინსტიტუტი და ინსტრუმენტი გაჩნდა იმისთვის, რომ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობა განმტკიცებულიყო. დღეს სწორედ ისინი ქმნიან შუალედურ დამაკავშირებელ რგოლს. თავის დროზე დასავლეთი არასერიოზულად მიიჩნევდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, როგორც ნამდვილ და რეალურად მოქმედ ბლოკს, მაგრამ, თურმე, ცდებოდა: როცა რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშ მოხვდა, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი - იმავე, ვითომდა ანტირუსულად განწყობილი ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის მეშვეობით, რუსეთში უამრავი აკრძალული პროდუქტი შედიოდა, რაც მათ შორის არსებული გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობით აიხსნება. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში მრავალი რუსი მოქალაქის ჩასვლით (უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ), აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდა.

- იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, შეიძლება თუ არა დასავლეთის მიდგომა რეალურად ჩავთვალოთ, რომელიც რუსეთის იზოლაციასა და პოსტსაბჭოური ქვეყნების ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას ითვალისწინებს?

- მოდი, ასე ვთქვათ: პოსტსაბჭოურმა მემკვიდრეობამ ჩვენ გვასწავლა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზეწოლის მცდელობები - აირჩიონ დასავლეთი, როგორც წესი, არცთუ ისე ეფექტიანია. იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი პოსტსაბჭოურ სივრცეს თავისი გავლენის ზონად თვლის, ხოლო დასავლეთის გავლენას - როგორც საფრთხეს, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს. ყოველთვის, როცა დასავლეთი ცდილობდა, აშკარა გავლენა მოეხდინა ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკებზე, ყველაფერი პოლიტიკური კრიზისებით ან გეოპოლიტიკური ესკალაციებით მთავრდებოდა. რასაკვირველია, უკრაინის მოვლენებში დამნაშავე ნატო არ არის, მაგრამ...

სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილში) დაისვა საკითხი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში ინტეგრაციაზე, რომლის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ბრაზისაგან კბილები გამოაჩინა.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ 2001-2002 წლებში რუსეთი და დასავლეთი საკმაოდ ღრმად თანამშრომლობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. უფრო მეტიც, სწორედ ვლადიმერ პუტინი იყო პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც ჯორჯ ბუში-უმცროსს ცენტრალურ აზიაში რუსეთის სამხედრო ბაზებით სარგებლობა შესთავაზა და სადაზვერვო მონაცემები გაუცვალა. რა თქმა უნდა, კრემლმა ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებით გააკეთა, რათა რუსეთის საერთაშორისო სტატუსი განმტკიცებულიყო და ჩეჩნეთში მიმდინარე ომი გაემართლებინა, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: იყო პერიოდი, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას კონფლიქტური ხასიათი არ ჰქონდა. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა: 2003 წელს აშშ ერაყში შეიჭრა, რაც კრემლს არ ესიამოვნა, მაგრამ მეტ-ნაკლებად თვალი დახუჭა... შემდეგ საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და ხელისუფლებაში პროდასავლურად განწყობილი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ნატოში გაწევრებას ესწრაფვოდნენ... 2004 წელს „ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში - იმავე პროდასავლური ამბიციებით... „რევოლუცია“ ყირგიზეთშიც... ვლადიმერ პუტინი ამ ყველაფერს აღიქვამდა დასავლეთის მცდელობად, დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. კრემლისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია იყო და ახლაც რჩება გავლენის სფეროდ. ბევრი სახელმწიფო უკვე გაკვეთილებს კარგად სწავლობს და ითვისებს: ძალიან რთული და ძნელია ან, საერთოდ, შეუძლებელია მოსკოვის უარყოფა და მხოლოდ დასავლეთის არჩევა ისე, რომ ღია კონფლიქტის გამოწვევის რისკი არ იყოს.

- მაგრამ ზოგიერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა, ექსპერტების აზრით, შეიძლება ვლადიმერ პუტინის მომდევნო სამიზნე გახდეს... განა ეს არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული?

- იცით, თუ თქვენ გეშინიათ, რომ კრემლის მომდევნო სამიზნე გახდებით, როგორ შეიძლება ამისათვის თავის არიდება? რუსეთის დაგმობით თუ თავშეკავებით? ალბათ, უპირატესობას მეორე მეთოდს მისცემთ. ასე რომ, მათი დუმილის მიზეზი არის იძულებისა და ნაწილობრივ, ინსტიტუციური გავლენის ერთობლიობა. მით უმეტეს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება დამატებით მიზეზს წარმოადგენს ამგვარი სტრატეგიისათვის. მართლაცდა, შუა აზიის ზოგიერთ ქვეყანას შედარებით აწყობს აშშ-ის პრეზიდენტის მიდგომები, რომლებშიც ადამიანის უფლების დაცვას ძველებურად მნიშვნელოვანი ყურადღება არ ექცევა და რომ დონალდ ტრამპი ყურადღებას უპირატესად ბიზნესს და ეკონომიკურ თანამშრომლობას ანიჭებს ანუ თეთრი სახლი მათ დემოკრატიის დარღვევების გამო მწვავედ აღარ გააკრიტიკებს, წინაამერიკული ადმინისტრაციებისაგან განსხვავებით. აღნიშნული ქვეყნების ლიდერებს, პრინციპში, ნაკლებად მოუწევთ არჩევნის გაკეთება დასავლეთსა და რუსეთს შორის - თუ ტრამპი პუტინს ჰგავს, ეს კრემლს, გავლენის თვალსაზრისით, გარკვეულ უპირატესობას და სტიმულს აძლევს.

- პრაქტიკული თვალსაზრისით, რას იგებს ვლადიმერ პუტინი ამ სიტუაციით, გავლენის საკითხის გარდა?

- რა განაპირობებს ძლიერი სახელმწიფოს სტატუსს? - გავლენის სფეროების არსებობა. 2008 წელს, საქართველოში ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი, პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი „გავლენის სფეროს“ დაცვაზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის არსებობა რუსეთისათვის - მოსკოვი ეკონომიკურ გავლენას ახდენს. არსებობს, აგრეთვე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია („ოდკბ“), სამხედრო გავლენის უზრუნველსაყოფად... ვლადიმერ პუტინი ცდილობს, თანდათანობით რეგიონული ინფრასტრუქტურის ისეთი ტიპი შექმნას, რომლითაც გამართლებული იქნება „თავისი გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიის“ მოწყობა. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ექსსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის სიტუაცია არასახარბიელოა - რომელ ქვეყანას არ სურს, იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი? ამიტომაც დასავლეთის ამოცანა სამომავლოდ ისაა, რომ მოძებნოს გავლენის სხვა, უფრო ქმედითი ვექტორები, რათა რუსეთს დათმობაზე წასვლა აიძულოს და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მისი ორბიტიდან დაიხსნას. სამწუხაროდ, გეოგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომაც რუსეთის უშუალო მეზობლებისათვის ალტერნატივის შეთავაზება ძნელი იქნება. (...)

წყარო